რა ნიჭი აღმოუჩინა შვილს ანი გიუნტერმა

რა ნიჭი აღმოუჩინა შვილს ანი გიუნტერმა

"რუსთავი 2"-ის ახალ სატელევიზიო ეთერში ისევ დაბრუნდა დილის გადაცემა "დილა მშვიდობისა საქართველო" ძველი სახეებითა და პატარ-პატარა სიახლეებით. წლებია, მისი ერთ-ერთი წამყვანი ანი გიუნტერი გახლავთ, რომელთანაც ინტერვიუ მისი ერთი დღის გასაცნობად ჩავწერეთ. ანის წლინახევრის ქალიშვილი მაშო ჰყავს, რომელიც ორი კვირით ბებიასთან ერთად სოფელში დასასვენებლად იყო წასული და დედიკოს თავი ძალიან მოანატრა. მიუხედავად ამ მონატრებისა, ანი ობიექტური დედების რიგებში რჩება და შვილზე განსაკუთრებული ქება-დიდებითა და ხოტბის შესხმით არ ლაპარაკობს.

- თუ ეთერში ვარ, ჩემი დილა 6 საათზე იწყება. ადრე ადგომას უკვე იმდენად მივეჩვიე, საქმეც რომ არ მქონდეს, 8 საათის შემდეგ ვეღარ ვიძინებ. დიდი ხანია ვოცნებობ 12-1 საათამდე დაძინებაზე, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებ. დილას აბაზანით ვიწყებ და სანამ კარგად გამოვფხიზლდები, ყველაფერს ავტომატურად ვაკეთებ. თუ ძალიან ადრე მიწევს ადგომა, ყავას ვსვამ, რაც გამოფხიზლებაში მეხმარება.

- როგორ ეგუება შენი მეუღლე, ცოლი რომ დილაუთენია გადის სახლიდან?

- ძალიან კარგად, რადგან მისი სახლიდან გასვლის დროს ცოლი უკვე სამსახურიდან დაბრუნებულია. ხანდახან არც ეღვიძება და ვერც იგებს, როდის მივდივარ.

- პატარა მაშო არ გაცილებს სამსახურში?

- მაშო წლინახევრისაა. ჩემს შვილს ტირილით არასდროს გაუღვიძებია. უფრო პატარა რომ იყო, მე და მამამისს შუაში გვეწვა, გაიღვიძებდა თუ არა, ხან ერთს გადმოგვხედავდა, ხან მეორეს და გვიცინოდა. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. შეიძლება მე მეძინოს, მაშომ გაიღვიძოს და ჩუმად იყოს. ალბათ ხვდება, რომ დედას რთული სამსახური აქვს, გამოძინება სჭირდება და ამიტომ არ მაღვიძებს.. ზოგადად, ბავშვს ბევრი დრო მიაქვს, თუმცა შვილი უმნიშვნელოვანესია ქალისა და ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში.

- არ ლაპარაკობს პატარა მაშო?

- კი, რაღაცებს ამბობს. საერთოდ, არ მივეკუთვნები იმ დედების კატეგორიას, რომლებიც შვილების უსაზღვრო ქებაში არიან. ერთი წლის ბავშვი რომ დედას და რამდენიმე სიტყვას ამბობს, ეს ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია, განსხვავებით ჩემი მეუღლისგან, რომელიც მაშოს ყველანაირ საქციელში გენიოსობას უწინასწარმეტყველებს. თავიდანვე ვფიქრობდი, რომ კახა კარგი მამა იქნებოდა. როდესაც მაშო თვეების იყო და ღამით იღვიძებდა, კახა ყურადღებას იჩენდა.

ერთი-ორჯერ ეთერის განმავლობაში ბავშვი მასთან დამიტოვებია კიდეც და ძალიან კარგად მოუვლია. რაც ძალიან მახარებს, არის ის, რომ ჩემს შვილს აქვს კარგი სმენა, მღერის და დედისგან განსხვავებით, აქვს ცეკვის ნიჭი. ბაბუა ამეცადინებს და მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი დუეტი შექმნეს. მაშოს ვუყიდეთ პატარა დოლი, უფრო სწორად საბავშვო "ბარაბანი", რომელიც ყოველ დილით კბილებით მიაქვს ბაბუასთან და იწყება ცეკვა. ბაბუა უკრავს და მაშო ცეკვავს, თან ისიც აღსანიშნავია, რომ ყველაზე კარგად ბაბუას დაკრულზე ცეკვავს.

- ახლა სამსახურზე გვესაუბრე... დაიწყო ახალი სეზონი, რასაც მუდამ სიახლეები ახლავს...

- რა თქმა უნდა, სიახლეები გვაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ უკვე წლებია კოლექტივი არ იცვლება, ხალხი გვემატება და არავინ გვაკლდება. რუბრიკების სიმცირეს არ განვიცდით, პირიქით, მიმაჩნია, რომ ამ მხრივ "რუსთავი 2"-ის დილა ძალიან მრავალფეროვანია. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ თავს ძალიან კომფოტულად ვგრძნობ, ყველანაირად ხელს გიწყობენ და სტიმულს გაძლევენ, რომ შენი საქმე კარგად გააკეთო. გარდა იმისა, რომ თანამშრომლები ვართ, ვმეგობრობთ ოჯახებითაც. როდესაც სამუშაო გაგვგრძელებია, ჩემი მეუღლე კახა უპრობლემოდ ამოსულა, ამოუტანია ტკბილეული და წვენი განტვირთვისთვის, იმდენად კარგი ურთიერთობა აქვს ჩემს თანამშრომლებთან.

- გვითხარი, როგორი მეუღლეა კახა, რა შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში ბავშვის გაჩენის შემდეგ?

- ჩვენ უბავშვო ოჯახი ძალიან ცოტა ხანს ვიყავით, სულ რაღაც ერთ წელიწადში შემოგვემატა მაშო, რის შემდეგაც ვიძენთ გამოცდილებას, შეიძლება ითქვას, მე, კახა და ბავშვი ერთად ვიზრდებით. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახი გადის რთულ და დაძაბულ პერიოდებს და ეს მე არასდროს დამიმალავს. კონფლიქტი ყველგან ხდება. სულ მიკვირდა, როცა ამბობდნენ იდეალური ოჯახი გვაქვს, არავინ კამათობსო. ჩემი აზრით, ეს ცოტა მოსაწყენია. მართალია, თანდათან მე და ჩემმა მეუღლემაც ვისწავლეთ კონფლიქტის თავიდან არიდება, მაგრამ საკუთარი აზრი ყველას გაგვაჩნია და ჩვენს პოზიციას აუცილებლად ვაფიქსირებთ.

- კონფლიქტის შემთხვევაში ვინ დგამს პირველ ნაბიჯს სიტუაციის გამოსასწორებლად?

- ერთ მხარეს რომ დაერეკოს და ეთქვას, მაპატიე, არ ვიყავი მართალიო, ეს მხოლოდ ფილმში მინახავს. ქცევითა და ურთიერთობით ხვდები, რომ ის მიხვდა თავის შეცდომას და გამოცდილი ქალი ამ შემთხვევაში საქმეების გარჩევას აღარ იწყებს. ბოდიშები, ტირილები, ყვავილები უფრო შეყვარებულობის პერიოდს ახასიათებს, ვიდრე ოჯახს.

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ხარ, საოჯახო საქმეებისთვის თუ იცლი?

- კი, როგორ არა. მეხერხება და თავისუფლად შემიძლია სადილების გაკეთებაც. დასასვენებლად ბავშვებთან ერთად ვიყავი, ორი ბიძაშვილი მახლდა თან და ყველასთვის ვამზადებდი სხვადასხვაგვარ საჭმელს. ამაში მგონი გასაკვირი არაფერია, როცა გჭირდება, უნდა გააკეთო კიდეც.

- რაც შეეხება გართობას, გრჩება ამისთვის დრო? როგორ ერთობი?

- უფრო მეგობრების წრეში ვერთობი. ბავშვიც თან მიმყავს, ყველა ჩემს მეგობარს ბავშვი ჰყავს, ამიტომ მაშოს გარეშე ჩემი იქ ყოფნა წარმოუდგენელიცაა... სანამ გავთხოვდებოდი, მანამდეც არ მიზიდავდა კლუბებში და დისკოთეკაზე სიარული, ვერ ვიტან ხმაურს (იღიმება), არ მიზიდავს ის გარემო, სადაც ადამიანს ვერ დაელაპარაკები და სულ უნდა იცეკვო. აქედან გამომდინარე, კლუბების ხშირი სტუმარი არ ვარ.

- ანი, როგორ ამთავრებ დღეს?

- საღამოს ძირითადად ბავშვზე ვარ გადართული, თუ ადრე ვბრუნდები, ვცდილობ, მასთან მეტი დრო გავატარო. ნამდვილად ვერ ვიწუწუნებ, რომ გადაღლილი ვარ, არც სამსახურისგან ვიღლები, არც ბავშვის მოვლით, ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები