გამოჩენილი ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი ჯანსუღ ჩარკვიანი ქვეყანაში არსებული ვითარების გამო აღშფოთებას ვერ მალავს:
- დღეს ვიღაც-ვიღაცუნები გამოდიან და შეურაცხყოფენ ბიძინა ივანიშვილს, ცდილობენ სოფლელობა და ქაჯობა დასწამონ. ამ უბედურებმა ისიც არ იციან, რომ ყველაფერი სოფლიდან იწყება, არ ესმით სოფლის არსი. თბილისელი კაცი ვარ, ვერაზე დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ იმდენი თბილისელი ქაჯი მინახავს, რა დათვლის. იციან კი ამათ "ქაჯის" მნიშვნელობა? სადაც ცხოვრობ, იქაური საზოგადოების წევრი რომ ვერ გახდები, ეს არის ქაჯობა. ერთი ქუთაისელი მეგობარი მყავდა, სოსოია ხარაბაძე, მაგრამ მასზე ვინ იტყოდა, პროვინციელი ქაჯიაო, პარიზში რომ წაგეყვანა, პარიზელი გახდებოდა. თბილისში თბილისელი უნდა იყო, ზუგდიდში - ზუგდიდელი და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი უნდა იყო. ესენი კი გამოდიან და იმისთვის, რომ ივანიშვილი დაამცირონ, მის სოფლელობაზე ლაპარაკობენ. ჩამოგითვალოთ, ვინ იყვნენ სოფლელები? - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, გალაკტიონი, გოგლა ლეონიძე და სხვა დიდი ქართველები. ქალაქელი ქაჯები კი დღევანდელ პარლამენტში სხედან და ერთმანეთში არკვიონ, ვინ რა დოზის ქაჯია, ყველას ერთნაირი ღიმილი რომ დასთამაშებს სახეზე! თბილისში არწივი რომ მოფრინდეს, უნდა იცოდნენ, რომ ისიც სოფლიდან მოფრინავს და მდინარეც და წყაროც სოფლიდან იღებს სათავეს. ვაზიც სოფელში ხარობს და ისიც არ იციან, რომ პირველი ქრისტიანული ჯვარი სწორედ ვაზისგან იყო გაკეთებული. იმას, ვინც დღეს საქართველოს ღალატობს, სამშობლო არ გააჩნია და სადაც წავა, იმ მიწასაც სიამოვნებით მიებარება.
- ბიძინა ივანიშვილისთვის რომ დღემდე მოქალაქეობა არ დაუბრუნებიათ, ამას რითი ხსნით?
- ამაზე ერთმა მეგობარმა მითხრა - ამ მოქმედებით მთავრობამ საქვეყნოდ თავი მოიჭრაო. ვუპასუხე - ამათ დიდი ხანია თავი მოჭრილი აქვთ, ახლა კი მოჭრილი თავები თავიანთი ხელით გააგორეს-მეთქი. კანონს რომ ცვლიან და ბიძინა მისამართით ამბობენ, ჩვენ ვაძლევთ უფლებას, რომელ თანამდებობაზეც სურს, კენჭი იყაროსო, ამით უნდათ, რომ ნამუსი, რომელიც დიდი ხანია ახდილი აქვთ, როგორმე დაიბრუნენ. ბიძინა ჭკვიანურად მოიქცა, როდესაც თქვა, ერთი გაბედონ და მოქალაქეობა არ დამიბრუნონო! ხელისუფლება მისმა სიტყვებმა გააღიზიანა და მართლაც არ დაუბრუნა მოქალაქეობა. ბიძინა ივანიშვილმა ამ ქმედებით კიდევ ერთი შეცდომა დააშვებინა ხელისუფლებას. სასაცილოა, რომ იძახიან, ივანიშვილს რა საერთო აქვს პოლიტიკასთანო. კაცი რომ მილიარდებს იშოვის, ეს არის პოლიტიკა. როდესაც შენს ქონებას საუკეთესოდ მართავ, სახელმწიფოს მართვას ნიშნავს. ეს კაცი თან გადაჰყვა საქართველოს, თანაც ისე, რომ მადლობასაც არ ითხოვს და შემდგომში საქართველოსთვის კარგის მეტს რას გააკეთებს? უბრალოდ, კარგად იციან, რომ მშიერი და უწიგნური ადამიანების მართვა ადვილია. ამიტომაც დაამშიეს ხალხი და უწიგნურობისკენ უბიძგეს მომავალ თაობას. ამას წინათ ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს გავესაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, ვინ არის გიორგი ლეონიძე. ერთმა თქვა, როგორც ვიცი, პარლამენტარიაო. ხედავთ, რა დღეშია საქართველო? ქალწულობის ინსტიტუტზე იყო ლაპარაკი და, ერთმა გოგონამ მისამართი მოითხოვა, სად არის ეს ინსტიტუტიო? სწორედ ასეთ ხალხს მართავენ ადვილად. ამას წინათ კვლავ ახალგაზრდებთან მქონდა შეხვედრა და მკითხეს, ქართველ ახალგაზრდობას რას უსურვებთო. მეც ვუსურვე - მალე გამხდარიყავით 21 წლის-მეთქი და ატყდა ხარხარი... უნივერსიტეტის დამთავრება მაინც ადროვონ და მერე შეუშვან პარლამენტში, მაგრამ ესენი ამით ცდილობენ ამ ბავშვების გულის მოგებას.
ჩვენი უბედურება ის არის, რომ ამ ხელისუფლებას დიპლომატიის ნატამალი არ გააჩნია, "ნაცარქექიაც" კი არა აქვს წაკითხული და არ იცის, დევს ჭკუაში როგორ აჯობოს და ნაცარქექიასავით ქვის ნაცვლად ყველს გამოადინოს წყალი. ამის ნაცვლად მუშტს უღერებენ ამხელა რუსეთს და ემუქრებიან - დედას გიტირებო. ასე იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებაში ისეთი ხალხია, ვისაც საქართველო ფეხებზე ჰკიდია და მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ფიქრობს.
ნინო მაისურაძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)