ნიკა არაბიძე და ია არობელიძე იას ბინაში დროებით ცხოვრობენ. წყვილი სახლს იშენებს დიღომში და ახალმოსახლეობისთვის ემზადება. მათთან ინტერვიუ ნიკას დატვირთული დღის რეჟიმის გამო, რამდენიმეჯერ გადაგვედო. ბოლოს ცოლ-ქმარს უქმეებზე ვესტუმრეთ შინ. ნიკოლოზი ნაბახუსევი გახლდათ და მთელი ინტერვიუს განმავლობაში ბუზღუნებდა, "პატიმრებს აძინებენ ციხეში დილით და მე რა დაგიშავეთო". გავიცანით მათი 3 წლის შვილი, დემეტრე, რომელიც კომპიუტერთან იჯდა და ინგლისურენოვან მულტფილმებს უყურებდა. ცოტა რთული ხასიათი აღმოაჩნდა პატარას, განსაკუთრებით ფოტოების გადაღების დროს გვიბღვერდა.
- საკმაოდ რთული აღმოჩნდა თქვენი ერთად მოხელთება, დღის განმავლობაში ვერ ახერხებთ ერთად ყოფნას?
ნიკა:
- რა ვქნათ, გენაცვალე, ასეთია ცხოვრება. თქვენც ხომ არ ხართ ახლა სახლში, ხომ ვერ ახერხებთ დასვენების დღე ოჯახთან გაატაროთ... ჩემი რთული გრაფიკის გამო, ყოველთვის ერთმანეთთან ყოფნის დეფიციტი გვაქვს. ამას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. კარგია, რომ ერთმანეთი გვენატრება და ცუდია, რომ არ ვართ ერთად, როცა გვინდა მაშინ.
ია:
- ზომიერება ყველაფერში კარგია. მაგრამ ასეთი რეჟიმი აქვს ნიკას. დილას ადრე გადის და საღამოს 10-11 საათზე ბრუნდება. შაბათ-კვირამდე, ფაქტობრივად, ქმარი მხოლოდ საღამოობით მყავს. ამას მივეჩვიე უკვე.
- სახლში როცაა, რთულად ასატანია?
- არა, რბილი ხასიათი აქვს. თავისთვის თამაშობს კომპიუტერთან. მამა-შვილი უკვე კომპიუტერთან დაჯდომაზე ჩხუბობს. ამის გამო, ზოგჯერ მგონია, რომ ორი შვილი მყავს (იცინის), დემეტრემაც ისწავლა კომპიუტერული თამაშები, მულტფილმებს უყურებს. მალე 3 წლის გახდება.
- ია, ნიკა არ ითხოვს, დილას რომ გააცილო, სანამ სახლიდან გავა, ასაუზმო?
- არა. ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს მისთვის.
ნიკა:
- ერთ რამეს მივხვდი. ბავშვის გაზრდა საკმაოდ რთული საქმეა. ამიტომ ჩემს მეუღლეს პატივს ვცემ, რომ ამას უჩემოდ ახერხებს. ერთხელ, მახსოვს, ღამის 5 საათზე გაიღვიძა ბავშვმა. ვიფიქრე, მე დავაძინებ-მეთქი. ავიყვანე ხელში, გადავიწვინე ბეჭზე, დავიწყე ოთახში სიარული. დამყავს აქეთ-იქით, ხან კარადას მივარტყი თავი, ხან მუხლი ვიტკინე. მე უფრო მეძინებოდა, ვიდრე მას. ნახევარი საათი ვიარე ასე, ნახევრად მძინარემ, სამჯერ გავიტეხე თავი, ორჯერ მუხლი. რომ მგონია, დაიძინა და გადავწყვიტე დავაწვინო საწოლში, რას ვხედავ, დაჭყეტილი, ორლარიანივით თვალებით მიყურებს. კინაღამ გავისროლე ფანჯრიდან. ასე რომ, ცოლს დილას არ ვაღვიძებ. ჩემი ტანსაცმელი კი მაქვს გამზადებული და რატომ უნდა ვაწვალო ღამენათევი ცოლი?
- ია, ნიკა ტანსაცმელს თვითონ პოულობს?
- კი.
ნიკა:
- საქმე იცით რა არის? გადავწყვიტეთ ტანსაცმელი ერთ ადგილას დავაწყოთ (იცინიან), გარდერობიც გვაქვს. ძალიან კომფორტულია, სხვათა შორის, ცალკე აქვს უჯრები, სადაც წინდებს ჩააწყობ, თაროებიც აქვს ტანსაცმლისთვის და ცალკე საკიდები გაუთოებული პერანგებისთვის. ყველას ვურჩევ შეიძინონ გარდერობი.
ია:
- მართლაც ყურადღებიანი ქმარია. ცდილობს, შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად გაატაროს. რამდენად გამოსდის სხვა საკითხია. ზოგჯერ ქუთაისში მიდის, კონცერტები აქვთ ბიჭებს, კიდევ ელიავას ბაზრობაზე დადის ხშირად, მანქანის ნაწილებს ყიდულობს. სულ რაღაც აქვს გაფუჭებული, ხან მის მანქანას და ხან ჩემსას.
- ნიკა, ცოლსაც უყიდე მანქანა?
- ახლა უნდა მეკითხებოდე ამას? დაძველდა უკვე, მესამე წელია ჰყავს. ახალი უნდა ვუყიდო უკვე. სხვათა შორის, კარგი მძღოლია, მაგრამ ჩემთან ერთად არ ჯდება საჭესთან, როცა მისი მანქანით მივდივართ სადმე, მე ვმართავ.
ია:
- ბუზღუნაა ძალიან. შენიშვნებს მაძლევს ხშირად. დაძაბულია, სულ სარკეში იყურება. აკონტროლებს რა მოდის უკნიდან.
ნიკა:
- ცუდი მძღოლი ნამდვილად არ არის. იმ ქალებს არ ჰგავს, რომ ჰგონიათ, მამაკაცმა მძღოლებმა ჯენტლმენობა უნდა გამოიჩინონ და გზა დაუთმონ ქალ მძღოლებს... სხვათა შორის, კარგია მანქანის მართვა, რომ იცის ცოლმა, ოღონდ ყველას არ უნდა გააგებინო ეს ამბავი. ამას წინათ კახეთში ვიყავით სტუმრად იას ნათლულთან. იქ ისეთი მსმელები დამხვდნენ, ჭიშკრიდან ვბრუნდებოდი უკან. იას ნათლიმამა იმდენს სვამს, ჩემს სახლში მკლავდა, ღვინოში მახრჩობდა. ერთ დალევაზე ათ ლიტრ ღვინოს სვამს. გამოპარვა ვერ მოვახერხე და ვთქვი, ბევრს ვერ დავლევ, მანქანით ვარ, მალე უნდა წავიდეთ, ბავშვი გვყავს დატოვებული სახლში-მეთქი. თქვენ სპეციალურად არ წამაიყვანდით ბალღსაო, მითხრეს იქაური აქცენტით. მაინც კი მომიწია დალევა, მაგრამ მძღოლობამ გადამარჩინა. ყველას დასანახავად დავჯექი საჭესთან, გამოვიარეთ ასი მეტრი და გადავინაცვლე გვერდით სავარძელზე.
- მთვრალს შენიშვნები არ გაქვს მძღოლ ცოლთან?
- მთვრალი რას ვხედავ, მძინავს. ორი პირი ძილი გამოვაცხვე თბილისამდე.
- ია, ნიკას მიერ განსახიერებული როლებიდან რომელი მოგწონს ყველაზე მეტად?
- ძირითადად მთვრალის როლშია. ეტყობა, კარგად გამოსდის. ყველას ჰგონია, ნიკა მაგარი მსმელია, სინამდვილეში არ უყვარს სმა.
ცისმარი და ნიკოლოზი რომ არიან, ამ სკეტჩებში მომწონს.
- ცისმარი რომ ჩაგრავს, არ გეცოდება?
- კარგი მამალი ცოლი შეხვდა, მშვენიერი. ეს არ დაიჩაგრავს თავს, თქვენ ნუ გეშინიათ. ისე ნაზი არც მე ვარ, უსუსურ ქალებს არ ვგავარ. ამასწინათ ვამბობდი, გამხდარი რომ ვიყო და კიდევ უფრო ახალგაზრდა, კარატეზე შევიდოდი-მეთქი.
- როგორც ვატყობ, ძმაკაცობთ შენ და ნიკა, ჩაუსხდებით, დალევთ...
- კი მინდა, რომ ჩავუსხდეთ და დავლიოთ, მაგრამ არ სცალია ნიკას.
ნიკა:
- რატომ, ხომ ვიყავით ქვათახევში წინა შაბათს. მთელი ოჯახით ვიყავით წასულები, სიდედრ-სიმამრიც მახლდა, ნათესაობა. მამაოებს ავუტანეთ პროდუქტი. დემეტრიუს-მაქსიმუსიც გვახლდა. მერე დავსხედით, მწვადი შევწვით ერთი ნაჭერი, მეტი არ გვქონდა (იცინის). ჩემ შვილს დიდად არ უყვარს ეს გასვლები, კომპიუტერი ყველაფერს ურჩევნია. მაგრამ თუ მაინც წაიყვან, იმდენს დარბის, მერე 4 საათი სძინავს 2-ის ნაცვლად.
- ია, როგორი მამაა ნიკა?
ნიკა:
- მე ძირითადად დამსჯელი მექანიზმი ვარ ოჯახში. ჩემით აშინებენ ბავშვს, ვითომ გუდიანი კაცი ვიყო. ამის გამო მეტი რა გზა მაქვს, კი დავდივარ გუდით. მანქანები მომაქვს და შოკოლადები. ძირითადად ესენი მიწყვია გუდაში.
ია:
- მამის რიდი აქვს. მაგალითად, კომპიუტერიდან ყველას აგვაყენებს მამამისის გარდა.
- ია, ეს ქერა, ცისფერთვალება ნიკოლოზი გოგონებს რომ მოსწონთ, ხომ არ ეჭვიანობ ამაზე?
- არა.
ნიკა:
- რატომ არ ეჭვიანობს მერე? საბაბს არ აძლევს ქმარი, გეიგე?
ია:
- წესიერი ბიჭია, ცუდად არ იქცევა. ზოგადად არ მიყვარს, ქალები რომ თავს დებენ, ჩემი ქმარი არ მღალატობსო. ეგ არავინ იცის, მაგრამ ქალური ინტუიცია მკარნახობს, რომ სხვა ქართველ კაცებს არ ჰგავს.
ნიკა:
- მაგაზე მარტივი პასუხი მაქვს, როდის, კი მარა, როდის?!
- ამბობენ, ფიზიკურ და გონებრივ ღალატს ერთი დატვირთვა აქვსო.
ია:
- მეც ვეთანხმები მაგ აზრს.
ნიკა:
- შეხედე ამათ, რანაირად მომდგნენ, მამაა (შვილს უძახის) მოდი! მჩაგრავს სუსტი სქესი, უმცირესობაში ვარ. სუსტი სქესი უძახე შენ (იცინიან)!
- ია პროფესიით ექიმი თერაპევტია, რატომ არ მუშაობს?
- მაგ კითხვას მე ნუ დამისვამთ, დემეტრიუს-მაქსიმუსს ჰკითხეთ, როდის მოიღებს მოწყალებას და გაუშვებს დედას სამუშაოდ. ამ ეტაპზე იამ გადაწყვიტა, რომ ძიძის გარეშე გაზარდოს შვილი, რაც მისგან გადადგმული კიდევ ერთი გონივრული, ნამდვილი ქართული ქალური ნაბიჯია. სექტემბრიდან ბაღში შევიყვანთ დემეტრეს და იასაც გამოუთავისუფლდება დრო. სულ არ ვარ წინააღმდეგი ჩემმა ცოლმა იმუშაოს. პირიქით, მინდა იამაც მიყიდოს რაღაცები თავისი ხელფასით.
- რა გიყიდა ბოლოს?
- შარვალი მიყიდა, ოღონდ ჩემი ხელფასით. არ მიყვარს მაღაზიებში სიარული, მით უმეტეს ბაზრობაზე.
ია:
- არც მე მიყვარს. შოპინგი რატომ არის თერაპია, დღემდე ვერ ვიგებ.
ნიკა:
- საზღვარგარეთ რომ ვარ წასული, მაშინ ვარ ცოდო. ოჯახის წევრებს ხომ უნდა ჩამოუტანო რამე. ორდღიანი თავის მტვრევა მაქვს ხოლმე.
ია:
- ამერიკაში იყო ამას წინათ, ერთი დიდი ჩემოდანი ტანსაცმელი ჩამოიტანა. ჩემთვის 5-6 სხვადასხვა სამოსი და ერთი მომერგო მხოლოდ. მაღაზიებში მანეკენებზე რაც მოეწონა ის იყიდა. 4-5 ზომით პატარა ტანისამოსი მიყიდა.
ნიკა:
- მერე ვიღაცებს აჩუქა და ისინი ხომ გავახარე?! შენ, ჩემო სიხარულო, სხვას გიყიდი... მოკლედ, ტანსაცმლის არჩევაში არ ვივარგე. ია მეხმარება ძაან. ერთი ფეხსაცმელს ვერ მყიდულობს და ეს საქმეც თუ აითვისა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, სულ არ გავიხედავ მაღაზიისკენ.
- ნიკა, შენ რა უყიდე ბოლოს ცოლს?
- გუშინ, მაგალითად, ბორჯომი ამოვიტანე სახლში. პატარა ამბავი ხომ არ არის!
ია:
- მინერალური წყალი კი მიყვარს, მაგრამ საჩუქრად არა (იცინის). ნიკას ძირითადად ფულადი საჩუქრების გაკეთება უყვარს.
ნიკა:
- პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი ვარ. ჩემი რომ ხარ, მიტო გეუბნები, თვარა სხვას კი არ ვეტყოდი, ახლა რომ მოვარიხინო სახლში ჭურჭლის სარეცხი კომბაინი, იქნება და არ უნდა? იქნებ ხელით ურჩევნია რეცხვა.
ია:
- ახლა ახალ სახლში გადავალთ და იქ მოარიხინებს. ყველაზე მეტად რა მიყვარს იცით, ნიკაში? ეჭვიანი არ არის. ეს არ ჩაიცვა, იქ არ წახვიდე, რატომ დალიე, არ იცის. ლუდის დალევა მიყვარს, ღვინოსაც ვსვამ. არ აქვს გართულება.
- წონას არ გიკონტროლებს?
- კი, ერთმანეთს წონას ვუკონტროლებთ, სხვათა შორის, ნიკას ნებისყოფა აქვს. თუ დაიწყო დიეტა, არ არღვევს. მაცივართან არ სძინავს, დადის და ახრამუნებს ბოსტნეულს.
ნიკა:
- ხომ ხედავ რამდენი კაი თვისება მაქვს: კარგი ქმარი, არაჩვეულებრივი მამა, პრაგმატული აზროვნება კი გითხარი წეღან, აგერ ნებისყოფა, ჩემო ბატონო.
- ისღა გაკლია კენჭი იყარო.
- თუ გგონია, ვერ მოვიგებ, ძალიან ცდები. მაგრამ რად გინდა, მერე შევძულდები საზოგადოების ნაწილს.
- სიდედრ-სიმამრთან როგორი ურთიერთობა გაქვს ოჯახში?
- გადასარევი. რა გესიამოვნებათ და რა მოგართვათ ისმის სულ ჩვენი სახლიდან.
ია:
- გაგვიმართლა-მეთქი, ამას წინათ ვეუბნებოდი ნიკას, მეც კარგი დედამთილი შემხვდა და შენც კარგი სიდედრი-მეთქი.
ნიკა:
- რა ვქნა, ვუყვარვარ ყველას, ლამაზი კაცის გაჩენა დეიწვას ცეცხლში.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)