ცნობილი ქართველი მწერალი და სცენარისტი ერლომ ახვლედიანი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ერლომ ახვლედიანის სამოქალაქო პანაშვიდი პანთეონში დღეს 13:00 საათიდან მიმდინარეობდა. მწერალსა და სცენარისტს მისი მეგობრები, ახლობლები და კოლეგები გამოეთხოვნენ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მწერალმა რეზო ჭეიშვილმა აღნიშნა, ერლომ ახვლედიანის სახით ქართულმა მწერლობამ და ლიტერატურამ ძალიან ნიჭიერი ადამიანი დაკარგა, რომელიც ყველას ძალიან დააკლდება.
"ერლომ ახვლედიანის შესახებ კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი და ვფიქრობ მისი ნაწარმოებების კრებული უნდა გამოიცეს. ის ძალიან დააკლდება ქართულ მწერლობასა და ლიტერატურას", - აღნიშნა რეზო ჭეიშვილმა.
ერლომ ახვლედიანის, როგორც სცენარისტის ღვაწლს გაუსვა ხაზი რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ. მისი თქმით, ერლომ ახვლედიანს უამრავი თაობა ჰყავდა აღზრდილი.
"მისი ღვაწლი ძალიან დიდია და მომავალი თაობა აუცილებლად იამაყებს, როცა შეიტყობს, რომ ჰყავდა ასეთი დიდი პიროვნება. ასეთი იშვიათი ადამიანების დაკარგვა ერისთვის დიდი დანაკლისია", - აღნიშნა ნანა ჯორჯაძემ.
სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ცნობილი რეჟისორები, მსახიობები; ასევე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, ნინო ქადაგიძე-ჟვანია, გოგლა ჟვანია,"ქრისტიან-დემოკრატი" გიორგი ახვლედიანი, "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და სხვა პოლიტიკოსები.
ერლომ ახვლედიანის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა.