დიმა ობოლაძის ჟურნალისტურ-სპორტული კულუარები

დიმა ობოლაძის ჟურნალისტურ-სპორტული კულუარები

ბავშვობიდან რამდენიმე სახეობის სპორტს მისდევდა, მაგრამ ზრდასრულ ასაკში გულმა ჟურნალისტიკისკენ გაუწია. მანამდე იყო მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი "გეპეიში", სადაც მამის თხოვნით ჩააბარა. პროფესიის შეცვლა არ უნანია, პირიქით, მოსწონს, რომ საყვარელ საქმეს აკეთებს. თავად არ აღიარებს, მაგრამ თანამედროვე ქართველი სპორტული კომენტატორებიდან დიმა ობოლაძე ყველაზე პოპულარულია.

- პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი და მხოლოდ ჰუმანიტარული საგნებისკენ მქონდა მიდრეკილება. მამა ფიზიკოსი გახლდათ, დედის მხრიდან - ყველა მათემატიკოსი. მე კი ტექნიკურ საგნებს მხოლოდ ნიშნის გამო ვსწავლობდი. თავისუფალ თემებს კარგად ვწერდი. ერთხელ ერთ-ერთი თემა - "ქვა" რესპუბლიკურ ტურზეც გაიტანეს. ამ ასაკში ჟურნალისტობაზე არ მიოცნებია, მაგრამ სპორტი ყოველთვის მიყვარდა.

ფარიკაობაში სპორტის ოსტატის ნორმატივები მაქვს შესრულებული. კალათბურთზე დავდიოდი. ნიკოლოზ დერიუგინთან მაქვს უმაღლესი ლიგა ნათამაშები. ვთამაშობდი ფეხბურთს, ცურვაზეც დავდიოდი, მაგრამ პროფესიის არჩევაზე რომ მიდგა საქმე, მეგობრებმა მამების თხოვნით "გეპეიში" მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ჩა¬ვაბარეთ.

ნორმალურად ვსწავლობდი, მაგრამ მერე ჯარში წავედი, დაბრუნების შემდეგ საბუთები ჟურნალისტიკის მეორად ფაკულტეტზე გადავიტანე, სადაც სტაბილურად დავდიოდი ლექციებზე და ოთხი წლის შემდეგ დიპლომი ავიღე.

- როდის გადაწყვიტე ჟურნალისტობა?

- ეს გადაწყვეტილება ჯარში მივიღე. მართალია, ოჯახს წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ მამას ეს ფაქტი დიდად არ ახარებდა. პროფესიით ფიზიკოსი მოსწავლეებს ამზადებდა, რომლებსაც ჩვენ პინგვინებს ვეძახდით. ოჯახს შემოსავალი ჰქონდა და ეგონა, სულ ასე იქნებოდა.

- პრაქტიკა რომელ გაზეთში გაიარე?

- მუშაობა სპორტულ გაზეთ "სარბიელში" დავიწყე. მაშინ იქ ზურაბ ფოცხვერია, ირაკლი ბერიაშვილი, ელგუჯა ბერიშვილი, თამაზ მიგრიაული მუშაობდნენ. ამ ხალხმა ძალიან ბევრი რამ მომცა. მახსოვს, ზვიად გამსახურდიას დროს ფოთის ევროპის ჩემპიონატზე "სარბიელში" სტატია გამოვაქვეყნე და მერე ეს სტატია თვის დაიჯესტშიც დაბეჭდეს. მაშინ ზურამ დამიძახა და მკითხა, ვინ დაგეხმარაო და ჩემით დავწერე-მეთქი. ფაქტობრივად, შექება გამოვიდა.

- რამდენი ხანი გაატარე პრესაში?

- საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი "სარბიელში", მერე თავად ვუშვებდი ერთადერთ საკალათბურთო გაზეთს. საშინელი პერიოდი იყო, ომი, კონფლიქტები.

- თუ გახსოვს, პირველი ინტერვიუ ვისთან ჩაწერე?

- პრესაში არა, მაგრამ ტელევიზიაში მუშაობისას მახსოვს. მაშინ ეს ინტერვიუ "ალიონისთვის" ჩავწერე.

- "პირველი არხიდან" მოხვედი ტელეჟურნალისტიკაში?

- პრესის მერე იყო რადიო "პიკის საათი", სადაც მიკროფონთან მუშაობა ვისწავლე. ტელევიზიაში ოთარ შაორშაძესთან სულხან მელაძისა და თამარ ცაგარეიშვილის რეკომენდაციით მოვხვდი. კარგად მახსოვს ეს დღეები. მაშინ ჩავწერე ჩემი სატელევიზიო ინტერვიუ კალათბურთელ ნოდარ ქორქიასთან, რომელიც კლუბ "მერანში" თამაშობდა. გადასაღებად რომ მივედი, მიკროფონი ხელში პირველად მეჭირა.

ოპერატორმა მითხრა მზად ვარ, დავიწყოთო და ამ დროს ოფლში გავიწურე, კინაღამ მოვკვდი. მეორე დღეს ღია ეთერში სპორტული ბლოკი უნდა წამეყვანა. ვცდილობდი, თავიდან ამერიდებინა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი რაღაც იწყებოდა. ძალიან დამეხმარნენ სულხან მელაძე, თამარ ცაგარეიშვილი, დათო ნაკაიძე. დათო შავ კაცს მეძახდა და დღესაც ჩემზე შავია თვითონ.

- პირველმა ეთერმა როგორ ჩაიარა?

- არ მახსოვს, იმიტომ რომ ყველა მილოცავდა. პოლიტიკურ მიმომხილველ გივი ბოლოთაშვილს მთელი ცხოვრება ტელევიზიით ვუყურებდი და მაშინ გავარკვიე, რომ თურმე სულ ჩანაწერი გადიოდა და ისიც პირველად ჯდებოდა ღია ეთერში. გვერდით მედგა და ეწეოდა. უცებ მეუბნება, ორმოცი წელია სიგარეტი არ მომიწევიაო.

გული გამისკდა, ეს კაცი რომ ნერვიულობს, მე სულ დავღუპულვარ-მეთქი. ორი წელი ვიმუშავე "ალიონში" და შემდეგ "მეორე არხზე" გადაცემა "სპორტინფო" მიმყავდა, სადაც სერგი გვარჯალაძის დახმარებით მოვხდი. არხის ხელმძღვანელი იყო ზაზა დარასელი, რომელიც ძალიან თბილად მახსენდება.

- როგორი რესპონდენტები არიან სპორტსმენები?

- ყველა ადვილად მთანხმდებოდა და დღესაც ასეა. შეიძლება, პროდიუსერმა დარეკოს და არ უპასუხოს, მერე მე დავრეკო და პრობლემა არ იყოს. აქ არის პირადი ურთიერთობებიც და იმაზე არ არის დამოკიდებული, რომ ერთ-ერთ წამყვან არხზე მუშაობ. შეიძლება, რესპონდენტი მოიყვანო, მაგრამ არ გაიხსნას, როდესაც ღია ეთერია, ზოგი კამერასთან იბოჭება.

- ხშირად გყოლია ასეთი რესპონდენტი?

- ყოფილა ასეთი შემთხვევებიც, მაგრამ სახელსა და გვარს ვერ გეტყვით. საერთოდ, სატელევიზიო ტიტრის დადებას ექვსი წამი უნდა. ხანდახან ტიტრი ვერ დაგვიდია, რადგან რესპონდენტს ექვსი წამიც არ უსაუბრია (იცინის).

- ყველაზე სკანდალური ეთერი გაიხსენე.

- ასეთი ბევრი იყო. ერთმანეთშიც უკამათიათ. ერთხელ "დინამოს" დირექტორს მსაჯთან პრეტენზიები ჰქონდა და გადაცემაში იჩხუბეს, ერთმანეთს შეურაცხყოფაც მიაყენეს. არ მივეკუთვნები იმ ტიპის ჟურნალისტებს, სიტუაცია კიდევ გავამწვავო. უბრალოდ, მადლობა გადავუხადე ორივეს, რომ სტუდიაში მოვიდნენ.

- როგორ რეაგირებ კრიტიკაზე?

- კრიტიკა მას შემდეგ წამოვიდა, რაც ჩემპიონთა ლიგის რეპორტაჟები დავიწყე. კომენტატორის ხვედრი ყველამ კარგად იცის. იცით, რასაც ჰყვებიან ნუგზარ ჯუღელზე. გავიხსენებ ეროსი მანჯგალაძეს, კოტე მახარაძეს, მაგრამ ისინი უფრო მსახიობები იყვნენ და ძალიან მაგრებიც.

- თანამედროვე კომენტატორებიდან ყველაზე პოპულარული ხართ.

- არ ვიცი, ამას თქვენ მეუბნებით. ქუჩაში მცნობენ, ხალხი კეთილგანწყობილია. ერთი პერიოდი ამ შეცდომებზე რაღაც ტალღა აგორდა. ფორუმებზეც წერდნენ. ერთხელ წასაკითხად შევედი და მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ანონიმურად წერ, ადამიანის ღირსება არ უნდა შელახო. თუ ვინმეს ჩემი ნახვა უნდა, არ არის პრობლემა, ყველგან დავდივარ.

იმ პერიოდში თბილისის სტადიონზე საქართველოს ნაკრების რეპორტაჟი მიმყავდა და როდესაც დამთავრდა და გარეთ გამოვედი, ხალხმა გამაჩერა, ჩვენ აქ ვართ, შენ გვერდით და გვიყვარხარო. არავინ თქვას, რომ ეს არ სიამოვნებს და არ მოსწონს. თუ ამას იტყვი, იტყუები.

- ავტოგრაფი თუ უთხოვიათ?

- ხშირად, მაგრამ უფრო ბავშვებს. 44 წლის ვხდები და როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მივდივარ, მე თვითონაც ვიღებ ავტოგრაფებს და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

- თუმცა შენ ალბათ პოპულარული ფეხბურთელებისგან იღებ.

- ჰო, აბა, იქაურ კომენტატორებს არ ვიცნობ (იცინის). პატარა ბავშვები მთხოვენ ავტოგრაფს, მაგრამ მერე სად მიაქვთ, არ ვიცი. ძალიან სასაცილოები არიან, ზოგი მეუბნება, ხელზე დამაწერეო, ვეუბნები, რად გინდა-მეთქი, მერე იმ ხელს ხომ იბანენ.

- ახალგაზრდა გოგონებს არ უთხოვიათ ხელზე დაწერა?

- ხელზე არა (იცინის). მე პირადად ბატონ კოტე მახარაძესთან სურათსაც გადავიღებდი და ხელსაც მოვაწერინებდი, როცა მქონდა ამის შანსი ეროსი მანჯგალაძესა და რამაზ ჩხიკვაძესთან, ვერ გამოვიყენე.

- თუმცა სპორტული სამყაროდან ბევრ საამაყო ფეხბურთელთან გექნება სურათი გადაღებული?

- ზინედინ ზიდანსა და რობერტო კარლოსთან. ლიონელ მესისთან არა, იმიტომ, რომ მუდმივად დასდევენ. კახი კალაძესთანაც მაქვს სურათი გადაღებული, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე გახარებულმა გულშემატკივარმა მას მაისური შემოახია.

- კახისთან ბიჭოლასაც აქვს სურათი გადაღებული.

- ვულოცავ (იღიმება).

- დიეგო მარადონასთანაც გექნება ფოტო გადაღებული.

- კი, ოღონდ თბილისში, თორემ ლიგის ფინალზე რომ ვნახე, კინაღამ მცემა. ჩანთას მესროდა. თუმცა მოგიყვებით. სტადიონზე ერთ-ერთ სექტორში ვიჯექი და ვხედავ, უცებ ვიღაც ტიპი შემოვიდა, შევხედე და მარადონაა. თან ოთხი მამაკაცი ახლდა. თავიდან მეგონა, რომ მომელანდა. მაშინვე ოპერატორს დავურეკე, მოდი, აქ მარადონაა-მეთქი. იმან იფიქრა, ეტყობა, გააფრინაო. ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და იდგა თავისთვის. როდესაც მასთან მივედი, წინ ორი ადამიანი გადამიდგა, წადიო. ვეუბნებოდი, ან შემაგინეთ, ან რაღაც ქნას ამ კაცმა-მეთქი.

მარადონამ რომ დაინახა, არ ვეშვებოდი, ვიღაც გამომიგზავნა და ამიხსნეს, "სკაის სპორტთან" აქვს კონტრაქტი და ინტერვიუს ვერ მოგცემსო. მაშინ სურათს გადავიღებ-მეთქი. კარგი, ჯანდაბასო. გვერდზე დავუდექი, მთლად ახლოს ვერ მივიდოდი, და მაინც, ხომ იცით, "კურიერის" ჟურნალისტები გამახსენდა და ვიფიქრე, მეც ვსინჯავ რაღაცას-მეთქი. ავიღე მიკროფონი, გავექანე. ჩანთა ეჭირა და რომ მოიქნია, ვუთხარი, მიდი, ისროლე-მეთქი. ის ჩანთა რომ ესროლა, ჩანთიან-კადრიან-ყველაფრიანად გავყიდდი.

რა თქმა უნდა, არ ისროლა, მაგრამ შემდეგ თბილისში რომ ჩამოვიდა, გახსოვთ, არავის არ სჯეროდა. 5000 კაცი მივიდა სტადიონზე. თქვა, ჩემს ვარჯიშზე ოცი ათასი დადის და ეს სად ჩამომიყვანეთო. მანამდე დათო ტურაშვილმა მისი ესპანურენოვანი ავტობიოგრაფიული წიგნი მაჩუქა. თან წავიღე, შვილთან ერთად ვიყავი და ფოტოაპარატი მქონდა.

უცებ გამოდის რეზი არველაძე და ამბობს, არავის გაქვთ, მარადონას ფოტოაპარატში ელემენტები დაუჯდაო. მე ვუთხარი მოდი, ჩემს ელემენტებს მოგცემ, ოღონდ წიგნი შეუტანე და ხელი მომიწეროს-მეთქი. გიჟივით მიყურებდა, რას ჩალიჩობსო და თავი დამანება. მერე ვიღაც ტიპი გამოვიდა, მომეცი ელემენტებიო, მე ვუთხარი, ჯერ წიგნი შეიტანე და მერე მოგცემ-მეთქი. მარადონამ ვრცელი ავტოგრაფი გაუკეთა და მერე ჩემი ელემენტები აპარატში ჩატენა. მე სხვა ელემენტებიც მქონდა.

- ბოლოს გადაცემა "შუადღეზეც" გკითხავ. როგორ გრძნობ თავს ახალ ამპლუაში?

- ხელმძღვანელობამ დამიბარა და მკითხა, "შუადღის" ეთერში თუ დაჯდებოდიო. 1994 წლიდან აქ ვმუშაობ და რა უნდა გაკეთდეს ამ არხზე, რომ არ გამომივიდეს, მაგრამ ცოტა მეხამუშა. რა უნდა გავაკეთო-მეთქი? არაფერი, რაც ხარ, ის იყავიო. მართლაც ასეა, თუ თემაში ვერ ვერკვევი, ეთერში მოუმზადებელი მაინც არ გავდივარ. ისეთი პროდიუსერები გვყავს, ყველაფერს კარგად გეგმავენ.

არაპოლიტიკური გადაცემაა, ჯამბაზები, კლოუნები. ერთადერთი ოთხშაბათის სახელოსნო არ შემიძლია, გიჟს ვგავარ, გოგონები საყურეებით დადიან, საქართველოში ამდენი ხალხი თუ რაღაცას აკეთებდა, არ მეგონა. ბაია ჩაიცვამს და ყველაფერი ერგება. ლიკა საყურეს დაიკიდებს, მე კი ვზივარ. ერთხელ გიგიშა მოვიდა, თიხის ნაკეთობებს აკეთებდა, ასე რომ, კაცური ვარიანტებიც არის. მთლიანობაში ჩემი როლი მაქვს, თუმცა მეუბნებიან, ნუ შაყირობ და მაიმუნობო. აბა, რა ვქნა, გავაუთოო, შევკერო?

- რა თემაზე ვერ ისაუბრებდი ღია ეთერში?

- არ არის ეგეთი თემა. ნორმალურ ადამიანს ყველაფერზე თავისი აზრი აქვს. ეკლესიის თემაც კი გვქონდა. ყველას არჩევანს პატივს ვცემ, მე თვითონ სტიქარი მაცვია, მოძღვარი მყავს დედათა მონასტერში, არქიმანდრიტი მამა ლაზარე, თუმცა, ვნანობ, რომ ხშირად ჩასვლას ვერ ვახერხებ. ამ თემას სიფრთხილით ვეკიდები, მაგრამ ირიბად, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ჩემს სათქმელს ხშირ შემთხვევაში მაინც ვამბობ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები