ტელევიზიის პირველი დიქტორი და იოსებ ნონეშვილის მუზა

ტელევიზიის პირველი დიქტორი და იოსებ ნონეშვილის მუზა

საქართველოში ტელევიზიის გახსნისას (1956 წელს), ერთ-ერთი პირველი, ვინც მაყურებლის წინაშე წარდგა, დიქტორი ალექსანდრა ლელუაშვილი-მაჭავარიანი გახლდათ. თურმე მშვენიერ და ენერგიულ დიქტორს დღეს უკვე ცნობილ ქართულ ფილმებში გადასაღებადაც ხშირად იწვევდნენ, მაგრამ მას მთავარი როლების შესრულებაზე უარი უთქვამს... ელგუჯა ამაშუკელი მარმარილოში მისი ბიუსტის გამოკვეთასაც აპირებდა, მაგრამ მოკრძალებული ქალბატონი არც ამ წინადადებას დათანხმდა... "შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა" -ეს და კიდევ ბევრი სხვა კარგი ლექსი იოსებ ნონეშვილს სწორედ ალექსანდრა მაჭავარიანისათვის მიუძღვნია...

-ქალბატონო ალექსანდრა, როცა საქართველოში პირველი ტელევიზია გაიხსნა და ეთერში გამოჩნდით, ალბათ პოპულარულიც ძალიან მალე გახდით. ხალხს, ქუჩაში, თქვენს დანახვაზე, როგორი რეაქცია ჰქონდა?

-დაახლოებით ისეთი, როგორიც გაგარინის კოსმოსში გაფრენისას (იცინის). ქუჩაში ვეღარ გავდიოდი, ტაქსის მძღოლები მგზავრობის საფასურს არ მართმევდნენ... ერთხელ მაღაზიაში 2 ფლაკონი ფრანგული სუნამო მაჩუქეს. ყველგან დიდი სითბოთი და სიყვარულით მეპყრობოდნენ, ყვავილებს მიძღვნიდნენ, წერილებს მიგზავნიდნენ, რომლებშიც სიყვარულს მიხსნიდნენ. ერთმა კაცმა დამხატა კიდეც და ნამუშევარი გამომიგზავნა. თან, ლექსი და წერილი დაურთო. მწერდა: მხატვარი არა ვარ, მაგრამ თქვენმა სილამაზემ ხელში ფუნჯი ამაღებინაო (იღიმის)... ტელევიზიიდან სოჭშიც მგზავნიდნენ ხოლმე -შავი ზღვისპირეთის მცხოვრებთათვის გადაცემები მიმყავდა. მოგვიანებით, ავად გავხდი -ბოტკინი დამემართა... ამიტომ, მუშაობა უფროს რედაქტორად განვაგრძე, რადგან ტელეკამერების გამოსხივება ჯანმრთელობას გამიუარესებდა.

-ტელევიზიაში რამდენი წელი იმსახურეთ?

-43. სამოქალაქო ომის პერიოდში, ტელევიზიაში საქმიანობა შეფერხდა. ხალხი უმუშევარი დარჩა და სამუშაოდ თავდაცვის სამინისტროში მიმიწვიეს. თან, 2 რედაქტორიც წავიყოლე...

-თავდაცვის სამინისტროში რას საქმიანობდით?

-პროვინციიდან ჩამოსულმა ჯარისკაცებმა რუსული არ იცოდნენ და სასწავლო კურსს ვერ გადიოდნენ. ამიტომ, 5 სამხედრო სახელმძღვანელო ქართულად გადავთარგმნეთ, რომლითაც სამხედრო აკადემიაში დღესაც სწავლობენ. იმ დროს ართრიტი დამემართა, რადგან შენობაში საშინლად ციოდა, "შუბებითა" და პალტოებით ვისხედით. 3 წლის შემდეგ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სამსახური მივატოვე, თორემ ხელფასს არ ვუჩიოდი: ომის მერე, ტელევიზიის თანამშრომლების ხელფასი 12 მანეთი იყო, თავდაცვის სამინისტროში კი 70 მანეთს ვიღებდით და უფასოდ მგზავრობის წიგნაკიც გვქონდა.

-ტელევიზიაში მუშაობა აღარ გაგიგრძელებიათ?

-არა. უკვე პენსიის დროც მომივიდა, შვილიშვილი შემეძინა...

-ახლანდელ ტელეგადაცემებს თვალყურს თუ ადევნებთ?

-დილით "პირველ არხზე" "სამოთხის ვაშლებს" ვუყურებ ხოლმე. სამწუხაროდ, "პირველი არხი" ისეთი კარგი აღარაა, როგორიც -წინათ. ადრე მაგ არხზე რამდენიმე რედაქცია გვქონდა: სამრეწველო, ახალგაზრდობის, საბავშვო, სახვითი ხელოვნების, "იავნანა"... ნებისმიერ რედაქციაში მუშაობა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო! ხანდახან რაღაც კარგი ახლანდელ ქართულ ტელეარხებზეც გამოერევა ხოლმე, მაგრამ ძირითადად, უინტერესო გადაცემებია. ხშირად ვამბობ: ბრაზილიური, ვენესუელური თუ მექსიკური სერიალები რომ არ ყოფილიყო, ქართულ ტელევიზიებს რა ეშველებოდა-მეთქი? ფაქტობრივად, მათ ხარჯზე არიან.

-მაგრამ, როცა საქართველოში პირველი ტელევიზია გაიხსნა, თავდაპირველად, არ იყო მრავალფეროვანი. მგონი, 1 კამერა გქონდათ... შეგიძლიათ, ის პერიოდი გაიხსენოთ?

-ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ჩვენი გადაცემები მოსკოვში რომ ჩავიტანეთ, ძალიან მოეწონათ. მოსკოვის ტელევიზიის მთავარმა რედაქტორმა წერილიც კი გამოგვიგზავნა... ტელევიზიის გახსნის პირველ დღეს, ტელემაყურებლების წინაშე იოსებ გრიშაშვილი წარვადგინე. როცა გადაცემა დავამთავრეთ, პოეტმა მითხრა: -ცოტა თამამი უნდა იყოთო. ვუპასუხე: -თქვენს ლექსში არ ამბობთ, -"მორცხვობა ნიჭის ღვიძლი შვილია, ფუყე თავთავი თავს მაღლა სწევს, სავსე თავთავი თავდახრილია"-მეთქი? -მართალია, მაგრამ აქ სითამამე მაინც საჭიროაო... მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა გალაკტიონ ტაბიძეს 60 წლის იუბილე გადავუხადეთ.

საღამოზე სიტყვით გამოვედი, მისი ლექსებიც წავიკითხე. გალაკტიონი მოვიდა და შუბლზე მაკოცა... აბიტურიენტი ვიყავი, როცა ერთ-ერთ შეხვედრაზე იოსებ ნონეშვილმა ლექსი წაიკითხა და თან, ჩემკენ გამოემართა. მთელი დარბაზი ინტერესით გვიყურებდა. პოეტმა ჩემს თანმხლებ გოგონას უსაყვედურა: -რატომ არ მითხარით, რომ ასეთი მეგობრები გყავთო? მერე წიგნიც მაჩუქა... ძალიან კეთილი კაცი იყო: ერთხელ მე და ნიკო ლეონიძე (ტელეჟურნალისტი, შემდგომში -თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ტელეჟურნალისტიკის კათედრის გამგე. -ავტ.) ლატვიაში მივემგზავრებოდით -იქ "ყვავილების დღესასწაულზე" დაგვპატიჟეს. როცა ეს ამბავი იოსებ ნონეშვილმა შეიტყო, მითხრა: ჰონორარი ავიღე, რომელიც არ მჭირდება, თქვენ კი გზაში გამოგადგებათ, ძალიან გთხოვთ, მიიღეთო. რასაკვირველია, უარი ვუთხარი... 

მისი გარდაცვალების შემდეგ, მამია ხატელიშვილმა მკითხა: შურიკო, იოსებ ნონეშვილის იუბილეზე რატომ არ იყავიო? გამიკვირდა -იმდენ ხალხში ჩემი არყოფნა როგორ შენიშნე-მეთქი? მიპასუხა: -შენ იქ უნდა ყოფილიყავი, რადგან ყველა კარგი ლექსი შენთვის ჰქონდა მოძღვნილიო. მაგალითად: "შენ არა გაქვს მეფის გვარი, ფრთაფარფატა თოლია. მაშ, თვალები თამარ ქალის რატომ გამოგყოლია?" სხვათა შორის, იოსებ ნონეშვილი შეცდა: თურმე მეფე თეიმურაზ პირველს ქალიშვილი ლელა ჰყოლია. მისი შთამომავლები არიან -ლელაშვილები, ლელუაშვილები, ლელაძეები...

-ტელევიზიაში თქვენი მუშაობის პერიოდზე საუბარს დავუბრუნდეთ...

-ერთდროულად 3 "ფრონტზე ვიბრძოდი": სწავლა, სამსახური, ოჯახი. ფუნიკოლორთან ყველაზე ახლოს მე ვცხოვრობდი. ძირითადად, დილაობით ვმუშაობდი. ერთ დილას ქალაქში დენი გამოირთო. ტრამვაი გაჩერდა. არადა, სამსახურში მაგვიანდებოდა -10 საათზე გადაცემა იწყებოდა. ფუნიკულორზე ფეხით ავედი. ტელევიზიაში მისულს, ლამის გული შემიწუხდა... ახლა რომ ამბობენ, -იმ დროს დენი ხშირად ირთვებოდაო, ტყუილია. იმ პერიოდში მსგავსი შემთხვევა აღარ ყოფილა.

-დიქტორად მუშაობისას, მაღალი ჰონორარი გქონდათ?

-საკმაოდ: პირველი კატეგორიის დიქტორი ვიყავი. ერთი სიტყვა რომ ჩამეწერა, 14 მანეთს მაძლევდნენ.

-ჟურნალისტის პროფესია რატომ აირჩიეთ? როგორც მითხარით, მაშინ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის განყოფილება არსებობდა და არა -ფაკულტეტი...

-თავდაპირველად, სამხატვრო განათლების მიღება მინდოდა: ბავშვობაში უკეთესად ვხატავდი, ვიდრე -ახლა. ერთხელ სკოლაში თავისუფალი თემა -"სტალინის სახე მსოფლიო ლიტერატურაში" დავწერე. ჩემს პედაგოგ შალვა გიგაშვილს ისე მოეწონა, რომ თვალზე ცრემლიც კი მოადგა!..

-სტალინის შესახებ ასეთი რა დაწერეთ?

-თემის წერისას, მის შესახებ შეთხზული ყველა ლექსი გამოვიყენე. რადგან პედაგოგს ჩემი ნამუშევარი ძალიან მოეწონა, ჟურნალისტობა გადავწყვიტე. თან, ეს პროფესია მაშინ მოდური იყო. არჩევნით კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მგონი, უკეთესი იქნებოდა, სამხატვრო აკადემია დამემთავრებინა: დიქტორთა წრეში შური და ბოღმა იყო... საკუთარი თავის ფასი მოგზაურობისას (ტელევიზიიდან სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში მივლინებით მიშვებდნენ) გავიგე -იქაურ აუდიტორიას ძალიან მოვწონდი... სხვათა შორის, ტელევიზიაში მსახიობის მოვალეობასაც ვასრულებდი -ფილმები გამიხმოვანებია...

-ამჟამად რას საქმიანობთ?

-პენსიონერი ვარ. ვხატავ, ლექსებს ვწერ... ლექსები და მხატვრული კითხვა ბავშვობიდან მიყვარს. წინათ თამამი ვიყავი. რომ გავიზარდე, მორცხვი გავხდი. 10 წლისა ჩემს მეზობელ გოგონებთან ერთად, ოპერაში წავედი: საბალეტო სტუდიაში კონკურსი ტარდებოდა. მიმიღეს, მაგრამ შვედურ კედელთან დგომით და ვარჯიშით მალე დავიღალე -ცეკვა მინდოდა და ბალეტს თავი დავანებე... ქართული ხალხური ცეკვის წრეზე მე, ირმა ჩხეიძე (ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე) და კიდევ რამდენიმე მეგობარი ერთად დავდიოდით (მიშა ბახტაძესთან). გიზო ბერაძე პარტნიორობას 4 ცეკვაში მიწევდა.

კონცერტები მუშთაიდში გვქონდა. უბნის ბიჭები ყველას სცემდნენ, ვინც კი შინ გვიან მიმაცილებდა. ერთხელ სახლში გიზომაც მიმაცილა (იცინის). ჩემს სახლთან ბიჭების სხვადასხვა ჯგუფი მოდიოდა. ზოგი მათგანი გიტარის თანხლებით მიმღერდა. ერთხელ დედაჩემი ბიჭებს ცოცხით გაუვარდა და ყველანი გარეკა. პიონერთა სასახლეში ხატვის, ლიტერატურის, სპორტული ტანვარჯიშის წრეზე დავდიოდი. სპორტულ ტანვარჯიშზე სიარულს დედა მიშლიდა, მაგრამ შინ მთელი "დელეგაცია" გვესტუმრა -ამ სფეროში დიდი მომავალი გაქვსო! ეგონათ, ამ საქმეს ბოლომდე გავყვებოდი, მაგრამ მერე მითხრეს, -ქალს ტანს უფუჭებსო. სკოლაში, დამამთავრებელ კლასში ვიყავი, როცა სპორტს თავი დავანებე -უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისათვის უნდა მოვმზადებულიყავი...

როცა ტელევიზიაში დიქტორად მუშაობა დავიწყე, თანამშრომლებიდან ჟურნალისტური განათლება მხოლოდ მე მქონდა, სხვები პროფესიით მსახიობები იყვნენ...

-ქალბატონო ალექსანდრა, დასასრულ, თქვენი შემოქმედებიდან რომელიმე ლექსს ხომ არ წაგვიკითხავთ?

-სიამოვნებით: "თურმე სულ არ არის ჩემი გული/ ბრძოლებისათვის დაბადებული./ თურმე ის ვერ უძლებს განრისხებას,/ ვერც სიბოროტეს, შურისგებას/ და თუ საჭიროა დიდებისათვის/ სულის მიყიდვა ეშმაკისათვის/ მაშ, სხვა შეამკეთ თქვენ გვირგვინებით,/ მე სამუდამოდ გემშვიდობებით"...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები