მიხეილ სააკაშვილს რუსულ პრესაში ყველაზე ხშირად და ყველაზე უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ

 მიხეილ სააკაშვილს რუსულ პრესაში ყველაზე ხშირად და ყველაზე უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ

რუსულ მედიასივრცეში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერების შესახებ ინფორმაციის რაოდენობრივ-ხარისხობრივი კვლევა ჩატარდა. ექსპერტებმა გასული წლის განმავლობაში დეტალურად გამოიკვლიეს,  რამდენჯერ გაჟღერდა თითოეული სახელმწიფოს ლიდერის სახელი საინფორმაციო სივრცეში და რამდენად დადებით კონტექსტში იყო ის ნახსენები. კვლევის შედეგად შესაბამისი რეიტინგიც შედგა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა. კვლევისათვის შერჩეულ 8 000 რუსულ საინფორმაციო წყაროში მიხეილ სააკაშვილი მთელი 2011 წლის განმავლობაში 33 589 ინფორმაციაში ფიგურირებდა. ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ”უსწრებენ”.

რაც შეეხება მედიასაშუალებებში პერსონის წარმოჩენის კონტექსტს, სააკაშვილი რეიტინგში ერთადერთი აღმოჩნდა, რომელსაც უარყოფითი ინდექსი აქვს. კვლევის შედეგად გამოვლენილ ”კეთილგანწყობილების” (ИИБ ინდექსი) მაჩვენებლით, სააკაშვილის ინდექსი უარყოფითი სიდიდით, -10 185,06-ით განისაზღვრა. ამ მაჩვენებელში გათვალისწინებულია მედისაშუალების გავლენიანობა, მოხვდა თუ არა ეს ინფორმაცია მასების ყურადღების ცენტრში, რა დოზით არის ციტირებული რესპოდენტი, ან რამდენად სკანდალურია იგი.

რეიტინგში 17 სახელმწიფოს ლიდერი შევიდა. კეთილგანწყობილობის ინდექსით (ИИБ) კვლავ იანუკოვიჩი (140 342,94), ლუკაშენკო (47 514,03) და ნაზარბაევი (67 809,01) ლიდერობენ. მეოთხე ადგილზეა თვითაღიარებული აფხაზეთის ლიდერი, ალექსანდრე ანქვაბი (20 709,03). პირველ ხუთეულში მოხვდა სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანიც (20 272,22).

რეიტინგის ბოლო ადგილებზე აღმოჩნდნენ ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე (5 336,34), მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მარიან ლუპუ (4 332,51) და სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარე, ვადიმ ბროვცევი(1 876,05).

კვლევაზე დართულ კომენტარში ნათქვამია, რომ რეიტინგის ლიდერის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმატებული მაჩვენებელი უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა გამოიწვია. ჩამონათვალის ბოლოს პრეზიდენტ სააკაშვილის ”აუტსაიდერის” პოზიციაზე ყოფნას კი ანალიტიკოსები რუსეთის მიმართ მის მტრული განცხადებებით ხსნიან.

კვლევა რუსული საინფორმაციო სააგენტოს ”რეგნუმისა” და კომპანია ”მედიალოგიის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

მომზადებულია regnum.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები