რატომ ვერ იჯერებდა ნინო კობერიძე მამუკა კიკალეიშვილის ნარკომანობას

რატომ ვერ იჯერებდა ნინო კობერიძე მამუკა კიკალეიშვილის ნარკომანობას

მსახიობ ნინო კობერიძეს გული სწყდება, რომ რაზეც ძალიან ბევრი აქვს ნამუშევარი, ის როლები მაყურებელმა თითქმის დაივიწყა. რაშიც დიდი შრომა არ ჩაუდია, მაყურებელი იმას აქცევს ყურადღებას. ცოტა ხნის წინ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა და ბევრს ალბათ გაახსენდა მარჯანიშვილის თეატრის ერთ დროს ცნობილი მსახიობი, რომელიც ძალიან ხშირად სპექტაკლებში მთავარ როლებს ასრულებდა.

- ბოლო რამდენიმე წელი საქართველოში არ იყავით. გვიამბეთ, სად იმყოფებოდით და რას საქმიანობდით.

- თბილისში თვრამეტი თვის განმავლობაში არ ვყოფილვარ. წასვლამდე დისკომფორტს ვგრძნობდი. არაადეკვატური შემოქმედებითი გარემოსა და ქვეყნის დავიწროებული გეოგრაფიის გამო სული მეხუთებოდა. ზოგჯერ ადამიანს ამ ყველაფრის გარღვევა გინდება. უხერხული არ გამოვა, თუ გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ სხვა გეგმებიც მქონდა, რაზეც ქალმა შეიძლება იოცნებოს.

- პირად ამბებს გულისხმობთ?

- თუ გამოუვა ადამიანს, უნდა, რომ შეცვალოს პირადიც და საქმიანობის სფეროც. იტალიაში თვრამეტი თვე ვიყავი. თბილისიდან რომ მივდიოდი, მინდოდა, სტრომბონი მენახა. იქ მუდმივმოქმედი ვულკანია და ლავა ზღვაში ჩაედინება. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. ვერც ფლორენცია და ვენეცია ვერ ვნახე.

- ამ ქალაქების ნახვაში რამ შეგიშალათ ხელი?

- როდესაც თვრამეტი თვის განმავლობაში ათ ოჯახს გამოიცვლი, ცოტა დამღლელია. ძნელია, როცა უჩვეულო ადგილას მუშაობ. მოსამსახურედ არ დავბადებულვარ. საქმე და ბევრი საინტერესო ადგილის მონახულება ერთად არ გამომივიდა. პირველად რომში ჩავედი. მინდოდა, ჩინეჩიტაში რამე გამეკეთებინა, სამწუხაროდ, ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ გამოდის ხოლმე, როგორც ჩვენ გვინდა. როცა ერთდროულად აკეთებ რამდენიმე საქმეს, არ გამოდის. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამომივიდა, ყველაფრისთვის თავი მომება. თვრამეტ თვეში ათი ოჯახის შეცვლა ძალიან რთულია. თან ენა ისე კარგად ვერ შევისწავლე, რომ ჩინეჩიტაში მეთამაშა. ამიტომაც მოვეშვი იტალიაში მსახიობობაზე ფიქრს.

ისწავლეთ იტალიური ენა?

-  რაც ოჯახში მუშაობისთვის მჭირდებოდა, ვისწავლე.

- საქართველოში საბოლოოდ დაბ­რუნდით?

- სიამოვნებით წავიდოდი კიდევ, მაგრამ ეს ასე იოლად მოსაგვარებელი არაა. თბილისში უკვე სამი თვეა, ჩამოსული ვარ. ძალიან მიჭირს ხოლმე ახალ გარემოში შესვლა. ჯერ კიდევ გამოყოლილი მაქვს იტალიის ნოსტალგია. საქართველოში ჩამოვედი და ჩემი ბავშვობის მეგობარი დავკარგე. ეს ამბავი ძალიან მძიმედ გადავიტანე.

- აღმოჩნდით სერი­ალში "ჩემი ცოლის დაქალები", რომელიც საკმაოდ პოპულარულია.

- ერთ სერიაში მივიღე მონაწილეობა და მერე რა იქნება, არ ვიცი.

- ამჯერად კეთილი მულის როლი გერგოთ.

- ისეთი მული ვარ, როგორიც ქალი ქალის მიმართ უნდა იყოს.

- გყავთ ან ხართ მული?

- არც მე ვარ და არც მყოლია მული.

- როგორ შეეჩვიეთ გადასაღებ მოედანს? რადგან ბოლო დროს სულ სხვა საქმიანობას ეწეოდით და მსახიობობასთან შეხება არ გქონიათ, სერიალში თამაში ხომ არ გაგიჭირდათ?

- რა თქმა უნდა, გადაღებებზე ძალიან ვღელავდი, მაგრამ მგონი, ყველაფერი კარგად გამოვიდა. რამდენიმე წლის წინ ვიმუშავე ფილმზე, "ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში". სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა, სადაც დარეჯანის როლი შევასრულე. იმდენად კარგად ვითამაშე, რომ რეჟისორმა მანანა ანასაშვილმა, რომელმაც იმავე სცენარის მიხედვით ფილმი გადაიღო, ჩემსავე როლზე მიმიწვია. მანანა ჩემზე ამბობდა, ამ ქალს სულ სძინავს და როგორც კი კამერა ჩაირთვება და "მატორს" დაიძახებენ, მაშინვე წამოხტება ხოლმეო. ძილის მერე ასე მუშაობას როგორ ახერხებს, არ ვიციო.

- თქვენ ასევე ითამაშეთ სპექტაკლში "მდგმურები," სადაც ხათუნას როლი გქონდათ. იმ წლებზე ალბათ დიდი ნოსტალგია გაქვთ...

- ნოსტალგია არანაირი წლების მიმართ არ მაქვს. უკეთესობას სულ ველოდები, მაგრამ რატომღაც უკეთესი დრო არ მოდის.

- თქვენ იყავით მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. თეატრში დაბრუნებას აპირებთ? გაქვთ მშობლიური თეატრიდან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- ამ თეატრში მისვლისთვის ახლა მე თავად უნდა ვიბრძოლო.

- "ჩემი ცოლის დაქალების" გადასაღებ მოედანზე რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

- ვღელავდი, რადგან ძლიერი ქალები კი მითამაშია, მაგრამ პროკურორის როლი პირველად მქონდა.

- თქვენ "შუა ქალაქში" ირაკლი ჩხეიძის ძალიან მკაცრი სიდედრი იყავით...

- მკაცრი ნაკლებად.

- ყოველ შემთხვევაში, თქვენთან ურთიერთობა ირაკლი ჩხეიძეს ნაკლებად სურდა, თუმცა თქვენი ფოტო სერიალში მანამდე დარჩა, სანამ ძველი შემადგენლობა არ დაითხოვეს.

- გადმომცეს, რომ ჩემი ფოტო სერიალში ბოლომდე იყო. ამ ორ სერიალში აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ქალი ვითამაშე.

- თქვენ რომელი უფრო მოგწონდათ?

- რა თქმა უნდა, არც ერთი მომწონდა და არც მეორე.

- რატომ აფასებთ ასე მკაცრად თქვენს გმირებს?

- ალბათ იმიტომ, რომ ორივე არარეალიზებული როლი იყო. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან უჩვეულო იყო ის ტემპები, რომლითაც "შუა ქალაქში" ვმუშაობდით. მგონია, როლი კარგად რომ ითამაშო, მასზე დიდხანს უნდა იმუშაო. მეჩვენებოდა, რომ ზერელედ ვაკეთებდი ყველაფერს. დანარჩენ მსახიობებზე არ ვლაპარაკობ. ჩემთვის "შუა ქალაქში" თამაში ცოტა უჩვეულო და დამღლელი იყო.

- მინდა, პირად ამბებზე გკითხოთ. თქვენ იყავით გათხოვილი.

- ვარ ორნაქმარევი და უშვილო (ეღიმება). პირველი მეუღლე იყო მამუკა კიკალეიშვილი, მეორე - მხატვარი ზაზა ჯორბენაძე.

- მამუკა როგორ გახსენდებათ? ის ერთ დროს ძალიან ცნობილი მსახიობი იყო.

- მამუკა, რასაკვირველია, კარგად მახსენდება. ცხრა წელი ერთად ვიყავით. მამუკა ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. მას ჰქონდა ძალიან დიდი ქარიზმა. მაგრამ, სამწუხაროდ...

- თქვენ მას გარდაცვალებამდე დაშორდით.

- მისი მხრიდან ღალატის შემდეგ ჩვენ დავშორდით ერთმანეთს.

- მამუკას შერიგების მცდელობა არ ჰქონია?

- ეს მხოლოდ მცდელობა იყო. მე მზად ვიყავი, მისთვის მეპატიებინა.

- სამწუხაროდ, მამუკა ნარკოტიკების გადამეტებული დოზის მიღების გამო გარდაიცვალა.

- კი, ნამდვილად ასე იყო.

- თქვენთვის ცნობილი იყო, რომ ის ნარკოტიკებს მოიხმარდა?

- კი, როგორ არა. მე ვიცოდი. მთელი ის პერიოდი, რაც ჩვენ დაშორებულები ვიყავით, მამუკა ჩემს ცხოვრებაში ჩნდებოდა და ბევრ რამეზე მეკითხებოდა აზრს. ჩვენ დავშორდით 1986 წელს, თუმცა მის გარდაცვალებამდე ნორმალური ურთიერთობა შევინარჩუნეთ.

- ალბათ ბევრჯერ გითქვამთ, რომ ნარკოტიკებისთვის თავი დაენებებინა...

- ჩემთვის წარმოუდგენელი იყო მისი ნარკომანობა. რამდენჯერმე მინახავს ადამიანები კაიფის მდგომარეობაში. ვერ ვხვდებოდი, რომ მამუკა ამ მდგომარეობაში იყო. სულ მეგონა, რომ ის იწებებდა ნარკომანობას და სინამდვილეში ასე არ იყო.

- ასე რატომ ფიქრობდით?

- ალბათ იმიტომ, რომ მე მამუკა ისეთ მდგომარეობაში არ მინახავს, როგორშიც ჩემი მეორე ქმარი. გაგიმხელთ, რომ მეორე მეუღლე ზაზა ჩამოყალიბებული ნარკომანი იყო. იმ მდგომარეობას, რაც ნარკომანებს აქვთ, მამუკაში ვერ ვხედავდი. ერთხელ, მაგალითად, გასტროლიდან ჩამოვედი და მეორე მეუღლე გათიშულ მდგომარეობაში ვნახე სხვა ნარკომანებთან ერთად. ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ადამიანების ჯგუფი კაიფშია.

- მამუკასთან ეს ყველაფერი რო­გორ დაიწყო?

- მამუკას ეიფორიული პერიოდები ჰქონდა. მას გაუჩნდა ძალიან ბევრი ფული...

- და გახდა პოპულარული. მახსოვს პერიოდი, როდესაც მამუკას ყველა გადაცემაში იწვევდნენ.

- მას პოპულარობა არასდროს აკლდა. ქალაქში ყოველთვის ცნობილი იყო. მერე მისი პოპულარობა საზღვრებს გასცდა. მახსოვს მამუკა, რომელიც სულ მხიარულ განწყობაზე იყო. მე მას ნარკომანად ვერ აღვიქვამდი. ერთხელ მითხრა, წამალზე ვარო, მაგრამ, ღმერთო ჩემო, მაინც არ დავიჯერე.

- ძალიან რთულია, როდესაც ქალის ცხოვრებაში ორი საყვარელი ადამიანი ნარკომანი იქნება.

- ნამდვილად ძალიან რთულია ამ ყველაფრის გახსენება და მოყოლა.

- მეორედ, როგორც მითხარით, მხატვარი შეგიყვარდათ. მას რატომ დაშორდით?

- ჩვენი დაშორების მიზეზი, რა თქმა უნდა, წამალი იყო. მე კიდევ ერთი რამ მინდა გაგიმხილოთ. ჩვენი ქორწინება რევანში იყო. ამ ორი ქორწინების შუა პერიოდში მქონდა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიყვარული. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა, რომ ძალიან შეყვარებული ვიყავი... ეს არშემდგარი სიყვარული იყო. როდესაც 29 წლის ასაკში ერთი არასრულფასოვანი ოჯახი დაგენგრა და ხვდები, რომ არაფერი დაგიშავებია, ელოდები შენს სიყვარულს. მეგონა, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი გრძნობა ჩემთან მოვიდა. სამწუხაროდ, ასე მხოლოდ მე ვფიქრობდი...

- ვინ იყო ის ადამიანი?

- ამის თქმა არ მინდა.

- ვიცნობთ, ქალაქში ცნობილი სახეა?

- არა. ჟურნალისტებს არ გეცოდინებათ.

- მას რატომ დაშორდით?

- ცოლი მოიყვანა და ამ ამბიდან მოკლე ხანში მე მეორედ გავთხოვდი.

- მას დღემდე აქვს ოჯახი?

- დაშორდა და მერე სხვა შეირთო ცოლად.

- ამ ეტაპზე თქვენი გული თავისუფალია?

- კი, აბსოლუტურად თავისუფალია. სამწუხაროდ, ჩემი გული, მგონი, მკვდარიცაა (იღიმება).

- ამბობენ, იტალიელები ლამაზი მამაკაცები არიან. იქ რომელიმე მათგანი არ მოგეწონათ?

- არა, ნამდვილად არა (იცინის). თუმცა, როგორც თავიდან გითხარით, ამის სურვილი მქონდა. მინდა გითხრათ, რომ ქუჩაში მაინცდამაინც სიმპათიური მამაკაცები არ დადიან. სიმპათიურ კაცებს ქუჩაში მხოლოდ რამდენჯერმე მოვკარი თვალი. ისინი არც გამიცნია. მოხდა ისე, რომ ოჯახებში ძირითადად მოხუცებს ვუვლიდი და მათ ძალიან, უფრო სწორად, საშინლად გამაღიზიანეს. სულ რომ არ მოგწონს და მოსავლელად რომ შეხვედი სახლში, უცებ ისეთ რამეს გეტყვის ის მიხრწნილი, რომ გაგიჟდები. ბოლოს ამ იტალიელ ბებერ კაცებზე ძალიან გავბრაზდი (იცინის). თუმცა ერთი ახალგაზრდაც იყო, ღმერთო ჩემო, არ მინდა, ვიჭორაო, მაგრამ საოცრად შეუხედავი იყო, ვერ გავყვებოდი ცოლად. თუმცა ეს იტალიაში გათხოვების რეალური შანსი იყო. მაგრამ რა მექნებოდა? ვიქნებოდი სადღაც სამხრეთ იტალიაში ქალაქ ვილასანჯევანიში, რომელიც არაფრით არაა გამორჩეული. გეუბნებათ ამ ქალაქის სახელი რამეს?

- არა, ნამდვილად.

- ვიჯდებოდი ლამაზ, სამოთახიან კეთილმოწყობილ ბინაში, საიდანაც ჩემი უსაყვარლესი ზღვის ხედით დავტკბებოდი და ვუყურებდი ამ მახინჯ კაცს (იცინის)? არ ვიცი, ეგებ, ეს უნდა გამეკეთებინა? ახლა რომ ჩამოვედი და ძალიან მძიმე პერიოდი დამიდგა, უკვე ბევრ რამეს სხვა თვალით ვუყურებ.

- კარგად მოიქეცით, რომ დაბ­რუნდით...

- იტალიაში ყოფნისას იყო პერიოდი, როდესაც ზღვის ხედიც მობეზრებული მქონდა, მაგრამ ახლა ის ქვეყანა ძალიან მენატრება. თუმცა ვნახოთ, შეიძლება, მართლა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება