როგორ გადაურჩა მანქანის დაწვას ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

როგორ გადაურჩა მანქანის დაწვას ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

ამჯერად "რეიტინგის" ტრადიციული დაკითხვა "რუსთავი 2"-ის ტელეწამყვან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანსა და მის მეუღლეს მოვუწყვეთ. მაიკო ბოკერია პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად "მეორე არხზე" კორესპონდენტად მუშაობს. მაიკო რვა თვის ფეხმძიმეა. წყვილი ბიჭს ელოდება. ვასიკო ამბობს, რომ ფეხმძიმე ცოლს ნაკლებად ანებივრებს, რადგან გაზარმაცების ალბათობა ასეთ დროს ძალიან დიდია. მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინება მხოლოდ ერთ წელს ითვლის, ცოლ-ქმრის პასუხები მაღალი მაჩვენებლით დაემთხვა ერთმანეთს.

- სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?

მაიკო:

- 2008 წლის მარტის დასაწყისში გავიცანი ვასიკო. მე მაშინ საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ვსწავლობდი. მოხდა ისე, რომ ამ უნივერსიტეტის შიდა ტელევიზიის პროდიუსერის თანამდებობა შემომთავაზეს. ფაქტობრივად, პრაქტიკანტი ვიყავი. ვასკას ოფიციალურად შესთავაზეს ამ ტელევიზიაში სამუშაო ადგილი და სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი.

ვასიკო:

- საქართველოს უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი. მაიკო სწავლობდა იქ, მე -ვმუშაობდი.

- გახსოვს, რა ეცვა, როცა პირ­ველად ნახე? შენ როგორ გამოიყურებოდი?

მაიკო:

- დახეული ჯინსი ეცვა, ეს ნამდვილად მახსოვს, ზემოდან ზოლიანი მაისური. მე შავი შარვალი მეცვა, ზემოდან -არ მახსოვს.

ვასიკო:

- არ მახსოვს, მგონი, ჯინსი ეცვა. მე დახეული ჯინსი მეცვა, ბოტასები.

- ვინ გამოტყდა პირველი სიყვარულში და რა სიტუაციაში?

მაიკო:

- ვასიკო. საზღვარგარეთ იყო წასული რამდენიმე დღით. ეტყობა, იქ ძალიან მოვენატრე და რომ ჩამოვიდა, მის სახლთან შევხვდით ერთმანეთს. ვლაპარაკობდით და მაშინ გამომიტყდა სიყვარულში.

ვასიკო:

- მე. საზღვარგარეთ ვიყავი წასული მივლინებით. მომენატრა. რომ ჩამოვედი, ჩვენს სახლთან, ბაღში შევხვდით ერთმანეთს. ერთ უბანში ვცხოვრობდით. მაშინ ვუთხარი, რომ მიყვარდა.

- თუ იცი, რამდენჯერ ჰყვარებია შენამდე? შენ?

მაიკო:

- არც ერთხელ. არც მე მყვარებია მანამდე.

ვასიკო:

- არც ერთხელ. მეც არ მყვარებია მაიკომდე.

- ქორწინების თარიღი?

მაიკო:

- 2010 წლის 9 ოქტომბერი

ვასიკო:

- 2010 წლის 9 ოქტომბერი.

- როდის აქვს დაბადების დღე? შენ?

მაიკო:

- 3 ოქტომბერს. მე -6 აგვისტოს.

ვასიკო:

- 6 აგვისტოს. მე -3 ოქტომბერს.

- რა გაჩუქა ბოლოს დაბადების დღეზე? შენ რა უსახსოვრე?

მაიკო:

- (ფიქრობს) ბოლო არ მახსოვს, პირველი მახსოვს. ვასკამ ლამაზი ოქროს სამაჯური მაჩუქა. მე -საათი.

ვასიკო:

- არაფერი. (ფიქრობს) არც მაიკოს უჩუქებია არაფერი. პირველ დაბადების დღეზე ტორტი მაჩუქა ერთი სანთლით და საათი. კინაღამ მანქანა დამიწვა იმ სანთლით. იქვე აანთო ის შუშხუნა სანთელი, ლამის ფეიერვერკი მომიწყო მანქანაში. გადარჩენილები ვართ (ივცინის).

- რას საყვედურობთ ერთმანეთს?

მაიკო:

- ბოლო დროს საოჯახო საქმეების გამო მსაყვედურობს. სახლის დალაგება, ჭურჭლის გარეცხვა, სადილის მომზადება და თან მუშაობა, მთლად მოსახერხებელი არაა ერთად. ბოლო დროს ყველაფერს ვერ ვასწრებ და ეს არ მოსწონს. მე არაფერს არ ვსაყვედურობ. კარგი ბიჭია, ცუდად არ იქცევა (იღიმება).

ვასიკო:

- ახლა არაფერს. ადრე მეუბნებოდა, უყურადღებო ხარ, არ რეკავო. ახლა შევიცვალე. ცოლია უკვე, შეყვარებულობის პერიოდში შეიძლებოდა დღის განმავლობაში არ დამერეკა. ახლა უფრო ყურადღებიანი გავხდი. მაიკოს რაც შეეხება, მინდა, უფრო მობილიზებული და კონცენტრირებული იყოს.

- რისი გაკეთება გეზარება საოჯახო საქმეებიდან ყველაზე მეტად? მას?

მაიკო:

- დაუთოება, მაგრამ მიწევს. ვასიკოს ეთერისთვის ყოველდღე სჭირდება დაუთოებული პერანგები. ვასიკო ხშირად მეხმარება. ჭურჭელსაც რეცხავს და დაუთოებაც ეხერხება.

ვასიკო:

- დაუთოება ეზარება. ეზარება კი არა, არ იცის და მინდა ისწავლოს.

- შენ თუ ეხმარები საოჯახო საქმეებში?

- კი, ვაუთოებ ხოლმე.

- რა მეტსახელებით მიმართავთ ერთმანეთს?

მაიკო:

- "კუსი" გვქვია ორივეს.

ვასიკო:

- შეყვარებულობის პერიოდში "კუსის" ვეძახდით ერთმანეთს. ახლა სახელებით მივმართავთ.

- რაზე წუწუნებს ხშირად? შენ?

მაიკო:

- გამეორება მიწევს, მაგრამ გაუთოებული პერანგები რომ არ ხვდება და გარეცხილი წინდები, მაშინ წუწუნებს. მეც წუწუნა ვარ, მაგრამ ახლა კონკრეტულად არაფერი მახსენდება.

ვასიკო:

- სამსახურს რომ ბევრ დროს ვუთმობ, ზოგჯერ უკმაყოფილოა, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ორ გადაცემაზე ვმუშობ და ყველა ჩემი თანამშრომელი ამ რეჟიმით ცხოვრობს, მიეჩვია. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნებოდა ის რეიტინგი, რაც "დილა მშვიდობისა საქართველოს" და "სხვა ამბებს" აქვს. მე რაც შემეხება, ნაკლებად ვწუწუნებ.

- როგორ ანებივრებ ფეხმძიმე ცოლს?

- ფსიქოლოგიურად მივუდექი ამ საკითხს. განებივრებამ შეიძლება გაზარმაცება გამოიწვიოს. ვცდილობ, პატარ-პატარა საქმეებით მაინც დავტვირთო. ზოგჯერ ახალგამოწურულ წვენს მივართმევ ხოლმე. ძირითადად ვაიძულებ თვითონ დაამზადოს. აქტიური უნდა იყოს, უნდა იმოძრაოს. მოთხოვნებიც არ აქვს მაინცდამაინც. მაგალითად, ჩემი ძმაკაცის ცოლი ფეხმძიმედ რომ იყო, ზამთარში მარწყვსა და ალუჩაზე დავრბოდით ერთად. მაიკოსგან ასეთი მოთხოვნები ჯერ არ შეინიშნება. ერთხელ ხილის ტორტი მოინდომა. ეეე, მეზარება-მეთქი, ვთქვი და გადაუარა (იცინის). მეორედ ხმა აღარ ამოუღია.

- რა არ მოგწონს მის ხასიათში? როგორ გგონია, მას რა არ მოსწონს შენში?

მაიკო:

- ყველაფერი მომწონს. მას ბევრი რამ არ მოსწონს ჩემში. დაუკვირვებელი ვარ, გაფანტული. ბევრი რამ მავიწყდება. ამაზე გიჟდება (იცინის). ძვლები მაქვს ეტყობა მყარი, თორემ აუცილებლად დამჭირდებოდა თაბაშირი, იმდენჯერ დავცემულვარ.

ვასიკო:

- არაფერი მახსენდება. მას ალბათ არ მოსწონს, საოჯახო საქმეების გადადება რომ ვიცი. მაგალითად, შეიძლება ორი კვირა ვიძახო, ეზოს დავალაგებ-მეთქი და ამის დრო დიდხანს არ დადგეს.

- სიურპრიზებით თუ ანებივრებთ ერთმანეთს?

მაიკო:

- მე - კი. ვასიკოს დიდად არ იზიდავს სიურპრიზები. ბოლოს ქორწინების დღესთან დაკავშირებით ნატვრის ხე გავაკეთე ჩემი ხელით. ზედ ჩვენი ფოტოები დავკიდე, გაცნობის დღიდან დღემდე. ემოციური არ არის ვასიკო. ვაიმე, ეს რა ვნახეო, არ შეიცხადებს, რაც უნდა გაუკეთო. თავიდან ძალიან ვბრაზდებოდი მის უემოციობაზე. ახლა შევეჩვიე, რეაქციაც აღარ მაქვს... ისე, ერთხელ ვასიკოსაც შეეშალა და სიურპრიზი გამოუვიდა (იცინის). მაშინ შეყვარებულები ვიყავით. რაღაცაზე ვიკამათეთ და გავებუტე. ზღვაზე წავედი. იქ ჩამომაკითხა, გამთენიისას დამადგა ნასვამი. თან მეჩხუბებოდა, როდემდე უნდა ვიყოთ ასეო.გული გამისკდა, რომ დავინახე.

ვასიკო:

- მაიკო უფრო აქტიურია ამ კუთხით. ქორწინების წლისთავთან დაკავშირებით ძალიან ორიგინალური სიურპრიზი გააკეთა. ეს იყო ნატვრის ხე, რკინის კონსტრუქცია, ლენტებითა და ზედ დაკიდებული ჩვენი ფოტოებით. თავიდან ვერ მივხვდი, ხე რა შუაშია-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ რომ დავუკვირდი, ერთი წლის ძალიან ლამაზი ხაზი იყო. მომეწონა.

- მისი საყვარელი კერძი? შენი?

მაიკო:

- ძირითადად კაცური საჭმელები უყვარს, ხორცეული, ჩაშუშულები და შემწვარ-მოხრაკულები. მე მაკარონის ფანი ვარ. ამ კითხვაზე ზუსტად გიპასუხებთ. იმდენი მაკარონი ვაჭამე ამ ხნის განმავლობაში (იცინის)...

ვასიკო:

- მაკარონი. მე ხორციანი კერძები მიყვარს.

- როცა რაიმეზე ვერ თანხმდებით ვინ თმობს უფრო ხშირად?

მაიკო:

- მე. ისე, ორივენი ჯიუტები ვართ, მაგრამ ვასკასთან ჩემი სიჯიუტე არ ჭრის.

ვასიკო:

- ახლა -მე, რაც ორსულად არის. ისე - მაიკო.

- ბოლოს რაზე იკამათეთ?

მაიკო:

- არ მახსოვს.

ვასიკო:

- სახლიდან წამოსვლის წინ ვიკამათეთ. გვაგვიანდებოდა და მაიკო მომზადებას "წელავდა". მართალია, მე ვიწექი და ისე ვჩხუბობდი, მაგრამ ჩემს მომზადებას ორი წუთიც ჰყოფნის.

- ეჭვიანია? შენ?

მაიკო:

- არა. ძირითადად პრეტენზიები აქვს ჩაცმასთან დაკავშირებით. არ მოსწონს გულამოღებული მაისურები. ერთმანეთის ტელეფონებში არ "ვძვრებით". არც მე ვარ დიდად ეჭვიანი. თუ იგვიანებს, ძირითადად ცუდ რაღაცებზე ვფიქრობ, რამე ხომ არ უჭირს, თორემ ვისთან ერთად არის, ეგ ნაკლებად მანერვიულებს.

ვასიკო:

- არ არის ეჭვიანი. ვინმეზე თუ მითქვამს, უფ რა კარგია ან თვალი გამიყოლებია, სიხარულისგან არ ხტუნავს, მაგრამ ამას ეჭვიანობა არ ჰქვია. არც მე ვარ ეჭვიანი. თუმცა ძალიან მოკლე კაბა და ამოღებული მაისურები არ მომწონს. ამ თხოვნას მაიკო ითვალისწინებს.

- ვისთან ლაპარაკობს მობილურით დღის განმავლობაში ხშირად? შენ?

მაიკო:

- ძირითადად მეგობრებთან და სამსახურებრივი ზარები აქვს. მე - მეგობრებთან.

ვასიკო:

- დედასთან. მე - მაიკოსთან.

- როგორ გგონია, რამდენად დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?

მაიკო:

- 90 %-ით მაინც დაემთხვევა.

ვასიკო:

- 10 %-ითაც თუ დაემთხვა, საკმარისია, მაგრამ მე უფრო მეტი, 50% მგონია.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები