მოსკოვში, ცენტრალური უნივერმაღის სადღესასწაულო დარბაზში, მოსკოვური ბომონდის ყველაზე კაშკაშა წარმომადგენლებმა საშობაო ნაძვის ხეების აუქციონში მიიღეს მონაწილეობა. ტრადიციულად, რუსულ ელიტურ შეკრებებს არც ქართველი სახეები დაჰკლებიან. ამჯერად აუქციონის საპატიო სტუმრებს შორის ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე და მოსკოვის სახვითი ხელოვნების გენერალური დირექტორი, ტუსი ჩოგოვაძე მოხვდნენ.
სამწუხაროდ, ინფორმაციას, რომელმა სტუმარმა რა ფასად შეიძინა ნაძვის ხეები, რუსი ჟურნალისტები არ აკონკრეტებენ. შესაბამისად, უცნობია, რა შედეგით დასრულდა სოფო შევარდნაძისა და ტუსი ჩოგოვაძის ვაჭრობა.
აუქციონზე ცნობილი ბრენდების მიერ წარმოდგენილი ნაძვის ხეები გაიყიდა. მათი საწყისი ფასი 70 000 რუბლი იყო. ვაჭრობის შემდეგ, რომელსაც ეპატაჟური წამყვანი ქსენია სობჩაკი უძღვებოდა, ორგანიზატორთა ანგარიშზე 3 მლნ რუბლზე მეტი თანხა შევიდა. აუქციონი საქველმოქმედო იყო და მისი შემოსავალი ავადმყოფ ბავშვებს მოხმარდებათ.
აუქციონზე, რომელიც ”გუმში” უკვე ტრადიციად იქცა, რუსეთში მოღვაწე ქართველები გასულ წელს უფრო აქტიურობდნენ. სოფო შევარდნაძე ამ ღონისძიების ერთგული სტუმარია, თუმცა მყიდველთა შორის მისი გვარი არც გასულ წლებში აღმოჩნდა.
სამაგიეროდ, შარშან 200 000 რუბლი გადაიხადა Van Cleef & Arpels-ის ”მწვანე ლამაზმანში” რუსეთში მოღვაწე ქართველმა ტელეწამყვანმა ეკატერინე მწითურიძემ. შემდეგ მან ეს შენაძენი ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოს გადასცა. ხელცარიელი არც დიდი თეატრის ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე წამოსულა, თუმცა ჯიბეზე ხელის გაკვრა მას ქსენია სობჩაკმა, პრაქტიკულად, აიძულა.
”წარმოიდგინე ნიკოლოზ, რამდენი ლამაზი პა-დე-დესა და ფუეტეს შესრულებას შეძლებ ამ ლამაზი ნაძვის ხის გარშემო. ანასტასია ვოლოჩკოვა შურისგან გასკდება”, - სობჩაკის ამ გამოწვევას ნიკოლოზმა ვერ გაუძლო და გამალებული ვაჭრობის შემდეგ მოდური და კაშკასა ნაძვის ხე შეიძინა.
მომზადებულია hottopstars.ru-სა და tatler.ru-ს მიხედვით.