საქართველოში ყოველთვიურად იზრდება როგორც სუროგატული დედებისა და კვერცხუჯრედის დონორობის მსურველთა, ასევე იმ პაციენტთა რაოდენობაც, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ. უფრო დაწვრილებით, კვერცხუჯრედის დონაციასა და სუროგატი დედობის შესახებ, "ნიუ ლაიფ ჯორჯიას" კოორდინატორი, თამარ გაბუნია გვესაუბრა:
- ქალბატონო თამარ, რამდენად ხშირად მოგმართავენ სუროგატი დედები?
- სუროგატული დედობის მსურველები თითქმის ყოველდღე მოგვმართავენ. მენტალიტეტი შეიცვალა და სუროგატული დედობის ინსტიტუტიც დამკვიდრდა საზოგადოებაში. ადრე თუ მხოლოდ ძალიან დაბალი სოციალური ფენიდან მოდიოდნენ სუროგატები, ახლა დაბალ და საშუალოანაზღაურებადი სამსახურის მქონე გოგონები და ქალბატონებიც მოგვმართავენ. მათ მეუღლეებიც და ოჯახის წევრებიც ხელს უწყობენ, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ერთი, სრულიად კეთილშობილური საქმეა და, გარდა ამისა, მეუღლის საზღვარგარეთ სამუშაოდ გაშვებას ნამდვილად სჯობია.
- ხომ არ უჭირთ სუროგატ დედებს მშობიარობის შემდეგ ბავშვების მშობლებისათვის გადაცემა?
- სუროგატ დედებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ის, რომ ბავშვი მათთან არანაირ გენეტიკურ კავშირში არ იმყოფება და ის სხვისი შვილია. ამიტომ არანაირი ფსიქოლოგიური პრობლემები არ უჩნდებათ.
- რა ღირს სუროგატი დედის მომსახურება საქართველოში?
- სუროგატ დედებს 12.000 დოლარს უხდიან უშვილო წყვილები. გარდა ამისა, ფეხმძიმობის პერიოდში საკვებით, მედიკამენტებითა თუ ექიმების მეთვალყურეობითაც უზრუნველყოფილნი არიან და ყოველთვიურად ანგარიშზე 200-200 დოლარი ერიცხებათ საკვებისათვის.
- ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს სუროგატი დედა?
- რასაკვირველია, არა. ქალბატონი, რომელსაც სურს გახდეს სუროგატი დედა, უნდა იყოს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ჯანმრთელი და მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 38 წელს. გამოკვლევებს ჩვენი ხარჯებით ვუტარებთ. მათი ტრანსპორტირების ხარჯებსაც კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჩვენ ვაფინანსებთ.
- როგორც გავიგეთ, თქვენ სუროგატ დედებს უკვე ბინასაც სთავაზობთ ორსულობის პერიოდში...
- დიახ, ძალიან ხშირად, სუროგატ დედებს აქვთ ბინის პრობლემა და უჭირთ ორსულობის ან მომზადების პერიოდში რაიონებიდან სიარული. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ ბინით. ასევე ხშირია, როდესაც ქალბატონს არ სურს, რომ მეზობლებმა ორსული დაინახონ. მსგავს შემთხვევებშიც ყველანაირად ვცდილობთ დავეხმაროთ და ბოლო თვეებში მაინც გამოვუნახოთ საცხოვრებელი.
- რამდენადაც ვიცით, თქვენ გყავთ ასევე კვერცხუჯრედის დონორები. ისინი რა სახის დახმარებას უწევენ უშვილო წყვილს?
- კვერცხუჯრედის დონორის დახმარებას ძირითადად, მაღალი ასაკის მქონე უშვილო პაციენტები საჭიროებენ. დონაცია შედარებით მარტივი, 15-წუთიანი პროცედურაა და კლინიკაში დონორის 4-5 ვიზიტს საჭიროებს. დონაციის დროს ხდება ფოლიკულების მომწიფება საკვერცხეებში და მიღებული კვერცხუჯრედის ასპირაცია ექოსკოპიის აპარატის საშუალებით. პროცედურა მარტივია, ხორციელდება ვაგინალურად და არანაირ ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. დონორის ასაკი 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
- რა სახის ფინანსური დაინტერესება აქვს დონორს და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კვერცხუჯრედის დონორი?
- დონორის გასამრჯელო 1.000-1.500 დოლარია. 1.200 დოლარს იგი იმ შემთხვევაში იღებს, როდესაც პროცესი საქართველოში ტარდება, ხოლო უცხოეთში წასვლის შემთხვევაში (ჩვენს თანმხლებთან ერთად), ანაზღაურება 1.500 დოლარით განისაზღვრება.
- ძირითადად ვინ არიან დონორი კანდიდატობის მსურველები?
- დონორი კანდიდატობის მსურველები არიან 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა გოგონები, სტუდენტები. მათი უმრავლესობა ძალიან კარგი გარეგნობისა და უმაღლესი განათლების მქონეა.
- რამდენად დაცული და კონფიდენციალურია ინფორმაცია?
- ინფორმაცია ძალიან კონფიდენციალურია. ასე რომ არ იყოს, ჩვენთან ამდენი დონორი და სუროგატი არ იქნებოდა დარეგისტრირებული.
სუროგატი მარიამი: "მე უკვე მეორედ ვარ სუროგატი დედა. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირველად ბრიტანელებს გავუჩინე ტყუპი ბავშვი. დამატებით მაჩუქეს თანხა, მადლიერების ნიშნად. ბინა ვიგირავე აღებული თანხით, ახლა კი ყიდვას ვაპირებ".
სუროგატი ნინო: "მე ერთხელ ვიყავი სუროგატი დედა, იტალიელი წყვილისთვის. კუთვნილი თანხის გარდა 3.000 ევრო დამიმატეს საჩუქრად, ხოლო ორსულობის დროს სულ უფრო მეტს მირიცხავდნენ, ვიდრე კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. ამჟამად აფთიაქში ვმუშაობ და ცოტათი მიჭირს კონსულტაციებზე სიარული - თუმცა ექიმი ყველანაირად ხელს მიწყობს იმაში, რომ სუროგაციაც გავაკეთო და სამსახურიც შევინარჩუნო".
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)