ბიძინა ივანიშვილის "მეცხრე არხი'', შესაძლოა, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ხელმიუწვდომელი აღმოჩნდეს, ვერც ჩვეულებრივი ანტენის საშუალებით მიიღონ და ვერც საკაბელო არხების მეშვეობით. ყოველ შემთხვევაში, ამის ალბათობა, შექმნილ ვითარებაში ძალიან დიდია. ისევე, როგორც "მაესტროს'' შემთხვევაში, ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, ივანიშვილის ტელევიზია დაბლოკოს და რაც შეიძლება მცირე სეგმენტზე მოხდეს მისი მაუწყებლობა. როგორც ჩანს, ტექნიკურად, ამ პრობლემების შექმნა აბსოლუტურად შესაძლებელია და ამიტომაც არის ხელისუფლება მშვიდად.
საქმე ის გახლავთ, "მეცხრე არხი'' ლიცენზიის არქონის გამო, ვერ მოხვდება "რუსთავი 2''-ის, "იმედის'', "პირველი არხისა'' და "მზის'' გვერდით. შესაბამისად, უფასოდ ვერ იხილავს რეგიონების მოსახლეობა და ქალაქებში ის კატეგორია, რომელსაც საშუალო და დაბალი სოციალური სტატუსი აქვს და ლუკმა-პურის ფული აქვს საძებნელი. "სილქნეტი'' და მისი მსგავსი კომპანიები "მეცხრე არხს'' ისეთივე პრობლემას შეუქმნიან, როგორც "მაესტროს'', გახსოვთ ალბათ, ვერც შალვა რამიშვილისა და ჟურნალისტების საპროტესტო აქციებმა უშველა "სილქნეტის'' მეპატრონეებს, არხი ბადეში რომ ჩაესვათ - მათ პასუხი აქვთ ერთი, კერძო კომპანიას აქვს უფლება, შერჩევით ჩასვას საკუთარ ქსელში არხები. იგივე ვითარება იქნება რეგიონულ საკაბელო ტელევიზიებშიც, საიდანაც უკვე ამოიღეს ოპოზიციური არხები, მათ შორის - "კავკასიაც''. იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს, ივანიშვილს რჩება მხოლოდ საკუთარი ძმის მფლობელობაში არსებული "გლობალ ტვ'', თუმცა ისიც რიგითი მომხმარებლისთვის საკმაოდ ძვირია, როგორც პირველადი გადასახადი, ასევე ყოველთვიური სააბონენტოც. აქ არის ერთი გამოსავალი "რესივერი'' და ე.წ. თეფში ან უფასოდ უნდა დაურიგოს მომხმარებელს, ანდა დემპინგურ ფასებში საკაბელო არხებით აჩუქოს ტელეკომპანიის ნახვის საფასური. ამით კი შესაძლოა, ეროვნული მარეგულირებლის კომისია დაინტერესდეს.
რაც შეეხება თანამგზავრული სიხშირითა და სიგნალით არხის მიწოდებას. ამ გზას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუკი "მეცხრე არხი'' "თურქსატზე'' გავა. სწორედ აქედან მაუწყებლობს "რუსთავი-2'', "იმედი'', "საზოგადოებრივი'' და ყველა, ვინც რეგიონში ამ არხებს იღებს, აქვე იყო ჩართული "მაესტროც'', თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი "მეცხრე არხის'' გავრცელებას "მაგთისატის'' საშუალებით აპირებს, რომელიც აბსოლუტურად სხვა სიხშირეზე მაუწყებლობს და "მაგთის'' სიგნალის მიღების შემთხვევაში, სხვა ქართულ არხებს ვეღარ მიიღებ. ანდა, უნდა დააყენო მეორე "რესივერი'' და მეორე "თეფში'', ასევე გადაიხადო საკმაოდ მაღალი გადასახადი. აქ კიდევ ჩნდება ერთი პრობლემა, მისცემენ სხვა ქართული არხები "მაგთისატს'' საკუთარი არხების მაუწყებლობის უფლებას, დღეისათვის "მაგთისატი'' 75 უცხოურ არხს მოიცავს მხოლოდ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ტექნიკურ პირობებში და ხელისუფლების შეზღუდვის ფონზე, რჩება ერთადერთი გამოსავალი - ივანიშვილმა თავად უყიდოს მოსახლეობას ე.წ. თეფშები და გადაუხადოს სააბონენტო, თბილისში კი უფასოდ მიაწოდოს "გლობალ ტვ''. თუმცა ეს ყველაფერი კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული. მოკლედ, ივანიშვილის მიერ დაანონსებული ტელეარხი, შესაძლოა, მხოლოდ რიგით საკაბელო არხად დარჩეს, მაქსიმუმ 100 000 მომხმარებელით. როგორც "ვერსიამ'' გაარკვია, "იგრიკა'' ფლობს საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზიას ანუ უნდა გავიდეს იმ საკაბელო ქსელში, რომელიც გაუფორმებს ხელშეკრულებას. პლუს დეკემბერში თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიაც მიიღო და მას შემდეგ გაავრცელებენ სიგნალს, რაც რომელიმე თანამგზავრს ხელშეკრულებას გაუფორმებენ. "ვერსიასთან'' საუბრისას კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი აცხადებს, რომ "იგრიკას'' მხოლოდ "საკაბელო არხითა და თანამგზავრული საშუალებით მაუწყებლობის ლიცენზია აქვს'':
- საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია "მეცხრე არხის'' ეთერში გასვლის საკითხმა, სად და როგორ უნდა ვუყუროთ ივანიშვილის ტელევიზიას?
- მას აქვს საკაბელო მაუწყებლობის საერთო ლიცენზია და ასევე, დეკემბერში მიიღო თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზია. "იგრიკა'' მაყურებელს შეუძლია მიიღოს მხოლოდ რომელიმე საკაბელო მაუწყებლის გამოყენებით, თუ მასში ჩართულია, ანდა თანამგზავრული თეფშის საშუალებით მოახერხებს მის ხილვას. ჩვეულებრივად, არასაკაბელო არხებზე ამ ტელევიზიის ყურებას ის ვერ მოახერხებს.
- შეუძლია თუ არა ამა თუ იმ თანამგზავრულ კომპანიას, უარი უთხრას "იგრიკას'' სიგნალის მიწოდებაზე?
-"იგრიკას'' აქვს ნებართვა, თანამგზავრული სიგნალით გაავრცელოს მაუწყებლობა, დანარჩენი უკვე კერძო კომპანიის გადასაწყვეტია, გაუფორმებს თუ არა ხელშეკრულებას, რა თანხაზე იქნება საუბარი, რა პარამეტრებზე და ა.შ.
მაკა კალაძე
გაზეთი "ვერსია"