ლექს-სენი: "ხშირად გადავშალოთ გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები"

ლექს-სენი: "ხშირად გადავშალოთ გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები"

ლექსების წერა სტუდენტობისას დაიწყო, თუმცა საზოგადოებამ ის მაინც რეპით და მეტად პრობლემური შინაარსის სიმღერების ტექსტებით გაიცნო. "ყველა სიახლის" მკითხველს თავის ლიტერატურულ გემოვნებაზე რეპერი ლექს-სენი - ლექსო ქავთარაძე ესაუბრება:

- წიგნების კითხვას ადრე უფრო დიდ დროს ვუთმობდი. ამჟამად უდროობის გამო დიდი ნაწარმოებების კითხვას თითქმის ვერ ვახერხებ. მეგობრებმა საინტერესო სტატია თუ მირჩიეს, იმას ვკითხულობ. ლიტერატურულ პროცესს ინტერნეტითაც ვადევნებ თვალს, მაგრამ წიგნს სხვა ხიბლი აქვს.

- ყველაზე კარგი მკითხველი როდის იყავი?

- ალბათ, სტუდენტობის პერიოდში. როდესაც ძიების პროცესში ხარ, გონებაც ადვილად ითვისებს ყველაფერს... ფილოსოფიის ფაკულტეტი დავამთავრე და, აქედან გამომდინარე, ბევრი ფილოსოფოსის ნააზრევის გაცნობაც მომიხდა.

- საყვარელი მწერალი...

- ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ყველა კარგ მწერალს სიამოვნებით ვუბრუნდები. ბოლოს მარკესის ნაწარმოებები გადავიკითხე. ძალიან მიყვარს გოეთე. ვაჟა-ფშაველას კი ვერავის შევადარებ...

- ბავშვობაში რომელი ლიტერატურული გმირი მოგწონდა?

- ცნობიერებაში ღრმად ჩამრჩა "მატეო ფალკონე". მახსოვს, ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ სიმართლეს მგზნებარედ ვიცავდი ხოლმე...

- კითხვა ვინ შეგაყვარა?

- დედამ. ყოველთვის კარგ ნაწარმოებებს მირჩევდა და ბუნებრივად გამიჩნდა სურვილი, მეც წამეკითხა.

- ფილოსოფოსთაგან ვის გამოარჩევდი?

- ანტიკური ხანიდან მოყოლებული, პოსტმოდერნისტული პერიოდის ფილოსოფიით დამთავრებული, ყველას გავეცანი, მაგრამ არისტოტელე განსაკუთრებულად მომწონს. დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი ნიცშეს, კანტს, ჰაიდეგერს...

- დღევნდელი საზოგადოების წიგნიერებაზე რას ფიქრობ?

- მდგომარეობა საგანგაშოდ არ მიმაჩნია, უბრალოდ, ინფორმაცია ისე მოზღვავდა... ბევრი ახალი, საინტერესო ავტორი გამაცნეს ჩემმა მეგობრებმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემ გარშემო წიგნიერების პრობლემა არ დგას.

- ლექსების წერა როდის დაიწყე?

- სტუდენტობისას. ხშირად ლექსი მუსიკასთან ერთადაც იბადება. სადღეისოდ ორი კრებული მაქვს გამოცემული, ახლაც ვმუშაობ და სათანადო რაოდენობის ლექსი რომ დამიგროვდება, მესამესაც გამოვცემ.

- ბევრი არ მიიჩნევს რეპერებს ინტელექტუალებად...

- თუ წიგნიერებას გულისხმობთ, სამწუხაროდ, ეს მოსაზრება სიმართლესთან ახლოსაა. ბევრი გაუნათლებელი რეპერი მინახავს, მაგრამ რეპში მთავარია, რას და როგორ ამბობ. ის, ვინც რეპი შექმნა და უმაღლეს წერტილამდე მიიყვანა (თუფაქს გულისხმობს - დ. ო.), ძალიან განათლებული და წიგნიერი იყო. საერთოდ კი, კითხვა აზროვნების განვითარებას არ ნიშნავს. ბევრი ნაკითხი ადამიანი მინახავს, რომელთა აზროვნებაც ნულს უტოლდება. ჩემი აზრით, რეპში წარმატებას ინტელექტი განსაზღვრავს.

- როდესაც მუსიკას წერ, ფიქრობ, რომ მას ინტელექტუალები მოისმენენ?

- როდესაც რამეს ქმნი, რა თქმა უნდა, ფიქრობ იმაზეც, ვის მოეწონება. ხშირად შემიმჩნევია, რომ ჩემი მუსიკა დაუწუნებია იმას, ვისაც მდარე პროდუქცია მოსწონს. ასეთი ადამიანების კრიტიკა ჩემთვის სტიმულივითაა.

- ჩვენი სინამდვილე რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?

- ნაწარმოებისა რა გითხრათ, მაგრამ პირველი, რაც გამახსენდა, საქვეყნოდ ცნობილი ფრაზაა: ჩვენი რეალობა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს...

- რის წაკითხვას გვირჩევს ლექს-სენი?

- თუ ძალიან გვინდა, ჩავწვდეთ ადამიანობას, ბუნების არსს, ხშირად უნდა გადავშალოთ გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები. ისე, არც ნიცშეს გაცნობა იქნებოდა ურიგო...

დავით ოქრუაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს