მუსკომედიის თეატრის მსახიობი ნინო მითაიშვილი ცოტა ხნის წინ სერიალ "შუა ქალაქში" გამოჩნდა. ის პატარ ნიკას დედის, ელენეს როლს ასრულებს. მართალია, სერიალის ახალი სეზონის დაწყებისას ელენეს ეკა მოლოდინაშვილი ასახიერებდა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, რომელზეც საუბარს ერიდებიან, ეკა ნინომ ჩაანაცვლა.
- თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, რის შემდეგაც ბატონმა დათო ეგაძემ ამიყვანა თავის სპექტაკლში "ჭკუისა მჭირს", მერე დაახლოებით ორი წელი ვაკის სარდაფში ვთამაშობდი. ერთ დღეს დათო დოიაშვილმა დამირეკა და მთხოვა მივსულიყავი თეატრში შერჩევაზე და "მერი პოპინსში" პატარა ჯეინის როლზე დამამტკიცა, მას შემდეგ უკვე 6-7 წელია მუსკომედიის თეატრის მსახიობი ვარ. ამჟამად ამავე თეატრში ვმუშაობ ბატონ დათო მღებრიშვილთან "რომეო და ჯულიეტაზე", ჯულიეტას დედას, ქალბატონ კაპულეტის განვასახიერებ. ფილმებში მონაწილეობა არ მიმიღია, თუ არ ჩავთვლით ნინო ლიპარტელიანის სადიპლომო ნამუშევარს. რაც შეეხება ტელევიზიასა და სერიალებს, "შუა ქალაქამდე" ვთამაშობდი "ჟამი ყვავილობისაში", რომელიც, სამწუხაროდ, დაიხურა. შეიძლება ითქვას, რომ სატელევიზიო სივრცეში მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს.
- ამის გათვალისწინებით, არ გაგიჭირდათ სატელევიზიო სერიალზე მუშაობა?
- არ მოგატყუებთ, ძალიან გამიჭირდა და შემეშინდა კიდეც, არ ვიცოდი, რამდენად გავართმევდი თავს დაკისრებულ მოვალეობას, ეს ახალი სივრცეა ჩემთვის, თავისი განსხვავებული სპეციფიკით, ის, რაც თეატრში აუცილებელია, აქ შეიძლება უმნიშვნელო იყოს. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ამ სფეროსაც შევეგუე, ავითვისე რაღაცები და ახლა უკვე მაყურებლის წინაშე გახსნის ეტაპზე ვარ. არ შეიძლება არ აღვნიშნო შემოქმედებითი ჯგუფის დამოკიდებულება, ასეთი კარგები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ არც გავჩერდებოდი, არაჩვეულბრივად აქვთ მექანიზმი აწყობილი.
- ნინო, რაც შეეხება თქვენს ოჯახურ მდგომარეობას, რამდენადაც ვიცი შვილი გყავთ...
- კი, დიდი ხანია გათხოვილი ვარ, 18 წლისამ შევქმენი ოჯახი და მყავს 10 წლის ელენე, რომელიც სკოლის პარალელურად დადის სუხიშვილების საბალეტო სტუდიაში. ჩემი მეუღლე კი გახლავთ სამართალმცოდნე, თუმცა ამ ეტაპზე უმუშევარია.
- თურმე სერიალში თქვენი შვილის სახელი გრქმევიათ, როგორ შეხვდა ამას პატარა ელენე?
- ძალიან დადებითად. ელენე მაქსიმალურად მიწყობს ხელს მუშაობაში, სახლში მოსულს მეხმარება ტექსტის სწავლაში და დიდი სიამოვნებით მაწვდის სხვა გმირების რეპლიკებს, რითაც თვითონაც ბედნიერია.
- თქვენც ისეთივე დედა ხართ, როგორიც სერიალში ელენე?
- ხშირად ისმის ეკრანიდან ისეთი ტექსტები, რომელსაც ალბათ ყველა დედა ამბობს და მეც არ ვარ გამონაკლისი, რეალურად მეც ხშირად ვამბობ, ელენე ჭამე, ელენე იმეცადინე, ელენე არ დაგაგვიანდეს. ასე რომ, ნაწილობრივ ვგავარ ჩემს გმირს.
- თქვენი გმირი ელენე ცხოვრობდა საფრანგეთში და იქაური ემოციები და შთაბეჭდილებები გამოყოლილი აქვს საქართველოში, ხშირად ლაპარაკობს ფრანგულ მაღაზიებზე, სამოსზე. რეალურად ნინოსთვის რამდენად მნიშვნელოვანია ჩაცმა და თავის მოვლა?
- როგორც ყველა ქალისთვის, ჩემთვისაც აქტუალურია თავის მოვლა. მოუწესრიგებელი არასდროს დავდიოდი, თუმცა მას შემდეგ, რაც სერიალში გამოვჩნდი და საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამიცნო, ჩემს გარეგნობას უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევ. სამწუხაროდ, არ მაქვს იმის საშუალება, რომ ელენესავით სამოსი პარიზში ვიყიდო, ამიტომაც საჭირო ნივთებს თბილისის მაღაზიებში ვიძენ ან ინტერნეტიდან ვიწერ. ვერ ვიტყვი, რომ შოპინგს ძალიან დიდ დროს ვუთმობ, მაგრამ ვცდილობ, ამით გავხალისდე და ჩემს შვილთან ერთად, რომელიც ჩემზე მეტად გიჟდება ამ პროცესზე, შოპინგის დღე მოვაწყო.
- მას შემდეგ, რაც სერიალში გამოჩნდით, ალბათ უფრო მეტად გცნობენ, საყიდლებზე სიარულისას არ გიკლებენ ფასს, თუ პირიქით, თქვენს დანახვაზე უფრო ძვირს აფასებენ?
- ფაქტობრივად, ჯერ ორი თვეა, რაც "შუა ქალაქში" გამოვჩნდი და უკვე ვგრძნობ ხალხის განსაკუთრებულ ყურადღებას, თუმცა ფასის დაკლება-მომატებაზე არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან მსგავსი შემთხვევა ჯერ არ მქონია (იღიმება).
- მარტივად იღებთ გადაწყვეტილებას სამოსის ყიდვის თაობაზე?
- კი, მაგრამ არ მიყვარს სიჭრელე და ბევრი ჭრელი სამოსის დანახვაზე ვიბნევი, ვერაფერს ვარჩევ და სწრაფად ვტოვებ იქაურობას, მაგრამ როცა კონკრეტულ ნივთს ან სამოსს შევხედავ, ზუსტად ვხვდები, მინდა თუ არა და თუ იმ მომენტში საკმარისი თანხა არ აღმომაჩნდება, მაშინ ფულის გაჩენისთანავე მივდივარ მის საყიდლად.
- სიჭრელე არ მიყვარსო -თქვით, ალბათ თქვენი გარდერობი უფრო მუქი ფერის სამოსითაა სავსე...
- არა, ეს არ მიგულისხმია. ზოგადად, ჭრელი და ღია ფერის სამოსი მიყვარს, ზემოთ ვიგულისხმე ის, რომ ცუდად მხდის ერთად დადებული ბევრი ჭრელი სამოსი. გარდერობში შავი ფერი ნაკლებად მაქვს, უფრო ნათელ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას.
- თქვენი გმირის ელენეს ჩაცმულობა ჰგავს რეალურად თქვენს ჩაცმის სტილს?
- არა, არანაირად. მე ძირითადად შერეულ სტილში მაცვია, არასდროს ვიცვამ ერთ რომელიმე სტილში, ყოველთვის ვცდილობ შერეულად მეცვას, ელენესგან განსხვავებით, მიყვარს ექსპერიმენტები, მას თითქმის ყოველთვის აკადემიურად აცვია.
- სერიალში უფრო ხშირად შარვალი გაცვიათ. რატომ? არ გიყვართ კაბები თუ გმირი ითხოვს ასეთ ჩაცმულობას?
- ამ თემაზე გვქონდა საუბარი და აღვნიშნეთ, რომ შეიძლება ელენეს ქვედაბოლოც ეცვას და ეს არ იქნება მისი სტილიდან ამოვარდნა. რეალურ ცხოვრებში კაბას ნაკლებად ვიყენებ, ძირითადად ზაფხულობით და მაშინ, როცა ამას დრესკოდი მოითხოვს. ყოველდღიურ ცხოვრებაში შარვალს ვამჯობინებ.
- ალბათ მოდის ახალ-ახალ ტენდენციებს ადვილად ირგებთ...
- კი, თუ მომწონს და მიხდება ის, რაც მოდაში სულ ახლახან შემოვიდა, დიდი სიამოვნებით ვიცვამ, მაგრამ სამოსს მარტო იმიტომ არ მოვირგებ, რომ ის ამჟამად მოდურია.
- რაც შეეხება ფეხსაცმელს, ყოველდღიურად მაღალქუსლიანებით დადიხართ?
- ეს დამოკიდებულია ხასიათზე, ისე, ძალიან მიყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ხშირად მაცვია კიდეც. სხვათა შორის, რაც გადაღებებზე დავიწყე სიარული, მას შემდეგ რატომღაც დაბლებზე გადავედი, თორემ ქუსლიანი ფეხსაცმელი ძალიან მიყვარს.
- სერიალში ელენეს სათვალე უკეთია, ეს ელენეს აქსესუარია, თუ ნინოსი?
- ნინოსი. დიდი ხნის განმავლობაში მქონდა მხედველობის პრობლემა, ყურადღება არ მივაქციე, გამირთულდა და აი, სულ რაღაც 4-5 თვეა, რაც სათვალის ტარება დავიწყე.
- ისე, ბუნებრივად ჯდება ეს აქსესუარი ელენეს სტილში...
- კი, ნამდვილად ჯდება, გეთანხმებით.
- გარდა სათვალისა, სხვა აქსესუარებს თუ ხმარობთ?
- კი, მაგრამ ამ საკითხში მახასიათებს ამოჩემება, შეიძლება რაღაც ბეჭედი რამდენიმე თვის განმავლობაში მოუხსნელად მეკეთოს, შემდეგ მომბეზრდეს და წლობით არ მივეკარო.
- ნინო, ფორმას როგორ ინარჩუნებთ, დიეტით, ვარჯიშით, თუ კიდევ სხვა ხერხები გაქვთ?
- ალბათ აქტიური ცხოვრებით ვინარჩუნებ ფორმას, რადგან არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე. ჩემთვის ვარჯიში არის ის, რითაც თეატრში ვიტვირთები, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ამ თვის ბოლოდან ფიტნესკლუბში დავიწყო სიარული.
- ზემოთ თქვით, მას შემდეგ, რაც სერიალში გამოვჩნდი, გარეგნობას უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევო, ალბათ ამაში მაკიაჟიც იგულისხმეთ. როდესაც იღებებით, აქცენტს რაზე აკეთებთ?
- რასაკვირველია თვალზე, ტუჩზე ნაკლებად. ჩემთვის პირადად მაკიაჟი აუცილებლობას წარმოადგენს და შეიძლება ითქვას, რომ ის ჩემთვის გარეთ გასვლის ერთგვარი ფორმაა.
- რა ხერხებით უვლით კანს, თეატრში გრიმი, ტელევიზიაში ვიზაჟი, ეს ყველაფერი ხომ უარყოფითად მოქმედებს კანზე...
- სპასალონში დავდივარ და ვიყენებ იტალიური ფირმის კოსმეტიკას, რომლითაც ჩემი კანი უმკლავდება ასეთ დატვირთვას.
- როგორ ფიქრობთ, ქალი რომ მომხიბვლელად გამოიყურებოდეს, რა არის ამისთვის საჭირო – უნაკლო სილამაზე, თუ მაკიაჟითა და გემოვნებიანი სამოსითაც შეიძლება ეფექტის მოხდენა?
- ჩემი აზრით, ყველა ქალს სჭირდება მოვლა, როგორი გარეგნობაც უნდა ჰქონდეს მას, შეიძლება სულაც არ იყოს ქალი ლამაზი, მაგრამ იმდენად მოვლილი და ესთეტიკური იყოს, რომ ყურადღება მიიქციოს. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ძვირად ღირებული პროცედურების გაკეთების და კარგი კოსმეტიკის შეძენის საშუალება, მაგრამ სახლის პირობებში თუნდაც კიტრით, მაწვნითა და სხვა საშუალებებით მოუაროს კანს და ზოგადად, თავს. ასე რომ, მთავარია ქალმა მოინდომოს, რომ კარგად გამოიყურებოდეს და მიზანს აუცილებად მიაღწევს.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)