რა პრობლემა გადაუჭრა ღამის ოთხ საათზე ქალიშვილს ნათია ბანძელაძემ

რა პრობლემა გადაუჭრა ღამის ოთხ საათზე ქალიშვილს ნათია ბანძელაძემ

ცნობილი ოჯახის შვილია, თუმცა თვითონაც 15 წლიდან სამოდელო საქმიანობაშია ჩართული, ნელ-ნელა წარმატებას მიაღწია, პოპულარული გახდა და ახლა უკვე მოდელობასთან ერთად ტელეწამყვანიცაა. ოპტიმისტია და ლაღი ხასიათით გამოირჩევა, დეპრესიულობა და გულჩათხრობილობა მისგან შორსაა, ყოველთვის ცდილობს, ადამიანები გაამხნევოს და სიმართლე უთხრას, ოღონდ უმტკივნეულოდ, ინტერვიუში ნანუკა გოგიჩაიშვილის ხასიათის შტრიხებს გაეცნობით.

- ძალიან მსუქანი ბავშვი ვიყავი. თან თავიდანვე ხასიათის ადამიანი გახლდით, ჩემი დაძინება სულ პრობლემა იყო. ხომ იცი, ეზოს კარებზე რომ აწერია, ეზოში ავი ძაღლიაო, სწორედ ასე ეწერა ჩვენს სართულზე კართან, ნანუკას სძინავს, ჩუმად იარეთო. მართლაც, მთელი სადარბაზო ჩუმად დადიოდა, რადგან ჩემი დაძინება დიდ რიტუალებთან იყო დაკავშირებული. საშინლად ცელქი გახლდით, არასდროს არ მელეოდა ენერგია, სადარბაზოს მეზობლები მორიგეობით ამოდიოდნენ, რომ გავერთე და დავეძინებინე. დედა და მამა პატარები იყვნენ, რომ შეუღლდნენ და შესაბამისად, მშობლებიც პატარა ასაკში გახდნენ, ამიტომ მათი სანათესავო და მთელი სამეგობრო ჩართული იყო ჩემს გაზრდაში.

- როდესაც ბაღში მიგიყვანეს, იქ როგორ გადაწყდა შენი დაძინების საკითხი?

- ეს ცალკე ისტორიაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მსუქანი ვიყავი, მახსოვს, ყველაზე მაგარი შეყვარებული მე მყავდა (იცინის). როგორც ყველა ბავშვს, მეც არ მიყვარდა ბაღში სიარული და ერთ დღეს ბაბუას გამოვუცხადე, აღარ წავალ ბაღში, თუ "კრასავიცა ნანუკას" არ დამიძახებენ-მეთქი. თურმე ბაბუა წასულა ბაღში და მასწავლებლისთვის უთხოვია, გეხვეწებით, გთხოვთ, ნანუკას ასე და ასე მიმართეთო. მეორე დღეს მივედი ბაღში და ნეტავ განახათ, როგორ შემხვდნენ, წითელი ხალიჩა მაკლდა და სუპერვარსკვლავი ვიქნებოდი, ბაბუას დამსახურებით, "კრასავიცას" ტიტულიც დავიმსახურე.

- შეგიძლია გვითხრა, რა თვისება გამოგყვა ბავშვობიდან?

- არაფერი, კიდევ კარგი, არაფერი გამომყვა. თურმე პომადებს ვჭამდი. ჩუმად რომ ვიყავი, მეკითხებოდნენ, ნანუკა რა გჭირსო და ხმას არ ვიღებდი, მარტო თავს ვაქნევდი, არაფერი-მეთქი, დღემდე მახსოვს პომადის გემო (იცინის).

- გაქვს თვისება, რომელსაც ებრძვი?

- მავნე ჩვევებით დატვირთული არ ვარ, თუმცა სიჯიუტეს დიდი სიამოვნებით შევებრძოლებოდი, მაგრამ ალბათ ხელს არ მიშლის და ამიტომაც არ ვებრძვი.

- თუ გახსოვს გაბრაზება და დასჯა დედისგან? მამაზე არაფერს გეკითხები, არა მგონია, გოგიჩა რაიმეზე სერიოზულად გაგბრაზებოდა.

- სიმართლე გითხრათ, არც ერთისგან არ მახსოვს სერიოზული და განსაკუთრებული გაბრაზება, ერთადერთი პრობლემა, რაც მე და ნათიას გვაქვს, სიბნელეში კითხვაა. რის გამოც თვალები მტკივა, ცრემლები მდის, მაგრამ შუქს მაინც არ ვანთებ. ძირითადად ამაზე მსაყვედურობს და მეჩხუბება.

- და რატომ იტანჯავ თავს სიბნელეში კითხვით?

- მთლად სიბნელეში არ ვკითხულობ. ძალიან დაბალ, მბჟუტავ შუქზე ვითხრი თვალებს.

- გულწრფელად შეაფასე საკუთარი თავი, როგორი შვილი ხარ?

- ალბათ ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება ჩემი მხრიდან, თუ ვიტყვი, რომ კარგი შვილი ვარ, რადგან მშობლებისთვის ჩემი საქციელით პრობლემა არასდროს შემიქმნია. როდესაც რამეს ვაკეთებ, მაშინვე ჩემი ოჯახის წევრები და განსაკუთრებით მამა მახსენდება, თავისი პატარა და საყვარელი თვალებით. როცა ეს კადრი თვალწინ დამიდგება, როგორ შეიძლება, რაიმე ცუდი გავაკეთო?! ამიტომაც მენდობიან ალბათ და არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუნდაც სახლში გვიან მისვლაზე, არასდროს გამიცრუებია მათი იმედები და ვეცდები, ასე გავაგრძელო (იღიმება).

- ვისგან იღებ ყველაზე მეტ შენიშვნას და კრიტიკას?

- ნათიასგან. ყოველთვის ობიექტური კრიტიკა მესმის მისგან. ყოველთვის ზუსტად მეუბნება, რა არის ცუდი და რისი გამოსწორებაა საჭირო. ობიექტურია, არ გამოდის შვილებზე უაზროდ შეყვარებული დედის პოზიციიდან და ეს მომწონს. თუმცა ხანდახან მის შენიშვნებზე შინაგანი პროტესტის გრძნობა მიჩნდება და წინააღმდეგობას ვუწევ, მაგრამ ბოლოს მაინც ისე ვაკეთებ, როგორც ნათია მეუბნება.

- ნანუკა, გულჩათხრობილობით გამოირჩევი თუ გახსნილი ხარ და საკუთარ პრობლემებზე ადვილად საუბრობ?

- გულჩათხრობილობა და დეპრესიულობა არასოდეს მახასიათებს, არასდროს მეცალა იმისთვის, რომ ფანჯრიდან წვიმას დავკვირვებოდი, ასეთი რომანტიკული რაღაცები არ მჩვევია. პრობლემა რომ მქონდეს, მეგობრებსაც გავუმხელდი და ოჯახის წევრებსაც, ყველას ჩავრთავდი, ვინც ჩემს ახლობლად მიმაჩნია, რომ ერთად გავმკლავებოდით რაიმე კონკრეტულ საკითხს.

- რამდენადაც მივხვდი, ლაღი ხასიათის ხარ, რა გიფუჭებს განწყობას?

- გაგიკვირდება და ჩანთის, უფრო სწორად, ბარგის ჩალაგება სადმე გამგზავრებისას. შემიძლია, ცრემლებით, ძალიან სერიოზულად ვიტირო იმის გამო, რომ ბარგი მაქვს ჩასალაგებელი. ასევე ვარ შოპინგზე, ვერ წარმოიდგენთ რა მემართება, როცა მეგობრებს მაღაზიაში შევყავარ, სუნთქვა მეკვრება და ვიხრჩობი. ბარგის ჩალაგება და შოპინგი ჩემთვის, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა, რადგან ვერც ერთს ვერ ვიტან და ორივე ერთნაირად მაღიზიანებს. ეს იცის ნათიამ და როგორი დაკავებულიც უნდა იყოს, ერთ საათს, ღამის 4-5 საათზე მაინც გამოყოფს ხოლმე, რომ დამეხმაროს, ეს პრობლემა გადამაჭრევინოს და ბარგი ჩამილაგოს.

- როგორც მივხვდი, არჩევანის გაკეთება გიჭირს...

- უი, შეიძლება, ამას მგონი შენ მიმახვედრე (იღიმება), თუმცა ნამცხვრებზე, ტკბილეულზე, შოკოლადებზე მაგრად ვშოპინგობ, ეს ის საკითხია, რაც არასოდეს მეზარება.

- გარდა შოპინგისა და ბარგის ჩალაგებისა, რამ შეიძლება გამოგიყვანოს მდგომარეობიდან?

- ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა და ჩემზე მანიპულირება წარმოუდგენელია, ნერვებს ვერაფერი ამიშლის. ბოლომდე ვცდილობ საკუთარი თავის ხელში აყვანას, ისიც კი შემიძლია, სხვას არ დავანახვო ჩემი გაღიზიანება, რამდენიმე წუთში ჩემი პრობლემა მოვაგვარო და დღის განმავლობაში ამის გამო ხასიათი არ გავიფუჭო.

- რამ შეიძლება აგატიროს?

- ალბათ ფილმმა. "ტიტანიკი" რამდენჯერაც უნდა ვნახო, მაინც ამეტირება, შეიძლება, ძალიან ბანალური ფილმის ბოლო სცენამ ამატიროს, თორემ ურთიერთობებით გულგამტყდარს არასდროს მიტირია.

- ბანალური შეკითხვაა ალბათ, მაგრამ მაინც უნდა გკითხო, რის გამო შეიძლება დაკარგო ადამიანი?

- ღალატისა და ტყუილის გამო, ესეც ბანალურია, მაგრამ სიმართლეა, თუმცა ადამიანს მაინც უნდა მოუსმინო. არ შეიძლება, ადამიანებს ერთი ხელის მოსმით გადავუსვათ ხაზი, უმჯობესია, ჯერ გავერკვეთ სიტუაციაში, ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და მერე დავასრულოთ ურთიერთობა.

- პირდაპირობით გამოირჩევი, თუ შეგიძლია, რაიმე მოითმინო და ჩაყლაპო?

- პირდაპირი ვარ, მაგრამ ვცდილობ, ისე ვთქვა სიმართლე, ამით ვინმეს გული არ ვატკინო, თუმცა ჩემს აზრს ყოველთვის ვაფიქსირებ.

- იმ ადამიანის კატეგორიას მიეკუთვნები, სხვის შეცდომებზე რომ სწავლობენ?

- მგონი, სხვის შეცდომებზე ვერავინ სწავლობს, სხვისი შეცდომები შეიძლება დაინახო და გაითვალისწინო, მაგრამ სანამ შენ თვითონ არ გამოცდი, მანამდე მაინც ვერ ჩასწვდები იმ შეცდომის არსსა და სიმწარეს.

- როგორც ყველა ადამიანს, ალბათ შენც დაგიშვია შეცდომები, რას ნანობ ყველაზე მეტად?

- არაფერს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერს ისე დავტოვებდი, როგორც არის. მაგრამ რაიმე დიდი შეცდომა რომ მქონდეს დაშვებული, აუცილებლად ვიტყოდი სხვების გასაგონად, რომ გაეთვალისწინებინათ.

- ნანუკა, გვითხარი, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება?

- ჩემი ოჯახისა და მეგობრების გარეშე, რომელთაც, მგონი, ოჯახის წევრებზე ხშირად ვნახულობ.

- დაასახელე სამი ნივთი, რო­მელთა გარეშეც დისკომფორტი შე­გექმნება...

- სარკე, ჩემი საყვარელი შხაპის გელი და მობილური ტელეფონი, რომლითაც გამუდმებით ვლაპარაკობ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები