2012 წლის შემოდგომაზე ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის, ჯეიმს კეინის დღემდე უცნობ რომანს "კოქტეილების მიმტანი" (The Coctail Waitress) გამოსცემენ. ჯეიმს კეინის კალამს ეკუთვნის 1934 წელს დაწერილი რომანი - "ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს", რომელიც ბესტსელერად იქცა.
სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა ქვრივი ქალბატონი სამუშაოდ ბარში ეწყობა, მალე კი მეუღლის სიკვდილის ნამდვილ მიზეზს იგებს. კეინმა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ეს რომანი ახსენა კიდეც. რომანის ხელნაწერი გამომცემელმა ჩარლზ არდაიმ 9 წლის წინ აღმოაჩინა, მაგრამ მისი გამოქვეყნების უფლება მხოლოდ ახლა მოიპოვა.
ხელნაწერის კიდეებზე გაკეთებული შენიშვნების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მწერალი რომანზე სიცოცხლის ბოლო წუთამდე მუშაობდა.
კეინის წიგნების მთავარი გმირები 40-იანი წლების საბედისწერო ქალბატონები არიან, რომლებიც მამაკაცებს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებენ, ბოლოს კი ღალატობენ და ატყუებენ.
1941 წლამდე კეინი ე.წ. შავ დეტექტივებს წერდა, რომლებიც კრიტიკოსებსა და მკითხველებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სანამ ამ რომანის არსებობის შესახებ შეიტყობდნენ, სპეციალისტებს მიაჩნდათ, რომ ჯეიმს კეინის ბოლო ნამუშევარი "მილდრედ პირსია".
წლევანდელ "ემის" დაჯილდოვების ცერემონიაზე ჰოლივუდის ვარსკვლავი ქეით უინსლეტი სწორედ ”მილდრედ პირსში” მთავარი როლის შესრულებისთვის დააჯილდოვეს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მწერალი მესამე ცოლთან ერთად აშშ-ის სამხრეთ სანაპიროზე დასახლდა და ისტორიული რომანების წერა დაიწყო, რომლებიც წარმატებული არ გამოდგა. კეინი 1977 წელს, 85 წლის ასაკში ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.