ცნობილი ამერიკელი მწერლის ჯერომ დევიდ სელინჯერის (1919-2010 წწ.) ხელნაწერს 50 000 დოლარად ყიდიან. წერილის ადრესატი დამლაგებლია და ის სულ ერთი წინადადებისგან შედგება.
საფოსტო ქაღალდზე გაურკვეველი კალიგრაფიით დაწერილ წერილს ავტორის ინიციალები ახლავს და 1989 წლის 12 მარტით თარიღდება: "ძვირფასო მერი, შვებულებაში გასვლამდე, გთხოვ, გადაამოწმე, რომ ყველა დავალება შესრულებულია, რათა უმნიშვნელო საქმეებზე არ მოვცდე. გმადლობ! ჯ.დ. სელინჯერი".
ნევადელმა კოლექციონერებმა ხელნაწერი eBay-ს ინტერნეტ-აუქციონზე გამოიტანეს და იქვე განმარტავენ, რომ დოკუმენტი, რომელსაც პირადად სელინჯერი აწერს ხელს, "დიდი იშვიათობაა". ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა ხელნაწერი მისი ამჟამინდელი მფლობელების ხელში, უცნობია.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში რომანის "თამაში ჭვავის ყანაში" ავტორი კორნიშში (ნიუ-ჰემპშირის შტატი) საკუთარ სახლში ნებაყოფლობით იზოლაციაში ცხოვრობდა და თითქმის არავისთან ჰქონდა ურთიერთობა.
1965 წელს მან ახალი ნაწარმოებებზე მუშაობა შეწყვიტა და "საკუთარი თავისთვის" წერა ამჯობინა. სელინჯერმა მისი ადრეული ნაწარმოებების ხელახალი გამოცემა აკრძალა და პირადი წერილების გამოქვეყნების რამდენიმე მცდელობა აღკვეთა.
მწერალი 2010 წლის 27 იანვარს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.