ორი კვირის წინ ნათია მიქიაშვილი მოულოდნელად "მაესტროს" ეთერიდან გაუჩინარდა. პირველ კვირას შალვა რამიშვილს პარტნიორობა მამუკა ღლონტმა გაუწია, მეორე კვირას კი მომღერალმა ზაზა ხუციშვილმა. ჟურნალისტის გაუჩინარების შემდეგ უამრავი ჭორი აგორდა. ზოგი წერდა, რომ ნათია ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი გახდა, მაგრამ ეს ინფორმაცია არ გამართლდა. არც ივანიშვილის ტელევიზიაში მისი გადასვლა შეესაბამება სიმართლეს. ჟურნალისტზე აგორებული ჭორები მაშინ მიწყნარდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ყველა დროის სკანდალური ჟურნალისტი გათხოვდა. თავიდან არც ნათიას გათხოვების ამბავს იჯერებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მილოცვები მიიღო და ჩემს ზარსაც საკმაოდ მხიარულად უპასუხა.
ნათია:
- ტელევიზიიდან გაქრობა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, მაგრამ ის ეტაპი დამთავრდა, როდესაც ჩემს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ვლაპარაკობდი. ამ თემაზე მეტად აღარ გავაკეთებ კომენტარს, ძალიან პირადია და არ მსურს ამ თემაზე საუბარი. ჩემი მეუღლე ჩვეულებრივი მოკვდავია, ჟურნალისტიკასთან შეხება არ აქვს. ვცხოვრობთ ჩვენს სახლში და ძალიან ბედნიერი ვარ. ჯერჯერობით არ ვიცი, დავბრუნდები თუ არა ტელევიზიაში, გავთხოვდი და ამ ეტაპზე შვებულება მაქვს. უცებ მივიღე გადაწყვეტილება და ჩემ გარშემო ყველა შოკში ჩავაგდე.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათიას მეუღლე მასზე ბევრად უმცროსია და ჟურნალისტი ამიტომ მალავს საგულდაგულოდ მის ვინაობას, მაგრამ ამ კითხვაზე ბევრი იცინა და გვითხრა, რომ პირიქით - მეუღლე, რომლის სახელზე მკითხაობაც ჟურნალისტებს მოგვანდო, მასზე ერთი წლით უფროსია.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)