ჯერ ისეთი დილა არ გათენებულა ტარიელისთვის, ბებია რომ არ დადგომოდა თავზე და ერთსაათიანი მონოლოგი არ წაეკითხოს, ცოლის მოყვანის შესახებ. მერე კი ბებიაზე გაგულისებული ტარიელი დილაუთენია გარბის სახლიდან და შინ მხოლოდ საღამო ხანს ბრუნდება, რა თქმა უნდა - არაფხიზელ მდგომარეობაში...
ერთ დღეს ტარიელი "გათხლეშილი" მთვრალი მიიყვანეს მეგობრებმა შინ. ბებიამ ქოქოლა დააყარა - ახლა რომ ცოლი გყავდეს, ასე ხომ აღარ იქნებოდი, შე მიწადასაყრელოო?! ამის თქმა იყო და ორმეტრიანმა ტარიელმა სიბერისგან დაჩიავებულ და დაპატარავებულ ბებიას მხრებში დაავლო ხელი და აივნისაკენ გააქანა, - ცოლი აღარ მიხსენო, თორემ აქედან გადაგაგდებო!
მართალია, ტარიელი ხუმრობდა, მაგრამ უეცრად ბებია თავისი "ანტიკვარი" პალტოს მკლავებში გაძვრა და ფრენა-ფრენით დაეშვა აივნიდან. ტარიელს კი მხოლოდ ბებიას ზედა სამოსელი შერჩა ხელში. შეიქნა ერთი აყალმაყალი და მეორე დღეს საწოლში გაფშეკილ, ფეხმოტეხილ ბებიას ტარიელი დაადგა თავზე და შერცხვენილმა უთხრა, - რაც გინდა, მთხოვე, ყველაფერს შეგისრულებ, ოღონდ კარგად იყავიო. ალბად მიხვდით, ბებია რასაც სთხოვდა, და ამ ყველაფრის შემდეგ გადაწყვიტა ტარიელმა ცოლის მოყვანა...
მასზე შეყვარებული გოგონების სიმცირეს არ უჩიოდა და ერთ-ერთს, რომელიც მის გულთან ყველაზე ახლოს იყო, ცოლობა სთხოვა. რა თქმა უნდა, პასუხად თანხმობა მიიღო. ტარიელმა პირველად მაშინ ინანა ცოლის მოყვანა, როცა შინ მისულმა პატარძალმა კართან გაფშიკა ფეხები, ვირზე შეჯდა და აიჩემა, გინდა თუ არა, ხელში აყვანილი უნდა შემიყვანო შინ და გამიგონია, მთელი ცხოვრება ბედნიერები ვიქნებითო. - არიქა, არ დამღუპო, შვილო, ხომ ხედავ, ნასვამია და არ დაგამტვრიოსო, - მწარე გამოცდილება ალაპარაკებდა ბებიას. ამ სიტყვების თქმა იყო და ტარიელმა წონასწორობა დაკარგა. სიძე-პატარძალი იატაკზე აღმოჩნდა. - ოჰ, მე შენი! რა ენა გაქვს, რატომ მეორე ფეხიც არ მოგტეხეო?! - სიმწრით გამოცრა კბილებში ტარიელმა. იმ დღის შემდეგ ტარიელის თავისუფალ ცხოვრებას ბოლო მოეღო. შინ მისვლა ცოტაც რომ დაჰგვიანებოდა, ბებია და ცოლი ისეთ ამბავს აწევდნენ, გაჩენის დღეს იწყევლიდა საწყალი.
არ არის ახლა ტარიელი ბებიას ძალადობის მსხვერპლი? ასე რომ არ ყოფილიყო, ტარიელი კარგა ხანს ცოლის მომყვანი და ძმაკაცებთან ქეიფზე უარის მთქმელი იყო?
ლუნა.