უმბერტო ეკო 80 წლის გახდა

უმბერტო ეკო 80 წლის გახდა

დღეს, 5 იანვარს ევროპა იტალიელი მწერლის, უმბერტო ეკოს იუბილეს აღნიშნავს. ცნობილი მწერლის იუბილესთან დაკავშირებით, იტალიაში უამრავი სემინარი, კონფერენცია და მნიშვნელოვანი საგამომცემლო აქციაა დაგეგმილი.

უმბერტო ეკოს იუბილესთან დაკავშირებით წიგნის მარაზიებში მწერლის მრავალტომიანი ილუსტრირებული წიგნის - "დიდი ისტორიის" 13 -ე ტომი გამოჩნდა, რომელიც ძველი რომის კულტურას ეძღვნება.

თარიღთან დაკავშირებით დღეს იტალიელმა ლიტერატორმა მიკელე კოგომ, საგამომცემლო სახლ "ბასკერვილის" ეგიდით, თავისი ახალი ნამუშევრის "უმბერტო ეკოს ფენომენი" ელექტრონული ვერსია გამოუშვა. ესაა დოკუმენტური ესსე მწერლის, როგორც თანამედროვე ინტელექტუალური მითის დაბადებაზე, რომელიც ჩვენ თვალწინ იზრდება და ვითარდება.

უმბერტო ეკო პიმენტოს ოლქის პატარა ქალაქ ალექსანდრიაში დაიბადა. 1954 წელს ტურინის უნივერსიტეტი დაამთავრა, სპეციალობით - "შუასაუკუნეების ფილოსოფია და ლიტერატურა" .

ამჟმად ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი და მრავალი უცხოური აკადემიის დამსახურებული დოქტორი - უმბერტო ეკო ერთ დროს ტელევიზიაში მუშაობდა და მილანისა და ფლორენციის უნივერსიტეტში ესთეტიკისა და კულტურის თეორიას კითხულობდა.

მწერალს მსოფლიო აღიარება პირველმა რომანმა "ვარდის სახელი" მოუტანა (1980). წიგნი რამდენიმე ენაზე ითარგმნა (მათ შორის ქართულად) და დღემდე მსოფლიოს ბესტსელერების სიაშია.

თეოლოგიური მსჯელობებით გაჯერებული წიგნი ბენედიქტელთა მონასტერში განვითარებულ ისტორიას გვიყვება. ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობის გამოძიებას ცდილობენ. მკვლელობები მონასტრის ბიბლიოთეკაში შენახულ, საიდუმლო სიბრძნის შემცველ წიგნს უკავშირდება, რომლის ხელში ჩაგდების მსურველებიც უცნაურ ვითარებაში იღუპებიან.

რომანის ეკრანიზაცია ფრანგ რეჟისორს ჟან-ჟაკ ანოს ეკუთნის (1986 წელს). ფილმში მთავარ როლს  შონ პენი ასრულებს.

უმბერტო ეკო უამრავი წიგნის და სტატიის ავტორია. 2010 წლის ოქტომბერში იტალიაში მისი ახალი რომანი "პრაღის სასაფლაო" გამოვიდა. ორი თვის წინ მწერალმა გამოცემა The Paris Review-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის აღარ დაწერს და "პრაღის სასაფლაო" მისი ბოლო ნამუშევარი იქნება.

"როცა რომანს ვწერ, ვფიქრობ, რომ ის ჩემი ბოლო ნაწარმოებია. რომანი ბავშვივითაა, უნდა იზრუნო მასზე, გაზარდო, ჯერ სიარულს იწყებს, მერე ლაპარაკს. ორ თვეში უკვე 80 წლის ვხვდები და ალბათ,  ვეღარ შევძლებ კიდევ ერთი რომანის დაწერას", - ამბობდა ეკო.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს