რუსეთის ელიტურ წრეებში ძველი არისტოკრატული ცხოვრების წესი და მაღალი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი დახვეწილი მანერები, მოდურ ტენდენციად იქცა. არისტოკრატებისთვის შესაფერის ქცევის წესებს ამიერიდან რუსეთში ეტიკეტის ინტერნაციონალურ სკოლაში შეასწავლიან, რომლის პრეზენტაციაც ახლახან მოსკოვში, რესტორან "კასტა დივაში" შედგა.
ვახშამს ეტიკეტის მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი, გრაფინია დე ტილი მასპინძლობდა. სტუმრებს შორის კი, რომლებიც ორგანიზატორებმა ღირსეული თავდაჭერისა და დახვეწილი იმიჯის ნიშნით შეარჩიეს, ქართველი ჟურნალისტი სოფო შევარდნაძეც იყო.
ჯერჯერობით უცნობია, ჩაეწერება თუ არა სოფო შევარდნაძე ეტიკეტის შემსწავლელ სკოლაში, სადაც მაღალი საზოგადოების ქალბატონისა თუ კავალერისთვის შესაფერისი ყველა წვრილმანი გათვალისწინებულია. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის ელიტურ წრეებში მიღებული შევარდნაძე არისტოკრატული ცხოვრების წესის დამკვიდრებას მხარს უჭერს.
პრეზენტაციის შემდეგ სოფომ სხვა მიწვეულ ქალბატონებთან ერთად დახვეწილი ქალის გემოვნების "ტესტიც" ჩააბარა - გვერდით დარბაზში წარმოდგენილი ძვირფასი სამკაულებიდან ქალბატონებმა თავიანთი ჩაცმულობის შესაფერისი მორთულობები შეარჩიეს.
სკოლა იანვრიდან დაიწყებს მსმენელის მიღებას. ეტიკეტის წესებს სტუდენტებს ფრანგი, ინგლისელი, შვეიცარიელი და იაპონელი ლექტორები შეასწავლიან. სკოლასთან ითანამშრომლებს გრაფინია დე ტილიც, რომელიც ანალოგიურ სასწავლებელს საფრანგეთში ხელმძღვანელობს. გრაფინიას ძირითადი მსმენელები დიპლომატები და მათი მეუღლეები არიან, რომლებიც ოფიციალური მიღებებისთვის საჭირო მანერებს სწავლობენ.
მომზადებულია tatler.ru-ს მიხედვით.