ახმეტური წყაროები და სიყვარულის ლეგენდა

ახმეტური წყაროები და სიყვარულის ლეგენდა

დარწმუნებული არ ვარ, ახმეტელების გარდა, ვინმემ თუ იცის რაიმე ახმეტის "წყაროების", ანუ ახმეტის ძველი ტყე-პარკის შესახებ. ჩემი ტოლი ახმეტელებიც კი გეტყვიან, - ერთი გაუვალი ჯაგნარია ახმეტაში, მაგას რა ისტორია უნდა ჰქონდესო! მაგრამ თურმე ჩემი პაპა და ბაბო ადრე "წყაროების" ტერიტორიას უვლიდნენ. ამიტომ "წყაროების" ისტორიაც ვიცი და ისიც მახსოვს, გულდაწყვეტილები რომ იყვნენ, - აფსუს, რა სილამაზე და სასარგებლო ჰაერი იყო "წყაროებში", ამ ადგილას ბავშვთა დასასვენებელი ბანაკებიც კი იყოო. აქეთ პაპაჩემი გაიძახოდა, - სტუმარი რომ მოგვდიოდა, "წყაროებში" გაშლილი სუფრა მოსწონდათ და იქ მიგვყავდა მოსალხენადო.

მე განსაკუთრებით "წყაროების" ლეგენდა მომწონს: ახმეტელ გოგოს და ბიჭს ერთმანეთი ჰყვარებიათ, მერე ბიჭი ომში დაღუპულა. გოგო სოფელს შესცოდებია და მისი საქმროს სახელზე წყაროს გაყვანა გადაუწყვეტია. ამის შემხედვარე ბიჭის სოფელს უთქვამს, - ჩვენ ჩვენი სოფლიდან გამოვიყვანთ წყაროს და შევახვედროთ ერთმანეთსო. ასე შეხვდა ერთმანეთს თურმე ორი წყარო და ამ ადგილსაც "წყაროები" დაერქვა. ერთი სიტყვით, გასული საუკუნის 80-იან წლებში ეს "წყაროები" ყველა ახმეტელის საყვარელი ადგილი იყო.

ერთ დღეს მამაჩემი დაბრუნდა შინ და თქვა, - ახმეტის გამგეობისთვის "წყაროების" ტყე-პარკის აღსადგენად მთავრობას ფული გამოუყვია და ალბათ მალე აღადგენენო. გულში გამიხარდა. დედაჩემმა მიუგო, - ჩვენს მთავრობას ახლა მეტი საქმე არ აქვს, ფული მაგაზე დახარჯოს, ეგ პარკი, მგონი, 13 ჰექტარიაო! არადა, "წყაროების" აღდგენა მართლა არ დაიწყო?! ჯერ ძველი შენობების ნანგრევები გაიტანეს და ჯაგნარიც გაკაფეს. სხვათა შორის, ის ძველი წყაროც გამოჩნდა, რომელიც ლეგენდის თანახმად ომში დაღუპული ბიჭის თანასოფლელებმა შეყვარებული გოგოს სოფლამდე გამოიყვანეს.

ჩვენმა გამგებელმა რომ გვითხრა, ზაფხულში არ გინდათ კარგი დასასვენებელი და გასართობი ადგილი გქონდეთო, ჩვენც აღარც დავფიქრებულვართ, და ტყე-პარკის მშენებლობაზე დასახმარებლად მივაკითხეთ, ახმეტა დედაქალაქს ვერ გაუთანაბრდება, მაგრამ აქაურ ახალგაზრდებს ხომ ისევე გვინდა გართობა და დასვენება, როგორც დიდ ქალაქებში ჩვენს თანატოლებს.

გელა ახალაური

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება