"მთავრობის მიერ მცირე განცხადებების სუბსიდირება გაზეთებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს" - ასეთია დასკვნა, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 6 მარტს საჯარო რეესტრისა და გაზეთ "24 საათის" ერთობლივი პროექტის კვლევისას დადო. 80-გვერდიანი სარეკლამო განცხადებების გაზეთი, რომელსაც გაზეთი "24 საათი" სახელმწიფოს სუბსიდირებით გამოსცემს, 20 თეთრი ღირს, რაც საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებია და არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა გამოცემებს. თუ ჩემს მსგავსად, საკმაოდ სქელტანიანი გამოცემის სიიაფე თქვენც გაგაკვირვებთ, პრესის გავრცელების ე.წ. სამთავრობო ჯიხურებში აუცილებლად "გაგანათლებენ", რომ გამოცემა სახელმწიფოა (?!) და ამიტომაც ღირს იაფი.
"სიტყვა და საქმე", "რეზონანსი", "ახალი თაობა", "კვირის პალიტრა", "ვერსია", "საქართველოს რესპუბლიკა", "ასავალ-დასავალი", "ალია" - ეს იმ გამოცემების არასრული ჩამონათვალია, სადაც მცირე ზომის სარეკლამო განცხადებები იბეჭდება. ზოგან ასეთი განცხადებებისთვის სპეციალური გვერდებიც კი არის გამოყოფილი. საჯარო რეესტრისა და "24 საათის" ერთობლივი გაზეთის გამოცემა, რომელიც მთლიანად სახელმწიფო ფულით ფინანსდება და მომხმარებელს დემპინგურ ფასად მიეწოდება, სავარაუდოდ, დანარჩენი გამოცემების შემოსავალზე აისახება, რომელიც წესით ასეთი სარეკლამო განცხადებების განთავსებით უნდა მიეღოთ. დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის კი რეკლამიდან მიღებული შემოსავალი არსებობის და შესაბამისად ობიექტურობის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა.
"მაშინ, როცა ერთი გაზეთი უფასოდ თავის სარეკლამო სივრცეს გვთავაზობს, ხოლო ამ სივრცის უკან სახელმწიფოს ფინანსები და მენეჯმენტია, სხვა გაზეთებისთვის და ინტერნეტვებგვერდებისთვის რეკლამების მოზიდვა სულ უფრო რთული ხდება. სამთავრობო სააგენტომ ამ პროექტით მედიაორგანიზაციებს არახელსაყრელი გარემო შეუქმნა.
იმთავითვე ნათელი იყო, რომ ტენდერი, რომელიც სახელმწიფო უწყებამ გაზეთში სარეკლამო ინფორმაციის განთავსებაზე გამოაცხადა, ერთ კონკრეტულ მედიასაშუალებაზე იყო მორგებული. ეს უნდა ყოფილიყო ნაწილობრივ ფერადი გამოცემა, სულ მცირე, კვირაში სამჯერ უნდა გამოსულიყო, გავრცელების არეალით თბილისის გარდა რეგიონებიც უნდა მოეცვა და ინგლისურენოვანი ჩანართიც უნდა ჰქონოდა - ასეთი კი მედიაბაზარზე მხოლოდ გაზეთი "24 საათი" აღმოჩნდა", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში.
თუმცა ხელისუფლების სიმპათია და ფინანსური მხარდაჭერა გამოცემას არც მანამდე აკლდა. უკვე წლებია სწორედ ის სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით - სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებული ყველა სატენდერო განცხადება განათავსოს. თუმცა სატენდერო პირობების მორგება ყველაზე უწყინარი კანონდარღვევა იყო მათ შორის, რაც სახელმწიფო ჩინოვნიკებმა თავიანთი ფავორიტი გაზეთის მედიაბაზარზე პრივილეგირებული მდგომარეობის მოსაპოვებლად ჩაიდინეს.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი 2011 წლის 29 ივლისს, პარასკევ საღამოს, სამუშაო დღის მიწურულს, 17:02 საათზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი შაბათს 00:09 საათზე დაიწყო და ორშაბათს 12:00 საათზე დასრულდა. შესაბამისად არც იყო გასაკვირი, რომ არაინფორმირებულობის გამო განაცხადი ტენდერში მონაწილეობისთვის სხვა გაზეთებმა ვერ შეიტანეს, შპს "მვპ", რომელიც გაზეთ "24 საათს" ფლობს, გამარჯვებულად გამოცხადდა და 120.960-ლარიანი კონტრაქტიც დაისაკუთრა. მაშინ, როცა საქართველოს კანონში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ცალსახად არის მითითებული, რომ: "სატენდერო კომისია გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა."
აშკარაა, რომ ტენდერი კანონის უხეში დარღვევით ჩატარდა. მაგრამ არც ამით დასრულებულა საჯარო რეესტრის მხრიდან კანონის უგულებელყოფა და მიმწოდებლის, ანუ შპს "მვპ"-ს სასარგებლოდ შეიცვალა ხელშეკრულების პირობები და რეესტრმა "24 საათს" ბიუჯეტის თანხა უშურველად გაუზარდა 131.040 ლარამდე. არადა კანონის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება. ამის შემდეგ კიდევ უფრო დაუჯერებელი ამბები მოხდა, მას მერე, რაც ამ ტენდერის უკანონობაზე ინფორმაცია გაავრცელა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", სატენდერო თანხის - 131.040 ლარის გახარჯვის შემდეგ, საჯარო რეესტრმა ახალი ტენდერის ჩატარებაზე თავი საერთოდ აღარ შეიწუხა და "24 საათთან" თანამშრომლობა ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესის საფუძველზე გააგრძელა.
იხილეთ ასევე "გაზეთებისთვის რეკლამების მოზიდვა სულ უფრო რთული ხდება"