19 მარტიდან ჟურნალ "რეიტინგთან" ერთად ახალი სერიის წიგნების შეძენას შეძლებთ. "დიდ კინოდ ქცეული წიგნები" იმ ნაწარმოებებს გააერთიანებს, რომლებმაც ლიტერატურული თვალსაზრისითაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს მსოფლიოზე და მათ მიხედვით დაუვიწყარი ფილმები შეიქმნა. როგორც წესი, სცენარის შექმნისას წიგნის სიუჟეტი იცვლება და კინემატოგრაფიის კანონებს ემორჩილება. შედეგად, ბევრი საინტერესო მომენტი თუ პასაჟი კადრს მიღმა რჩება. ასე რომ, წიგნი, რომლის მიხედვითაც ფილმს იღებენ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. სერიის პირველ წიგნად პოპულარული და დაუვიწყარი "ნათლია" შევარჩიეთ.
ავტორი
ნაწარმოები, რომლის მიხედვითაც ლეგენდარული ფილმი "ნათლია" გადაიღეს, მარიო პიუზოს ეკუთვნის. ნიუ-იორკში, იტალიურ ოჯახში დაბადებული მარიო მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა, მერე კი კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა. დაახლოებით ოცი წელი იმუშავა აშშ-ის სამთავრობო დაწესებულებებში. 1963 წელს უშტატო ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა და პროფესიონალი ლიტერატორი გახდა.
მისი პირველი წიგნი "არენა ამერიკა" 1955 წელს გამოიცა. ამას კიდევ რამდენიმე რომანი მოჰყვა, თუმცა დიდი აღიარება მწერალს მოუტანა 1969 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა "ნათლია", იტალიური მაფიის საფუძვლებსა და კანონებზე, კორუფციაზე, ძალადობასა და კეთილშობილ განგსტერ დონ კორლეონეზე. 1970-იან წლებში რომანი ბესტსელერად იქცა, 1972 წელს კი მის მიხედვით რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ ამავე სახელწოდების ლეგენდარული ფილმი გადაიღო. ფილმის სცენარი თავად პიუზომ დაწერა.
მარიო პიუზო 1999 წელს გარდაიცვალა, 79 წლის ასაკში. მისი რომანი "ომერტა" 2000 წელს გამოქვეყნდა, მისი სიკვდილის შემდეგ. უკანასკნელი რომანი "ოჯახი" კი მისმა ქვრივმა კეროლ ჯინომ დაასრულა.
ფრენსის ფორდ კოპოლა, მარიო პიუზოს მსგავსად, ამერიკაში მცხოვრები იტალიელი რეჟისორია. "ნათლიას" მუსიკის ავტორიც იტალიელია- კომპოზიტორი ნინო როტა. სურათი კინოკომპანია "პარამაუნტ პიქჩერსში" შეიქმნა და მისი ბიუჯეტი 6-7-მილიონი აშშ დოლარი იყო. ფილმის შემოსავალმა კი 268 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტმა "ნათლია" საუკეთესო განგსტერულ ფილმად დაასახელა. ფილმს სამი "ოსკარი" აქვს მიღებული: საუკეთესო ფილმის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარისა და მამაკაცის საუკეთესო როლისთვის, რომელიც მარლონ ბრანდოს გადაეცა. გარდა ამისა, "ნათლიას" ანგარიშზე კიდევ 19 სხვადასხვა ჯილდო და 17 ნომინაციაა. ფილმი ამერიკული კინემატოგრაფის ისტორიაში საუკეთესოდ მიჩნეულ 100 ფილმს შორისაა დასახელებული წამყვან პოზიციაზე.
ფილმის გადაღებები ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი პრემიერა 1972 წლის 24 მარტს გაიმართა. მთავარი როლი, მაფიოზური კლანის ხელმძღვანელის დონ კორლეონეს სახე გენიალურმა მსახიობმა მარლონ ბრანდომ შექმნა. ფილმში ასევე მონაწილეობენ ალ პაჩინო, რობერტ დიუვალი, ჯონ კაზალე და სხვა ცნობილი მსახიობები.
საინტერესო ფაქტები
პროდიუსერები სთხოვდნენ კოპოლას, პაჩინო გადასაღები მოედნიდან გაეძევებინა. გადაღებულ მასალას რომ უყურებდნენ, ერთსა და იმავე შეკითხვას სვამდნენ: "ბოლოს და ბოლოს, როდის დაიწყებს ის თამაშს?" მხოლოდ იმ სცენის ნახვის შემდეგ, როდესაც მაიკლ კორლეონე სოლოცოსა და პოლიციის კაპიტანს კლავს, ისინი მიხვდნენ კოპოლას არჩევანის მართებულობას.
კინოკომპანიას მარლონ ბრანდოს დამტკიცება არ სურდა როლზე, მისი იმდროინდელი სკანდალური საქციელის გამო, თუმცა რეჟისორის ამ არჩევანმაც გაამართლა.
ფილმის რეჟისორობა თავდაპირველად სერჯიო ლეონეს შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა და საბოლოოდ ინანა კიდეც. ერთგვარი რევანშის სახით გადაიღო მან 1984 წელს "ერთხელ ამერიკაში".
ფილმის გადაღების პროცესში კინოკომპანიას გაუჩნდა სურვილი, კოპოლასთვის წაერთმია პროექტი და ელი კაზანისთვის გადაეცა, თუმცა ბრანდომ განაცხადა, რომ თუ კოპოლას გააძევებდნენ, თვითონაც წავიდოდა.
გადაღებების დროს ბრანდოს პირში სპეციალურად ჰქონდა ჩატენილი რაღაცები, რომ ბულდოგის მსგავსი ყბები ჰქონოდა.
ალ პაჩინომ მაიკლ კორლეონეს როლს ყველაზე რთული უწოდა თავის კარიერაში.
მსახიობი ლენი მონტანა, რომელიც ლუკა ბრაზის თამაშობდა, ისე ძრწოდა მარლონ ბრანდოს დანახვაზე, რომ გამუდმებით ერეოდა ტექსტი. კოპოლას ეს ბუნებრივი ნევროზულობა ისე მოეწონა, რომ ფილმში პირდაპირ აბნეული ტექსტით ჩასვა სცენა.
ფილმში სულ 18 გვამია ნაჩვენები, ცხენის ჩათვლით.
კორლეონე სიცილიის მთიანი სოფლის სახელწოდებაა, რომელიც მრავალი წელი მაფიოზების თავშესაფარი იყო.
მარლონ ბრანდომ უარი თქვა მისთვის მინიჭებულ "ოსკარზე". ცერემონიაზე თავის ნაცვლად სცენაზე აუშვა "საშინ მსუბუქი ბუმბული", ინდიელების აპაჩთა ტომის წარმომადგენელი, რომელმაც ასევე არ აიღო პრემია. ამგვარად მსახიობს სურდა, პროტესტი გამოეხატა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის დისკრიმინაციისადმი.
ფორთოხალი ფილმში სიკვდილის სიმბოლოა, მისი გამოჩენიდან მცირე ხანში კადრში ვიღაც აუცილებლად კვდება.
კორლეონეს სახე მოგვიანებით ბეტმენის მტრის, კარმაინ ფალკონეს პროტოტიპად იქცა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)