დედოფლისწყაროს რაიონში, სადაც დღევანდელი მიწისძვრის ეპიცენტრი დაფიქსირდა, ნგრევის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ფლობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსსს" დეფოლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ბაღაშვილმა განუცხადა, უკვე გადაამოწმეს რაიონის რამდენიმე სოფელში ინფორმაცია, სადაც ნგრევა ან სხვა რაიმე ზარალი არ დაფიქსირებულა.
მისივე თქმით, დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებში ინფორმაციების გადამოწმება გრძელდება.
ამასთან, ”ინტერპრესნიუსს” კორესპონდენტის ცნობით, მოსახლეობაში სერიოზული პანიკაა, მშობლები ბავშვების სკოლის შენობაში დატოვებას თავს არიდებენ.
საქართველოში დღეს დილით მიწისძვრა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას უნივერსიტეტის სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრა 08:40 საათზე დაფიქსირდა და მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან, სოფელ ყარაღაჯთან დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქშიც საკმაოდ იგრძნობოდა.
სეისმოლოგთა ინფორმაციით, აღნიშნული სიმძლავრის მიწისძვრა ახალ შენობებს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა, თუმცა ძველ და ამორტიზირებული ნაგებობებისთვის სახიფათოა.