"გზის" ამ ნომერთან ერთად, "ჩემი რჩეულის" სერიით მკითხველი დიდი საზოგადო მოღვაწის, პედაგოგის, პუბლიცისტის, მწერლის - იაკობ გოგებაშვილის 4-ტომეულის მესამე ტომს - "საღმრთო ისტორიასა" და "დედა ენას" მიიღებს. ქვეყნისთვის თავგანწირული მოღვაწის ცხოვრებაზე "გზის" წინა ნომერში გიამბეთ, ამჯერად კი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის, მისი დანატოვარის მნიშვნელობაზე, მე-3 ტომში თავმოყრილი თითოეული ბავშვის სულიერი და ზნეობრივი სრულყოფისთვის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებზე სასაუბროდ, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარეს, დეკანოზ კონსტანტინეს (გიორგაძე) და გამომცემლობა "დედა ენის" დირექტორს, ქალბატონ დოდო (მარიამ) ღლონტს ვეწვიეთ.
სწორედ მათ მიერ 2006 წელს გამოცემული "დედა ენის" გარეკანის - სატიტულო მხარის ფოტო აღმოვაჩინეთ ინტერნეტში და გამოვიყენეთ იაკობ გოგებაშვილის 4-ტომეულის პირველი ტომის შიდა ყდაზე. და სწორედ ამ ფოტომ დაგვაკავშირა იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებასთან, რომელიც თავგამოდებით იღვწის იმისთვის, რომ დიდი ქართველის დანატოვარი და ხსოვნა არ დაავიწყოს ქართველ ხალხს.
დეკანოზი კონსტანტინე:
- ალბათ, საშუალება თუ მიეცემოდა, არავინ არაფერს დაიშურებდა, კომუნისტური გამყინვარების შემდეგ ისევ დაებრუნებინა ერში ასეთი დიდი ადამიანის შემოქმედება. სამწუხაროდ, საქართველოში, დიდი ტრადიციების ქვეყანაში, სადაც ენა, მამული, სარწმუნოება თითქოს წინა პლანზე დგას, არავითარი ყურადღება არ ექცევა იმას, რომ ქართული სული, ამ შემთხვევაში, გოგებაშვილის სახით, კვლავ დაგვიბრუნდეს. პირიქით - კილავენ და აკნინებენ გოგებაშვილის შემოქმედებას. მე ვხედავ თქვენ მიერ გამოცემულ წიგნებს და მახარებს, რომ, მადლობა ღმერთს, კომპიუტერის ხანაში, სადაც წიგნის კითხვა თითქოს დაავიწყდათ ადამიანებს, "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ წიგნებზე დიდი მოთხოვნილებაა.
მადლობა ღმერთს, ხალხში ეს ნაპერწკალი და პოტენციალი არის და ყოველთვისაც იქნება, მაგრამ სამწუხარო ფაქტია, რომ გოგებაშვილის "დედა ენა" ქართულ სკოლაში დღეს აღარ არსებობს. ეს შეგიძლიათ ხაზგასმითაც დაწეროთ, რადგან დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ გოგებაშვილის "დედა ენა" დაბრუნდა სკოლებში, არადა, როდესაც 2009 წელს ამ "დედა ენის" პირველი კლასის სახელმძღვანელომ გრიფი მიიღო, სატელევიზიო გამოსვლებსა თუ კონფერენციებზე განვაცხადე, 100 წლის შემდეგ "დედა ენა" კვლავ დაბრუნდა ქართულ სკოლაში-მეთქი, ჩვენს ერს მივულოცე კიდეც ეს ამბავი. ჩემი სიტყვები გაიმეორეს განათლებისა და მეცნიერების წარმომადგენლებმა. ამბობენ, დაბრუნდაო, სინამდვილეში კი - აგდებენ! 2011 წელს ხელმეორედ ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსი და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ გამოცემულ იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას" 2009 წელს 5 წლით მიენიჭა გრიფი, დღეს ის სკოლებში აღარ არის. გამოვიკვლიეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ის ახლად გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლებიც ჩვენთან ერთად მონაწილეობდა გრიფირების წინანდელ (2009 წლის) კონკურსში და ჩვენთან ერთად მიიღო გრიფი, კვლავ უცვლელად შეიტანეს სკოლაში, ჩვენი წიგნი კი - გამოაგდეს.
- არ ჰკითხეთ სამინისტროს დაწუნების მიზეზი?
- რასაკვირველია, წერილი გავუგზავნეთ და განმარტება მოვითხოვეთ, მაგრამ სავალალო პასუხი მივიღეთ. უარის ძირითად მოტივად ასახელებდნენ იმ ფაქტს, რომ ჩვენ მიერ გამოცემულ გოგებაშვილის "დედა ენაში" ხშირადაა დასახელებული სასოფლო-სამეურნეო იარაღები: ცელი, თოხი, ნამგალი, ყურძენი "თითა", თუმცა რატომ? - გარკვევით არ გვეუბნებიან. ვვარაუდობთ, რომ თანამედროვე ტერმინებითა და სახელებით უნდა ჩაგვენაცვლებინა. ჩვენ ვეკითხებით: კი, მაგრამ ხომ ვასწავლით აკაკის, ილიასა და ვაჟას ნაწარმოებებს, რომელიც სავსეა ასეთი სიტყვებით?! მაგალითად, ასო "ს"-სთან დახატულია საათი, რომელიც 12-ის ნახევარს უჩვენებს, წიგნის იმავე გვერდზე კი წერია "ათი საათი". გვედავებიან, რომ ბავშვს თავგზას ვუბნევთ, რადგან დაწერილი არ შეესატყვისება საათზე ნაჩვენებ დროს. კი, მაგრამ იმ გვერდზე ხომ არ წერია "ათი საათია", არამედ, გარკვევით წერია - "ათი საათი", რაც საათების რაოდენობას აღნიშნავს და არა - დროს...
დოდო ღლონტი:
- ფაქტობრივად, წესიერად არავის განუმარტავს, რა და რატომ შეფასდა, აბსოლუტურად უაპელაციოდ კი დაგვიწუნეს წიგნი. მე და ჩვენი საზოგადოების თანათავმჯდომარე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი გიორგი გოგოლაშვილი ძლივს გავერკვიეთ მათ 115-გვერდიან ექსპერტიზაში. შემდეგ საპასუხო წერილიც გავუგზავნეთ, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. დღეს სამინისტროში ის განყოფილებაც აღარ არსებობს, ვისთანაც ეს მიმოწერა გვქონდა.
დეკანოზი კონსტანტინე:
- საქმე ისაა, რომ იაკობ გოგებაშვილი მთელი ერის კუთვნილებაა და არა მარტო გოგებაშვილის საზოგადოებისა. ამიტომ მისი დანატოვარის, "დედა ენისა" თუ მთლიანად შემოქმედების ხელყოფას მთელი ერი უნდა აღუდგეს წინ. აბა, მარტო ერთი ორგანიზაცია რას გახდება?! აგერ, თქვენ დაწერთ, კიდევ სხვა იტყვის, ხალხის ყურამდე მივიტანთ და მერე სწორედ იმ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა იაკობ გოგებაშვილი ჩვენს ქვეყანას.
- მაშინ ის ვთქვათ, რა მნიშვნელობა აქვს გოგებაშვილის "საღმრთო ისტორიას", "დედა ენას", "ბუნების კარს", მოთხრობებს დღევანდელი საზოგადოებისთვის?
- გოგებაშვილი არის უდიდესი პედაგოგი და თანაც - მსოფლიო მნიშვნელობის. ეს გამოჩნდა XX საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც ვენესუელის ქალაქ კარაკასში მოეწყო მსოფლიოს ანბანთა კონკურსი: იქ გოგებაშვილის "ანბანს" გრან-პრი და ოქროს მედალი მიანიჭეს! მგონი, ეს ამბავი ცხადყოფს, რომ გოგებაშვილის "დედა ენა" მსოფლიოს საანბანე წიგნებს შორის პირველ ადგილზე დგას.
დოდო ღლონტი:
- იმ კონკურსზე აფასებდნენ სახელმძღვანელოს აგებისა და ანბანის სწავლების მეთოდებს. ეს გახლავთ უკვდავი პრინციპები, რომელსაც ვერ შეეხები, მხოლოდ წიგნს თუ გაამდიდრებ ახალ-ახალი მასალით. სახელმძღვანელოში, რომლითაც დღეს დაწყებით კლასებში ასწავლიან, ამ ხელშეუხებელი პრინციპების უმრავლესობა დარღვეული და დამახინჯებულია. ამიტომ იქ აღარაფერია გოგებაშვილისეული, მხოლოდ აწერია - "გოგებაშვილის მიხედვით".
დეკანოზი კონსტანტინე:
- თვითონ ანბანის პირველი სიტყვები - "აი ია" არის უნიკალური მიგნება, რაც ვერც ერთმა ერმა ვერ შეძლო. გოგებაშვილს კი უფალი დაეხმარა, რომ მიეგნო ამ პალინდრომისთვის - "აი ია" ხომ ორივე მხრიდან ერთნაირად იკითხება!.. იაკობ გოგებაშვილი მხოლოდ პედაგოგი არ იყო, ის დიდი პატრიოტიც გახლდათ. ასევე, თვითონ მოამზადა "არითმეტიკა" და მის გამოცემას აპირებდა, მაგრამ როდესაც ჯაჯანაშვილისა და ნატროშვილის გამოცემული არითმეტიკის სახელმძღვანელო ნახა, ასპარეზი უმალ ამ ავტორებს დაუთმო, - თქვენი სჯობიაო. "დედა ენაზე" კი უთქვამს, - ამაზე უკეთესი ვერსად ვნახე, ამიტომ ვერ დაგითმობთო. მას სურდა, მთელ საქართველოში მხოლოდ მისი "დედა ენა" ყოფილიყო, არა მარტო იმიტომ, რომ მისი მართლაც უნიკალური იყო, არამედ იმიტომ, რომ მთელი ქვეყანა, ერი ერთ აზრს, ერთ სიტყვას უნდა გაეერთიანებინა. გოგებაშვილის შემოქმედებაა საერთოდ უნიკალური და მასზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი. "თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდაო პანტასაო", - ასე გვემართება ქართველებს: ერს გოგებაშვილი გვყავს, ასეთი საგანძური გვაქვს და სადღაც, უკანა პლანზე გადავისროლეთ?! კომუნისტებმა ხომ "გამოაგდეს" ერთხელ სკოლიდან, უფრო სწორად, სრულიად "გამოდევნა" ვერ გაბედეს და "გამოშიგნეს", თუმცა სახელმძღვანელოს საანბანე ნაწილი და პრინციპები დატოვეს. დღეს კი, საქართველო რომ დამოუკიდებელი ქვეყანაა და აღარც კომუნისტები არიან, გოგებაშვილი საერთოდ "გამოაძევეს". ეს არ არის განგაშის ზარების რეკის მიზეზი?!
დოდო ღლონტი:
- გოგებაშვილის "საღმრთო სჯულის" გამოცემაც მის "დედა ენას" უკავშირდება. "დედა ენას" აქვს სამოძღვრებო ნაწილი - მოთხრობები წმინდანთა ცხოვრებაზე, რომელიც მესამე კლასში ისწავლებოდა. იქვეა რამდენიმე ნაკვეთი სახარებიდან და ფსალმუნებიდან ნუსხა-ხუცურით, რადგან იმხანად დაწყებით კლასში ნუსხა-ხუცურსაც სწავლობდნენ - ანუ ბავშვი ემზადებოდა საეკლესიო ცხოვრების წესისთვის. თითქმის ყოველწლიურად გამოიცემოდა "დედა ენა" და პირველი თუ მეორეკლასელი ბავშვისთვის რამდენიმე ასო-ნიშნის სწავლება ქრისტიანული სწავლების ელემენტებს უკავშირდებოდა.
ჩვენ მიერ გამოცემული "დედა ენის" შედგენის დროსაც, მამა კონსტანტინეს მოთხოვნითა და კურთხევით, სწორედ ეს პრინციპები დავიცავით. მაგალითად, ასო "გ"-ზე "ანგელოზი" (კომუნისტებმა "გემით" შეცვალეს) და ასო "ყ"-ზე "საყდარი" ჰქონდა გოგებაშვილს და ასე დავტოვეთ, მაგრამ ასო "ჯ"-ზე მეთაური სიტყვა შევცვალეთ. გოგებაშვილს "ჯარა" ჰქონდა, კომუნისტებმა "ჯამით" შეცვალეს და რადგან "ჯარას" მნიშვნელობა ნაკლებად იციან ახლანდელმა ბავშვებმა, დიდი განხილვის შემდეგ გოგებაშვილის მიერ ასო "ჯ"-ზე რიგითად მოცემული ბავშვებისთვის პატარაობიდანვე ნაცნობი სიტყვა - "ჯვარი" მთავარ სიტყვად გამოვიტანეთ. იქნებ ბევრმა არც იცის, რომ იაკობ გოგებაშვილმა საქართველოში მცხოვრები არაქართველი ბავშვებისთვის სხვა "დედა ენა" შეადგინა.
გოგებაშვილის "დედა ენა" მაქსიმალურად დაცლილი იყო ქრისტიანული ელემენტებისგან, მაგრამ მან "ანგელოზი", რომელიც მუსლიმანებსაც ჰყავთ და "ჯვარი", რომელიც წარმართობიდან მოდის და მხოლოდ აღდგომის შემდეგ შეიმოსა ქრისტიანულად, დატოვა - იცოდა, რომ არაქრისტიან ბავშვებსა და მათ ოჯახებს დაბრკოლებად არ ექცეოდათ. "დედა ენას" კი მხოლოდ მესამე კლასში დაურთო სამოძღვრებო ნაწილი... იაკობ გოგებაშვილი გახლდათ ჩვენი უდიდესი ეპისკოპოსის, წმინდანის, გაბრიელ ქიქოძის მრევლი. წარმოიდგინეთ, რამე რომ შეშლოდა, მამა გაბრიელის თვალსა და ყურს გამოეპარებოდა? პირიქით, როდესაც ავიწროებდნენ, ებრძოდნენ, მის დასაცავად ეგზარქოსს წერილიც კი მისწერა.
დეკანოზი კონსტანტინე:
- გოგებაშვილს მაშინაც ებრძოდნენ და ახლაც ებრძვიან. კიდეც უთქვამს: "დედა ენის" დაცვას გაცილებით მეტი დრო მოვანდომე, ვიდრე მის დაწერასო. და მაინც დაიცვა სამართლიანად... რით განსხვავდება, იცით, ჩვენ მიერ გამოცემული გოგებაშვილის "დედა ენა" დღეს სკოლებში შეტანილი "დედა ენისგან"? როგორც ადამიანს აქვს სული და ხორცი, ასევეა წიგნიც. ჩვენს გამოცემულ წიგნს ორივე აქვს - სულიცა და ხორციც, იმას კი მხოლოდ ხორცი აქვს.
- თუ იცით სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების აზრი თქვენს "დედა ენასა" ან იმაზე, რასაც ახლა სწავლობენ?
- კარგი კითხვაა. რასაკვირველია, ვიცი, რადგან თვითონ ვნახე, როგორ კოცნიდნენ ბავშვები ჩვენს "დედა ენას", როგორ ეფერებოდნენ. მეტსაც გეტყვით: როდესაც ამ სახელმძღვანელოს გამოსაცემად ვამზადებდით, ოპერატორები სხვა წიგნის ტექსტების აკრეფით რომ იღლებოდნენ, "დედა ენის" აკრეფას იწყებდნენ, - ამით ვისვენებთო.
- სახელმძღვანელოების მომდევნო კონკურსში არ მიიღებთ მონაწილეობას?
- მომდევნო კონკურსი 6 წლის შემდეგაა, მანამდე კი ბავშვებმა იმ სახელმძღვანელოთი უნდა ისწავლონ. იმედს მაინც არ ვკარგავთ - წვიმას, რაგინდ დიდხანსაც უნდა გაგრძელდეს, ყოველთვის დარი მოჰყვება, ამიტომ ჩვენც გამოდარებას ველოდებით.
ირმა ხარშილაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)