"მაესტროში'' შექმნილმა ისტერიკამ, მანამდე კი ივანიშვილის ორთვიანმა ეპოპეამ 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გადაფარა. სხვათა შორის, ეს განაჩენიც "მაესტროს'' ეხება და რამდენიმე დღეში, შესაძლოა, ამ არხზე ახალი სკანდალის მომსწრენი გავხდეთ. სერგო ჯავახიძის პარტიამ ამავე პარტიის ყოფილ ლიდერს, ზურაბ ნოღაიდელს დავა მოუგო, უძრავი ქონება და აქტივები დაუყადაღა, მალე განაჩენს სისრულეშიც მოიყვანს და ექსპრემიერს პარტიიდან გადინებულ 600 000 ლარზე მეტს დააბრუნებინებს. ყადაღა, ცხადია, ნოღაიდელის კომპანია "ნ კონსალტინგსაც'' შეეხო, რომელმაც "მაესტროს'' აპარატურა მიაქირავა. ასე რომ, თუ თანხის სრულად შეგროვებას ნოღაიდელის 4 მანქანა და ავტოფარეხი არ ეყოფა, დიდი შანსია, აპარატურა, რომელსაც ამ დღეებში ღლონტი წინ და უკან დაატარებს, აუქციონზე გაიყიდოს და გაყიდული თანხა, ან თავად ეს აპარატურა, ნატურის სახით, სერგო ჯავახიძემ ჩაიბაროს. "ვერსია'' ინტერვიუს დავაში გამარჯვებული მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის'' ლიდერ, სერგო ჯავახიძესთან გთავაზობთ:
- სასამართლო, რომელიც 7 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, 22 ნოემბერს გაიმართა და აპელაციამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ანუ ჩვენი სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. როცა სააღსრულებო ფურცელი ამოიწერება და ნოღაიდელი აღმოჩნდება ე.წ. მევალეთა რეესტრში, სააღსრულებო ბიურო ვალდებულია, 4 მანქანა, წილები და ა.შ. დააყადაღოს. აღსრულებას დეკემბრის ბოლოსთვის ველოდებით, გადაწყვეტილებიდან 21 დღეში. როგორც კი ვადა გავა, მაშინვე სააღსრულებო ფურცელს მოვითხოვ და მიუყადაღებს თუ მოუყადაღებს ნოღაიდელს სააღსრულებო, ჩემი მთავარი ინტერესია, პარტიაში ფული დაბრუნდეს. დაბრუნდება კიდეც! ნოღაიდელმა სასწრაფოდ, შეტყობინებიდან 7 დღის მანძილზე, 325 093 ლარი უნდა დამიფაროს, პლუს ბაჟები, რაც პროცესების მოგებაში გადავიხადეთ.
- დაყადაღებულ ქონებაშია კომპანია "ნ კონსალტინგიც'', რომელმაც "მაესტროს'' აპარატურა მიაქირავა?
- დიახ, "ნ კონსალტინგის'' ანგარიშებიც, წილიც და ა.შ. ყველაფერი დაყადაღდება მანამდე, სანამ ეს თანხა არ დაიფარება.
- და "ნ კონსალტინგს'' ხელშეკრულება კიწმარიშვილის მართვის კომპანიასთან აქვს გაფორმებული, ხოლო აპარატურა, რომელსაც ღლონტი აქეთ-იქით დაატარებს, ამ დაყადაღებული ფირმისაა?
- ასეა და "ნ კონსალტინგმა'' გადასცა ეროსის ის აპარატურა, რომლითაც "მაესტრო'' მაუწყებლობს. აპარატურა, რომელიც ღლონტსა და ეროსის აღმა-დაღმა დააქვთ, ნოღაიდელისაა და ეს მისი პრობლემაა. მივიდეს მერე და იკითხოს, რას დაატარებთ აქეთ-იქითო. თან, საპროცესო კოდესის 213ე მუხლის თანახმად, მხარეს, რომლის წინააღმდეგაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა მიღებული, მისი კასაციაში გასაჩივრების უფლება აღარ აქვს. ნოღაიდელს აღარ რჩება მესამე ინსტანცია და პროცესი დასრულდა!
- შესაბამისად, ახლა აპარატურაც თქვენი პრობლემაა. თან "მაესტროს'' თქვენთან ვალდებულებები ჰქონდა - ან თვეში 10 000 დოლარამდე უნდა ეხადა, ან სარეკლამო დრო მოეცა. როგორც მახსოვს, არც დრო მოუციათ, არც - ფული. თქვენ, დავაში გამარჯვებული მხარე, რას გეგმავთ?
- ეს ვალდებულებები ნოღაიდელის დროს იყო. კიწმარიშვილს თითქმის 10 000 დოლარი უნდა ეხადა მისთვის და არა მგონია, ეს ერთხელ მაინც გაკეთებინა. ეროსი, ამ შემთხვევაში, მართალი იყო, რადგან მაშინ დავა მიდიოდა. ახლა კი ნოღაიდელს სახელფასო დავალიანებაზე პროცესი მოვუგეთ, პარტიას ყოველ წამს ფული სჭირდება და გამიგეთ - ჩვენთვის ახლა ყველაფერი ფულია! აქედან გამომდინარე, რას დააყადაღებენ და რა დაემართება ნოღაიდელის მიერ "მაესტროსთვის'' მიქირავებულ აპარატურას, ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია. თუ ეს ის აპარატურაა, რომელსაც ღლონტი აქეთიქით დაარბენინებს, ამაზე მე რატომ უნდა ვინერვიულო?! აპარატურა სასამართლო გადაწყვეტილებით რომ გაიყიდოს, როგორც ნოღაიდელის ქონება და მე ფული ასე ამინაზღაურდეს, რა შეხება მექნება ამასთან?! ასევე, გვაქვს მეორე პროცესი 322 100 ლარზე და ეს ის ფულია, რომელიც ნოღაიდელმა პარტიიდან არამიზნობრივად გადარიცხა. საიდან ამოიღებენ და შეაგროვებენ ამ თანხას, ჩემთვის მხოლოდ ტექნიკური საკითხია. თუ, ვთქვათ, ნოღაიდელის მანქანების ღირებულება არ ეყოფა ამ ვალის დაფარვას, შეიძლება, ეს აპარატურაც გაიყიდოს.
- სულ 600 000 ლარზე მეტს რომ მიიღებთ, ეგ გასაგებია, მაგრამ გაუგებარია კიწმარიშვილ-ნოღაიდელს შორის ვალდებულების ბედი და არ მიპასუხეთ, რას აპირებთ - თანხაზე ან სარეკლამო დროზე "მაესტროსთან'' პრეტენზია არ გექნებათ?
- 600 000 ლარამდე ნამდვილად გამოგვდის, ვალდებულება კი დარჩება მათივე ვალდებულებად. ამ შემთხვევაში, ჩემი როლი ისაა, თუ, ვთქვათ, "მაესტროს'' აპარატურა ორჯერ გაიტანეს აუქციონზე და არ გაიყიდა, მესამედ უკვე მე გადმომეცემა ნატურით. თუ თანხას ვერ მივიღებთ და რაიმე სქემა ამოტივტივდება, რა თქმა უნდა, "მაესტროზე'' ეთერსაც მოვითხოვთ. ოღონდ, ერთი პრობლემაა - რა ხელშეკრულებაც არხს "ნ კონსალტინგთან'' ჰქონდა, ნოღაიდელმა შეცვალა და გააყალბა ყრილობის, ანუ მისი გადაყენების მერე. მან იქ ჩაწერა, თითქოს ფული, რომელიც მიდიოდა პარტიიდან მისი კომპანიის ანგარიშზე, აპარატურის კი არა, სკამებისა და მაგიდების დაქირავების თანხა იყო. ახლა ამ ახალი ხელშეკრულების გადმოცემას ვითხოვთ, რომ სასამართლო ექსპერტიზამ მისი გაყალბება დაადასტუროს. ნოღაიდელს ამაზეც პასუხს ვაგებინებ!
- ისევ დაპირისპირებამდე მიდიხართ. თუმცა, როცა ეს თემა პირველად გახსენით, "მაესტრო'' შემოგწყრათ - აპარატურას გვართმევს და თავისუფალ მედიას ებრძვისო. მაშინ უპასუხეთ, საფრთხე ჩემგან კი არა, იმ პარტიების ალყისგან მოდის, რომელშიც ხართო. ახლანდელ ვითარებაზე რაღას ფიქრობთ?
- ამჯერადაც იგივეს ვიტყვი. ახლა სხვა "მეწველი ძროხა'' გამოუჩნდა "მაესტროს''. ვფიქრობ, როგორც კი არხზე პოლიტიკური ფული მოხვდება, ეს კიდევ ერთი დიდი საფრთხე იქნება და, დღეს თუ არა ხვალ, იგივე პრობლემები ექნებათ. ან რაც ახლა დამფუძნებლებმა გააკეთეს, ვითომ ამით არხს რეიტინგი აუწიეს? არიქა, პოლიტიკაში გაუსვრელები ვართო და აღმოჩნდნენ მერკანტილური ინტერესების მქონე ადამიანები, რომლებმაც თავიანთი პარტნიორი, ეროსი უფრო მსუყე ლუკმის გამო "გადააგდეს''. გამოდის, "მაესტროს'' ამოფარებული ეს ტიპები ფულს აკეთებდნენ და თუ ეროსია მონსტრი, არანაკლები მონსტრები არიან დამფუძნებლებიც!
- ისე, მანდ თქვენც დაინტერესებული მხარე ხართ და ცოტა ხნის წინ, ნოღაიდელიც იყო, რომელიც მოლაპარაკებებს დიდი ხნის მანძილზე აწარმოებდა არხის საკონტროლო პაკეტის საყიდლად.
- 5 მილიონზე იყო საუბარი და მოლაპარაკება ხან კიწმარიშვილთანაც მიდიოდა და გაჩეჩილაძესთანაც. აქვე ვიტყვი - კიწმარიშვილს "მაესტროს'' გაჩერება თავისუფლად შეეძლო, რადგან აპარატურა, ფაქტობრივად, მისი საკუთრებაა. ეს რომ პოლიტიკური და არა ფინანსური დავა ყოფილიყო, ეროსი წამოიღებდა ამ აპარატურას და არხს მანამ გააჩერებდა, სანამ ახალი დონორი, ივანიშვილი ახალ აპარატურას არ შეიტანდა, მაგრამ კიწმარიშვილმა მედიას კი არ დაარტყა, ბიზნესინტერესით გამოვიდა - მე აქ 4,5 მილიონი დოლარი მაქვს, ძმებო და როგორ მაგდებთო?! აბა, ეროსი მეცენატი ხომ არ იყო, არა?! პირდაპირ უდევს ხელშეკრულებაში, რომ შემოსავლის 15% მისია, ბიზნესი აქვს კაცს, ამიტომ მისი ფინანსური პრეტენზიები ლოგიკურია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ივანიშვილმა მაგათ შუაში ძვალი ჩაუგდო, "მაესტროს'' სახით და ეს ორი მხარე ერთმანეთს იმაზე ებრძვის, ვინ მეტს წაიღებს. თან ხალხს ეძახიან, მოდით, გვერდით დაგვიდექითო. ვისი გულისთვის დავდგეთ იქ, "გადაგდებული'' ეროსის, "გადამგდები'' ღლონტის, თუ იმ პოლიტიკური პარტიების, ვინც თავის ოფისში ჩაატარა არხის დამფუძნებლებისა და დიპკორპუსის შეხვედრა?
- ე.ი. მესამე მხარედ ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ პარტნიორებს განიხილავთ. ჰოდა, მთელს ამ ორომტრიალში თქვენი ადგილი არის სადმე?
- დიახ, ეს ამ საქმის კიდევ ერთი ბინძური მხარეა. იქ უკვე ყველას ინტერესებია - ალასანიასი, "რესპუბლიკელების'', მრჩეველთა საბჭოსი. როგორ ფიქრობთ, მომავალ არჩევნებში რომელიმეს საეთერო დროის პრობლემა ექნება? მტრის ხატად რომ გამოიყვანეს მოძრაობა "თავისუფალი საქართველოსთვის'', თუ "მაესტრო'' ასეთი ობიექტურია, ჩვენი პოზიციით ერთხელ მაინც რატომ არ დაინტერესდა? ან თუნდაც მაშინ, როცა დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და ამბობდნენ, რომ თურმე, სერგო ჯავახიძე აპარატურას ართმევდა და ხელისუფლების დაკვეთით მაუწყებლობის შეწყვეტა უნდოდა?! ხომ არ მიუვარდები და გინებას დავუწყებ, დამსვით ეთერში-მეთქი? ან მიშა, საერთოდ, რა შუაშია ამ შემთხვევაში? დგანან შუაში პოლიციელები და რატომ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი პრობლემის მოგვარებით - ჭამონ ერთმანეთი, ქულებს ხელისუფლება ჩაიწერს. ჩემს მერე ეროსი გახდა ხელისუფლების ღია იარაღი, არა?! მე რატომ მაღიზიანებდნენ, დამთავრდა სასამართლო პროცესი და რა ვქნა, "მაესტროს'' მტერი გავხდე?! თუ, ფული რომ მოიპარა ნოღაიდელმა და პარტიიდან წაიღო, არ ვუჩივლო?! ხმამაღლა ვაცხადებ - დიახ, ჩემს პარტიას იჯარის ნაცვლად უნდა მიეღო საეთერო დრო, მაგრამ "მაესტრო'' უკვე ისეთი ტენდენციური გახდა, ამას, მგონი, აღარც აქვს აზრი! ივანიშვილის ფულის რიგში დგომას არ ვაპირებ, დამოუკიდებლად გავალ არჩევნებში და ბარიერსაც გადავლახავ!
- მეუბნებით, ფინანსური პრობლემები გვაქვსო, ჯერ არც კუთვნილი თანხა მიგიღიათ და აღსრულებას ელოდებით, დაშლილი პარტია და შელახული იმიჯი გაქვთ, თან ივანიშვილმა თქვენ კი არა, ყველა პარტია ლამის დაძირა, ვინც მის გუნდში არაა და ასეთ ამბიციურ განაცხადს მაინც რის საფუძველზე მიკეთებთ?
- ვინ დაძირა, ამას არჩევნები აჩვენებს. ივანიშვილი სერიოზული ძალებით მოვა არჩევნებში, თუკი მას გვერდით ეს ძალები არ ეყოლება, ვინც დღეს ჰყავს. ჩვენ კი დამოუკიდებელი, ბარიერგადალახული, კვალიფიციური პარტია ვართ, გვაქვს დამკვირვებლების ადგილები საარჩევნო კომისიაში, გვექნება ფინანსური რესურსი, აღვადგენთ იმ ხალხის ნდობას, ვისი ვალიც ნოღაიდელმა დაგვიტოვა და ეს ყველაფერი ცოტა არ არის.
ნინო კომახიძე
გაზეთი "ვერსია"