ლევ ტოლსტოი რუსი მწერალი და მოაზროვნე, რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა კავკასიასთან და კონკრეტულად საქართველოსთან.
მომავალი მწერალი 1828 წლის 28 აგვისტოს დაიბადა რუსეთის სოფელ იასნაია-პოლიანაში, დედამისის საგვარეულო მამულში, მდიდარ და დიდგვაროვან ოჯახში. მამამისი გრაფი ნიკოლოზ ტოლსტოი გახლდათ, დედა კი - მარია ვოლკონსკაია, უაღრესად განათლებული ქალი. ლევი მეოთხე შვილი იყო. სამი უფროსი ძმა ჰყავდა.
პირველი საფუძვლიანი განათლება იასნაია-პოლიანაში, ოჯახში მიიღო მკაცრ გუვერნანტთან. 1844-1847 წლებში კი ყაზანის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც მალე მიატოვა. რამდენიმე წელი იასნაია პოლიანაში ცხოვრობდა, 1851 წელს კი გააცნობიერა თავისი არსებობის უმიზნობა და უფროს ძმასთან ერთად კავკასიის მოქმედ არმიაში გაემგზავრა. იქ თერგის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში გაამწესეს. თბილისსა და ყირიმში დაიწყო აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა, დაწერა თავისი პირველი მოთხრობა "ბავშვობა", რომელიც მალევე დაიბეჭდა. კიდევ უფრო მოგვიანებით დაწერა "ყრმობა" და "სიჭაბუკე", რომელიც საბოლოოდ ავტობიოგრაფიულ ტრილოგიად იქცა.
მწერალზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სამხედრო გზამ, დარიალის ხეობამ. თითქმის ხუთი თვე დაყო, სამხედრო ჩინი მიიღო და დაინიშნა კიდეც. წერილებსა და ჩანაწერებში ხშირად მოიხსენიებდა საქართველოს და ქართველებს. იმ პერიოდის ქართველ ინტელიგენციასთანაც აქტიური კავშირი ჰქონდა.
1854 წელს კავკასიიდან დუნაის არმიაში გადავიდა, მერე სევასტოპოლში იბრძოდა. სწორედ იქ მიღებული შთაბეჭდილებებით დაწერა "სევასტოპოლური მოთხრობები".
1855 წელს ტოლსტოი პეტერბურგში ჩავიდა, სადაც სხვა რუს მწერლებს დაუახლოვდა, მალე სრულიად დაანება თავი სამხედრო სამსახურს და იასნაია-პოლიანაში დასახლდა. ამავე პერიოდში იმოგზაურა ევროპაში.
1859 წელს იასნაია-პოლიანაში გახსნა სკოლა გლეხთა ბავშვებისათვის და თავადვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. გამოსცა პედაგოგიური ჟურნალი "იასნაია პოლიანა" და თავისი თეორიებით მუშაობდა, ასევე დაწერა "თავისებური" "ანბანი".
60-იან წლებში მწერალმა გამოაქვეყნა რომანი "ოჯახური ბედნიერება", მერე კი თანდათან გამოჩნდა მისი ასევე ცნობილი რომანები "ომი და მშვიდობა", "ანა კარენინა", კავკასიური მოთხრობა "ჰაჯი-მურატი" და კიდევ ბევრი სხვა ნაწარმოები, რომლებმაც დიდი მწერლის სახელი განუმტკიცა.
1862 წელს 34 წლისამ იქორწინა 18 წლის სოფია ბერსზე, რომელთანაც სულ 13 შვილი გაუჩნდა. მათგან ხუთი ბავშვობაშივე გარდაეცვალა.
ბოლო წლებში მწერალს იდეოლოგიური პრობლემები გაუჩნდა, მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო აზრებს გამოთქვამდა, საკუთარი რელიგიური თეორიები ჩამოაყალიბა, რომელთა ნაწილი გადმოცემული იყო ნაშრომში "უფლის მეუფება ჩვენ შიგნით". ამ ნაშრომმა დიდი გავლენა მოახდინა მაჰათმა განდისა და მარტინ ლუთერ კინგზე. მისი თამამი თეორიების გამო სასულიერო წრეებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
1910 წელს სამოგზაუროდ გაეშურა და გზაში გარდაიცვალა. მწერლის ანდერძის თანახმად, მის საფლავზე მღვდელს ლოცვები არ წაუკითხავს, არც ძეგლი დაუდგამთ და არც ჯვარი. ხოლო საფლავის ადგილად ტყის პირას ის მდელო აირჩიეს, სადაც ის ბავშვობაში ძმასთან ერთად "მწვანე ჯოხს" ეძებდა, რომელიც ყველა ადამიანისთვის ბედნიერების მიმნიჭებელ "საიდუმლოს" ინახავდა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)