მწერალი, რომელმაც "თავის ასაკსაც გაუსწრო და დროსაც" - გურამ რჩეულიშვილი 84 წლის გახდებოდა...

მწერალი, რომელმაც "თავის ასაკსაც გაუსწრო და დროსაც" - გურამ რჩეულიშვილი 84 წლის გახდებოდა...

4 ივლისს ქართველი მწერლის გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღეა - 84 წლის გახდებოდა მწერალი, რომელიც მისი მეგობრების, ნათესავების და მისი შემოქმედების თაყვანისმცემელთა წარმმოდგენებში, მუდამ ბიჭად დარჩა...

გთავაზობთ საარქივო ინტერვიუს მწერალთან და პუბლიცისტთან, გურამ რჩეულიშვილის საზოგადოების პრეზიდენტ ნუგზარ წერეთელთან, რომელიც ჟურნალ "გზის" ჟურნალისტმა წლების წინ ჩაწერა:

"კაბინეტში შესვლისთანავე კედლებზე მისი უზარმაზარი პორტრეტები დავინახე და იმწამს ვიგრძენი, თვითონაც სადღაც იქვე იყო... ბატონი ნუგზარი სიყრმის მეგობარზე ცრემლმორეული მელაპარაკებოდა და მოპირდაპირე კედელზე დაკიდებულ მის ფოტოსაც "ესაუბრებოდა", თითქოს იმოწმებდა, - ხომ მართლა ეგრე იყოო... და, აი, ახლა მართლაც "სიცოცხლესავით ლაღი" 26 წლის გურამ რჩეულიშვილი დგას თქვენ წინ, თავისი შემოქმედებით და კაცობით, ბატონი ნუგზარ წერეთელი კი სწორედ მისი კაცობის ამბებს გვიყვება.

- საოცარი წინათგრძნობა ჰქონდა, რომ ამ ქვეყნიდან ადრე წავიდოდა, რაც ხშირად უთქვამს ლაპარაკისას. ერთგან წერდა კიდეც: ვიცი, მოვკვდები და ასე რომ არ მოხდეს, ძალიან მეწყინება, რომ ჩემმა ინტუიციამ მომატყუაო. ხანდახან ისეთ რამეს აკეთებდა, თითქოს სიკვდილს ცდიდა. აბა, ეხუმრებით ალავერდზე ავარდნას და მის სახურავზე დადგომას? ამას ას კაცში ერთი თუ შეძლებს. იქიდან რომ ჩამოვარდნილიყო, სული არ დაჰყვებოდა მიწამდე. თითქოს სიკვდილს ეთამაშებოდა... (გურამ რჩეულიშვილი 1960 წლის 23 აგვისტოს 26 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში).

მისი დაღუპვის შემდეგ, ბევრი ძიებით დავაზუსტე, რომ გურამი ტალღას კი არ გაუტაცია ზღვის ნაპირიდან, როგორც გაგრელმა ბიჭებმა მითხრეს (იქვე რომ იმყოფებოდნენ იმ საბედისწერო შემთხვევისას), თვითონ შესულა აღელვებულ ზღვაში 3 ადამიანის გამოსაყვანად და როცა ეს გაგრელები ეხვეწებოდნენ, გამოდიო, - როგორ გამოვიდე, ხალხი იხრჩობაო, - წყლიდან უპასუხია. უზარმაზარ ტალღას შეჰყოლია ორი რუსის და ერთი ქართველის გადასარჩენად... და გადაარჩინა კიდეც. თვითონაც შეეძლო, არ დაღუპულიყო, მაგრამ... ამ ამბავს ახლაც რომ ვიხსენებ, ძალიან ვღელავ...

ერთ გაბედულ აფხაზ ბიჭს შეუცურავს იმ აღელვებულ ზღვაში და ჯერ გურამის დახმარება უცდია, მაგრამ გურამს უთქვამს, მე არაფერი მიჭირს, გამოვალ, იმ ბიჭებს მიხედეო (მერე ვნახეთ ის აფხაზი და ტირილით გვიყვებოდა ამ ამბავს)... გურამი გამოსულა კიდეც ჯებირამდე, გამოუცურავს. ძალიან დაღლილი ყოფილა და შეუსვენია. ხალხი კიოდა და წიოდა, - ჩქარა, ჩქარაო. "მინუტაო", - გურამს დაუძახია (ამ სიტყვის თქმა უყვარდა), ჩანს, სულის მოთქმა უნდოდა. არადა, ხელები რომ აეწია, ჯებირის ზემოთ მყოფნი დასწვდებოდნენ და უეჭველად აიყვანდნენ, მაგრამ ძალიან ამაყი იყო და სხვისი დახმარება არ ისურვა.

რამდენიმე წამში მობრუნებულა და ჯებირის კიბეზე ასვლა რომ დაუპირებია, მაშინ დაურტყამს უზარმაზარ ტალღას და გაუტაცია. კიდევ შეეძლო გამოსვლა, მაგრამ მერეც თითქოს სიკვდილს ეთამაშებოდა: იმედი ჰქონდა, კვლავაც გაიტანდა თავს, როგორც ერთხელ, ალავერდში... კვლავ ნაპირისკენ მიიწევდა, შვეულმფრენს რომ კიბე ჩამოუშვია. გურამს ჯერ სხვები მიუშვია კიბემდე, ეხმარებოდა კიდეც ასვლაში, ბოლოს თვითონ დაუწყია ასვლა, მაგრამ დამპალი კიბე გამწყდარა და გურამი ისევ ტალღებში ჩავარდნილა. კიდევ მიიწევდა თურმე ნაპირისკენ, მაგრამ სტიქიას ვეღარ აჯობა...

- რატომ გავრცელდა ხმა, თითქოს რუსი გოგონას გადარჩენისას დაიღუპა?

- ის 3 ბიჭი უფრო ღრმად ყოფილა ზღვაში შესული, გოგონა კი ნაპირთან ახლოს ცურავდა. იმასაც დახმარებია გამოსვლაში, მერე იმ ბიჭებისკენ წასულა და შეეწირა კიდეც მათ გადარჩენას. უამრავი ადამიანი შეესწრო ამ უბედურებას და ყველა საკუთარ ვერსიას გვიყვებოდა, ლამის ტვინი აგვირიეს მეორე დილითვე, უთენია, 6 საათზე გაგრაში ჩაფრენილ მე და ბორია ინასარიძეს...

- ამდენი წლის შემდეგაც, საუბრისას ისევე ღელავთ და ფორიაქობთ, თითქოს ნახევარი საუკუნე კი არა, ნახევარი წელიწადი გასულიყოს მისი გარდაცვალებიდან... ამდენი რამ დაწერეთ გურამზე, ნუთუ რაღაც დაგრჩათ ამოუთქმელი და ის გაწვალებთ?

- გურამს რომ ვიგონებ და ამ ფოტოსაც ვუყურებ, სულ მეტირება. ძალიან ერთგული, მოსიყვარულე და თბილი ადამიანი იყო, იმავდროულად, "გახურება" და ჩხუბიც უყვარდა. საოცარი ადამიანი იყო... დღე არ გავა, რომ მეგობრებმა არ გავიხსენოთ. სულ გვაფორიაქებს: ვკითხულობთ თუ ვწერთ, მივდივართ, მოვდივართ... ბიჭები რომ ვიკრიბებით, პირველ სადღეგრძელოს, სუფრასთან, ყოველთვის გურამისას ვამბობთ. სულ სხვა კაცი იყო... ჯერ კიდევ პატარა ბიჭები ვიყავით, გურამი რომ მოსკოვში წავიდა - 24 წლის იყო, მე - მასზე 6 თვით უმცროსი ვარ. ისეთებს ჰყვებოდნენ გურამზე, ეს ქნა და ის ქნაო, რომ ერთ-ერთ წერილში მივწერე: თბილისში უკვე ლეგენდად იქეცი-მეთქი. წარმოგიდგენია? - პატარა ბიჭს მივწერე! მჯეროდა, რომ ძალიან დიდი იქნებოდა. და ასეცაა: გურამ რჩეულიშვილი არის დიდი ლიტერატურული მოვლენა უზარმაზარი ადამიანური თვისებებით...

- ოდესმე გულჩვილი თუ ყოფილა?

- ბუნებით კი იყო გულჩვილი, მაგრამ მაგის თვალზე ცრემლს ვერ დაინახავდი. არავის უჩვენებდა. თუმცა მახსოვს, 1953 წელს გამზრდელი ბებია მოუკვდა - საშა, ივანე ჯავახიშვილის და. პატარა ბავშვივით ტიროდა... და მაინც, მის ხელში ჩვენი ყოველი დღე ბობოქარი იყო.

- და 26 წლის ბობოქარმა კაცმა უზარმაზარი შემოქმედება დაგვიტოვა. წერას როდის ასწრებდა?

- ახალგაზრდები ვიყავით, კარგი გარეგნობაც გვქონდა, ბევრ გოგონას ვიცნობდით და ყოველ საღამოს სადღაც გვეპატიჟებოდნენ. ვთქვათ, ერთ კვირას გადაგვებმებოდა ქეიფები, როგორც ჩანს, გურამი დაიმუხტებოდა ძალიან და მერე 2 კვირით შინ იკეტებოდა. არავის იღებდა, ხანდახან - არც მე და არც ერლომ ახვლედიანს, იჯდა და წერდა გაუთავებლად. წერისა და ვაჟკაცობის გასაოცარი ნაზავი იყო მასში. ყველგან წერდა. შეეძლო სუფრა მიეტოვებინა, სხვა ოთახში გასულიყო და დაეწერა. ერთხელ, "ლაღიძეში" ნახევარი საათით დავტოვეთ და დაბრუნებულებს, თეთრ ხელსაწმენდებზე ნაწერი მთელი დასტა დაგვხვდა... უზღვავი ენერგია ჰქონდა. ბრწყინვალე ცხენოსანიც იყო, მოკრივეც, კალათბურთსაც თამაშობდა და შესანიშნავადაც ცურავდა... ერთხელ მუხრანიდან მოვდიოდით.

მახსოვს, მეორეკურსელები ვიყავით და მტკვრის პირას საბანაოდ გავჩერდით. კარგად ვერ ვცურავდი, ამიტომ, ცოტა ვიჭყუმპალავე და გამოვედი. მტკვარი ადიდებული იყო და გურამმაც ვერ შებედა, გული კი დასწყდა, კარგი ცურვა რატომ არ ვიციო. მას შემდეგ ხანდახან ვეხუმრებოდი, - ააა, ბიჭო, შეგეშინდა შესვლა-მეთქი? ჩანს, თავის შერცხვენა ვერ აიტანა და ცურვის კარგად შესწავლა განიზრახა. მას შემდეგ შიგადაშიგ იკარგებოდა ხოლმე და თურმე ცურვაში ვარჯიშობდა, - ერთ სიტყვას არ ვიტყუები, არც ვაჭარბებ, თუ არა და, ჩვენი მეგობრები, გურამ გეგეშიძე და ნოდარ ზედელაშვილი არ მაპატიებენ.

ერთი წლის შემდეგ თბილისის ზღვაზე წავედით, მისი და მარინე და კიდევ ერთი გოგონა გვახლდნენ. ნავით შევცურეთ, ნიჩბებს გურამი უსვამდა. ძალიან მოხდენილი ტანი ჰქონდა - წვრილი წელი და განიერი ბეჭები. ცოტა ღრმად რომ შევედით, მაისური და შარვალი გაიძრო, წყალში ჩახტა, ერთი ხელი დაგვიქნია და მთელი ზღვა გადაცურა და გადმოცურა. ნავში რომ ამოვიდა, - ჰა, როგორია, ბიჭოო? - ღიმილით მკითხა. გავგიჟდი, ისეთი ცურვა უსწავლია... ძალიან უშიშარი ბიჭი იყო, შეეძლო, ას კაცს შეჰბმოდა. ეგ რომ გვახლდა, ჩხუბიც არ გვიწევდა ვინმესთან - ყველა ერიდებოდა, ეშინოდათ. ერთ ამბავს მოგიყვები, პირველად ვამბობ, არსად დამიწერია: გურამი მთის ხალხთან (ხევსურები, სვანები, მთიულები) მეგობრობდა. მათაც ძალიან უყვარდათ. ერთხელ, მთიულებთან სერიოზულად ვიჩხუბე. მერე კი საქეიფოდ წავედი. ვიცოდი, იქ გურამი, გურამ თიკანაძე და გურამ გეგეშიძე დამხვდებოდნენ. გურამმა ჩხუბის ამბავი რომ გაიგო, მიატოვა ქეიფი, ჩვენც წამოგვიყვანა და მიგვაყენა იმ ხალხს. ისინი ორმოცდაათნი იყვნენ, ჩვენ - 3-4 ბიჭი.

ერთ-ერთს, ჩხუბის მოთავეს უსაყვედურა, - ხომ გთხოვე, ნუგზარს თავი დაანებე, ჩემი ძმაკაცია-თქო. იმან კი დაირცხვინა, მაგრამ გურამმა, - ეგრე არ გამოვა, წამო ახლა და მე და შენ დანებით ვიჩხუბოთო - სუფრიდან 2 დანა წამოუღია. წახდა ის ტიპი. გურამს ძლიერი მოჩხუბრის სახელი ჰქონდა და ყველა ერიდებოდა. ამიტომ, იუარა მთიულმა, - არ მინდაო. მაშინ შეგაგინებო, - კარგად შეუკურთხა და წამოვედით. ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, მზარავს: რამხელა იყო და მაშინ ვერ ვგრძნობდით.

- რამდენი წელი გავიდა და გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებებს დღესაც კითხულობენ, თანაც, ბავშვები, ახალგაზრდები. რატომ არ განელდა მისდამი ინტერესი: რადგან ახალგაზრდა დაიღუპა და ეს თაობაც წინამორბედებივით თანატოლად აღიქვამს თუ მისი შემოქმედებაა კვლავ თანამედროვე?

- კარგი შეკითხვაა. საქმე ისაა, რომ გურამმა თავის ასაკსაც გაუსწრო და დროსაც. მან, ფაქტობრივად, XXI-XXIII საუკუნეებში იცხოვრა. გურამი რომ სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა, ჩვენს ქვეყანაში სოციალისტური რეალიზმი მძვინვარებდა და მან საკუთარი სტილი დაამკვიდრა მწერლობაში - მაღალმხატვრულად წერდა უბრალო, ჩვეულებრივ ადამიანებზე, თავისი და მეგობრების ბობოქარ ცხოვრებაზე, პერსონაჟებიც თითოეული ჩვენგანი ვიყავით, ხშირად სახელებსაც არ ცვლიდა და ეს უშუალობა მკითხველებს მაშინაც ხიბლავდა და დღესაც. თამაზ ჭილაძემ ჯერ კიდევ 1969 წელს დაწერა, - გურამს აქვს მოთხრობები, მსოფლიოს ნებისმიერ ანთოლოგიას რომ დაამშვენებდაო.

წლების განმავლობაში გურამ რჩეულიშვილის მხოლოდ ერთტომეული არსებობდა, მხოლოდ წლების შემდეგ გახსნეს ოჯახის წევრებმა მისი არქივი და იქ 6 ტომის მასალა აღმოჩნდა. მარინემ ბევრი იშრომა და დაბეჭდა კიდეც აკადემიური გამოცემა. ახლა კი თქვენ გამოსცემთ ექვსტომეულს და ძალიან მიხარია! მარტო მეხუთე ტომში თავმოყრილი დღიურები რად ღირს!

- გიფიქრიათ, დღეს რომ გვერდით გყავდეთ გურამ რჩეულიშვილი...

- მამამისი - მიხეილი იყო - აკადემიკოსიც, მონადირეც, მომღერალიც, მოქეიფეც, მოკლედ, ყველაფერი ერთად. გურამიც მამამისივით უვაჟკაცესი პიროვნება იყო და მისი გვერდით ყოფნა იცი, რა იქნებოდა?

- ბატონო ნუგზარ, მაინც ვინ უყვარდა ამ ბობოქარ ადამიანს? - ნაწარმოებებში ირინასაც ახსენებს და მზიასაც.

- ეს არც მითქვამს ხმამაღლა, მაგრამ უკვე ბებრები ვართ და რაღაა დასამალი. ირინად მოთხრობებში მოიხსენიებდა, თორემ სინამდვილეში გურამ თიკანაძის დას - რუსიკოს გულისხმობდა. არაჩვეულებრივი გოგო იყო, აუტანლად ლამაზი და გურამს შეუყვარდა. თუმცა... გურამი მესამე კურსზე იყო, მისი პირველი სიყვარული - მზია ჩაჩავა რომ გათხოვდა. მზია აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. ძალიან კარგი გოგო იყო და რა გასაკვირია, გურამი მისით აღფრთოვანებულიყო. ჩვენ კი ცელქი და აცვენილი ბიჭები ვიყავით და მზიამაც იფიქრა, - ამას როგორ გავყვე ცოლადო, და ცნობილი ექიმი-აკადემიკოსის, ანთელავას ასევე ექიმ შვილს მისთხოვდა. იცი, რა მოულოდნელად მოხდა ყველაფერი? ჩვენ თავს ვაწონებდით მზიას და ერთ საღამოსაც გურამი რაღაც იშვიათ წიგნს დაჰპირდა, დილით მოგიტანო. მზიამ კი იუარა, მაგრამ გურამმა მაინც წაუღო ის წიგნი და დილის 6 საათიდან მზიას მოლოდინში მისი სახლის შორიახლოს, ბაქრაძისა და არაგვის ქუჩების კუთხეში, ორსაფეხურიანი სახლის წინ ვისხედით.

მზია არ გამოჩნდა და მხოლოდ 12 საათისთვის გავიგე მისი დაქალებისგან, რომ გათხოვილა. გურამს რომ ვუთხარი, ერთიანად გაფითრდა. მერე ძმაკაცებმა დასალევად წავიყვანეთ. გამწარებული გურამი ჭიქებს არ დასჯერდა და პირდაპირ ბოთლით მოიყუდა კონიაკი... კარგა ხანს დადიოდა გაგიჟებული, რაღაც საშველს ეძებდა... მერე შეუყვარდა რუსიკო. რუსიკოსაც შეუყვარდა. ისეთი სუფთა იყო საწყალი გურამი, ისეთი რაინდი, ძალიან ეუხერხულებოდა, მეგობრის და რომ უყვარდა, ამიტომ, მე და კიდევ ჩვენი 2 ძმაკაცი წავყევით გურამ თიკანაძესთან ამ ამბის სათქმელად. ძლივს უთხრა, რა ვქნა, გურამ, რუსიკო მიყვარსო. საწყალი თიკანაძე ჩაფიქრდა (ისიც ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, ცისფერთვალა, ქერა თმით და გოგოები მასზე გიჟდებოდნენ) და მერე მძიმედ ამოთქვა: დრო გვიჩვენებსო. წლები გავიდა და დრომ გვიჩვენა, რომ გურამს ერთადერთი ქალი უყვარდა - მზია და დანარჩენი სიყვარულები მხოლოდ იმ სიყვარულისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო...

2 წიგნი დავწერე გურამზე და კიდევ დამრჩა რაღაც საინტერესო ამბები მოსაყოლი. ჯერ თავს ვიკავებ, მაგრამ რაღაც ხნის შემდეგ აუცილებლად დავწერ ამ საოცარ კაცზე, რომლის ყოველი დღე იყო სიცოცხლით აღსავსე... ისეთი ძლიერი იყო, რომ სამუდამოდ დარჩა ჩვენში. ბოლოს მე, შალვა რჩეულიშვილმა და ბორია ინასარიძემ ვნახეთ, მაგრამ უკვე მკვდარი გურამ რჩეულიშვილი... საოცარი სანახავი იყო: წყლისგან გადიდებული ბეჭები, უკან გადაწეული ხუჭუჭი თმა, თავისი საყვარელი "ბათინკები" და შარვალი ეცვა, რომელიც ზღვას ვერ გაეხადა. მხოლოდ ზოლიანი მაისური "წაერთმია" ტალღებს... ის ფიზიკურად წავიდა, თორემ მაინც სულ ჩვენთან არის სულითაც და შემოქმედებითაც. და ამ 26 წლის კაცს, დღეს უკვე 4 ულამაზესი და უსაყვარლესი შვილიშვილი ჰყავს. ესეც ხომ გასაოცარია, რომ უკვალოდ არ წასულა და გურამ რჩეულიშვილის გენი მაინც გრძელდება.

ირმა ხარშილაძე, ჟურნალ ”გზის” არქივიდან

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა