"დარდუბალადან" "ბანანის რესპუბლიკამდე"

"დარდუბალადან" "ბანანის რესპუბლიკამდე"

პირველი ქართული ანიმაციური ტელესერიალი "დარდუბალა" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში წლების წინ გადიოდა.

ტელესერიალის ავტორები ჟურნალისტი შალვა რამიშვილი და პროდიუსერი გია ჭანტურია იყვნენ. "დარდუბალა" იმდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე იყო აგებული, მისი პერსონაჟები კი ცნობილი პოლიტიკოსები იყვნენ.

ანიმაციურმა ტელესერიალმა მაყურებელში დიდი პოპულარობა მოიპოვა, ასეთივე პოპულარობითა და, თქვენ წარმოიდგინეთ, სიყვარულითაც კი სარგებლობდნენ ანიმაციური პოლიტიკოსები. ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში გამოჩენისთანავე შესთავაზა შალვა რამიშვილს "დარდუბალას" აღდგენა. მოგვიანებით ჟურნალისტისა და ბიზნესმენის შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ "დარდუბალა" ეთერში დაბრუნდებოდა.

შალვა რამიშვილი, ჟურნალისტი:

- საავტორო უფლება "დარდუბალაზე" ჰქონდა ფირმა "ვაშას", სადაც ამ ტელესერიალს ვამზადებდით. ამ ფირმის დირექტორმა ვაჟა კილაძემ განმიცხადა, რომ თუ გვსურდა, ახალი პროექტისთვის "დარდუბალა" დაგვერქმია, ბიძინა ივანიშვილისგან უნდა მომეთხოვა თანხა,  მაგრამ გადაწყდა, მომზადებულიყო ახალი პოლიტიკურ-სატირული მულტსერიალი, რომლის სახელიც აღარ იქნებოდა "დარდუბალა". მას ჩვენ "ბანანის რესპუბლიკა" დავარქვით.

- ვინ არიან ახალი სერიალის პერსონაჟები?

- მთავარი გმირები არიან: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და ქართული პოლიტიკური სპექტრის თვალსაჩინო ფიგურები. გამოჩნდება ბიძინა ივანიშვილიც.

- რით განსხვავდება ახალი პროექტი "დარდუბალასგან"?

- უკეთესი ხარისხისაა. გარდა ამისა, "დარდუბალას" მთავარი გმირი იყო ედუარდ შევარდნაძე, რომლისთვისაც რაღაც-რაღაცები უნდა მოგვეფიქრებინა და კომიკურ სიტუაციებში ჩაგვეყენებინა. აქ კი სააკაშვილი სცენარისტებს სამუშაოს გვართმევს, რადგან, ფაქტობრივად, არაფრის მოფიქრება არ არის საჭირო, უბრალოდ, ნახატში უნდა გადაიტანო ის, რასაც ის რეალურად აკეთებს. მულტსერიალი ახალი წლის დღეებში გავა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, 2012 წლის 15 იანვრიდან კი ჩვენს მაყურებელს უკვე ყოველ კვირას შევთავაზებთ.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები