"იდეალური ქმარი" ოსკარ უაილდიდან რუპერტ ევერეტამდე

"იდეალური ქმარი" ოსკარ უაილდიდან რუპერტ ევერეტამდე

ჟურნალ "რეიტინგთან" ერთად წიგნების ახალი სერია გამოდის. "დიდ კინოდ ქცეული წიგნები" იმ ნაწარმოებებს აერთიანებს, რომლებმაც ლიტერატურული თვალსაზრისითაც დიდი გავლენა მოახდინეს და მათ მიხედვით დაუვიწყარი ფილმები შეიქმნა. "მოგწონს ფილმი? - წიგნი უკეთესია!" - ასე ჟღერს სერიის სლოგანი. წიგნი, რომლის მიხედვითაც ფილმია გადაღებული, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, რადგან ფილმის სიუჟეტის შექმნის დროს ნაწარმოების ბევრი პასაჟი რჩება ყურდაღების მიღმა. მომავალ ორშაბათს შეგიძლიათ ოსკარ უაილდის "იდეალური ქმრის" ორიგინალურ ვერსიას გაეცნოთ.

ინგლისური ლიტერატურის დიდოსტატი ოსკარ უაილდი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაიბადა 1654 წლის 18 ოქტომბერს. ბავშვობიდანვე ენამჭევრობით გამორჩეული ოსკარი იოლად ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა მხოლოდ პროგრესულად მოაზროვნეთა სიმპათიებს იმსახურებდა, რადგან ფართო საზოგადოებას არ ესმოდა მისი. უაილდი ადრეული წლებიდანვე ეწინააღმდეგებოდა ყველაფერ მასობრივსა და ოფიციალურს, უყვარდა არსებული წესების დარღვევა, ამას ჩარჩოებიდან გამოსვლას უწოდებდა, ხოლო საზოგადოებას კი ხალხის მასად ნათლავდა. წინააღმდეგობებით აღსავსე მწერლური წიაღსვლის მიუხედავად, სწორედ ხალხის ფართო მასებში გახდა პოპულარული მისი ნაწარმოებები. თავად უაილდი ამბობდა, რომ მის მოთხრობებს ვერ იგებდნენ.

წერის ნიჭი დედისგან დაჰყვა. ლედი ჯეინ ფრანჩესკა ელჯი დუბლინის ელიტარულ სალონებში საკმაოდ ცნობილი ქალბატონი იყო. უაილდების ოჯახის კარი კი იმ დროის ხელოვანთათვის მუდამ ღია იყო. ასეთ ატმოსფეროში აღზრდილ ოსკარს მამის, სერ უილიამ რობერტ უაილდის შრომისმოყვარეობა და სიჯიუტე გამოჰყვა. მართალია, სერ რობერტი, არა მხოლოდ ირლანდიაში, არამედ მთელ გაერთიანებულ სამეფოში ცნობილი ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი იყო და ხელოვნებასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ კარგად შეუწყო ხელი ვაჟის ინტელექტუალურ აღზრდასა და ხელოვნებისადმი მისწრაფების გაღვივებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოუვიდა კიდეც. წლების შემდეგ ოსკარმა ასეთი რამ თქვა: "ხელოვნება ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა", თანაც სიტყვა "ხელოვნებას" მწერალი ყოველთვის მთავრული ასოთი წერდა. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ოსკარისთვის უდიდესი გასართობი და საამური გარემო ისევ და ისევ ხელოვნება იყო, რამეთუ მხატვრულ შემოქმედებაში ჭვრეტდა "სულის ენით აუწერელ სიამეს".

ვერ იტანდა ვერაფერ ტრივიალურსა და შაბლონურს, თავად მუდამ ორიგინალურს, ნაწერიც არაჩვეულებრივი გამოსდიოდა, რაც მისი პოპულარობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი იყო. წერდა იმაზე, რაც აწუხებდა, რასაც ვერ ხედავდა, მაგრამ სურდა დაენახა. უაილდმა ინგლისურ ლიტერატურას ახალი სუნთქვა შესძინა. დიდი ენამჭევრი, ლაკონიზმისა და მხატვრულობის დიდოსტატი, იმავდროულად სატირასაც არ ერიდებოდა თანადროული საზოგადოების სამხილებლად და გასაკიცხად. ცხოვრების წესიც განსხვავებული ჰქონდა. როგორც იტყვიან, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად. ცხოვრობდა განცხრომით, სამეგობროდ ირჩევდა ხელოვნების დამფასებელ, "თავისუფალი სულის" ადამიანებს, ვისაც თამამი იდეები და ნაბიჯები არ აშინებდა.

მე-19 საუკუნის 90-იან წლებში იმდენად პოპულარული გახდა, რომ მასზე მთელი გაერთიანებული სამეფო ალაპარაკდა. მის ნაწარმოებებში, უფრო კონკრეტულად კი მის გმირებში ხშირად თავად ოსკარ უაილდს ხედავდნენ. ბევრი იჩემებდა მის ახლო ნაცნობობას. უჩვეულო ხასიათისა და ცხოვრების წესის გამო არაერთი უხამსი ჭორიც დაუყარეს. თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ...

* * *

მანამდე კი დრამატული პიესებით სა­ხელგანთქმული დუბლინელი დენდი ლონდონელი ქალბატონების გულთამპყრობელი გახდა. სწორედ აქ გაიცნო 1881 წელს კონსტანს ლოიდი, ბარიერისტ ჰორას ლოიდის ქალიშვილი, რომელმაც სამი წლის შემდეგ დუბლინში ჩააკითხა და თავი შეახსენა. ბევრი არაფერია ცნობილი წყვილის ქორწინებამდე ურთიერთობებიდან, მაგრამ უკვე 1885 წელს მათ იქორწინეს და მომდევნო ორ წელიწადში ორი ვაჟი ეყოლათ. კონსტანსი შეძლებული ოჯახის შვილი იყო და დიდი წლიური შემოსავალიც ჰქონდა, მაგრამ უაილდის ფუფუნებისადმი მიდრეკილებას და ოდიოზურ მოთხოვნებს მისი ჯიბეც კი ვერ სწვდებოდა ბოლომდე.

ცოლქმრული ცხოვრების პირველ წლებში ოსკარ უაილდმა დაუვიწყარი ნაწარმოებები შექმნა: "ქანთერვილის მოჩვენება" (1887), "ლორდ ართურ სევილის დანაშაული" (1891) და რომანი "დორიან გრეის პორტრეტი" (1891).

1890-იანი წლები უაილდისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა დრამატურგიაში. ამ პერიოდში შექმნა მან თავისი ცნობილი პიესები "სალომე" (1891), "ლედი უინდერმირის მარაო" (1893) და "იდეალური ქმარი" (1895). სამივე პიესა საზოგადოებამ დიდი აღტაცებით მიიღო და მისივე სიცოცხლეში ითარგმნა რამდენიმე ენაზე. აღსანიშნავია, რომ პიესა "სალომე" უაილდმა ფრანგულ ენაზე დაწერა.

პიესები არა მხოლოდ ლონდონისა და დუბლინის სცენებზე იდგმებოდა, არამედ ევროპისა და ამერიკის უდიდეს ქალაქებშიც. ოსკარ უაილდის განუზომელი პი­რო­ვნული პოპულარობა კი იზრდებოდა და მის შემოქმედებას ჯაბნიდა. 1890-იანი წლების მეორე ნახევარში შემოქმედებით საქმიანობაში მას თითქოს ბედი აღარ სწყალობდა. ამას დაემატა პიროვნული პრობლემები ოჯახში, უხამსი ჭორები და უაილდის პასუხი საზოგადოების აზრისადმი - კიდევ უფრო თავაშვებული ცხოვრება!

ჯერ კიდევ 1891 წელს უაილდმა გაიცნო ახალგაზრდა ალფრედ დუგლასი. ესთეტიკური სიამოვნების მიღების მიზნით მასთან სულ უფრო მეტ დროს ატარებდა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ცოლ-შვილის ნახვას თავისზე 16 წლით უმცროსი ალფრედის საზოგადოება ამჯობინა. მიზეზი კი იმ ხანებისთვის ფრიად გაუგებარი და მიუღებელი - თავისივე სქესის წარმომადგენლის სიყვარული აღმოჩნდა. ეს ლონდონისთვის მორიგი შოკი იყო, უაილდმა საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა! ეს რომ ცოლმა შეიტყო, ორივე ბავშვს ხელი მოჰკიდა და მამისეულ სახლში გადაბარგდა. რამდენიმე წელიწადში მან თვითონაც შეიცვალა და ვაჟებსაც დააკარგვინა მამის გვარი. მაგრამ აქაც ნუ ავჩქარდებით...

უაილდის ბიოგრაფები ძალისხმევას არ იშურებენ, მაგრამ ვერაფრით ხსნიან ჩამოყალიბებული მწერლისა და 37 წლის კაცის ასეთ ძირეულ ცვლილებას. მისი საქციელი, ფაქტობრივად, ორიენტაციის შეცვლა, თავზარდამცემი გამოდგა მისი შემოქმედების მოყვარულთათვის, მტრებისთვის კი - სერიოზული საკბილო. თავაშვებული ცხოვრების, ტიტანური პოპულარობისა და საზოგადოებრივი ნორმების - დოგმების ღია რღვევისთვის ოსკარს ისედაც ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავდა. გავიდა რამდენიმე წელიწადი და მის ოჯახამდეც მიაღწია საზარელმა ხმებმა, ან რაღა დაიმალებოდა, როდესაც თავად ალფრედ დუგლასის მამამ ოსკარ უაილდს სოდომის ცოდვაში სასამართლოს წინაშე დასდო ბრალი. ეს კი იმხანად სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნეოდა. ეს ამბავი კი შემდეგნაირად მოხდა: ალფრედ დუგლასი და დეკლასირებული მამამისი, ქუინსბერის მარკიზი ჯონათან დუგლასი წაკიდებული იყვნენ და ერთმანეთს გამუდმებით ლანძღვას უბარებდნენ. პირად მიმოწერაშიც საკმაოდ აუგად მიმართავდნენ ერთმანეთს. უფროსი დუგლასი გამუდმებით ცდილობდა, ვაჟისთვის სახელი გაეტეხა და ათასგვარ საძაგლობას ჰყვებოდა მასზე. როდესაც უაილდთან მისი ურთიერთობის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა, ოსკარზე შეეწმინდა ხელები და ამით მაინც გაემწარებინა ალფრედი. მან ერთ-ერთ კლუბში, სადაც მხატვრული სიტყვის დიდოსტატი ხშირად სტუმრობდა, სალანძღავი ბარათი დაუტოვა მგოსანს. ამაზე გულმოსულმა ოსკარმა სასამართლოში აღძრა სარჩელი პირადი შეურაცხყოფის გამო. მართალია, მეგობრები არწმუნებდნენ, ნუ იკადრებ, შენვე არ წაგივიდეს უარესად საქმეო, მაგრამ მწერლის მოთხოვნით, სხდომა მაინც გაიმართა. სამწუხაროდ, ოსკარ უაილდის წინააღმდეგ იმ სხდომაზევე არაერთი მამხილებელი ფაქტი გახმაურდა. მოვიყვანთ მცირე სარკასტულ ამონარიდს სასამართლო სხდომის ოქმიდან:

... ბრალმდებელი შემდეგ კითხვას უსვამს უაილდს: "ხომ არ შეუძლია დორიან გრეისადმი მხატვრის მიჯაჭვულობასა და ტრფიალს მკითხველში გარკვეული სახის ლტოლვა აღძრას?"

უაილდის პასუხი: "მკითხველის ლტო­ლვაზე მე არაფერი ვიცი".

ბრალმდებელი: "თქვენ თუ ყოფილხართ ახალგაზრდა კაცით გატაცებული?"

უაილდის პასუხი: "ზღვარს გადასულად არასდროს. მე სიყვარულს ვამჯობინებ გატაცებას, ეს უფრო ამაღლებული გრძნობაა".

ისეთ დიალოგსაც ვაწყდებით ოქმში, სადაც ბრალმდებელი უაილდის ერთ-ერთი მოთხრობის პასაჟს ჩაიკითხავს და გაუკუღმართებულ ცოდვაზე აკეთებს მინიშნებას: "როგორც ვხვდები, ესეც თქვენი დაწერილი უნდა იყოს?"

უაილდი დარბაზის დაოკებას დაელოდა და მიუგო: "რას ბრძანებთ, მისტერ ქერსონ, ეს სიტყვები შექსპირს ეკუთვნის".

ქერსონს პირკატა ეცა, მაგრამ ქაღალდებიდან კიდევ ერთი ნაწყვეტი ამოქექა რომელიღაც ლექსიდან და ჰკითხა: "ალბათ ესეც შექსპირის ნახელავი იქნება, ხომ?"

უაილდმა მშვიდად უპასუხა: "თქვენი წაკითხულის შემდეგ შექსპირისგან ბევრი აღარაფერი დარჩა, მისტერ ქერსონ".

დამსწრენი ახარხარდნენ, მოსამართლემ კი ბრძანა, თუ არ გაჩუმდებით, დარბაზს დაგატოვებინებთო.

ჯონათან დუგლასმა რამდენიმე ყმ­ა­წვილი გამონახა და დარბაზში მიიყვა­ნა, თითქოს უაილდს მათთან კავშირი ჰქონდა. თემიდას სასწორი, სამწუხაროდ, ოსკარ უაილდის წინააღმდეგ გადაიხარა. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ეს რომ მწერლის ცოლმა შეიტყო, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბავშვებს ხელი დაავლო და მეუღლის სახლი დატოვა.

* * *

ალბათ იოლი წარმოსადგენია, რაოდენ მძიმე იქნებოდა ფაქიზი სულის პატრონი მწერლისთვის რედინგის ციხის საკანში ყოფნა. თუმცა უნაყოფოდ არც პატიმრობას ჩაუვლია. გარდა იმისა, რომ მწერლის ჯანმრთელობა სატუსაღომ საგრძნობლად შეარყია, უფრო საგრძნობლად გაამდიდრა მისი პოეტური შემოქმედება. სწორედ ამ დროს დაიწერა ცნობილი პოემა "რედინგის ციხის ბალადა" და პროზაული წერილი De profundis ("სიღრმიდან").

* * *

სანამ ოთხ კედელში მყოფი უაილდი კალამს არ აჩლუნგებდა, გარეთ უცნაური რამ მოხდა. სულ ცოტა ხნის წინ ლონდონის ყველაზე ცნობილი დენდი თანდათან დავიწყებას მიეცა, თითქოს მასზე საუბარიც კი მიუღებელი გახდა. თუმცა ერთგული მეგობრის წყალობით მისი პიესების დადგმა მაინც გაგრძელდა. ასე მაგალითად, უკვე 1896 წელს პიესა "სალომე" პარიზის თეატრ "ხელოვნების" სცენაზე დაიდგა. ეს ამბავი ავტორს საპყრობილეში შეატყობინეს.

მართალია, ლონდონში ჯერ კიდევ 1892 წელს სცადა უაილდმა ამავე ნაწარმოების დადგმა და თითქოს წარმატებაც არ იყო შორს, მაგრამ პიესა აიკრძალა. კერძოდ, ბიბლიურ თემატიკაზე შექმნილი პიესების აღკვეთა ლორდ-კამერჰერმა ბრძანა ახალ კანონზე დაყრდნობით. ბეჭდური ვერსიის პუბლიკაციას კი წინ არაფერი ედგა. ფრანგულ ენაზე დაწერილი პიესა "სალომე" ინგლისურად ზემოთ ხსენებულმა ალფრედ დუგლასმა თარგმნა. მართალია, უაილდს თარგმანი არ მოეწონა, მაგრამ სიყვარულის გამო გამომცემლებს დუგლასის გვარი არ ამოაშლევინა.

* * *

პიესა "სალომე" არაერთხელ იქნა ეკრანიზებული მეოცე საუკუნეში, მისი ბოლო ეკრანიზაცია ტელესპექტაკლის სახით 1999 წელს განხორციელდა ლონდონში.

"სალომეს" დგამდნენ და დგამენ ოპერის თეატრებში, პირველი საოპერო დადგმა კი ლეგენდარულ რიჰარდ შტრაუსს ეკუთვნის. 1905 წელს დრეზდენში ჰედვიგ ლაჰმანის მიერ გერმანულ ენაზე თარგმნილი ნაწარმოები იხილა გერმანელმა მაყურებელმა. ამ ოპერის უკანასკნელი ეკრანიზაცია 2003 წელს მიეკუთვნება.

* * *

აღსანიშნავია უაილდის პიესა "იდეალური ქმარი", რომელიც პირველად 1935 წელს მოხვდა ეკრანებზე გერმანელი რეჟისორის ჰერბერტ სელპინის კინოკომედიით, უკანასკნელად კი 2001 წელს ჩეხეთში დადგა ტელერეჟისორმა ჟდენიოკ ზელენკამ. ხსენებული პიესა სულ ხუთჯერ არის ეკრანიზებული. მისი ყველაზე პოპულარული კინოვერსია "მირამაქს ფილმზს" ეკუთვნის და 1999 წელს გადაიღო რეჟისორმა ოლივერ პარკერმა. ფილმში ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ: კეიტ ბლანშეტი, მინი დრაივერი, რუპერტ ევერეტი, ჯულიანა მური, ჯერემი ნორტემი. ფილმის ბიუჯეტი 14 მლნ დოლარი იყო. ამ ფილმს ერგო პატივი, დაეხურა 1999 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი. 2000 წელს ფილმი "ოქროს გლობუსის" საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და მნიშვნელოვან ნომინაციებზე იყო წარდგენილი - რუპერტ ევერეტი მამაკაცის საუკეთესო როლზე იყო წარდგენილი, ჯულიანა მური - ქალის საუკეთესო როლზე. მიიღო ბრიტანეთის აკადემიის ნომინაცია, როგორც საუკეთესო ადაპტირებულმა სცენარმა, საუკეთესო კოსტიუმებმა და საუკეთესო გრიმმა.

ფილმის გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტები ხშირად ხუმრობდნენ, რომ ოსკარ უაილდის პიესის ეკრანიზებაში რატომღაც მთავარ როლზე აღიარებული ჰომოსექსუალი ვარსკვლავი რუპერტ ევერეტი დაამტკიცეს. ასე რომ, უაილდიდან ევერეტამდე, "იდეალურმა ქმარმა" წარმატებული გზა გაიარა.

* * *

მის პიესებს თუ თავიდან ალმაცერად უყურებდნენ სკეპტიკოსები, მე-20 საუკუნეში ერთ-ერთ ყველაზე ეკრანიზებულ ავტორად სწორედ უაილდი სახელდება. ტრაგიკომედიური ჟანრის პიესა "ლედი უინდერმირის მარაო" 1916 წლიდან კინოეკრანებზე არაერთი ვერსიით მოხვდა. 80-90-იან წლებში მთელი ევროპის მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბრიტანული ტელედადგმა უაილდის პიესის მიხედვით. ყველაზე პოპულარული კინოვერსია სახელწოდებით "კარგი ქალი" 2004 წელს გადაიღეს ესპანეთში. ფილმის რეჟისორი მაიკლ ბარკერია, მონაწილეობენ ჰელენ ჰანტი, სკარლეტ იოჰანსონი, ტომ უილკინსონი და სხვები.

* * *

სიამაყით უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ნახსენები სამივე პიესა ქართულად პირველად ითარგმნა და მკითხველთა ფართო წრისთვის ხდება ხელმისაწვდომი, რათა ეზიაროს ირლანდიური წარმოშობის დიდი ინგლისელი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის ამ გამორჩეულ პიესებს.

და ისევ უაილდზე...

1897 წელს ფინანსურად გაღარიბებული და მეგობრებისგან ზურგშექცეული ოსკარ უაილდი ციხიდან გათავისუფლდა და ლონდონის საზოგადოებაზე განაწყენებული პარიზში გადასახლდა. საფრანგეთის დედაქალაქში სახელი შეიცვალა და სებასტიან მალმოტი დაირქვა თავისი დიდი პაპის ბიძაშვილის ჩარლზ მეთიურინის რომანის გმირის მიხედვით. ჯანმრთელობაშერყეულმა და მორალურად გატეხილმა მწერალმა დიდხანს ვეღარ გასტანა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე უთქვამს: "XX ასწლეულს ვეღარ მოვესწრები, რადგან ინგლისელები ჩემი არსებობის გაგრძელებას ვეღარ აიტანენ".

განდევნილი ოსკარ უაილდი 1900 წლის 30 ნოემბერს საფრანგეთში გარდაიცვალა 46 წლის ასაკში. უკანასკნელი დღეები ერთ უბადრუკ სასტუმროში გაატარა, სადაც სიკვდილის წინ უთქვამს: "ან მე, ან ეს საძაგელი ყვავილებიანი შპალერი".

* * *

მწერალი პარიზში, "ბანიოს" სასაფლაოზე დაკრძალეს. ათიოდე წლის შემდეგ ცხედარი "ლა-შეზის" სასაფლაოზე გადაასვენეს, სადაც ჯეიქობ ეფსთაინის ფრთოსანი სფინქსის ქანდაკება დაუდგეს. დროთა განმავლობაში მგოსნის საფლავზე ასეულობით ადამიანი მიდიოდა და ემთხვეოდა სფინქსს.

* * *

ოსკარ ფინგალ ო''ფლაერტ უილს უაილდი თანამედროვე ინგლისური ენის ერთ-ერთ უდიდეს რეფორმატორად მიიჩნევა. მისი ნაწარმოებები - რომანი, ლექსები, პოემები, პიესები, მოთხრობები, ზღაპრები, წერილები, ესეები, კრიტიკა, პუბლიცისტიკა - გამუდმებით ითარგმნება და გამოიცემა მსოფლიოს ოთხმოცზე მეტ ენაზე.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს