შპს სტუდია "მაესტროს" დამფუძნებლები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შპს სტუდია "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა.
მისი თქმით, "მაესტროს" 100-პროცენტიანი წილის დაყადაღების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ცხადი გახდა, თუ ვის თამაშს თამაშობს ეროსი კიწმარიშვილი.
"ვამტკიცებდი და საზოგადოებას არ სჯეროდა, რომ ეროსი კიწმარიშვილის სახით მიხეილ სააკაშვილი აკეთებს ყველაფერს, რათა "მაესტროს" მუშაობაში ხელი შეეშალოს. უკანონო გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გასაჩივრდება. თუ საჭირო გახდა, ევროპის სასამართლოშიც ვიჩივლებთ",- განაცხადა მამუკა ღლონტმა.
"ინტერპრესნიუსს" დღეს ეროსი კიწმარიშვილის პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ შპს სტუდია "მაესტროს" 100-პროცენტიანი წილი, "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის " მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა. თავად კიწმარიშვილის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე "მაესტროს" დამფუძნებლებს არ ექნებათ უფლება, თავიანთი წილი გაყიდონ, გაასხვისონ ან გააჩუქონ.
"ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა საქალაქო სასამართლოსაც, სადაც განაცხადეს, რომ საქმე კომერციულ საიდუმლოებას შეეხება და არ არიან უფლებამოსილი, ინფორმაცია ზეპირი ფორმით გასცენ.
არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია "მაესტროს" მეწილეები არიან მაკა ასათიანი, ილია კიკაბიძე, მამუკა ღლონტი, ეკა აკობია და გიორგი ებრალიძე.