ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის აზრით, ლალი მოროშკინამ "ნანუკას შოუს" პიარისთვის გამოიყენა. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
"ამის თქმის საფუძველს ლალი მოროშკინას განცხადება მაძლევს, რომელიც კადრებშიც კარგად ჩანს. ყველაფრის შემდეგ, რაც გუშინ ჩემი გადაცემის ჩაწერისას მოხდა, ამბობდა, რომ "ახლა ყველა ნიუსში იქნებოდა". ახლო მომავალში მოროშკინას ახალ წიგნს უნდა ველოდოთ, რომლის პიარიც უკვე გაიკეთა. მომავალში ჭკუას ვისწავლი, რომ მსგავს ინციდენტებს თავი ავარიდო. ჩვენი ბრალია, რომ ძალიან ბევრი რამ გაგვიკეთებია სხვისი პიარისთვის", - განმარტა ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოების გამოძახებას არ აპირებდა და ეგონა, რომ მომხდარი ბოდიშის მოხდით ამოიწურებოდა, თუმცა პოლიცია საქმის კურსში ტელეკომპანია "იმედის" დაცვის სამსახურმა ჩააყენა, რაც მისი პირდაპირი ვალდებულება იყო.
"ძალიან ძნელი იყო პოლიციისთვის დამერეკა და მეთქვა, ლალი მოროშკინა დათვრა, თაკო ფხაკაძე სცემა და მოდით და დაიჭირეთო. ჩემს გადაცემას არ ახასიათებს სტუდიიდან სტუმრების აყვანა. ვიცი, რომ ეს დანაშაულის დაფარვის მუხლით კვალიფიცირდება და თუ ჩემი დაკითხვა გახდება საჭირო, ამისთვისაც მზად ვარ", - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის განმარტებით, მოროშკინა ფხაკაძის მიმართ აგრესიით სწორედ მას შემდეგ განეწყო, რაც ის "პრაიმ ტაიმის" გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე "უგემოვნო" ქალის ნომინაციაში მოხვდა.
"ამ ნომინაციის მიღებისთანავე ის ფხაკაძის პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა. ისაუბრა, ვის როგორი სახე, ფეხი და ხელი აქვს და თან მითხრა, რომ მიმეცა პირობა, ეს განცხადება ეთერში გავიდოდა. კადრებშიც ჩანს, რომ მე მას ამის პირობა მივეცი", - განმარტა ჟორჟოლიანმა.
თავად ლალი მოროშკინა კი რადიო "პალიტრასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ნანუკას შოუს" ჩაწერისას თაკო ფხაკაძემ პროვოკაცია მოუწყო.
"3 დღის წინ დამირეკეს და "ნანუკას შოუს" საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე დამპატიჟეს. იქ მისულმა აღმოვაჩინე, რომ საახალწლო შოუ "პრაიმ ტაიმთან" ერთად იდგმებოდა და მე მაშინვე უკან წამოსვლა გადავწვიტე, მაგრამ ნანუკამ დამარწმუნა, რომ "ცუდი არაფერი მოხდებოდა". შოუს ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს - ძალიან ლამაზ ნომინაციებში. მე და ნუკი კოშკელიშვილი ერთად მიგვიწვიეს სცენაზე. ნანუკამ კონვერტი გახსნა და აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვაჯილდოვებდნენ ნომინაციაში "უგემოვნოები", - განაცხადა მოროშკინამ.
მისივე განმარტებით "დაჯილდოების" შემდეგ საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ "თაკო ფხაკაძე ვერც ჟურნალისტად და ვერც ადამიანად ვერ შედგა და ნანუკა ჟორჟოლიანს სთხოვა, განცხადება გადაცემის მონტაჟისას არ ამოეჭრა.
"როცა გარანტია ვერ მივიღე, რომ ჩემი განცხადება ეთერში გავიდოდა, სხვა გზა არ დამრჩა, გარდა იმისა, რომ ძალადობით დამეცვა ჩემი თავმოყვარეობა. მე ლექტორი ვარ და თვითონ ვასწავლი, რომ ჩვენი თავმოყვარეობა უნდა იყოს დაცული ნებისმიერი გზით. მე დავინახე როგორ ქირქილებდა თაკო ფხაკაძე ჩემზე და ამის გამო მუშტი მოხვდა ყბაში. დიპლომატიური ლაპარაკი დავამთავრე", - აღნიშნა მოროშკინამ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნანუკას შოუს" ჩაწერისას განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.