მასზე ამბობენ, წიგნებს ქალებს ადარებდა - როგორც ქალის გაშვება არ შეიძლება სახეტიალოდ, ისე წიგნებისაც, თორემ ერთიცა და მეორეც გაცვეთილი დაბრუნდებაო. ვისთვის "კოცნის პოეტი" იყო, ვისთვის - "მოცლილი ქალებისა". მას კი ალბათ, ყველაფერი უყვარდა, სადაც სილამაზეს დაინახავდა, ამიტომაც ერთნაირი ეშხით ეტრფოდა და უმღერდა თბილისსაც და ლამაზ ქალებსაც. "სადა ხართ, ლამაზმანებო,/ მოდით, დამათვრეთ ბუნებით,/ ამივსეთ ტუჩის ყულაბა/ მაგ კოცნის უზალთუნებით./ თორემ ვბერდებით და გულმაც/ ლოდინის შხამი დალია./ აუუ, რა კარგი დღე არის!/ ეჰეეე, რამდენი ქალია!" მკვლევარიც იყო და უნიკალური წიგნთსაცავის მეპატრონეც, საბავშვო მწერალიც და ქართული თეატრის მოამაგეც, თბილისური ლექსიკონის შემდგენელიც და თბილისის კოლორიტიც.
იოსებ მამულაიშვილი 1889 წლის 24 აპრილს ხარფუხში - თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში დაიბადა, მოგვიანებით კი, ლექსების წერა რომ დაიწყო, ფსევდონიმად მამის სახელი - გრიშა აირჩია და საზოგადოებასაც იოსებ გრიშაშვილად გაეცნო...
ამ ხუთშაბათიდან ჟურნალი "გზა" "ჩემი რჩეულის" სერიით, ოთხ ტომად იოსებ გრიშაშვილის შემოქმედებას წარმოგიდგენთ, მასზე საუბარი კი მწერალსა და მთარგმნელს, ბატონ გივი შაჰნაზარს ვთხოვეთ:
- ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ბოლო ათწლეულის წარმატებულ პროექტთა შორის, ქართული კულტურის, კონკრეტულად კი მწერლობის პროპაგანდას რომ ეწევა, "მედიაპალიტრის" პროექტებს ტოლს ვერც ერთი დაუდებს. ცხადია, მე არც პირველი ვარ და არც ბოლო ვიქნები, ვინც ამ სინამდვილეს აღიარებს.
გლობალიზაციის ტორნადომ სამყაროს ისე გადაუარა, რომ მისი ექო კი არა, დამანგრეველი ტალღები ჩვენც მოგვწვდა - მცირერიცხოვან ერებს და ფხიზლად თუ არ ვიქენით, წალეკვით ჩვენც გვემუქრება. ტექნიკურმა სასწაულებრივმა პროგრესმა, მასკულტურას უფრო გაუხსნა გზა და გზა სულიერი, ამაღლებული კულტურისა ჩრდილში მოექცა. ღვთაებრიობისაგან წილნაყარ, სიყვარულის ცოცხალ განცდას ვირტუალური, კომპიუტერული, ინტერნეტული, "ფეისბუქური" ურთიერთობები ენაცვლება. "მესიჯური დიალოგით" სიყვარულის ახსნას რომ მოსწრებოდა იოსებ გრიშაშვილი, XX საუკუნის ათასწლეულის სატრფიალო ლირიკის ეს თავგადაკლული მეტრფე, ნამდვილად გული გაუსკდებოდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, "მედიაპალიტრას" გრიშაშვილი არც ადრე დაუტოვებია უყურადღებოდ, მაგრამ ამ ტომეულების გამოცემამ "სულზე მოგვისწრო", თორემ შესაძლოა, ვინმეს გულისტკივილით დასცდენოდა კიდეც, ჩვენი დიდი შემოქმედი ცოტა ჩრდილში ხომ არ მოექცაო. არადა, იოსებ გრიშაშვილისნაირ პიროვნებებს ერისკაცებად ვრაცხდით. უბადლო პოეტი, მთარგმნელი და მეცნიერი, დიდი ბიბლიოფილი და ეთნოლოგი, ქართული თეატრის მემატიანე, ზოგადად, ქართული კულტურისა და კონკრეტულად, ქართული მწერლობის ქომაგი ამას ჭეშმარიტად იმსახურებს. ვიკითხოთ იოსებ გრიშაშვილი! მისი წიგნების კითხვა ანბანის დაუფლებისთანავე შეიძლება. ვერც კი წარმოიდგენს ახალგაზრდობა, პოეტის შემოქმედებაში რა სასწაულებს აღმოაჩენს; ხოლო რაც შეეხება მის პუბლიცისტურ თუ მონოგრაფიულ შრომებს, - ჩვენი უახლესი ისტორიის როგორ საგანძურს გვპირდება იგი! ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ უკვე მოხსნილია კომუნისტური ცენზურის ტაბუ და თქვენ წინაშე უფრო გაბედული, უფრო მართალი შემოქმედი წარდგება!
- ამბობენ, მის პოეზიას XX საუკუნის 30-იან წლებში "ეროტიკულიც" კი უწოდესო.
- საერთოდ, XX საუკუნის დასაწყისში იოსებ გრიშაშვილი იმდენად პოპულარული იყო, რომ მის შემოქმედებით საღამოზე დასასწრებად ზღვა ხალხი მივიდა. ოპერისა და ბალეტის თეატრმა რომ ვერ დაიტია მსურველები, ხალხმა რუსთაველის პროსპექტი გადაკეტა და გარეთ იცდიდა. იმ დროისთვის ყოვლად უჩვეულო რამ მოხდა: ხმის გამაძლიერებლები გარეთ გამოიტანეს და ასე ჩაიარა საღამომ. ხომ გახსოვთ გრიშაშვილის სატრფიალო ლირიკიდან ასეთი სტრიქონები: "ჩემი აღმართი მიგაჩნდა ვაკედ, როცა გიყვარდი, როცა გიყვარდი"? ხარფუხი, სადაც პოეტი დაიბადა, მოგეხსენებათ, რომ თბილისის უძველესი უბანია, თვითონ კი თითქმის მის კენწეროში ცხოვრობდა. მისი სახლის იქით იწყებოდა გზა თრიალეთის კლდისკენ და შინდისისა და ტაბახმელისკენ გადიოდა ბილიკები. აქ, გრიშაშვილის ძველ უბანში, სადაც ამჟამად მისი უმდიდრესი სახლ-მუზეუმია (იქ თავმოყრილი უნიკალური ბიბლიოთეკა და ნივთები პოეტმა უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ხელისუფლებას), ყოველი წლის 24 აპრილს, მისი დაბადების დღეს ეწყობოდა შემოქმედებითი კონფერენციები, სადაც იკრიბებოდნენ ფილოლოგები, ბიბლიოგრაფები, მეცნიერი-მუშაკები, მწერლები და საინტერესო მოხსენებებით გამოდიოდნენ. ათწლეულების განმავლობაში ვხედავდით, როგორ იცვლებოდა იმ ულამაზესი ქალბატონების "ამობრძანება", რომლებიც უკვე ჭარმაგ ასაკშიც იყვნენ. ზოგიერთი - ღრმად მოხუცებული იმ აღმართებზე სიარულსაც ბედავდა და ყოველთვის ესწრებოდა საღამოს. ჩვენ - ახალგაზრდები, ერთი მხრივ, მონუსხულები ვიყავით მათი სილამაზითა და მშვენიერებით, მეორე მხრივ კი ვგრძნობდით, რომ დრო არის სწრაფმავალი და სევდა და დროის ასეთი სისასტიკე ზღვა განცდებს ბადებდა ჩვენში.
- ალბათ, სწორედ ის ქალბატონები იყვნენ, ვისაც ოდესღაც ეტრფოდა იოსებ გრიშაშვილი, არა?
- დიახ, უფრო სწორად, გრიშაშვილს ეტრფოდა ძალიან ბევრი. იოსებიც, კარგი გაგებით, მექალთანე იყო. ტყუილად კი არ ვთქვი, მას რომ "მესიჯით ახსნილ სიყვარულზე" გაეგო, გაგიჟდებოდა, გული გაუსკდებოდა-მეთქი (იცინის). ის ხომ ცოცხალ განცდას ეტრფოდა და არა ვირტუალურს!
- იოსებ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმში სხვადასხვა ქალბატონისადმი მიწერილი სასიყვარულო ბარათებიც ვნახე...
- იყავით? ნახეთ, როგორ აქვს რეზინით ფაქიზად შეკრული და დახარისხებული ყველაფერი, ვისთან ერთად იყო, რომელ სპექტაკლზე... ეს ხომ სასწაულია! ან რა ნივთები აქვს შემონახული: ძველი აფიშები, ჩანაწერები, ფოტოები. იმ უნიკალური წიგნთსაცავისთვის, იცით, როგორ აგროვებდა რუსი კლასიკოსების წიგნებს? რუსი კლასიკოსები კი არ ჩუქნიდნენ, არამედ ყიდულობდა - 1917 წლის რევოლუციის დროს, თეთრგვარდიელები (რომელთა დიდი ნაწილი ინტელიგენციას წარმოადგენდა), რომლებიც ტოვებდნენ რუსეთს, ვერ ელეოდნენ საკუთარ კლასიკას და წიგნებიც თან მოჰქონდათ, მაგრამ ბათუმიდან საზღვარგარეთ მისი გატანა უჭირდათ. გრიშაშვილმა თავის მეგობარ გრიგორიანს, რომელსაც სრულფასოვან ქართველად მიაჩნდა თავი, დაავალა, რაც უნდა მოეთხოვათ, ნებისმიერ ფასად შეეძინა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წიგნები. ვიღაცებს ისიც ეგონათ, რომ გრიშაშვილი ცოტა უკაცრავად იყო რუსულ ენასთან. არავინ დაიჯეროს - შეიძლება, რუსულად მეტყველება უჭირდა, მაგრამ რუსული ისე ესმოდა, ბევრი ვერ დაიტრაბახებდა. იმ თავის უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ერთი წიგნიც არ დაუტოვებია წაუკითხავი. ძალიან ძუნწი კი იყო წიგნის გაცემაში, არავის ათხოვებდა, მაგრამ თავისთან იწვევდა და იქ აძლევდა წაკითხვის საშუალებას. სხვას არ მისცემდა უფლებას, მაგრამ წიგნების კითხვისას თვითონ არ ერიდებოდა მინდვრებზე შენიშვნებისა და მოსაზრებების ჩაწერას. აი, ასეთი კაცი იყო იოსებ გრიშაშვილი, რომლის შემოქმედების გაცნობას აუცილებლად ვურჩევ ახალგაზრდა თაობას.
ირმა ხარშილაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)