ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საკუთარი კვლევის საფუძველზე აცხადებს, რომ სახელმწიფო, კონკრეტულად კი საჯარო რეესტრის სააგენტო, გაზეთებს და სააგენტოებს არათანაბარ და არახელსაყრელი პირობებში ამყოფებს. კერძოდ, ორგანიზაცია წერს, რომ საჯარო რეესტრის დაკვეთით გაზეთი "24 საათი" მოქალაქეების მიერ გაგზავნილ სარეკლამო განცხადებებს უფასოდ აქვეყნებს, როგორც თავად გაზეთში, ასევე საჯარო რეესტრის ვებ-გვერდებზე. ამასთან, 2012 წლიდან "24 საათი" საჯარო რეესტრის დაკვეთით ბეჭდავს 20-თეთრიან გაზეთს, სადაც მხოლოდ მსგავსი ტიპის განცხადებები იბეჭდება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლის მამუკა ანდღულაძის განცხადებით, მიუხედავად დიდი მცდელობისა, მან ვერც "24 საათის" ხელმძღვანელობასთან და ვერც საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან გარკვია, რა პირობებით გადასცა საჯარო რეესტრმა "24 საათს" გაზეთის დაბეჭდვის უფლება და რა თანხას უხდის ბიუჯეტიდან ამაში.
"რეზონანსი" გაზეთ "24 საათის" მთავარ რედაქტორს დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მის მიერ 2011 წელს გაკეთებული განცხადების გამოყენება გვირჩია.
"ამის შესახებ მე უკვე გავაკეთე განცხადება ორთვენახევრის წინ. ამ ორგანიზაციის ახალი განცხადება არ ვიცი რა არის, მაგრამ ადრე როცა გამოაქვეყნეს წერილი, მაშინ ვუპასუხე და ახლაც ეს არის ჩემი პოზიცია და ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით. გამოიყენეთ ის კომენტარი. 20 თეთრიან გაზეთს რაც შეეხება, მას ჩვენ არ ვამზადებთ, უბრალოდ ვბეჭდავთ. მთლიანად საჯარო რეესტრი ამზადებს ამ გაზეთს, იქ აკაბადონებენ, იქ კეთდება, ჩვენ უბრალოდ ვბეჭდავთ. მე ისიც არ ვიცი, რა თანხაა გამოყოფილი და როგორ. ჩვენ სტამბაში დაბეჭდვის ფულს გვიხდიან და ისიც არ ვიცი რამდენია ეს თანხა. მოკლედ, იმ წერილში, რომელიც 2 თვის წინ მივწერე "საერთაშორისო გამჭვირვალობას", ყველაფერზეა საუბარი", - აცხადებს პაატა ვეშაპიძე.
2011 წლის დეკემბერში "საერთაშორის გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ იმფორმაციაში ვეშაპიძე ამბობდა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ "24 საათის" შესახებ გაკეთებული დასკვნები არაკომპეტენტური და არაობიექტური იყო.
პაატა ვეშაპიძე მაშინ აცხადებდა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსგან" განსხვავებით, საჯარო რეესტრის მიერ გამოცხადებული ტენდერის კანონიერებას ეჭვქვეშ არ აყენებს და "24 საათი" სრულიად აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს.
ორგანიზაციის განცხადებას, რომ "24 საათი" , "როგორც ხელისუფლების მხარდამჭერი გამოცემა, რამდენიმე წელია, რაც მთავრობის სატენდერო განცხადებებს ექსკლუზიურად აქვეყნებს", პაატა ვეშაპიძემ " გულუბრყვილო შეცდომა" უწოდა და დღესაც ამავე პოზიციაზე რჩება.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ "24 საათი" დღეს საქართველოს მედიასივრცეში სწორედაც რომ გამონაკლისია თავისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით", - აცხადებდა ვეშაპიძე.
ვეშაპიძეს არ ეთანხმება მედიაექსპერტი ია ანთაძე, რომელიც ამბობს, რომ არა მხოლოდ პრესაში, არამედ, ტელევიზიაშიც და სხვა დანარჩენ სფეროებშიც ხელისუფლება არათანაბარ პირობებში აყენებს როგორც ადამიანებს, ასევე ორგანიზაციებს.
”საქართველოში კომპანიები ბეჭდვით მედიაში რეკლამის განთავსებაზე მცირე ოდენობის თანხას ხარჯავენ. მცირე რეკლამები და პირადი განცხადებები უძრავი ქონების, მანქანების თუ სხვა საქონლის და მომსახურების შესახებ, გაზეთებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ. მაშინ, როდესაც ერთი გაზეთი უფასოდ თავის სარეკლამო სივრცეს გთავზობს, ხოლო ამ სივრცის უკან სახელმწიფოს ფინანსები და მენეჯმენტია, სხვა გაზეთების და ინტერნეტ ვებგვერდებისთვის რეკლამის მოზიდვა სულ უფრო რთული ხდება, სამთავრობო სააგენტომ ამ პროექტით მედია ორგანიზაციებს არახელსაყრელი გარემო შეუქმნა”.
საჯარო რეესტრის პროექტი ფართოდ გაშუქდა ნაცონალური არხებით (”რუსთავი 2”; ”იმედი”). პარალელურად მისი რეკლამირება ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინენების გაგზავნით და თბილისსა და გორში პრომოაქციებით მიმდინარეობდა. ”24 საათი” სარგებელს ნახულობს, როგორც გარანტირებული სარეკლამო შემოსავლის სახით, ასევე საჯარო რეესტრის სააგენტოს პრომოაქციებით, რაც ზრდის ამ გაზეთის ცნობადობას” - წერს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო”. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა” საჯარო რეესტრის მიერ 2011 წლის ივლისში უძრავი ქონების შესყიდვაზე ნაციონალური გაზეთებისთვის ტენდერის გამოცხადებაზეც საუბრობს და მას ”პრობლემატურს უწოდებს”.
”მიუხედავად იმისა, რომ ტენდერის პროცედურა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონს არ ეწინააღმდეგება, ნათელი იყო, რომ ის საგანგებოდ ”24 საათს” მოარგეს. გაზეთი ”24 საათი” პროსახელისუფლებო ბეჭდურ მედიად მიიჩნევა. ის უკვე წლებია სარგებლობს ექსკლუზიური კონტრაქტით და სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ყველა ტენდერი ამ გაზეთში თავსდება. თუმცა მისი გამომცემელი ასეთი სახის შეფასებას არ ეთანხმება” - წერს ორგანიზაცია.
პაატა ვეშაპიძემ, გაზეთ ”24 საათის” გამომცემელმა და რედაქტორმა, განაცხადა, რომ ტენდერის პროცესი კანონის ფარგლებში წარიმართა და რომ გაზეთი არ აგებს პასუხს იმაზე, თუ რა პირობებში მოხდა მისი განხორციელება.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა” ასევე ”არაკონკურენტულ” ახალ კონტრაქტზეც წერს, რომელის მიხედვით, 2011 წლის დეკემბრიდან ”24 საათმა” უკვე არსებულ განცხადებებს, მეორადი მანქანების შესყიდვის შესახებ განცხადებების გამოქვეყნებაც დაამატა.
”მეტიც, ამ გაზეთმა 20 თეთრად ღირებული ცალკე გაზეთიც გამოსცა, სადაც მხოლოდ სარეკლამო განცხადებები ქვეყნდება. მოქალაქეებს ამიერიდან შეუძლიათ შეავსონ განცხადებები და ჩააგდონ” 24 საათის” კუთვნილ სპეციალურ ყუთებში, რომლებიც თბილისში მთავრობის კუთვნილ ჯიხურებთან მდებარეობს.
”მას შემდეგ, რაც დეკემბრის ბოლოს ტენდერით გათვალისწინებული პროექტი ამოიწურა, ”24 საათი” განაგრძობს ცალკე რეკლამებისთვის განკუთვნილი გაზეთის გამოცემას. ჩვენ რამდენიმე წერილით მივმართეთ საჯარო რეესტრის სააგენტოს, სადაც ვთხოვდით ამ საჯარო უწყებას, ეპასუხა ჩვენთვის, თუ რა პირობებით განახლდა კონტრაქტი ”24 საათთან” და რამდენი დახარჯა სამთავრობო ორგანზაციამ აღნიშნული პროექტის პოპულარიზაციისთვის. საჯარო რეესტრის სააგენტომ წერილზე არ გვიპასუხა. თუმცა, საჯარო რეესტრის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ”საერთაშორისო გამჭვირვალობას” განუცხადა, რომ ”24 საათთან” თანამშრომლობა ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესის საფუძველზე განახლდა. ჩვენი არაერთი მცდელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ ”24 საათის” გამომცემლის სატელეფონო კომენტარი მოგვეპოვებინა, წარუმატებელი აღმოჩნდა”, - წერს ორგანიზაცია საკუთარ ვებგვერდზე სპეციალურ ბლოგში.
ბლოგის ავტორი და ორგანიზაციის წარმომადგენელი მამუკა ანდღულაძე ”რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერც საჯარო რეესტრიდან მიიღო საჯარო ინფორმაცია ტენდერის შესახებ და ვერც გაზეთ ”24 საათის” ხელმძღვანელობიდან.
”ჩვენ გვაინტერესებს პირობები, იმ თანხის ოდენობა, რასაც საჯარო რეესტრი გამოყოფს ბიუჯეტიდან, მაგრამ ოფიციალურ წერილზე საჯარო რეესტრმა ინფორმაცია არ მოგვაწოდა. პაატა ვეშაპიძეს ვესაუბრე, მაგრამ სხვა პიროვნებასთან გადამამისამართა, რომელმაც ტელეფონი არ აიღო და ვერ მივიღეთ მათი კომენტარი. ეს ყველაფერი ჩვენი თანხებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ამიტომ ღია უნდა იყოს, მაგრამ არ ასაჯაროებენ”, - აცხადებს ”რეზონანსთან” საუბრისას მამიკა ანდღულაძე.
”საერთაშორისო გამჭვვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი ლიკა შავგულიძე-ბასილაია ”რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ საჯარო რეესტრის და ”24 საათის” მიერ აღნიშნული ტენდერის პირობების გასაიდუმლოვება ბევრ შეკითხვას ბადებს.
”განცხადებების ტიპის რეკლამები ბევრი გაზეთისთვის შემოსავლის სერიოზულ წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად ასეთი სასათბურე პირობები, როგორიც ”24 საათს” აქვს, რასაკვირველია სხვა გაზეთებისთვის პრობლემებს ქმნის. გამოდის, რომ სახელმწიფო ერევა კონკურენტულ ბაზარზე და არაკონკურენტულ გარემოში აგდებს დანარჩენ გაზეთებს. სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს კერძო ბიზნესში ასეთი ფორმით”, - აცხადებს ლიკა შავგულიძე-ბასიალაია.
მედია ექსპერტი ია ანთაძე”რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ ანალოგიურ არათანაბარ პირობებში არიან ტელევიზიები. შესაბამისად, მას არ უკვირს სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება პრესის მიმართ.
”პრაქტიკულად ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ფაქტებს, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არც ადამიანები, არც ორგანიზაციები, კანონის წინაშე თანაბარ პირობებში არ არიან. ზოგიერთის შესაძლებლობა მეტია, რადგან სახელმწიფოს ინტერესებში შედის ეს, ზოგიერთები კიდევ არიან პირიქით - ძალიან დისკრიმინირებულ და შევიწროვებულ პირობებში. ამის გაგრეძელებაა ისიც, რაც ხდება ”24 საათში”, თუ რა პირობებშია ეს გაზეთი და რა პირობებშია სხვა გაზეთები.
”ეს არ მიკვირს. სანამ არ შეიცვლება სიტუაცია, ვიდრე კანონის წინაშე არ იქნება ყველა თანასწორი, სანამ მედიაში, ბიზნესში, სასამართლოში არ იქნება დამოუკიდებლობა, მანამდე ჩვენ არ უნდა ველოდეთ, რომ ვინმე გაითვალისწინებს მკითხველის ინტერესებს და გაზეთებს ჩააყენებს თანაბარ პირობებში”, - აცხადებს ”რეზონანსთან” საუბრისას ია ანთაძე.
ლანა ბერიძე
იხილეთ ასევე საჯარო რეესტრი კორუფციულ სქემებში მონაწილეობს?