ერეკლე საღლიანი - "ომამდეც სვანი ვიყავი და მერეც სვანად დავრჩი!.."

ერეკლე საღლიანი - "ომამდეც სვანი ვიყავი და მერეც სვანად დავრჩი!.."

პოეტი ერეკლე საღლიანი ამბობს, რომ ამ ახალ წელს სევდანარევი სიხარულით შეხვდა. "სევდანარევი იმიტომ, რომ რამდენიმეწლიანი უშედეგო ლოდინის მერე ქვეყანა ისევ დაშლილია, ჩემი ხალხი კი მშიერი და ღარიბი," - მითხრა პოეტმა სვანურისთვის უჩვეულოდ ტკბილი აქცენტით. დროდადრო, როცა ემოცია მოეძალებოდა, დიდ ხელებს გულზე იდებდა და განუყრელ სვანურ ქუდს ნერვულად ისწორებდა. ერთი-ორჯერ ცრემლიც მოერია, მაგრამ არ შეიმჩნია. გულისტკივილით მითხრა, შიდა პრობლემებს რატომღაც ყოველთვის გარეშე ძალების შემოტევაც ემატებაო, "მადლობა უფალს, ჩვენი კულტურა ჯერ ვერ დაანგრიეს. არადა, ზოგი იარაღით გვებრძვის, ზოგიც ცნობიერად, მაგრამ ვუძლებთ".

- ბატონო ერეკლე, ქართული ოცნება სტარტის აღებას აგვიანებს, რამაც საზოგადოების ერთი ნაწილის გულისწყრომაც გამოიწვია. ვიცი, რომ ივანიშვილის გუნდის გააქტიურებას თქვენც იმედით უყურებდით...

- ყველა პოლიტიკურ სიახლეს, რომელიც ვითარების უკეთესობისკენ შეცვლის საფუძველს იძლევა, იმედით ვუყურებ, რადგან ამ ერთფეროვანი ცხოვრების წესმა ადამიანები სულიერ დეგრადაციამდე მიიყვანა. უკვე მართლა საკმარისია. არ შეიძლება, წლების განმავლობაში ქვეყანას ერთი პოლიტიკური და კლანური გუნდი მართავდეს, მით უფრო, თუ ის პოლიტიკურ ძალად ვერ ჩამოყალიბდა. მე წინააღმდეგობრივ მოძრაობაში ვარ გაერთიანებული და გარშემო ყველა მოვლენას ინტერესით ვუყურებ. ახლა მართლა დიდი იმედით ვარ სავსე. ეჭვი არ მეპარება, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყველა ეროვნულ ძალას შემოიკრებს, რადგან გამოცდილი ადამიანია. განუსაზღვრელად დიდი ავტორიტეტი და რაც მთავარია, კარგი ინტუიცია აქვს. დარწმუნებული ვარ, ამას ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებს...

რაც შეეხება სტარტის აღებას, ანუ რატომ არ გადადიან ისინი აქტიურ ქმედებებზე, მე ასე გიპასუხებთ: - მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ბიძინა დიდ ეროვნულ საქმეებს აკეთებდა, ბოლო წლებში მას ქვეყნის მიღმა ცხოვრება უწევდა და მას სათანადო და სრული ინფორმაცია არ აქვს. ჩემი აზრით, ის მოვლენებს აკვირდება. ყველამ ვნახეთ, რომ მის გვერდით ბევრმა მედროვემ მოიყარა თავი, მაგრამ ეს ქაფი დროთა განმავლობაში, დუღილის დროს, ამოტივტივდება და ყველაფერი დალაგდება.

- "მედროვეებში" ვის გულისხმობთ?

- რა ვიცი, ძალიან ბევრი ასეთი ადამიანია მის გვერდით, მაგრამ მთავარი ეს არ არის, არც ის, თუ რა შედეგს მოგვცემს აღებული სტარტი. მე ერთ რამეს ვატყობ, ის დაკვირვების პროცესშია.

- ძალიან ხომ არ გაუგრძელდა ეს პროცესი?

- დიდხანს უნდა გაუგრძელდეს. ჩვენ, ქართველებს, სიჩქარე გვიყვარს, მაგრამ არსებობს კანონზომიერება, რომლის თანახმადაც ბავშვი 9 თვეში იბადება, უფრო ადრე დაბადებულ ჩვილს ან პრობლემები აქვს, ან კვდება... ბატონი ბიძინა არის მაღალი დონის ბიზნესმენი და მის მიერ განვლილი რთული გზა ბეწვის ხიდზე სიარულსაც ჰგავდა. მჯერა, რომ იმ გამოცდილებას, რაც ბიზნესში ყოფნისას მიიღო, პოლიტიკაში გადმორთავს. ჩემდა სამწუხაროდ, მე არც კი ვიცნობ მას, არანაირი ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ვხედავ, რომ არ ჩქარობს და მის სიდინჯეს ვაფასებ. აჩქარებულებმა კი ნახეთ, რაც დაგვმართეს. მოვლენებს კი არ უნდა გაუსწრო, უნდა აჰყვე. დავით აღმაშენებლის სიდიდე იცით რა იყო? არც იჩქარა და არც დააგვიანა. ოდესმე ხომ უნდა დაგვადგეს საშველი, ოდესმე ხომ უნდა მივხვდეთ, რა არის კარგი და რა - ცუდი?..

ახლა შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. რეგიონებში ძალიან ცოტა რამ იციან ამ დიდებული ადამიანის შესახებ, მაგრამ არა უშავს, ჯერ ყველაფერი წინ არის.

წინა არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვების წინაპირობა იცით რა გახდა?! ოპოზიციურმა პარტიებმა რეგიონები ხელისუფლებას მიუგდეს შესაჭმელად. იქ არ იმუშავეს. ამიტომაც ჩამოვშორდი მათ. თუ ადამიანს პოლიტიკაში მოსვლა და წარმატება უნდა, არ შეიძლება, რეგიონებში წასვლასა და იქაურებთან ლაპარაკს თაკილობდეს. იმედია, ამას ბატონი ბიძინა გაითვალისწინებს. სვანეთში ბევრი რამ იციან მასზე. რაც მთავარია, იციან, რომ ამ კაცმა ბევრი ქართველი, ინტელიგენტი თუ უბრალო ადამიანი, შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა, რომ არაფერი ვთქვათ იმ საოცრებაზე, რომელსაც სამების საკათედრო ტაძარი ჰქვია. სამების ასაშენებელად მხოლოდ ფული არ არის საკმარისი, ქართული გულიც უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, როცა ეს კაცი ხელისუფლებაში მოვა, ქვეყანაში ყველაფერს თავისი ადგილი ექნება.

- თუმცა ხელისუფლება ამ გუნდს ფრთების გაშლის საშუალებას არ აძლევს.

- ასეთი შეზღუდვებით შორს ვერ წავლენ. კარგი იქნება, თუ ჩვენი ხელისუფლება სხვა ქვეყნის გამოცდილებასაც გადაავლებს თვალს. ამაზე უარესებს აკეთებდა ალჟირისა და ინდოეთის ხელისუფლება, მაგრამ შედეგიც მიიღეს... იმედია, ბატონი ბიძინაც გაითვალისწინებს იქ განვითარებულ პროცესებს, რადგან პოლიტიკოსი, რომელიც ასეთ, ყველაფერზე წამსვლელ ხელისუფლებას დაუპირისპირდება, ლავირების დიდ ნიჭს უნდა ფლობდეს...

- საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა არარეალურია.

- ისეთ ავტორიტარულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს მართლაც რთულია, მაგრამ არა - შეუძლებელი. ცნობიერად ჩვენ საბჭოთა კავშირიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვედით. ისევ იმ დროში ვცხოვრობთ. ამის ნათელი მაგალითია, - არჩევნებს იგებს ის, ვინც ატარებს და თუ იმას მაინც მივაღწევთ, რომ ერთხელ არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება და წინა მმართველი პარტია უმცირესობაში დარჩეს, უკვე პროგრესია. ჩვენი ხელისუფლება ყველა გზით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, მაგრამ ამით მხოლოდ თავის თავს აზარალებს, ჩვენ მეტი რაღა უნდა გვიქნას? დაგვარბიეს, გვცემეს, დაგვაპატიმრეს, გვაშიმშილებენ, სამუშაო არ გვაქვს, დარჩა რამე?!. მაგრამ ძალადობა მუდმივად არავის შერჩენია. იმ ძალასაც კი მოჰბეზრდა ამ ხელისუფლების ურჩობა, ვინც წლების წინ ქვეყნის სათავეში მოიყვანა.

- იმ შემთხვევაში, როცა ივანიშვილი საზოგადოების ერთი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს, რა როლი ენიჭება ხალხს მისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხში?

- უდიდესი როლი ენიჭება. ჩვენ რომ ნორმალური საზოგადოება ვიყოთ, ხელისუფლება მისთვის მოქალაქეობის წართმევას ვერ გაბედავდა. ამერიკის პრეზიდენტ ნიქსონს ამერიკელმა ხალხმა მოპარული ხმები არ აპატია და საბრალდებო სკამზე დასვა. ჩვენ კი ისეთ დანაშაულებს ვაპატიებთ მათ, რომ ხანდახან ვფიქრობ, ჩემს ხალხს თავმოყვარეობის შეგრძნება ხომ არ გაუქრა-მეთქი. ბევრს შეიძლება, ამერიკული ცხოვრების წესი მოსწონდეს, რაღაცები არც მე მომწონს, მაგრამ ქვეყნის პირველ პირს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას აკისრებენ, დემოკრატიაა და არ შეიძლება, არ მომწონდეს. იმავეს საქართველოში რამდენიმე წელი ვერ ვეღირსებით. ჩვენ ამისთვის მოუმზადებელი აღმოვჩნდით. დემოკრატია "ქართულად" გვესმის. ამას ბევრი წინაპირობა აქვს, მაგალითად, 65-წლიანი საბჭოთა წყობა. იმ პერიოდში ჩამოყალიბებული ცნობიერების შეცვლას ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

- მიგაჩნიათ, რომ ახლა ერი გამოფხიზლებულია?

- დიახ, საუბედუროდ, ჩვენ მხოლოდ მაშინ ვფხიზლდებით, როცა დაღუპვის პირას ვართ, იქამდე არა... უნდა ვიბრძოლოთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

- სხვა საკითხზეც გკითხავთ. ბოლოს როდის იყავით თქვენს საყვარელ კუთხეში, ხელისუფლება ირწმუნება, რომ იქაურობა ძალიან გალამაზებულია...

- გალამაზებული კი არა, დამახინჯებულია. მესტიაში რომ ჩახვიდეთ, თავი ტეხასში გეგონებათ. ქალაქის ცენტრში ვიღაც ტვინნაღრძობს სასტუმროს აშენება მოუნდა. ჩემს სიტყვას ნუ ენდობით, ჩაბრძანდით და თავად ნახეთ ყველაფერი. ცენტრში, რაიკომის შენობის გვერდით, მეორე სიმახინჯე, პოლიციის შენობა აქვთ აღმართული. როგორ უნდა ჰქონდეს ადამიანს სული დამახინჯებული, რომ ეს შენობა ააგოს.

- ჩვენს რეალობაში პოლიციის შენობაზე მასეთი რამის თქმა არ შეიძლება, ბატონო ერეკლე...

- მე არაფრის მეშინია, ომამდეც სვანი ვიყავი და მერეც სვანად დავრჩი (იცინის)... არ შეიძლება, ადამიანს წარსული წაართვა, ფესვები ამოუსხიპო. არადა, ევროპელი, აზიელი და ამერიკელი იქ ნამდვილი სვანეთის სანახავად ჩამოდის, თორემ სასტუმროები და რესტორნები თავადაც თავზე საყრელად აქვთ.

- თუმცა, სვანეთში ჩასული ტურისტების რაოდენობამ ყველა გააოცა...

- იცით, ამაზე უშგულელმა სვანმა რა უპასუხა? - შევარცხვინე ისეთი ცხოვრება, ტურისტის მოსვლა რომ გამიხარდება და სტუმრის - არაო.

- წინასაახალწლოდ გრანდიოზული კონცერტებისა და შოუების გამართვა ტენდენციად იქცა. ალბათ ადევნებდით თვალყურს...

- დიახ. ამაზრზენია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს აწუხებს. კაცობრიობა ფიქრს გადაეჩვია და ის იტაცებს, რაც ადგილზე ახტუნავებს და აბუქნავებს. დღეს ჩვენი, როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების მთავარი ინტერესი, პიარკამპანიები და გართობაა. ამ ყველაფერს კი სულიერი დაკნინებისკენ მივყავართ. ცდილობენ, ისეთი თაობა აღზარდონ, რომლის ცხოვრების მთავარი აზრი ის იქნება, თუ სად იბუქნავებს კარგად.

- ანუ ქართველი საზოგადოება "პურისა და სანახაობის" იქით ვერ განვითარდა?

- ვერა, მაგრამ აქ არსობის პურზე კი არ არის ლაპარაკი, მე იმ პურს ვგულისხმობ, რომელიც ჩემში სულიერ შიმშილს აღვიძებს.

- ალბათ ნახეთ "ქართული ოცნების" ხარჯთაღრიცხვა, თუ ვის რამდენს უხდის...

- იმედია, ამ სიაში ჩემი სახელი და გვარი არ ყოფილა. როგორც გითხარით, მე ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ კიდევაც რომ ვიცნობდე, იმ ადამიანთან, რომელიც ასეთ დიდ საქმეებს აკეთებს, პირადი სატკივრისთვის ნამდვილად არ მივიდოდი და არც შემდგომში მივალ...

- ბატონო ერეკლე, აუცილებლად გკითხავთ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მიერ აზრის გამოხატვის ზღვარგადასულ ფორმაზე. რას იტყვით იმაზე, რომ ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანებისგან გინებაც კი ლამის ჩვეულებრივი გახდა, სოსო ჯაჭვლიანს ვგულისხმობ...

- იცით, მე ყველა მიყვარს, ჩემთვის მიუღებლად მოაზროვნე, გზააბნეული ადამიანიც. მას თანაგრძნობით ვეკიდები და არა იქედნური ღიმილით, რაც ბევრი პოლიტიკოსისთვის არის დამახასიათებელი. სოსო ვაჟკაცური ბუნების ადამიანია. ის ძირძველ ქართულ ოჯახში გაიზარდა, სადაც პატიოსნება და ადამიანობა წინა პლანზეა და სრულიად არ მიკვირს, რომ ის ბევრ რამეს ვერ ეგუება. პირიქით, ის უნდა გაგვკვირვებოდა, სოსო ამ ყველაფერს რომ მშვიდად შეეგუოს. მისნაირ ადამიანებზე შეტევა მოდის...

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ შესაძლოა, მისი სიტყვები შეცვალეს კიდეც. ჩემ მიერ მიცემული რამდენიმე ინტერვიუ ისე გადააკეთეს და დაბეჭდეს, როცა წავიკითხე, სახტად დავრჩი. ერთმა ქალბატონმა, რომელიც კოკორინოს ფსევდონიმით წერს, ისეთი რამეები დამიწერა, გაოცებული დავრჩი.

- ანუ ფიქრობთ, რომ მოუგონეს?

- ყოველ შემთხვევაში, ვიცი, თქვენი კოლეგები ბევრ რამეს ცვლიან... დიალოგი ხშირ შემთხვევაში მისაღებია, მაგრამ როცა შენ უზნეო მეთოდებით გებრძვიან, ზრდილობიანი ვერ იქნები. ზოგჯერ ადამიანები მუდმივ დაძაბულებას ვერ ვუძლებთ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს