ფალიაშვილზე მომხდარი "მკვლელობის'' დეტალებს გოჩა კვირჭიშვილი იხსენებს და ამტკიცებს, რომ დოკვაძესა და ოძელას "საქმე'' რძალმა დაუკვეთა

ფალიაშვილზე მომხდარი "მკვლელობის'' დეტალებს გოჩა კვირჭიშვილი იხსენებს და ამტკიცებს, რომ დოკვაძესა და ოძელას "საქმე'' რძალმა დაუკვეთა

თავის დროზე, ფალიაშვილზე, კვირჭიშვილის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ, გულგრილი არავინ დატოვა. 2009 წლის 25 აპრილის შემდეგ, სრულიად საქართველო ლაპარაკობდა იმაზე, თავდამსხმელები რა სისასტიკით, ჩაქუჩის თავში ჩარტყმით გაუსწორდნენ გოჩა კვირჭიშვილსა და მის ფეხმძიმე მეუღლე ელზა გულიაშვილს. დაკავებულია და 30-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ტრაგედიის ერთ მონაწილეს, დაზარალებულ კვირჭიშვილის ახლო მეგობარსა და ნათელ-მირონს ირაკლი დოკვაძეს. მიუხედავად ამისა, დღეს, ინვალიდის ეტლსმიჯაჭვული ბატონი გოჩა საქმის თავიდან აღძვრას და გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. მისი თქმით, მეხსიერებაში ამოტივტივდა მნიშვნელოვანი დეტალები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია. სწორედ ამ დეტალებზე დაყრდნობით, კვირჭიშვილი საქმის აღძვრას ითხოვს რძლის, ნანა ანდრიაშვილისა და ერთ-ერთი მეგობრის - დათო ოძელაშვილის წინააღმდეგ. გოჩა კვირჭიშვილმა თავად ისურვა "ვერსიისთვის'' ტრაგედიის დეტალები გაემხილა და იმაზეც ესაუბრა, რაც გახმაურებული დანაშაულის შესახებ აქამდე არსად თქმულა.

"ვერსია'' რესპოდენტის ნაამბობს, მცირე შემოკლებით, შელამაზების გარეშე გთავაზობთ და რადგან, მტყუან-მართალის გარკვევა ან გამოძიება ჩვენი კომპეტენცია არ არის, დასკვნების გაკეთება მათთვის მიგვინდვია, ვისაც ეს ხელეწიფება.

- მე და ირაკლი დოკვაძე 1983 წელს "გეპეიში'' კონცერტებზე ერთად გამოვდიოდით. 1992 წლის 30 დეკემბერს გვარდიის სამმართველოს მითითებით დამაპატიმრეს. დამაბრალეს, თითქოს უწმინდესს, ილია მეორეს, რომელიც ბიძად მეკუთვნის (პატრიარქი ბიცოლაჩემის ალალი ბიძაშვილია) 600 000 მანეთი გამოვართვი და გავიპარე. სინამდვილეში, ჩემგან ფულის გამოძალვა უნდოდათ. 3 თვე ვიჯექი ციხეში. იქვე იყო ირაკლიც, რომელიც სასჯელს ჯაბა იოსელიანის აფეთქების გამო იხდიდა. 1991 წლის აგვისტოს ტერაქტში 5 ადამიანი დაიღუპა. გადარჩენილ ჯაბას კი ირაკლიმ უთხრა, ზვიადისტი ვარ და ზვიადის გამო გაფეთქებდიო. დოკვაძე იმხანად ზვიადის დაცვის უფროსი იყო. 2 თვე ვიყავით საკანში ერთად. ირაკლი დოკვაძის შვილის ნათლიაც ვარ.

- გათავისუფლების შემდეგ რას საქმიანობდით?

- 1999-2001 წლებში ჩემი პროფესიით, ექიმად ვმუშაობდი. მერე პარლამენტში ჯანდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ლადო ჭიპაშვილის თანაშემწე ვიყავი. ლადო ჩემი კლასელია. ჯანდაცვის მთავარი ექსპერტი ვარ. მამაპაპისეული სახლი რომ დამინგრიეს, ფალიაშვილზე საკმაოდ დიდი ფართი მომცეს. ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში ვსწავლობდი. 90-იან წლებში საქართველოში შაქარი შემომქონდა. მოგვიანებით, ტარტუში ბიზნესიც ავაწყე და საკმაო ქონებაც დავაგროვე. დღეს ჩემი ქონება, დაახლოებით, 5-7 მილიონადაა შეფასებული... ძლიერი ოჯახიდან ვიყავი. დიდი სანაცნობო მყავდა. ნანული შევარდნაძე ჩემი ნათლია იყო. მამაჩემი კი, ვარდო კვირჭიშვილი, ედუარდ შევარდნაძის მკურნალი ექიმი გახლდათ. ბადრი პატარკაციშვილთანაც ვმეგობრობდი. რაჭის მიწისძვრის მერე, 100 000 დოლარი გადავურიცხე რაჭას.

- მოკლედ, არაა გამორიცხული, ირაკლი დოკვაძემ დანაშაული თქვენი ქონების ხელში ჩასაგდებად ჩაიდინა? ან იქნებ ციხეში აწყენინეთ რამე?

- ირაკლისთვის არაფერი მიწყენინებია. პირიქით, ხშირად ვეხმარებოდი. 15, 22 და 24 აპრილს მოვიდა ჩემთან სტუმრად. მეხვეწებოდა, წავკისში წამომყევიო. მითხრა, ბიზნესმენი ქალი გავიცანი, რომელმაც 10 000 დოლარი მომცა, რითაც დუბაიში, "სუზუკის'' ჯიპი "გრანდვიტარა'' და ოქროსფერი "დამსკი'' მაუზერი ვიყიდე, მაგრამ გასაკეთებელიაო. მთხოვა, იარაღი კარგად გესმის (ადრე, პისტოლეტის სროლაში ჩემპიონი ვიყავი) გამიკეთე და მანქანაც შემიმოწმეო. უკვე ჩაფიქრებული ჰქონია ჩემი მოკვლა. რომ წავყოლოდი, სადმე გზაში მომკლავდა. ეტყობა, გულმა მიგრძნო და არ წავყევი. იარაღი შევამოწმე, ნაწილი - ნემსა აკლდა. 22 აპრილს რომ მომაკითხა, ნემსა უკვე გაკეთებული იყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეორე ნაწილი აკლდა. 24 აპრილს ირაკლი ისევ მოვიდა იარაღის გასაკეთებლად. როგორც შევძელი, გავუკეთე. თუმცა, იარაღი მაინც არ ვარგოდა. 25 აპრილს აღარ უნდა მოსულიყო, მაგრამ დილის 12-ის ნახევარზე გვესტუმრა. მე და ელზა ვიწექით. 11 საათზე ელზამ დაქალის შვილის დაბადების დღისთვის "ითიში'' ტორტი შეუკვეთა. 2-ზე მისი დები უნდა მოსულიყვნენ და ერთად უნდა წავსულიყავით დაბადების დღეზე. კარი რომ გავაღე, ირაკლის დანახვა ისე გამიკვირდა, ვკითხე, რამე ხომ არ გიჭირს-მეთქი. მითხრა, ისე მოვედიო. სამზარეულოში შევიყვანე. ელზას თავაზიანად მიესალმა, ხელზე აკოცა და მუცელზეც მოეფერა. ყავა რომ დალია, სახლის მეორე მხარეს წავიყვანე. ჯიბიდან გასაღებების ასხმა ამოვიღე, მაგიდაზე დავდე და ვთქვი, აქ ყველა ოთახის გასაღებია-თქო. კიბეზე ავედი. დენი უნდა გამეყვანა. მაგიდაზე ჩაქუჩები და სამუშაო იარაღები ელაგა. ირაკლი ჩემი დამაფონის პასპორტს კითხულობდა. ამ დროს მექორწილეების სიგნალების ხმა გავიგე. კიბიდან მაგიდაზე ჩამოვედი. ფანჯარა გავაღე და დავლოცე. ჩემი ახლობელი დათო ოძელაშვილი დავინახე. მისი შვილის ნათლიაც ვარ. მისთვის 1 500 ლარი უნდა მიმეცა და ამიტომ მოვიდა. მაგიდიდან, მარჯვენა ფეხი როგორც კი ჩამოვდგი, დავინახე მოქნეული ჩაქუჩი. თვალთ დამიბნელდა. 3-4 წამის მერე მხედველობა აღმიდგა, მაგრამ ირაკლიმ კიდევ 3-ჯერ ჩამარტყა. რამდენიმე წუთი აქეთ-იქით დარბოდა. ამასობაში ელზას ხმა გავიგონე, გვეძახდა, დედამ საუზმე მოამზადა და ჩავიდეთო. ელზა რომ შემოვიდა და სისხლიანი თავით დამინახა, იკივლა და გაიქცა. ამოსასვლელში ირაკლი შეხვდა. ელზამ უთხრა, გოჩა ჩამოვარდნილა, თავი აქვს გატეხილი და სასწრაფოს გამოვუძახოთო. მერე, როგორც ჩანს, ირაკლის სისხლიანი ხელი დაინახა... მერე მესმოდა, ელზამ უთხრა ირაკლის, ხომ იცი, ბავშვი უნდა მეყოლოს, სასიკვდილოდ არ გამიმეტოო. ამ დროს თავის ქალის გახეთქვის, დაცემის და 5-ჯერ რაღაცის დარტყმის ხმა გავიგე. ჩემი გასაღები აღებული ჰქონდა. კარი გააღო, "ოძელა'' შემოვიდა და უთხრა: ელზას რას ერჩოდი, ნანამ ეს დაგავალაო?! ირაკლიმ უპასუხა, ელზამ დამინახა და რა მექნაო. მერე ჩემთან მოვიდნენ. "ოძელამ'' პირდაპირ სახეში შემომხედა და ირაკლის უთხრა, გოჩა თუ გადარჩა, დედა გვეტირება, შენი დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეო. ამ დროს ელზას დები მოვიდნენ. პრინციპში, ამან გადაგვარჩინა. რომ არ გავაგონეთ, დედაჩემთან ჩავიდნენ და კარი მან გაუღო. ირაკლი და ოძელა კი გავიდნენ და კარი გარედან გადაკეტეს. დედაჩემმა ელზა თავგატეხლი რომ დაინახა, მეძახდა, ელზა დაცემულა, თავი აქვს გატეხილიო. რომ ვერ მიპოვა, სასწრაფოს გამოუძახეს და ელზა წაიყვანეს. ელზა რომ მიყავდათ, სასწრაფო "ბე-ემ-ვეს'' დაჯახებია... 15 წუთის მერე, დედაჩემმა და მისმა მეგობარმა თამარამ, მომძებნეს და პატრული გამოიძახეს. მე მაშინ მხედველობა და სმენა მქონდა, მაგრამ ვერ ვმეტყველებდი. საკაცით სადარბაზოში გამომიყვანეს. თვალებში შუქი რომ მომხვდა, მაშინ გავითიშე.

- რა დაზიანებები მიიღეთ და რა დიაგნოზი დაგისვეს?

- თავის ქალის დაზიანება, მარჯვენა მხრივი კიდურების სპასტიკა (დაძაბულობა-დაჭიმულობა). 17-14 სმ-ზე თავში ძვალი არ მაქვს.

- ელზა როგორ არის?

- ვერ აზროვნებს. სხვა არაფერი ვიცი. 2011 წლის 16 დეკემბერს მინდოდა წამომეყვანა, მაგრამ დებმა სახლში არ შემიშვეს, არ მაჩვენეს. პატრული გამოვიძახეთ და ნახევარი საათი არც ისინი შეუშვეს. პატრულმა კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეს გამოუძახა, რომელმაც მითხრა, ჩაეთრიე, თორემ კიბიდან დაგაგორებო.

- მეუღლეს ნახვის უფლებას რატომ არ გაძლევენ?

- როცა ელზა საავადმყოფოში იწვა, ჩემ რძალ ნანას, ჩემი ცოლისდა ნათიასთვის 2000 დოლარი მიუცია. ნათიამ მომწერა, შე არაკაცო, კაპიკი ფული რომ არ გადაიხადე ჩემი დის გამო, 2 000 დოლარი ნანამ გადაიხადაო. ელზამ ისიც არ იცის, რომ ბავშვი ჰყავს, დები არ აჩვენებენ. ჩვენი შვილი ჩემთანაა. დედაჩემი და ძიძა უვლიან. უკვე 2 წლის და 11 თვისაა. ვარდო-გიორგი ჰიდროცეფალიით, დღენაკლული დაიბადა. ელზას ოპერაცია რესპუბლიკურში ნეიროქირურგებმა გაუკეთეს... მოკლედ, ცოლს დღემდე ვერ ვნახულობ. იმითაც სარგებლობენ, რომ ელზასთან ხელი არ მქონდა მოწერილი. 30 აპრილს, სიღნაღში უნდა მოგვეწერა ხელი. ჩანს, ელზა რაღაცას გრძნობდა და... 23 აპრილს, დიდუბის ეკლესიაში ჯვარი დავიწერეთ.

- გამოძიებით უკმაყოფილო რატომ ხართ და საქმის ხელახლა აღძვრას რატომ ითხოვთ?

- მე უფლება არ მქონდა, ეს საქმე ხელახლა აღმეძრა. მითხრეს, დამატებითი ჩვენების მიცემა აღარ შეიძლებაო. ისრაელში მკურნალობის კურსი რომ გავიარე და ჩამოვედი, მერე გამახსენდა თავდასხმის დროს ჩემთან მოსულმა დათო ოძელაშვილმა რომ უსაყვედურა ირაკლი დოკვაძეს, ელზას რას ერჩოდი, ნანამ ეს დაგავალაო?! ეს დეტალი სასამართლომ არ იცის. გამომძიებელს და ადვოკატს კი ვუთხარი ამის შესახებ, მაგრამ მითხრეს, არ თქვაო. ახლა კი მეუბნებიან, ასეთი მნიშვნელოვანი რამ რომ არ გათქმევინეს, პროკურორის და ადვოკატის დანაშაულია და იმათაც დავსჯითო.

- თქვენმა რძალმა ეს თავდასხმა რატომ მოაწყო?

- ქონება უნდოდა. ფალიაშვილის N90-ში, ანუ, იმ შენობაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ (პირველი და მესამე სართული მე მეკუთვნის. პირველი გაქირავებული მაქვს და თავს ამით ვირჩენთ. მეორეზე დედაჩემი ცხოვრობს), მეოთხე სართული მისია. გაგიმხელთ იმასაც, რომ მაგან ჩემი ძმა მოწამლა - 2007 წლის 2 ივლისს, დილის 10 საათზე ჩემი ძმა უნდა მისულიყო სახლში. 10-ის ნახევარზე ღორის მწვადი გაამზადა. შვილებს უთხრა, თქვენ არ ჭამოთ, მარხვააო. თვითონ სახლიდან გავიდა. ის მწვადი ჩემმა ძმამ ჭამა. საღამოს 6 საათზე ნანამ ცარიელი ტაფა რომ ნახა, ლაშა-გიორგისთვის უკითხავს, ერთი ნაჭერიც ხომ არ შეგიჭამიაო? ეს ჩემმა ძმისშვილებმა მიამბეს. მერე ნანამ თქვა, ის ხორცი კერატი იყო, არ ვარგოდა, ტაფაზე კი დავტოვე, მაგრამ საღამოს უნდა გადამეყარაო. მე-4 სართულს რომ დაპატრონებოდა, მეუღლე იმიტომ მოკლა.

- ისიც იცით, თქვენმა რძალმა რა თანხა გადაუხადა ირაკლი დოკვაძეს?

- 10 000 დოლარი. იმ ფულით მანქანა იყიდა ირაკლიმ. ერთი მაგდენი კიდევ უნდა მიეცა. ირაკლის 30 წელი შეუფარდეს. სასამართლოზე განაცხადა, მე არ ჩამიდენია ეს დანაშაული, გოჩა მოვიდეს პროცესზე და თქვას რომ მე გავაკეთეო. მითხრეს, სასამართლო საქმის წარმოებას ვეღარ განაგრძობსო, ამიტომ მოვითხოვე საკაცით შევეყვანე პროცესზე. ასეც მოხდა და საკაცეზე დაწოლილი, 8 საათნახევარი ვაძლევდი ჩვენებას. ჩემი პირველი ჩვენების შედეგად, ირაკლი დოკვაძეს 30 წელი მიუსაჯეს. ირაკლიმ სასამართლო პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა. ბოლო სიტყვის თქმის უფლება რომ მისცეს, მითხრა: გოჩა, ხომ იცი, რამხელა სასჯელს მისჯიან, არ გეცოდები და ისიც ხომ იცი, მარტო არ ვიყავიო. ვეღარ მოვითმინე, შევაგინე და ისიც ვუთხრი, ელზას რომ არ შეხებოდი, ნამდვილად გაპატიებდი-თქო.

- სასამართლოში ახლა რაზე ჩივით?

- ჩემი რძალი მიჩივის. "ფეისბუქზე'' დავწერე სტატუსად "ჩემმა რძალმა ჩემი ძმა მოკლა''. ვეფხია ოდიშარიამ 6 ივლისს "ნარკანი'' გაუკეთა, ეს ყველაფერი კი დათო ოძელაშვილმა დაინახა-თქო. ეს ნივთიერება იმიტომ გაუკეთეს, რომ შემოწმების შემდეგ, დაფიქსირებულიყო, თითქოს ნარკოტიკით მოკვდა ჩემი ძმა. გარდა ამისა, "გადასაყრელი'' ხორცის ამბავიც ხომ გიამბეთ. ვეფხია ოდიშარია ნანას საყვარელი გახდა... ახლა ჩემი რძალი ითხოვს, "ფეისბუქით'' ბოდიში მოვუხადო გალანძღვისა და ღირსების შელახვისთვის. სასამართლოზე აუცილებლად ვიტყვი, რომ ნანამ შეუკვეთა ჩვენი მკვლელობა. სხვაგვარად ვერ გავააქტიურე გამომძიებელი თამუნა ზედგენიძე, რომ ეს ყველაფერი დავამტკიცო. მე რომ ვერაფერი გავაგებინე სასამართლოს და გამომძიებლებს, სწორედ ამიტომ გამოვიწვიე ეს ხალხი "ფეისბუქზე''.

ნინო ხარშილაძე

გაზეთი "ვერსია"