2 იანვარს, ბედობას, "რუსთავი 2"-ის ეთერში საახალწლო კარნავალი გავიდა. ტელევიზიის წამყვანები და ჟურნალისტები უცნაურ ამპლუაში მოგვევლინენ და სხვადასხვა ფილმი თუ მუსიკალური ნომერი ორიგინალურად გააცოცხლეს. აკაკი გოგიჩაიშვილისა და ნინო ხაჟომიას "მანი, მანი", ვანო ჯავახიშვილის რეპი და "კურიერის" ჟურნალისტების მიერ შესრულებული ცეკვა განსაკუთრებულად სანახაობრივი გახლდათ.
როგორ ემზადებოდნენ ამ კარნავალისთვის და საიდან გაჩნდა იდეა, ამ თემის ექსკლუზიური დეტალები "სხვა ამბების" ერთ-ერთმა პროდიუსერმა თამუნა კვერნაძემ გაგვიმხილა.
როგორც თამუნამ გვითხრა, კარნავალის იდეა 2011 წლის იანვარში "რუსთავი 2"-ში გაჩნდა. მაშინ გადაწყვიტეს, რომ 2012 წელს ორიგინალური საახალწლო კარნავალით შეხვედროდნენ, სადაც მხოლოდ ტელევიზიის სახეები მიიღებდნენ მონაწილეობას. მთავარი პრობლემა ამდენი ადამიანის ერთად შეკრება და თითო ნომრის მომზადება გახლდათ. განსაკუთრებულად მონდომებული საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ნინო შუბლაძე გახლდათ.
ერთი წლის განმავლობაში სხვა იდეებთან ერთად, კარნავალის იდეა მაინც ძალაში რჩებოდა და მიუხედავად იმისა, რომ კოლოსალურ შრომას მოითხოვდა, გადაწყვიტეს, ნებართვა ტელევიზიის დირექტორ გოგი გეგეშიძისგან აეღოთ, რომელსაც ეს იდეა ძალიან მოეწონა. დაითანხმეს არხის რეჟისორი დემნა ჯაფარიძე და საერთაშორისო პროექტების დირექტორი გიორგი ხაბურზანია. მიუხედავად იმისა, რომ არავის სჯეროდა, ამხელა პროექტზე მუშაობას თუ მოასწრებდნენ, ნინო შუბლაძე მაინც ჯიუტად იმეორებდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა.
კარნავალი უნდა გაკეთებულიყო და "სხვა ამბების" პროდიუსერები თამუნა კვერნაძე და თამუნა კობერიძე წინასწარ ხედავდნენ, ვინ რა ჟანრში იმღერებდა, მაგრამ მანამდე რეჟისორ დავით დოიაშვილს შეხვდნენ, რომელიც მათ წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა.
მუშაობა ნოემბერში დაიწყო, სულ ჩვიდმეტი ნომერი იყო დასაგეგმი და მოსამზადებელი, ამიტომ დახმარებისთვის არხის მუსიკალურ ხელმძღვანელ მარინა ბერიძეს მიმართეს, მან "რუსთავი 2"-ის ჰიმნიც მოამზადა, ტექსტი ლანა ქუთათელაძემ დაწერა, არანჟირება "ჯეოსტარის" ბენდმა გააკეთა.
სცენარის წერის დროს პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი სამი კვირა ტელევიზიიდან არ გასულა. ქორეოგრაფიაზე ტელევიზიის ერთ-ერთმა სახემ აჩიკო სოლოღაშვილმა იმუშავა და ნომრები მოკლე დროში დადგა.
მიუხედავად იმისა, რომ იდეა მოსწონდათ და მხარს უჭერდნენ, ყველა გადაცემას თავისი საახალწლო შოუ ჰქონდა მოსამზადებელი. "კურიერის" გუნდი მუშაობას ღამის ათ საათზე ასრულებდა და ორ საათამდე კარნავალისთვის გადიოდნენ რეპეტიციას, მეორე დილას კი ათ საათზე ისევ სამსახურში ცხადდებოდნენ.
მრავალფეროვანი რეკვიზიტების ნაწილი ტელევიზიის საწყობიდან გამოიყენეს, ნაწილი - მუსკომედიის თეატრიდან და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, რამდენიმე მათგანი ტელევიზიის დირექტორმა საკუთარი სახლიდან მიიტანა. თამუნა კვერნაძე დღეს უკვე ღიმილით იხსენებს, როგორ მოითხოვა დოიმ ქეთი ორჯონიკიძის ნომრისთვის რვა მანეკენი და სცენის გამზადების შემდეგ უთხრა, რომ ეს მანეკენები აღარ სჭირდებოდა. მაშინ ეგონა, რომ ცხარე ცრემლით იტირებდა...
გადაღებები სამ დღეს გაგრძელდა, მანამდე იყო რეპეტიციები და ერთი გენერალური რეპეტიცია.
გადასაღები მოედნის შერჩევაზე დიდხანს ფიქრობდნენ და რამდენიმე ვარიანტიც განიხილეს, მაგრამ გოგი გეგეშიძე შეჰპირდა, რომ ტელევიზიაში ორიგინალურ საახალწლო სტუდიას მოუწყობდა და თუ არ მოეწონებოდათ, სხვა სტუდიაზე მერე ეფიქრათ. ყველაფერი კარგად გამოვიდა და კარნავალი "რუსთავი 2"-ის სტუდიაში ჩაწერეს.
ყველაზე სახალისო "დილა მშვიდობისას" ნომრის ჩაწერა აღმოჩნდა. ბრჭყვიალა კოსტიუმებში გამოწყობილი გადაცემის წამყვანი მამაკაცები მართლაც უჩვეულო სანახავები იყვნენ. ასევე მუდამ სერიოზული აკაკი გოგიჩაიშვილი, უჩვეულო კოსტიუმში გამოწყობილი, ყურადღებით უსმენდა რეჟისორს.
"რა, სად, როდის" წამყვანი გიორგი მოსიძე სიმღერაზე ვერ დაითანხმეს, ბოლომდე ადამიან-ხმად დარჩა და ამჯერად კითხვა სტუდიაში მჯდომ დუტას დაუსვა. მის ნაცვლად კი "ჯეოსტარის" ვარსკვლავებმა იმღერეს.
ყველა სიმღერის ტექსტი ირინა სანიკიძემ დაწერა. ეს იდეა მუშაობის დროს დოის მოუვიდა, თორემ მანამდე ჟურნალისტებს უცხოურ ტექსტებზე უნდა ემღერათ. მათი ვოკალური მონაცემების დამუშავება და მერე სიმღერად გადაქცევა კი ვოკალის პედაგოგმა ნინო ჩაჩავამ ითავა.
კარნავალი ბედობის დღეს გავიდა ეთერში. ამგვარად, საახალწლოდ მათ მხიარულება და გართობა დაებედათ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში ძალიან ბევრს შრომობენ, რათა მაყურებელს მუდმივად სიახლეები შესთავაზონ.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)