- ალოო, ვინ ბრძანდებით?
- თავად რომელი ხარ?
- მე ჯონი ვარ, თქვენ?
- მე - ლიკა...
- იცით, უბრალოდ ავკრიბე ნომერი და... გამეცნობით?
- გაგეცნობი! - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ რაღაცნაირად, მრავალმნიშვნელოვნად თქვა...
ლიკა სიმაღლით მეტრ-ნახევარია, სხვა მხრივ კი არცთუ ისე ცუდი გოგოა. ბავშვობიდან მოყოლებული, მაღალი ბიჭის ცოლობაზე ოცნებობდა, თუმცა "კეთილისმსურველი" მეგობრები ყოველთვის უკარგავდნენ იმედს და "განაჩენიც" კი გამოუტანეს - შენი ქმარი აუცილებლად დაბალი და ხორცსავსე იქნებაო. ლიკა კი მაინც მოთმინებით ელოდა ტანმაღალი ბიჭის გამოჩენას...
ზემოთ ხსენებულ ჯონისაც ამ მარტივი მიზეზის გამო იოლად დათანხმდა გაცნობაზე - იქნებ ის ის იყო, ვისაც ელოდა? ყველაფერთან ერთად, ლიკა საოცრად ჯიუტი, ეშმაკი, ვერაგი და თავის თავზე შეყვარებულია და ღრმად არის დარწმუნებული, რომ მაღალი და სიმპათიური ბიჭის ცოლი გახდება. ყველა დაბალ ბიჭს ცივი უარით ისტუმრებს და ამ დაწუნება-დაწუნებაში 25 წელს მიუკაკუნა. სწორედ ამის გამო აქილიკებდნენ მეგობრები, - რაც გეზარებოდეს, ის გეძალებოდესო... შენ ისე მოგივა, დაბალი ბიჭიც სანატრელი გაგიხდებაო...
ლიკას სასიხარულოდ, ჯონი 180 სანტიმეტრი სიმაღლის აღმოჩნდა და ამან უფრო მეტად გაააქტიურა. მეგობრებსაც უმალვე ახარა, - თქვენს ჯინაზე ისეთ მაგარ ბიჭს მოვწონვარ, არც კი დაგესიზმრებათო... 7-თვიანი სატელეფონო ურთიერთობის შემდეგ ლიკამ და ჯონიმ ერთმანეთის ახლოს გაცნობა გადაწყვიტეს. ლიკამ შეხვედრის წინადღეს მეგობრებს ახარა, ხვალ ჯონის ვხვდებიო. მეგობრებმა კი უთხრეს, - თუ არ მოეწონე, მერე ნახე შენო, მაგრამ ლიკა თავის თავში დარწმუნებული იყო. რადგან ჯონი მისივე გამოგზავნილ ფოტოებზე ნანახი ჰყავდა და მოსწონდა, არხეინად გაემართა მასთან შესახვედრად. ბიჭმა ჯენტლმენობა გამოიჩინა და სატრფოს წითელი ვარდების თაიგული უყიდა. ყველაფერთან ერთად, თავიც დაიზღვია და დანიშნულების ადგილზე მანამ არ მივიდა, სანამ ლიკა არ გამოჩნდა...
სამწუხაროდ, ეს ჩვენი თავმომწონე ლიკუნა არ მოეწონა და რადგან მისი საოცნებო ქალი არ აღმოჩნდა, გადაწყვიტა, "გადაეგდო" და არ გამოჩენილიყო... აბა, თაიგული რაღაში სჭირდებოდა? თანაც, იმედგაცრუებული გოგო რამით ხომ უნდა გაეხარებინა და დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, თაიგული იქვე, პარკში, ერთ-ერთ სკამზე დაუდო, შემდეგ კი დაურეკა და უთხრა, თაიგული სადაც დატოვა. - ეგ თაიგული შენია, მე კი შენს ნახვას ვერ ვახერხებო... ლიკა მიხვდა, რაშიც იყო საქმე. ალბათ ბევრი თქვენგანი მიხვდება, რა დღეშიც ჩავარდებოდა საბრალო, მაგრამ ზემოთ ხომ აღვნიშნე ლიკას ეშმაკობისა და ვერაგობის შესახებ? ირონიულად ჩაიცინა, თაიგულს ხელი დაავლო და წავიდა...
მაშინვე მეგობრებთან მივიდა, თაიგული კი ზურგს უკან დამალა. დაქალებმა სიცილი დააყარეს, - ასე მალე რატომ მოხვედი, არ მოვიდაო? მაგრამ მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - ლიკამ ყვავილები გამოაჩინა და ნირწამხდარ გოგონებს ცხვირწინ აუფრიალა: - ვნახე, ერთმანეთი ძალიან მოგვეწონა, ეს თაიგული მაჩუქა, საქმე გამოუჩნდა და წავიდა. ერთმანეთს ხელახლა ხვალ უნდა შევხვდეთო. მართალია, გულის სიღრმეში ძალიან სწყინდა და განიცდიდა მომხდარს, მაგრამ დაქალები რომ გულზე გახეთქა და პირში ჩალაგამოვლებულები დატოვა, სახუმარო საქმე ხომ არ იყო?
ლუნა