ბოლო დროს ბორის აკუნინის, იმავე გრიგორი ჩხარტიშვილის სახელს, ხშირად ახსენებენ "ცხელი" ამბების გამოშვებებში. ხან აღიარებს, რომ ცნობილი პროზაიკოსები ანა ბორისოვა და ანატოლი ბრუსნიკინი მისი ოინბაზური ფანტაზიების ნაყოფია, ხანაც გაქირავებაში ახალი თრილერის "ჯაშუშის" გამოსვლას მიესალმება, რომელიც მისი "ჯაშუშური რომანის" მიხედვით არის გადაღებული. მასში მოთხრობილია, როგორ გააცურა გერმანიის დაზვერვამ სტალინი დიდი სამამულო ომის წინ. ამ და სხვა თემებზე მწერალმა "ეხოსთან" ინტერვიუში ისაუბრა.
- მე-5 ეკრანიზაციის შემდეგ, რამდენად "ბედნიერად" შეიძლება ჩაითვალოს თქვენი რომანი კონემატოგრაფთან?
- არა მგონია, ეს რომანი იყოს. უფრო ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ქალიშვილი გავათხოვე. მთავარია ის, რომ კინემატოგრაფთან ურთიერთობა საბოლოოდ გავარკვიე - ის ჩემი პასუხისმგებლობის ზონაში არ არის მოქცეული. ის სხვა ადამიანების შემოქმედების პროდუქტია, რომლებსაც მე პატივი უნდა ვცე. კმაყოფილი ვარ "ჯაშუშის" სცენარით, რომელიც ვლადიმირ ვალუცკიმ დაწერა. დღევანდელ რუსულ კინოს სცენარისტებში ძლიერ უჭირს. სერიალებზე გაკეთებულ "ხალტურას" ისე მიეჩვივნენ, რომ პროფესიონალის პოვნა ძალიან გართულდა. მაგალითად, თუ მათ ამერიკული კომპანიის "ეიჩ-ბი-ო" -ს სცენარისტებს შევადარებთ, სადაც ამერიკული სერიალები კეთდება, განსხვავება ისეთია, როგორც ცა და დედამიწა. ამიტომ, როდესაც ვალუცკის ოსტატურად დაწერილი სცენარი წავიკითხე, სიამოვნებისაგან ამაკანკალა. ერთი შესწორებაც კი არ გამიკეთებია.
- მოგვიანებით გაირკვა, რომ შტირლიცს, რომლის საგმირო საქმეებიც იულიან სემიონოვმა აღწერა, პროტოტიპი არ ჰყოლია. თქვენი "ჯაშუშური რომანის" გმირებს ჰყავთ პროტოტიპები?
- ისეთები, როგორიც უშიშროების მაიორი ოქტიაბრსკია, მაშინდელ "ორგანოებში" ბევრი იყო. მათ სამოქალაქო ომი მოიგეს, შემდეგ კი "დიდი წმენდის" დროს 30-იანებში გაანადგურეს, რადგან არ აწყობდათ ძლიერი ადამიანები. მე მათ არც პატივს ვცემ და არც ვეთაყვანები, უბრალოდ, ობიექტურად ვაფასებ.
- როდესაც "ჯაშუშური რომანის" სიუჟეტს ამუშავებდით, ვიქტორ სუვოროვის ვერსიას თუ ითვალისწინებდით, რომელსაც მიაჩნდა, რომ სტალინი გერმანიაზე პირველი გეგმავდა დარტყმას?
- რა თქმა უნდა, 1941 წლის 22 ივნისთან დაკავშირებით გამოთქმულ ყველა ვერსიას გავეცანი, მაგრამ მაინც ვერ დავადგინე, რატომ შეხვდა ჩვენი ქვეყანა ომს მოუმზადებელი. ჩვენ ხომ შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე მილიონობით ჯარისკაცი და ათასობით ტანკი და თვითმფრინავი გვყავდა ჩაყენებული. სუვოროვის ვერსიას კი ერთი ფაქტის გამო არ ვიზიარებ. იმ დროს მამაჩემი საზღვარზე მსახურობდა და ვიცი, რომ სწორედ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მთელი ოფიცრობა შვებულებაში გაუშვეს. ამიტომ ვერსიებს თავი დავანებე და გადავწყვიტე, მხოლოდ ფაქტებს დავყრდნობოდი.
- ხშირად თუ გაქვთ შემოქმედებითი კრიზისი და როგორ ძლევთ ხოლმე მას?
- შემოქმედებითი კრიზისები არ მაქვს, რადგანაც თავიდანვე ჩემს თავს შთავაგონე, რომ რასაც ვაკეთებ, შემოქმედება კი არ არის, არამედ - ხელობა. მართლა, წელს 15 წელი სრულდება, რაც მწერლობა დავიწყე. ბელეტრისტიკა არქიტექტურასავითაა. მოითხოვს ცოდნას, ზომიერების გრძნობას, დისციპლინას. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ ხანდახან ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ თავით ჭერს აწვები და ვერ აგინგრევია. ამ დროს რაიმე განსაკუთრებულ ზომებს უნდა მიმართო, მაგალითად, ახალი ფსევდონიმი დაირქვა, წერის მანერა შეცვალო.
რამდენიმე წლის წინ ინგლისური და ამერიკული სერიალები "აღმოვაჩინე". იქიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება - სიუჟეტის დინამიურად განვითარების, მონტაჟის ხელოვნების. საერთოდ, როცა ვინმე რამეს კარგად აკეთებს, შესანიშნავია. ტალანტს ჯადოსნური თვისება აქვს - სხვასაც ენერგიით ავსებს. სხვისი შემხედვარე, შენც იწყებ რაღაც ღირებულის, ახლის შექმნას. ეს ტალანტის ყველაზე ძვირფასი "თვისებაა."
- თქვენ საქართველოში დაიბადეთ და ეთნიკურად ქართველი ხართ. რას ფიქრობთ რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირებაზე, რომელიც უკვე ხელოვნების სფეროსაც შეეხო? ორივე მხარე იღებს ფილმებს, რომლითაც ერთმანეთს ადანაშაულებენ.
- მე მართლაც საქართველოში დავიბადე, ქალაქში, რომელსაც სახელად ჰქვია ზესტაფონი და რომლის შესახებაც არაფერი ვიცი გარდა იმისა, რომ ეს არის ქალაქი, რომელშიც დავიბადე. საერთოდ მოსკოვური ოჯახიდან ვარ. მამაჩემმა საქართველო ჯერ კიდევ 30-იან წლებში დატოვა. 1956 წელს, როდესაც მე დავიბადე, ოჯახი შემთხვევით დაბრუნდა საქართველოში. მამაჩემი ერთი თვის მანძილზე მუშაობდა იქ. ქართველი რომ ვარ, ამის შეხსენება, აქტიურად, 2006 წელს დამიწყეს, როდესაც რუსეთში ქართველების დევნა გაჩაღდა. ვწუხვარ, რომ დღევანდელ საქართველოზე ცოტა რამ ვიცი. მაგრამ იმათგან, ვინც იქ ყოფილა, ბევრი კარგი რამ მსმენია. მათი აღტაცების საგანი, ძირითადად, ქართული პოლიციის მუშაობაა, მაგრამ ცოტა არც ეს არის. ვფიქრობ, რუსეთში პოლიციის მუშაობა რომ გაუმჯობესებულიყო, ბევრი სხვა რამეც უკეთესობისაკენ შეიცვლებოდა.
რაც შეეხება საქართველო-რუსეთის კონფლიქტს, ვთვლი, რომ ორივე მხარე დამნაშავეა, მაგრამ რუსეთი უფრო მეტად, რადგან უფრო დიდი სახელმწიფოა. "დერჟავა" პასუხისმგებელია ყველა უბედურებაზე, რაც მის პერიფერიებზე ხდება.
- იაპონური კულტურის თაყვანისმცემელი ხართ. ამომავალი მზის ქვეყანაშიც ხშირად ჩადიხართ. ნამდვილ გეიშებთან თუ გქონიათ ურთიერთობა?
- რამდენჯერმე მომიხდა ყოფნა ისეთ კამპანიაში, სადაც გეიშაც იყო. გეიშასთან საღამოს გატარება - ჯერ ერთი, ძვირი სიამოვნებაა, რის უფლებასაც თავს მხოლოდ ძალზე უზრუნველყოფილი მამაკაცები აძლევენ. მეორეც - მის სათანადოდ დაფასებას მხოლოდ იაპონელი მამაკაცი თუ შეძლებს. თეთრად სახეშეღებილი შუახნის ქალბატონი უკრავს იაპონურ "ბალალაიკაზე" და წვრილი ხმით მღერის - თუ იაპონურ კულტურაზე გაიზარდე, მხოლოდ მაშინ შეძლებ ყოველივე ამის დაფასებას, მე ასეთი არა ვარ. როდესაც გეიშები უცხოელებთან ერთად სხედან, როგორც წესი, არ საუბრობენ, მხოლოდ პირს ხელისგულით იფარავენ და ხითხითებენ მათ სიტყვებზე. ჰგონიათ, რომ თუ შენს "გონებამახვილურ" გამონათქვამებზე გაიცინებენ, ამით გასიამოვნებენ. საერთოდ, გეიშებისა და გაყიდული ქალების "კულტურის" დიდი თაყვანისმცემელი არა ვარ.
- თქვენი კარიერა უცხოეთში როგორ ვითარდება, კმაყოფილი თუ ხართ?
- ახლახან აგენტი გამოვიცვალე და საბუთების გადახედვა მომიხდა. აღმოვაჩინე, რომ 46 უცხოურ გამომცემლობასთან მქონია კონტრაქტი. ამერიკაში კი ჩემი ერთი წიგნის 100 000 ეგზემპლარი გაყიდულა. თითქოს საამაყოა, მაგრამ, არც იმდენად. იმავე ამერიკაში ბესტსელერი ნახევარი მილიონიდან იწყება, გერმანიისთვისაც მცირეა ეს ციფრი - გერმანელები ბევრს კითხულობენ.
- თქვენს საყვარელ იაპონიაში?
- იაპონიაში საქმე ძლიერ ცუდად მიდის, რას გამოც ძალიან დამწუხრებული ვარ. იქ პირველად ჩემი "ლევიათანი" თარგმნეს, რომელშიც იაპონელი პერსონაჟია, ჩემი აზრით, ძალიან სიმპათიური ტიპი. იაპონელები კიდეც გამიბრაზდნენ, - კარიკატურა გამოსახეო. საერთოდ, არიან ერები, რომლებიც ყველაფერზე ბრაზობენ. ჩადიხარ რომელიმე ქვეყანაში და გამუდმებით გეკითხებიან, რატომ "დახატეთ" ასე ცუდად პოლონელები, ებრაელები, უკრაინელები.. მსგავსი არაფერი მსმენია ფრანგების, ან ინგლესელებისგან. ამ მხრივ რუსებიც ვერ დაიკვეხნიან - ჩვენც გაბრაზებულების ნაცია ვართ.
მოამზადა დავით შალიკაშვილმა