"როცა მერცხალი მონახავს ბუდეს"

"როცა მერცხალი მონახავს ბუდეს"

"დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა, და საქართველოს მედგას უღელი/, - მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ/, დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!" - ტიციან ტაბიძე.

პოეზიას მართლაც არ ეშინია დროის და ამას ჩვენი უდიდესი მგოსნების ცხოვრება და შემოქმედებაც ცხადყოფს. თითოეულ მათგანს - მართლაც გამორჩეულებს თქვენს საყვარელ წიგნთა კრებულშიც გთავაზობთ ჩვენს ასევე გამორჩეულ პროზაიკოსებთან ერთად. "ჩემი რჩეული" ჟურნალ "გზასთან" ერთად ამჯერად "ცისფერყანწელად" წოდებული მწერლის - ტიციან ტაბიძის შემოქმედების ორტომეულს წარმოგიდგენთ, პოეტის, ვინც საკუთარმა ლექსმა მართლაც მოვარდნილი მეწყერივით ცოცხლად დამარხა და... მარადისობად აქცია!

თბილისში, გრიბოედოვის ქუჩის 18 ნომერში ვინ იცის, რამდენჯერ ადი-ჩადიოდა ტიციან ტაბიძე ამ ხის კიბეზე, რა ამბები არ ახსოვს ტაბიძეების ბინის კედლებს, ვინ არ მისჯდომია სასტუმრო ოთახის მრგვალ მაგიდას, რომელსაც ახლა ორ ძალიან თბილ, გულისხმიერ და ტიციან ტაბიძეზე უზომოდ შეყვარებულ ქალბატონთან ერთად ვუზივარ. ერთი მათგანი ტიციანის ოჯახის წევრია, მისი ერთადერთი ქალიშვილის, ნიტას შვილი და ბებიის სეხნია ნინო ანდრიაძე; მეორე ქალბატონი კი, ისიც ნინო, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელი ნინო ვადაჭკორია. მართალია, ამ ოჯახის სისხლით ნათესავი არ არის, მაგრამ მასთან ტიციანის მხოლოდ სახელის ხსენებისასაც კი მიხვდებით, რა სულიერი ნათესაობა აკავშირებს დიდ პოეტთან.

ქალბატონები გასაოცარ ამბებს იხსენებენ სტალინის რეპრესიების მსხვერპლ პოეტზე, დანარჩენი კი საკუთარ წარმოსახვაზეა: თითოეულ ნივთში, ნახატში, გაცრეცილ ფოტოში გააცოცხლო ამ ოჯახის მხიარულებითა და სევდით სავსე წუთები, დღეები, წლები...

ნინო ანდრიაძე:

- ტიციანი ამ სახლში 1921 წლიდან ცხოვრობდა - ანუ მას შემდეგ, რაც ნინომ და ტიციანმა ხელი მოაწერეს. პატარა ქორწილიც აქ გადაიხადეს, მერე კი ეს სახლი ნინოს ბიძამ, ალექსანდრე ჭავჭავაძემ აჩუქა ნინოს. აქ რომ გადმოვიდნენ, მხოლოდ ეს მრგვალი მაგიდა ჰქონდათ. მერე და მერე შეიძინეს დანარჩენი ნივთები და ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ტიციანის ნაქონია. ეს სკამებიც, ახლა რომელზეც ვსხედვართ, მისეულია. ამ მაგიდის გარშემო ვინ არ მჯდარა: ბორის პასტერნაკი, სერგეი ესენინი, ვლადიმერ მაიაკოვსკი და კიდევ უამრავი სახელგანთქმული ადამიანი. მოსახერხებელი ადგილიც იყო და ისედაც, ვიდრე აქ გადმოვიდოდა საცხოვრებლად, ტიციანი და მისი მეგობრების თავშეყრის ადგილი გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების გასაყარი იყო. ქუჩაშივე შლიდნენ სუფრას და მთელი ღამის განმავლობაში კითხულობდნენ ლექსებს. საწყალი მცხოვრებლები ეხვეწებოდნენ თურმე, გაგვანებეთ თავი, დაგვაძინეთო, პაოლო იაშვილი კი კიდევ უფრო და უფრო ომახიანად განაგრძობდა კითხვას (იცინის)...

- და ვინ იცის, მერე როგორ მოინატრებდნენ აქ მცხოვრებლები ამ დიდი პოეტების "პოეზიის საღამოებში" ნათენებ ღამეებს...

- პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირში თავი რომ მოიკლა, ტიციანი ლავრენტი ბერიას დაუბარებია და უთქვამს: პაოლო მაინც მკვდარია, აღარაფერი დაუშავდება, შენ კი ცოლ-შვილი გყავს, რა მოხდება, დაწერე, რომ გერმანიის აგენტი იყოო. ტიციანს სასტიკი უარი უთქვამს. - როგორ, ცოლს თუ არა, ნიტას, შენს შვილს მაინც არ იბრალებ და ასე უპატრონოდ ტოვებ, ან კიდევ რამდენი რამე გაქვს დასაწერ-გასაკეთებელიო? - გაოცებულა ბერია. - რა აზრი ექნება ჩემს პოეზიას ან შემოქმედებას, ახლა თუ ამას ხელი მოვაწერეო, - უპასუხია. შინ დაბრუნებულს კი 15 წლის ნიტასთვის უთქვამს: შეიძლება მე აღარ ვიყო, მაგრამ ერთი რამ იცოდე - არასდროს შეგრცხვება და არასდროს და არსად გაწითლდები, როდესაც ჩემს სახელს ახსენებენო. ორ თვეს ატარეს ტიციანი დაკითხვებზე, 1937 წლის 8 ოქტომბერს კი დაიჭირეს და 10 წლით "მიმოწერის უფლების გარეშე" გადასახლება მიუსაჯეს. კარგა ხანს სჯეროდათ ნინოს და ნიტას, რომ ცოცხალი იყო. დედას რუსულ ფილოლოგიურზეც კი ჩაუბარებია, რუსული კარგად რომ შეესწავლა და გადასახლებაში მასთან ახლოს ყოფილიყო, მაგრამ წლების შემდეგ, 1958 წელს გაირკვა, რომ დაჭერიდან მესამე დღესვე დაუხვრეტიათ. რეაბილიტაცია კი მხოლოდ წლების შემდეგ, 1954 წელს გამართულ მწერალთა კავშირის ყრილობაზე მოხდა...

ნინო ვადაჭკორია:

- ქალბატონ ნიტას არაერთხელ გაუხსენებია ის ღამე, ტიციანი რომ შინიდან წაიყვანეს. ორთვიანი გაუთავებელი დაკითხვებით გადაქანცულ-განერვიულებულ და ღამენათევ ტიციანსა და მის მეუღლეს - ქალბატონ ნინოს სწორედ იმ ღამეს ჩასძინებიათ მშვიდად. ქალბატონი ნიტა კი მანქანის დამუხრუჭების ძლიერ ხმას შეუშფოთებია ღამის 2 საათზე. საძინებლის ფანჯრიდან გადაუხედავს ქუჩაში და მიმხვდარა, რომ მამას მოაკითხეს. მაშინვე შევარდნილა საძინებელში და გაუღვიძებია. მერე მეზობლებიც შეკრებილან - ჩხრეკას დაასწრეს. შევნიშნე, მამას ფეხები უკანკალებდა, ხვდებოდა, წაიყვანდნენ და უკან ვერასდროს დაბრუნდებოდაო, - მიამბობდა.

ნინო ანდრიაძე:

- იმ ღამით ნინო ერთბაშად გაჭაღარავებულა... გასაოცარი იცით, რა მოხდა? ბინა და ნივთები არ ჩამოართვეს. ნინოსთვის და ნიტასთვის ერთი ოთახი - ნიტას საძინებელი დაუტოვებიათ, დანარჩენ ოთახებში კი სხვა ხალხი შეუსახლებიათ - ნათელა ხაბაზაშვილის ოჯახი. მათ შეეძლოთ ტიციანის ნივთებით ესარგებლათ, მაგრამ არაჩვეულებრივი ადამიანები აღმოჩნდნენ და ხელი არაფრისთვის უხლიათ. მერე ნინომ ნივთების ნაწილი ნათესავებთან შეინახა და ამბობდა თურმე, ტიციანი რომ დაბრუნდება, მინდა, ყველაფერი ძველებურად დახვდესო... ეს მუზეუმი რომ გაკეთდა, 1988 წლის 9 აპრილს, ყველა ნივთმა ძველი ადგილი დაიკავა - თუკი ვინმეს რაიმე ნივთი ჰქონდა წაღებული, ყველამ დააბრუნა. შემოქმედებითი არქივი კი ლიტერატურის მუზეუმში ინახება. ამ სახლში დღეს ჩემი ძმის - გივიკოს ოჯახი ცხოვრობს, მუზეუმს კი ორი ოთახი - ნიტას ყოფილი საძინებელი და სასტუმრო ოთახი უკავია. ამ ბინის დაბრუნება და მასში მუზეუმის დაარსება ჩემი ძმის დიდი ძალისხმევის შედეგია. ამ ბინაშიც და საერთოდაც, ტიციან ტაბიძის ოჯახში სიცოცხლე და ტრადიციები დღემდე გრძელდება. ჯერ კიდევ გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრებისას, ბებია რომ ცოცხალი იყო, კვლავ უამრავი ადამიანი იკრიბებოდა. ხშირად უცხოებიც კი გვაკითხავდნენ. დააკაკუნებდნენ და იტყოდნენ, ლექსებს ვწერთ და თუ შეიძლება შემოგვიშვითო; მერე გვიმეგობრდებოდნენ. ასე მოვიდა რუსი პოეტესა ირენა სერგეევა - ზარი დარეკა და დედამ კარი რომ გაუღო, ცოცხალი თავით არ შემოდიოდა, გიტარით იყო და, - აქვე თან დავუკრავ, თან ჩემს ლექსებს წაგიკითხავთო. ძლივს შემოვიყვანეთ და მერე კარგა ხანს ცხოვრობდა ჩვენთან. ნატაშა სოკოლოვსკაიაც - არაჩვეულებრივი პოეტესა და მთარგმნელი, ოთარ ჭილაძის ლექსები თარგმნა, - ასე გვესტუმრა და ოთხ წელიწადს ცხოვრობდა ჩვენს ოჯახში. ბორის პასტერნაკის ოჯახზე კი აღარაფერს ვამბობ: ეს ჩვენი უახლოესი ოჯახი იყო. ტიციანი რომ დაიჭირეს, ქართველ მწერლებს ერიდებოდათ და ეშინოდათ ჩვენთან მოსვლის, რადგან "ქვეყნის მტრის" ოჯახი ვიყავით და თუკი მოვიდოდნენ, გამორიცხული არ იყო, ისინიც დაეჭირათ. და ასეთ პერიოდში პასტერნაკმა ბებიას მოსკოვიდან გამოუგზავნა დეპეშა: "უ მენია ვირეზალი სერდცე, ია ბი ნე ჟილ, ნო ტეპერ უ მენია დვე სემი - ვაშა ი მოია"... ეს დიდი ვაჟკაცობა იყო. მას შემდეგ ძალიან ეხმარებოდა მატერიალურად ნინოს და ნიტას. ნინოს ასაქმებდა კიდეც - სხვადასხვა ქართველი პოეტის ბწკარედებს აკეთებინებდა, აგზავნინებდა და იქიდან ჰონორარს უხდიდა. ნინო ხშირად ჩადიოდა ხოლმე რუსეთში, პასტერნაკთან, თვითონ კი 1937 წლის შემდეგ პირველად 1945 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის იუბილეზე ჩამოვიდა თბილისში. სადგურზევე გამოაცხადა, არსად წამოგყვებით, თუ ჯერ ტიციანის ოჯახში არ მიმიყვანთო - იმხანად ტიციანი რეაბილიტირებული არ იყო. აქ რომ მოსულა, დაბლიდანვე დაუძახია ნინოსთვის: მე მოვედიო. სწორედ მაშინ სტუმრობისას გამოუცხადა პასტერნაკმა ნინოს, - უშენოდ არ წავალ მწერალთა კავშირშიო და ამდენი ხნის შემდეგ პირველად მიიყვანა იქ. სცენიდან ეკითხებოდა, თურმე, რომელი ლექსი გინდა, რომ წავიკითხო, რომელი თარგმანი გესიამოვნებაო და თითქოს ამით მოახდინა ტიციანის პირველი რეაბილიტაცია. სხვათა შორის, მერე, რომან "ექიმი ჟივაგოს" საზღვარგარეთ გამოქვეყნებისა და ნობელის პრემიის გამო პასტერნაკის დევნა რომ დაიწყეს. არც ნინო შეშინდა, ჩააკითხა რუსეთში და ურთულესი პერიოდი მასთან დაჰყო. უცხოური პრესა წერდა კიდეც ამაზე. მერე, ძალიან რომ გართულდა მდგომარეობა, პასტერნაკს ახლობლებმა საზღვარგარეთ წასვლა ურჩიეს, ის კი საქართველოში ჩამოსულა და დედა და მედეა ჯაფარიძე დაატარებდნენ ყველგან. დედა ჰყვებოდა, - ისეთი შეშინებული იყო, ქუჩაში სულ უკან იყურებოდა, ხომ არ მომდევენო. მედეა ჯაფარიძე იგონებდა, უკან, რუსეთში რომ მიემგზავრებოდა და ბაქანზე გავაცილეთ, მატარებლის კიბეზე ასულმა მოიხედა და ნინოს დაუძახა: "პოიშჩი მენია უ სებია დომა, ია ტამ ოსტალსია!" მერე, ძალიან ცუდად რომ იყო, ნინომ შინ, პერედელკინოში ჩააკითხა და პასტერნაკმა მის ხელში დალია სული. აი, ასეთი მეგობრობა აკავშირებდათ ტიციანსა და პასტერნაკს...

ინტერვიუს პარალელურად ქალბატონი ნინო ანდრიაძე ტიციან და ნინო ტაბიძეების მუზეუმად ქცეულ ოთახებში მეგზურობასაც მიწევს. ლადო გუდიაშვილისა და კირილ ზდანევიჩის ნახატები, ულამაზესი კამოდი, ტიციანის საყვარელი ფუჟერი, ტაბიძეების საძინებელი, ტიციანის სამუშაო მრგვალი მაგიდა, "პიერო და კოლომბინა" - ფიგურები, რომლებიც პაოლო იაშვილს უჩუქებია ტიციანისა და ნინოსთვის ქორწილში, თვითონვე რომ გადაუხდია მათთვის; საათი, რომელიც სწორედ იმ დროს - 3 საათზე გაჩერდა, ტიციანი რომ წაიყვანეს და მას შემდეგ აღარ გაუკეთებიათ, პასტერნაკის მეუღლის ძმის, ჰენრიხ ნეიგაუზის ნაჩუქარი პიანინო, რომელზეც ისევ ნეიგაუზს დაუკრავს აქ სტუმრობისას, - რადგან ტიციანს და ნინოს, სამწუხაროდ, არც დაკვრის და არც სიმღერის ნიჭი არ ჰქონდათო, - სიცილით მიამბობს ჩემი მასპინძელი... უცებ ოთახში პატარა ბიჭი შემოდის, კარგა ხანს გვისმენს, მერე კი მეცნობა - ზუკა ვარ, ანდრიაძეო (ქალბატონი ნინოს ძმისშვილი) და ომახიანად კითხულობს დიდი ბაბუის - ტიციან ტაბიძის ლექსს: "მივალ, მივდივარ და მივიმღერი/, თან საქართველოს მიმაქვს ოცნება/, ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი/, ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება..."

ნინო ანდრიაძე:

- ვიდრე ტიციანის ოჯახი აქ ცხოვრობდა, აივანზე მერცხლებს ბუდე ჰქონდათ და ყოველ გაზაფხულზე მოფრინავდნენ ხოლმე. მერე, გოგებაშვილზე რომ გადავიდნენ, იმ გაზაფხულიდან მერცხლები ამ სახლში აღარ გამოჩენილან. რომ დავიბრუნეთ და მუზეუმი გავაკეთეთ, დედამ გვთხოვა, პირველ ღამეს მარტო დავრჩები აქო. დილით გვიამბო, მერცხალი შემოფრინდა ოთახში, წრე დაარტყა და გაფრინდაო. მალევე აივანზე კვლავ დაიდეს ბუდე მერცხლებმა. კიდევ ერთი საოცარი რამ მოხდა: ტიციანი ლექსის წერას რომ იწყებდა, ბოლთას სცემდა და პატარა ნიტაც ასე, ბოლთის ცემით დაჰყვებოდა თურმე ოთახში. ლექსის წერისას ნინო მის გვერდით უნდა ყოფილიყო. ღამეც კი უნდა გაეთენებინა მასთან ერთად. რომ დაწერდა, ჯერ ნინოს წააკითხებდა და მერე, ჩვევად ჰქონდა, წიგნში ინახავდა. ამის შემდეგ, ირიჟრაჟებდა თუ არა, დუქანში მიდიოდნენ ხაშის საჭმელად. ცოტა ხანში იმავე დუქანში აუცილებლად შემოეხეტებოდნენ პოეტები, მსახიობები, დიდი სუფრა იშლებოდა და ყველა ერთად ვილხენდითო, - იხსენებდა თურმე ნინო ტაბიძე. ეს წიგნში ჩადებული ხელნაწერები ჯერ ნინომ, დარჩენილები კი - ნიტამ ლიტერატურის მუზეუმს ჩააბარეს. როდესაც ამ სახლში დავბრუნდით და ბიბლიოთეკაც გადმოვიტანეთ, ერთ-ერთი წიგნიდან გადმოვარდა ტიციანის ლექსის ხელნაწერი - "როცა მერცხალი მონახავს ბუდეს". იცით, რა ტექსტია ამ ლექსში? - მე აუცილებლად აპრილში მოვალ, მერცხლად მოგევლინებით და ვიმღერებ საქართველოს სიყვარულზეო. თვითონ 2 აპრილს დაიბადა, ეს მუზეუმი 9 აპრილს გაიხსნა. 1989 წლის იმ საშინელი 9 აპრილის ღამეს ჩემი და თავისი შვილისა და რძლის საძებნელად გამოსული ტიციანის უსაყვარლესი დის - სონია ტაბიძის ქალიშვილი დაიღუპა მთავრობის სახლთან. როდესაც შინ მოასვენეს, მერცხალი შემოფრინდა და მის სასთუმალთან გაატარა მთელი ღამე. წარმოგიდგენიათ?..

ვინ იყო ტიციანი? - გარდა დიდი პოეტისა და საზოგადო მოღვაწისა, ის იყო კაცი, დაბადებული სხვებისთვის, დაბადებული მეგობრებისთვის და შეეწირა კიდეც მეგობრობას. ამ მრწამსით იცხოვრეს ბებიამ და დედამ, ასე ვცხოვრობთ ჩვენც - მე, ჩემი ძმა და ჩვენი ოჯახები. სხვათა შორის, ჩემი ვაჟი - გურამ ასათიანი-უმცროსი, რომელმაც სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა, "ცისფერყანწელებზე" ფილმის გადაღებაზე ოცნებობს, - მომეხმარე, სცენარი დავწეროთ, რომ თაობებმა ნახონ და გაიგონ, რა ადამიანები იყვნენ ისინიო.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს