"ქართველ ხალხს უყვარს ფულიანი კაცები", - მისთვის ჩვეული ნახევრად ირონიით მითხრა მწერალმა და დრამატურგმა რეზო ჭეიშვილმა, როცა ბოლოდროინდელი, ხმაურიანი სიახლის შესახებ ვკითხე. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის შესახებ ქართველი ინტელიგენცია ერთსულოვან დუმილს ინარჩუნებს და ამ თემაზე ლაპარაკს თავს არიდებს. მათგან განსხვავებით, ბატონი რეზო ტრადიციას არ ღალატობს და ამ და სხვა საკითხებზე ჩვეული პირდაპირობით საუბრობს.
- დღევანდელი საზოგადოება სამ ნაწილად არის გაყოფილი: ერთი ნაწილი, რომელიც არაფერს იკლებს, "ფეშენს" რომ ეძახიან, იმ სასტუმროებს ტრანსპორტივით იცვლის, ცდილობს, ძალაუფლება გაიმყაროს და ეს ვითარება შეინარჩუნოს. მეორე ნაწილი კი ჩემსავით და თქვენსავით გაჭირვებულია, ოპოზიციაზე ხელი ჩაიქნია და ახლა ცდილობს, როგორმე თავი ირჩინოს. არსებობს კიდევ ერთი, მესამე ნაწილი, რომლისთვისაც ყველანაირი ხელისუფლება მისაღებია, ყველას კოჭს უგორებენ, ნერვებსაც არ იშლიან და თავს მშვენივრად გრძნობენ. მე არ მშურს ასეთი ხალხის. ისინი მიდიან და ყველაფერს თელავენ, რაც კი საკუთარი მიზნისკენ სწრაფვისას წინ დახვდებათ, მაგრამ წინ მაინც ვერ მიდიან, ვერ ვითარდებიან, საზოგადოების ღირსეულ ნაწილად ვერ ყალიბდებიან. მეცოდება ასეთი ადამიანები.
ძნელია აჰყვე ახლანდელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, თითქოს ყოველდღე ყველაფერი იცვლება, მაგრამ ბოლოს ისევ აბსურდამდე მივდივართ. ხელისუფლება და ოპოზიცია ერთსა და იმავე თამაშს თამაშობენ. სცენარს თვითონ წერენ და შეთანხმებულად დგამენ. ამ საცოდავ საზოგადოებას კი ხან მაყურებლად დაატარებენ, ხანაც მონაწილედ.
- ეს ოპოზიციის ყველა წევრს ეხება?
- თქვენ რა განსხვავებას ხედავთ მათში?!. უბრალოდ, ზოგი გარეთ არის, ზოგი შიგნით, ანუ პარლამენტში, ნაწილი ხშირად ხმაურობს, დანარჩენები შიგადაშიგ წამოიკნავლებენ. ადრე, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს და მოგვიანებითაც, ამ სცენარს სერიოზულად თამაშობდნენ, ახლა ეს ყველაფერი იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ მათ საცოდაობაზე ყველანაირი ხუმრობა გაცვდა.
- ეს გამაღიზიანებელია თუ უკვე შეეგუა ხალხი?
- შეეგუა, ისევე როგორც მე და ჩემ გარშემო ბევრი. სხვა გზა არ დაგვრჩა... ახლა ამბობენ, ახალ ტალღას ავაგორებთო, სად უნდა გამოვიდნენ ან რატომ? ქუჩაში გამოსასვლელი პირი მაგათ არ აქვთ და სათქმელი მით უფრო არაფერი დარჩათ. ან ვინ გამოჰყვება, აღარც ფული შერჩათ, ადრე ამის გამო მაინც მიჰყვებოდნენ... ერთი კვირით ადრე ყვიროდა ის დიდი და გულუბრყვილო ყმაწვილი, მარში უნდა მოვაწყოთ და "რესპუბლიკის მოედნიდან" სამებამდე უნდა გავიაროთო, რატომ ვერ გაიარეს?
- გავიარეთო, ამბობენ...
- ისე მეც კი გავიარე. საერთოდ არ ვიცოდი, რაღაც შეკრება თუ ჰქონდათ. ჩემი საქმე მქონდა და იქით წასვლა მომიხდა. კაციშვილი არ იყო და ვერც კი მივხვდი, თუ რამე ხდებოდა. ისე, რომ გავიგე ამ გეგმის შესახებ, არც გამკვირვებია, ის უფრო გამიკვირდებოდა, ხალხი რომ გამოსულიყო.
- ახლა ქართულ პოლიტიკაში ახალი მოთამაშე შემოდის, მეცენატი ბიძინა ივანიშვილი...
- დიახ და მისი პიროვნების მიმართ ქართველი საზოგადოება დიდი სიმპათიით არის განწყობილი, რადგან მას აქვს ფული და ეს ჩვენს საზოგადოებაში ბევრ რამეს განაპირობებს.
- უკვე ლაპარაკობენ, რომ მის კართან დიდი რიგი დადგება...
- კი, ასე იქნება, რადგან ხალხმა იცის, რომ მას აქვს ფული. საერთოდ, საზოგადოებას უყვარს ფულიანი კაცი და მით უმეტეს, ჩვენისთანა უქნარა და მუქთახორა ხალხს. რა ვქნათ, ეს არის რეალობა, რომლის დამალვას აზრი არა აქვს (იცინის).
- ყველასთვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ქართული ხელოვნებისა და კულტურის მხარდამჭერად მიიჩნევა, რისთვისაც ინტელიგენცია მას ძალიან ემადლიერება. ბოლო დროს და განსაკუთრებით, რობიკო სტურუას გარშემო ატეხილი ხმაურის შემდეგ, ხელისუფლებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ერთი-ორად გაიზარდა. რას გეუბნებათ ეს რეალობა?
- ვერ გეტყვით, რა მოხდება. მე იმ საზოგადოებასთან არავითარი კავშირი არ მაქვს და არც მინდა მქონდეს. ერთხელ ვთქვი, პოლიტიკაში სირბილს, ჯობდა, თავიანთი საქმე ეკეთებინათ-მეთქი და გამინაწყენდნენ, მაგრამ ივანიშვილისგან დახმარებას მეც ვიღებდი. დღესაც ამით მიდგას სული და აბა, ვის დავუჭირო მხარი?! მე მას პირადად არასდროს შევხვედრივარ. ერთხელ ოტია იოსელიანთან ვიყავი სტუმრად და მაშინ მითხრა ცხონებულმა, იმ კაცს უნდა, რომ შენც დაგეხმაროსო. ჰოდა, მას შემდეგ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ამდენი წელია ბიძინა ივანიშვილი ხელს მიმართავს. მადლობის მეტი რა მეთქმის?! ოღონდ ეს მადლიერება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს პოლიტიკურ მხარდაჭერას. პოლიტიკა ჩემგან შორს არის. ის ჩემთვის მეცენატია, რომელიც მეხმარება და ორმაგად მადლობელი ვარ, რადგან ამის სანაცვლოდ არაფერს მთხოვს და არაფერი დაუვალებია...
დიდ ქართველ მამულიშვილ იაკობ გოგებაშვილს მეტსახელად "მოგებაშვილს" ეძახდნენ. იმ წლებში "დედა ენა" ქართულ და რუსულ ენებზეც იბეჭდებოდა, დიდი შემოსავალი ჰქონდა და ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ თავისი შთამომავლებისთვის არაფერი დაუტოვებია, რაც კი ებადა, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა... ასე რომ, მე ვერ გამოვდგები ბიძინა ივანიშვილის ამ ნაბიჯის შემფასებლად და ვერც იმას ვიტყვი, რამდენად მართებულია მისი მხრიდან პოლიტიკური პარტიის შექმნა, თუმცა იმას კი ვხვდები, რომ უამრავი ცნობილი თუ უცნობი მხარდამჭერი ეყოლება.
- ბატონო რეზო, წლების წინ ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ქმედებებს შორის ბევრმა დაინახა მსგავსება...
- არა, მათ შორის დიდი განსხვავებაა. პატარკაციშვილი თავიდანვე პოლიტიკისთვის მოდიოდა, მას თავისი ანგარიშები ჰქონდა და მოდით, გარდაცვლილი კაცის გეგმებზე ნუ ვილაპარაკებთ, მით უფრო, რომ ის ივანიშვილს არ ჰგავს. ჩემი აზრით, ივანიშვილის მოწოდება ეს არ ყოფილა. ის ამისთვის არ იხარჯებოდა. რა ვიცი, მე ასე მწამს.
- ხელისუფლების წევრებმა მას უკვე უწოდეს ქართულ პოლიტიკაში რუსული ფულით მოსული ოლიგარქი...
- მაშინ პოლიტიკაში ქართული ფულით მოსული ერთი ადამიანი დამისახელონ!.. უბრალოდ, ზოგი ამას ფარულად აკეთებს, ზოგი აშკარად. მაშინ, როცა ფულით ჩუმად მკეთებელი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ რჩება, მას ყველაფერს წამოაძახებენ, რადგან ჩუმად გაკეთებული ფული პატიოსანი ვერ იქნება.
- მის პარტიაში გაწევრება რომ შემოგთავაზოთ, როგორი იქნება თქვენი რეაქცია?
- რთული შეკითხვა დამისვით... პოლიტიკურ პარტიებში ყოფნა ჩემი საქმე არ არის, თუ რამე საქველმოქმედო საქმეს შემომთავაზებენ, დავფიქრდები, მაგრამ საერთოდ, პარტიებს არ ვცნობ. ისე, საბჭოთა წლებში სულ მეუბნებოდნენ, კომუნისტური პარტიის წევრი რატომ არ ხარ, შენზე ნაკლები რით არიან ნოდარ დუმბაძე, ლანა ღოღობერიძე და სხვებიო?!. ჰოდა, მეც შევედი. ცოტა ხანი ვიყავი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იქ ისეთი გარემო იყო, კინაღამ შემაცდინეს. ჩემი თანაპარტიელები ჩემთვის მიუღებელ რამეს აკეთებდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ისე ხდებოდა, თითქოს ასე იყო საჭირო და ამაში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ერთი სიტყვით, მივხვდი, რომ თავი მაგარ შარში მქონდა გაყოფილი და მალევე გამოვედი. კიდევ კარგი, შესვლა იყო პრობლემა, თორემ გამოსვლა ყველას შეეძლო. მაშინდელ წლებს ხშირად ადარებენ დღევანდელს, მე ორივე პერიოდის ანატომიას კარგად ვიცნობ და მსგავსება თითქოს არის და არც არის.
- ეს როგორ?
- დღეს ადამიანს არაფერს აძალებენ, საბჭოთა კავშირში კი ვალდებული იყავი, ის გაგეკეთებინა, რასაც გეტყოდნენ. ახლა კი არავინ არ გეუბნება, რა უნდა გააკეთო, ეს კარგია, მაგრამ არც იმას გეკითხებიან, რა გაგიკეთებია, ან რას აპირებო?.. არც კი აინტერესებთ. თუ რამეს დაწერ, ხელს არ შეგიშლიან, კი ბატონო, დაწერე, მაგრამ შენთვის. მე კარგს არაფერს ვწერ, მაგრამ არც ცუდზეა დიდი რეაქცია. მახსოვს, როცა ცეკას მდივანი ედუარდ შევარდნაძე იყო, ერთი მოთხრობა გამოვაქვეყნე. სათაური არ მახსოვს. ვიღაცებმა ეს ნაწარმოები შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად მიიჩნიეს და მის სახლს ქვები დაუშინეს. ამის გამო ისეთი ამბავი ატყდა, ცეკაში დამიბარეს და "ლიტერატურულ საქართველოში" ახსნა-განმარტებითი ბარათი დამაწერინეს, რათა ვითარება ჩაწყნარებულიყო. მერე მე და ედუარდი სადღაც შევხვდით ერთმანეთს, მეუღლეც თან ახლდა და ჰკითხა, გახსოვს, ძილის წინ ამის მოთხრობას რომ ვკითხულობდითო?!.
ახლანდელი საზოგადოება ყველაფრის მიმართ იმდენად ინერტულია, რომ ის უარყოფითი რეაქციაც კი ენატრება მწერალს. ადრე ისე დაკვირვებით კითხულობდნენ ყველაფერს, დამიბარებდნენ და მეტყოდნენ, ეს "იმაზეაო". კაცო, რანაირად არის "იმაზე", სახელი და გვარიც კი არ წერია-მეთქი, არ წერია, მაგრამ იგულისხმეო, მეუბნებოდნენ.
- პოლიტიკაში წასული ინტელიგენცია, მწერლები და მსახიობებიც ამას ამბობენ, ყურადღებას არ გვაქცევენო...
- ამიტომაც ჩაებნენ პოლიტიკურ პროცესებში?!. არ დაიჯეროთ. რაც უფრო მეტად გაჭირვებულია ადამიანი, უფრო მეტს კითხულობს. რაც უფრო გაზულუქებულია ქართველი კაცი, სულიერი საზრდო მით უფრო ნაკლებად ახსენდება. ასე იყო ყოველთვის... მოდი სიმართლე ვთქვათ: პოლიტიკაში ყველა ის ადამიანი მიდის, ვინც თავის პროფესიაში თვითრეალიზაცია ვერ მოახდინა. ანუ ამ შემოქმედი ბატონების მთავარი პრობლემა უსაქმურობაა... მერე დგანან და თავის გასამართლებლად დღევანდელობას 30-იან წლების საქართველოს ადარებენ. სასაცილოა. ეს უფრო თავის მართლებას ჰგავს. ისე კი ზოგს უბრალოდ, პირადი ინტერესი ჰქონდა და იმიტომაც ავიდა პოლიტიკურ ტრიბუნაზე, - რა დროს ხელოვნებაა, ახლა ქვეყნის გადარჩენის დროაო. ყველა ხელისუფლების დროს იყო და იქნება პრობლემები, ხალხი დალხენილად არასდროს ცხოვრობდა, ქვეყნის სათავეში მოსულები უბრალო საზოგადოებას მუდმივად ავიწროებდნენ, მაგრამ ტყუილად მოლაყბეებს არასდროს გადაურჩენიათ ქვეყანა.
- ერთმანეთისგან განსხვავებულ პერიოდებში მოგიწიათ მოღვაწეობამ, საბჭოთა პერიოდი, პოსტ-საბჭოთა დრო და დღევანდელობა. როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა თქვენს ნაწარმოებებზე?
- ვერ ვიტყვი, რომ საბჭოთა პერიოდი ძალიან მიშლიდა ხელს. იმ დროს გაცილებით უკეთესად იცოდნენ, ვის რა ეპატიებოდა, ვიდრე დღეს. კომუნისტების დაუძინებელი მტერი ვიყავი, მაგრამ იცოდნენ, ვინ ვინ იყო და ითმენდნენ.
- ახალი თაობის მწერლებს კითხულობთ?
- კი, აკა მორჩილაძეს გამოვარჩევ. საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, თუმცა მე ყველას არ ვიცნობ. მე რომ არ ვიცნობ, არც ის არის კარგი, მაგრამ თქვენი თაობა უნდა იცნობდეს მათ, კითხულობდეს და უნდა აკრიტიკებდეს, ოღონდ, მთავარია, ჯანსაღად და ობიექტურად.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)