როგორ მოუტანა გიგანტურმა გორილამ წარმატება მის შემქმნელებს

როგორ მოუტანა გიგანტურმა გორილამ წარმატება მის შემქმნელებს

მომავალ ორშაბათს სერიით "დიდ კინოდ ქცეული წიგნები", "რეიტინგთან" ერთად ედგარ უოლესის ცნობილ რომან "მეფე კონგს" იხილავთ. წიგნში მეორე ნაწარმოებიც იქნება - რობერტ რონი-უფროსის ისტორიამდელი რომანი "ბრძოლა ცეცხლისთვის".

მეფე კონგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია XX საუკუნის მასობრივ კულტურაში.

წარმატებული კარიერა

"მეფე კონგის" ავტორი ედგარ უოლესი ინგლისელი მწერალი, დრამატურგი, კინოსცენარისტი და ჟურნალისტი გახლდათ. 175 ნოველის, 24 პიესისა და უამრავი სტატიის ავტორი 1875 წლის 1-ელ აპრილს დაიბადა გრინვიჩში, ლონდონის სიახლოვეს.

ედგარმა მამისგან სასიამოვნო გარეგნობა მიიღო მემკვიდრეობით, მრავალმხრივი ნიჭიც ჰქონდა. თუმცა მამასავით თავქარიანიც იყო. 12 წლისამ სწავლა მიატოვა და რამდენიმე სამსახური გამოიცვალა. 1894 წელს მცირე ხნით დანიშნულიც კი იყო დეპფორდელ გოგონაზე-ედიტ ენსტრიზე, მაგრამ გაქცევა ამჯობინა და დაკისრებულ მოვალეობაზე უარი თქვა. ქვეით ჯარში ჩაეწერა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გასამგზავრებლად ემზადებოდა. მოგვიანებით სამხედრო პრესაში გადაინაცვლა, სადაც იპოვა კიდეც თავი.

პირველი რომანები ფინანსურ დანახარჯებს ვერ ამართლებდა. კომერციული წარმატება XX საუკუნის 10-20-იან წლებში ეწვია.

უოლესის ნაწარმოებების მიხედვით 170 ფილმი გადაიღეს, მათ შორის იყო ცნობილი რომანი "მეფე კონგი", რომლის სცენარის წერის დროსაც გარდაიცვალა მწერალი ჰოლივუდში 1932 წელს. მისი სცენარი მოგვიანებით სხვა ავტორებმა დაასრულეს და ერთ წელიწადში ფილმიც გადაიღეს.

უდიდესი მხატვრული მნიშვნელობის სურათი

"მეფე კონგის" რამდენიმე მულტფილმი, კომიქსი, კინოფილმი არსებობს. ყველაზე აღსანიშნავი ფილმები იყო პირველი, კლასიკური, 1933 წელს გადაღებული, 1976 წლის ვერსია და 2005 წელს გადაღებული ულამაზესი სურათი.

1930-იან წლებში გადაღებულ ფილმში პირველად გამოიყენეს ანიმაციური ფრაგმენტების ტექნიკა, რამაც რეჟისორს მისცა საშუალება, ერთ კადრში ეჩვენებინა ცოცხალი მსახიობებიც და თოჯინების მიერ განსახიერებული ურჩხულებიც.

ფილმის ფინალური სცენა ახალაშენებულ ცათამბჯენზე კრაისლერ ბილდინგზე იგეგმებოდა, რომელიც ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი შენობა უნდა ყოფილიყო. მაგრამ ემპაირ-სტეიტ-ბილდინგის მფლობელებმა მოასწრეს რამდენიმე სართულის დაშენება და სახურავზე საგანგებო მოედნის მომზადება დირიჟაბლებისთვის-ამან შენობას კვლავ შეუნარჩუნა ყველაზე მაღლის წოდება. საბოლოოდ კონგიც სწორედ იქიდან ჩამოვარდა.

1989 წელს ფილმი გააფერადეს. 1991 წელს კი, როგორც უდიდესი მხატვრული მნიშვნელობის სურათი, აშშ-ის ეროვნულ კინორეესტრში შეიტანეს.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე "ამხედრებული" კონგი

1976 წელს გადაღებულ ფილმში მოქმედება 1970-იან წლებში გადმოიტანეს. ფილმის განსაკუთრებული ხიბლი იყო ახალგაზრდა და სექსუალური, იმ დროს პოპულარობის პიკზე მყოფი ჯესიკა ლანგი-უშველებელი გორილას ხელისგულში აღმოჩენილი ეს მომხიბვლელი, ნახევრად შიშველი გოგონა ბევრ მაყურებელს იზიდავდა კინოთეატრებში.

წინა ფილმისგან განსხვავდებოდა კონგის გადმოვარდნის ადგილი-ამჯერად კონგი ემპაირ-სტეიტ-ბილდინგის ნაცვლად მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ ნაგებობაზე აძვრა და საბრძოლო ვერტმფრენებიდან დაუშინეს ცეცხლი.

ნაომი უოტსისა და მეფე კონგის რომანტიკა

განსაკუთრებულად შთამბეჭდავი გა­მოდგა 2005 წელს გადაღებული სათავგადასავლო ფილმი, პიტერ ჯეკსონის რეჟისორობით. მან მიზნად დაისახა, ორიგინალის სული დაებრუნებინა 1933 ფილმის წლის რიმეიკისთვის და იმავდროულად უთანამედროვესი კინოტექნოლოგიები გამოეყენებინა. ფილმისთვის ხელახლა დაწერეს სცენარი. პიტერ ჯეკსონს ფული არც მსახიობებზე დაუნანია და მსოფლიო დონის ვარსკვლავები მიიწვია - ნაომი უოტსი, ედრიან ბროუდი და ჯეკ ბლეკი. სურათი საკმაოდ სანახაობითი, ლამაზი, რომანტიკული და წარმატებული გამოდგა და 2006 წელს სამი "ოსკარი" მიიღო.

წიგნში შესული მეორე ნაწარმოები "ბრძოლა ცეცხლისთვის" ჟოზეფ რონი-უფროსს ეკუთვნის. ამ რომანის მიხედვით გადაღებულია ამავე დასახელების ფილმი, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო.

ორი რონის თანამშრომლობა და გაყრა

ჟოზეფ ანრი რონი-უფროსი ბელგიური წარმოშობის ფრანგი მწერალი იყო, რომელიც 1909 წლამდე უმცროს ძმა სერაფენ ჟიუსტენ ფრანსუასთან ერთად წერდა. ძმების ურთიერთთანამშრომლობით გამოვიდა რამდენიმე წიგნი, თუმცა შემდეგ ძმებმა იჩხუბეს და ორი ცალკე მწერალი გამოჩნდა ასპარეზზე-რონი-უფროსი და რონი-უმცროსი.

რონი-უფროსი გონკურის აკადემიის წევრი, საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი, 1926 წლიდან გონკურის აკადემიის პრეზიდენტიც იყო. 1980 წლიდან საფრანგეთში ჟოზეფ რონი-უფროსის პრემიას გადასცემენ საუკეთესო ნაწარმოებისთვის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მწერალი 1940 წელს პარიზში გადაიცვალა.

წარმატებული ეკრანიზება

"ბრძოლა ცეცხლისთვის" ფრანგებმა ორჯერ აქციეს ფილმად. პირველად ჯერ კიდევ წიგნის ავტორის სიცოცხლეში, 1914 წელს გადაიღო ის რეჟისორმა ჟორჟ დენოლამ. 1981 წელს კი ფრანგულ-კანადური სურათი შექმნა ცნობილმა ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ჟაკ ანომ.

ფილმის საკმაოდ წარმატებული გამოდგა და ფრანგული კინოაკადემიის მთავარი ჯილდო - "სეზარი" დაიმსახურა რამდენიმე ნომინაციაში.

გადაღებები შოტლანდიაში, კანადასა და კენიაში მიმდინარეობდა. ფილმი დებიუტი იყო კინოში რე დოუნ ჩონგისთ­ვის, რომელიც თითქმის ყველა სცენაში შიშველი თამაშობდა-მსახიობ გოგონას ნაცრისფერი თიხა ესვა სახესა და ტანზე. მსახიობის სიშიშვლის გარდა, ფილმში არის ასევე სექსთან მიმსგავსებული სცენები, რომლებშიც ასევე რე დოუნი თამაშობს.

ფილმი საკმაოდ დრამატული გამოვიდა და ფრანგული კინოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად შევიდა ამ ჟანრის ფილმებს შორის.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს