"მე-9 არხმა", მისი მესვეურების დაპირების მიუხედავად, მაუწყებლობა პირველ აპრილს ვერ დაიწყო. როგორც ამბობენ, არსებობს ტექნიკური შეფერხებები, რომელთა დაძლევის შემდეგ არხი მალე გავა ეთერში. საზოგადოების დიდ ნაწილს ანიტერესებს, როგორ, რა საშუალებით მოახერხებს ამ არხის ყურებას ისე, რომ პარალელურად ნაციონალური არხების მიღებაც შეძლოს. უკვე გაცხადდა, რომ ეს არხი რეგიონებში ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის "გლობალ TV"-ს სატელიტური ანტენების მეშვეობით იმაუწყებლებს.
"გლობალ TV"-ს მარკეტინგისა და განვითარების დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ განაცხდა, რომ სატელიტური ანტენა და "რესივერი" (მიმღები მოწყობილობა) 120-140 ლარი ღირს, თუმცა აბონენტებთან ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება და მომხმარებლები საფასურს 10 წლის განმავლობაში დაფარავენ, ამასთანავე, პირველ წელს ისინი უფასო მომსახურებით ისარგებლებენ. აღსანიშნავია, რომ "უფასო მომსახურება" სწორედ საარჩევნო პერიოდს ემთხვევა.
ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც "გლობალ TV"-მ "მე-9 არხთან" გააფორმა ხელშეკრულება (კომპანიამ "მე-9 არხთან" დადებული კონტრაქტი მარეგულირებელ კომისიას 9 მარტს წარუდგინა), ქართულმა არხებმა: "რუსთავი-2"-მა "იმედმა", "მზემ" და "საქართველომ" "გლობალ TV"-სთან ურთიერთობა გაწყვიტეს. ანუ მათ, ვინც "გლობალ TV"-ს მომსახურებით სარგებლობას მოისურვებს, არ ექნებათ ზემოთ ჩამოთვლილი არხების ყურების საშუალება. პირველი, ვინც "გლობალ TV"-ს მომსახურებაზე უარი თქვა, ტელეკომპანია "იმედი" იყო. როგორც ამ ტელეკომპანიის 45%-ის მფლობელი გიორგი არველაძე აცხადებდა, ამის მიზეზი არის ის, რომ მისი პარტნიორი ორგანიზაცია აპირებს საკაბელო კომპანიის შექმნას და "იმედიც" სწორედ მასთან ითანამშრომლებდა, ხოლო "გლობალ TV"-ს ამ ახალი კომპანიის კონკურენტად განიხილავდნენ. ეს ახალი კომპანია კი აღმოჩნდა "ბლექ სი სატი", რომელსაც იმ მომენტში, როცა არველაძემ განცხადება გააკეთა, ჯერ კიდევ არ ჰქონდა გავლილი საკაბელო მაუწყებლობისთვის საჭირო ავტორიზაცია. შესაბამისად, ლაპარაკი კონკურენციაზე ცოტა სასაცილოც კი იყო, მით უფრო, რომ სხვა საკაბელო კომპანიებისთვის არც "იმედს" და არც სხვა არხებს საკუთარი მაუწყებლობის შეწყვეტა არ მოუთხოვიათ. აქ პოლიტიკური მოტივი იკითხება და ის, რომ ნაციონალური არხები მხოლოდ და მხოლოდ სახელისუფლებო დაკვეთას ასრულებენ. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რას წარმოადგენს ახალი საკაბელო კომპანია "ბლექ სი სატი?" ამ კომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებული ავტორიზაცია მიმდინარე წლის 24 მარტს გაიარა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ ავტორიზაცია უვადოა და ამგვარი პროცედურისთვის საფასურის გადახდა არ არის საჭირო.
"ბლექ სი სატი", იგივე "მედიაქეიშენი", 2011 წლის მარტში შეიქმნა. მისი დირექტორი და 5 პროცენტის მფლობელი მამუკა ცქიტიშვილია. კომპანიის 70 პროცენტი შპს "ბლექ სი გრუპს" ეკუთვნის, დანარჩენი წილები კი ასე ნაწილდება: გიორგი აბუაშვილი - 10%, თამარ გრძელიშვილი - 10%, ლევან გიორგაძე - 5%. თავის მხრივ, "ბლექ სი გრუპის" 70%-ს "ბლექ სი როუდი" ფლობს, 25%-ს კი - გიორგი კალანდაძე, რომელსაც ეკუთვნის "ბლექ სი როუდის" 50%, დანარჩენი წილი ამირან მამუჭაძისაა. აღსანიშნავია, რომ "ბლექ სი გრუპი", რომელიც 2005 წელს დაარსდა, კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად საქართველოში მიმდინარე საგზაო სამუშაობს აწარმოებს. ამ კომპანიაზე მოდის ამ სფეროში განხორციელებული თითქმის ყველა მსხვილი სახელმწიფო შესყიდვა. მის დამკვეთებს შორის არიან: თბილისის მერია, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ა.შ. "ბლექ სი გრუპმა" განახორციელა არაერთი საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი. როგორც კომპანიის ინტერნეტგვერდიდან ვიგებთ, მარტო ფონდ "მილენიუმის გამოწვევის" დაფინანსებით კომპანია "ბლექ სი გრუპმა" 307 მლნ ლარის სამუშაოები შეასრულა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მეტი თვალსაჩინოების მიზნით, ჩამოვთვლით რამდენიმე პროექტს, რომელიც ამ კომპანიამ განახორციელა: 2010 წელს 15-მა კომპანიამ დაასრულა ფარცხისი-წალკის გზის იმ მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც პირობების დარღვევის მოტივით ჩამოერთვა ებრაულ კომპანია "აშტრომს" და გადაეცა კომპანია "ბლექ სი გრუპს". გზის გახსნას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე სანდრა რულოვსი; 2009 წელს "ბლექ სი გრუპმა" გაიმარჯვა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ითვალისწინებდა მტკვრის მარცხენა სანაპიროს გზის კაპიტალურ შეკეთებას 2,5 მლნ ლარის მოცულობით; თბილისის მერიისა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით 2011 წლის აგვისტოში შპს "კომპანია ბლექ სი გრუპმა" დაიწყო გუდაურში მშენებარე ტურისტულ სოფელთან მისასვლელი ახალი 1500-მეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა და ა.შ.
მოკლედ, "ბლექსი გრუპის" ოპერირების სივრცე ისეთი მასშტაბურია, რომ ბუნებრივად ჩნდება ეჭვი - ხომ არ დგას ამ კომპანიის უკან კონკრეტული სახელისუფლებო ინტერესები? სხვა შემთხვევაში ძნელი დასაჯერებელია, ეს კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი უალტერნატივო ყოფილიყო. არსებობს არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ ამ კომპანიის ასეთი წარმატებული "მოღვაწეობა" უკავშირდება სააკაშვილის ხელისუფლების მეტად გავლენიან ფიგურას, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდმარე გივი თარგამაძეს, რომელიც ბოლო ხანს პარლამენტში საკმაოდ ძვირი სანახავია. თუმცა ოფიციალურად ამ კავშირის დადგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
მოკლედ, ხელისუფლება კვლავაც ჯიუტად ცდილობს, ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური დაპირისპირება წესების გარეშე ბრძოლის ასპარეზად გადააქციოს, საბოლოოდ კი დაზარალებული საზოგადოება რჩება. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც გამოდის, რომ "გლობალ ტვ"-ს სამაუწყებლოდ ქართული არხებიდან მხოლოდ: "კავკასია", "მაესტრო" და "მე-9 არხი" რჩება. თუ მოქალაქე ამ საკაბელო არხის მაუწყებლობას აირჩევს, მას ნაციონალური არხების ნახვის შესაძლებლობა აღარ ექნება. თუ სხვა საკაბელო არხების მომსახურებას ირჩევს, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი ტელეკომპანიების გადაცემების ყურების საშუალება არ ექნება. ფაქტია, ხელისუფლება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს იმას, რომ მოქალაქეებმა არჩევანი "ბლექსი სატის" სასარგებლოდ გააკეთონ. აშკარაა, რომ მოქალაქეებისთვის ამგვარი არჩევანის იძულება საზოგადოების კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რამაც შეიძლება პროცესების რადიკალიზაციას შეუწყოს ხელი, რაც, უპირველესად, სახელისუფლებო შეცდომა იქნება.
ანა გიორგაძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)