ავტომობილი ბუნებრივ აირზე

ავტომობილი ბუნებრივ აირზე

საწვავის ხარჯების ეკონომიის მიზნით მფლობელებს ავტომანქანები ბუნებრივ აირზე გადაჰყავთ. ეს ტენდენცია ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია. რამდენად უსაფრთხოა ავტომობილში აირით სავსე ავზის დამონტაჟება და რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა, რომელსაც ბენზინის შეცვლა ალტერნატიული საწვავით სურს. თქვენს კითხვებს ექსპერტი მევლუდ მელაძე პასუხობს.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი გიორგი47: გავრცელებული მოსაზრებით, გაზი მანქანის ძრავზე ცუდად მოქმედებს. მართალია თუ არა და რა არის დამცავი მექანიზმი?

მე კი ვიტყოდი, რომ პირიქით და ამაში ალბათ ყველა ის ადამიანი დამეთანხმება, ვინც კარგად ერკვევა მექანიკურ მოწყობილობებში და კერძოდ შიდა წვის ძრავში. გაზის დანიშნულება მხოლოდ ის არის, რომ ჰაერთან ერთად მოხვდეს ძრავის იმ ნაწილში, სადაც აფეთქება ხდება და აფეთქების შედეგად გამოყოს საჭირო ენერგია ავტომობილის მოძრაობაში მოსაყვანად. ვინაიდან გაზი აირია, მასში ჭუჭყის შერევა, რაც შემდგომში დააზიანებს ძრავს, თითქმის შეუძლებელია. რაც შეეხება ბენზინს ან დიზელს, იმის ალბათობა, რომ იქ ჭუჭყი მოხვდება ძალიან დიდია. აგრეთვე დიდია იმის ალბათობაც, რომ ცუდი ხარისხის საწვავი აფეთქებისას ბოლომდე არ დაიწვას და ძრავის იმ სექტორში ჩაიღვაროს, სადაც ზეთია განთავსებული. შესაბამისად დაზიანდება ზეთი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ძრავის დეტალების სათანადო შეზეთვას და საბოლოოდ გამოიწვევს მის მწყობრიდან გამოსვლას.

დასკვნა: გაზი ძრავზე ცუდად არ მოქმედებს.

მკითხველი გიო: როგორც მეუბნებიან, დიზელზე მომუშავე ავტომობილებიც გადაჰყავთ გაზზე. მყავს პაჯერო 2,8 ტურბო დიზელი, მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა მისი გაზზე გადაყვნა საქართველში და რამდენად ეკონომიური იქნება?

დიზელის ძრავიც თითქმის ისეთივე მექანიკური მოწყობილობაა როგორიც ბენზინის ძრავი, მაგრამ ძალიან ბევრი თავისებურებებით. აქედან გამომდინარე, მისი გაზზე გადაყვანა შესაძლებელია, მაგრამ საკმაოდ რთული და შესაბამისად, ძვირია. მინიმუმ უნდა მოხდეს სანთლების (სვეჩების) დამონტაჟება, ანუ მთელი რიგი დეტალების, რაც უზრუნველყოფს სანთლებამდე ნაპერწკლის მიწოდებას აბსოლუტური სიზუსტით. აგრეთვე უნდა მოხდეს ძრავის დეკომპრესირება, ანუ დიზელის ძრავი გამოიმუშავებს გაცილებით მაღალ წნევას ცილინდრებში, რაც ვერ შეესაბამება გაზისთვის და ბენზინისთვის საჭირო წნევას და ბევრი სხვა რამ. უმჯობესია მარტივი ხერხის არჩევა. ბენზინის ძრავის შეძენა და გაზის მოწყობილობის დამონტაჟება. ყველა სიკეთესთან ერთად დიზელის ძრავში საკმაოდ მძიმე დეტალებია განთავსებული მისი თვისებებიდან გამომდინარე, რაც ბევრ პრობლემებს შექმნის თუნდაც მისი საუკეთესოდ გადაკეთების შემთხვევაში.

მკითხველი ალექსანდრე: მყავს c კლასის 1.8 ავტომატიკა. მინდა დავაყენო 14 კუბიანი გაზის აპარატურა. მაინტერესებს რამდენი იქნება სიმძლავრის კლება.

თუ საუბარი მეოთხე თაობის გაზის აპარატურაზეა, მაშინ იმდენად ცოტა, რომ არც კი შეიმჩნევა, თუ მესამე თაობას გამოიყენებთ დაახლოებით 10–12 პროცენტი, თუ რაიმე ძველ მეთოდს, მაშინ იმის და მიხედვით თუ როგორ გაგიმართლათ ინსტალაციაში. ისე რაც შეეხება ინსტალაციას, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სისტემას ესაჭიროება კონკრეტულ ავტომობილზე რეგულირების გაკეთება. ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა და კარგია თუ კარგი ხელოსანი კარგი სარეგულირო ხელსაწყოთი დაგვირეგულირებს.

მკითხველი alex: ცნობილია, რომ GDI ძრავა საკმაო მოფრთხილებას საჭიროებს. ახლახანს თბილისში გამოჩნდა რამდენიმე პუნქტი, სადაც ასეთ ძრავაზე მომუშავე მანქანები გაზზე გადაყავთ. ბევრმა უკვე გადაიყვანა თავისი PAJERO IO გაზზე. მე თავს ვიკავებ, ვფიქრობ ეს ძალიან საზიანო იქნება მანქანისთვის. გთხოვთ ამაზე თქვენ ვრცელ კომენტარს

გდი სისტემა ზოგადად ძალიან ფაქიზია, უფრო სწორად ძალიან კარგ და სწორ მოპყრობას მოითხოვს. ვრცლად პასუხის გაცემა საჭირო არ არის. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ საწვავი ყოველთვის უნდა ესხას ავზში, რათა არ დაზიანდეს მაღალი წნევის შემქმნელი პომპა, რომელიც ვერ იტანს მშრალზე მუშაობას.

მკითხველი შალვა: რა უპირატესობა აქვს მეოთხე თაობის გაზს მესამე თაობასთან შედარებით? წინასწარ გიხდით მადლობას

მეოთხე თაობის გაზის აპარატურა მესამესთან შედარებით იმდენად დახვეწილია, რომ შედარებაც კი რთულია. მეოთხე თაობაში გაზი უკვე თითოეულ ცილინდრთან ინჟექტორული მეთოდით და კომპიუტერული მენეჯმენტით მიეწოდება. შესაბამისად, ის ცდილობს არ დაკარგოს სიმძლავრე და თანაც ზუსტად განსაზღვრავს საჭირო დოზას მაქსიმალური სიმძლავრისა და მინიმალური დანახარჯისთვის.

მკითხველი თორნიკე: რამდენად უსაფრთხოა მანქანაში გაზის ბალონის დამონტაჟება და რატომ არ კეთდება ეს ქარხნულად?

კარგი კითხვაა. უსაფრთხოა იმდენად, რამდენადაც გაცილებით სქელკედლიანი მეტალია, ვიდრე საწვავის ავზი, დაზიანების შემთხვევაში აირი აქროლადია და თუ პირდაპირ იმ მომენტში არ მიეწოდა ნაპერწკალი, ის სულ მალე საშიში აღარ იქნება, რასაც ვერ ვიტყვით ბენზინის შემთხვევაში, რომელიც თუ დაიღვარა, დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს აალების საშიშროებას.

ქარხნულად დამონტაჟება არ იქნებოდა მომგებიანი მწარმოებლისთვის, ვინაიდან ძალიან იშვიათად შევხვდებით გაზის გასამართ სადგურებს ცივილიზებულ სამყაროში. ანუ გაზის სისტემით აღჭურვილი ავტომობილი ტყუილი ხარჯი იქნებოდა. სხვა საქმეა თუ მწარმოებელს იმდენად მოხიბლავს გაყიდვების რაოდენობა საქართველოსა და სომხეთში, რომ ამ ნაბიჯის გადადგმას გაბედავს.

მკითხველი მიშა: თუ შეიძლება, გაგვაცანით უსაფრთხოების წესები. ანუ ეს აპარატურა ლიცენზირებული უნდა იყოს?

რა თქმა უნდა, ყველა სახის აპარატურას უნდა გააჩნდეს ხარისხის დამადასტურებელი ნიშანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ავტომობილზე გაზის სისტემის დამონტაჟების შემდეგ სავალდებულოა ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება და შესაბამისი მოწმობის აღება, რომელიც ბოლო მონაცემებით ღირს 74 ლარი. თუ ეს მოწმობა არ გააჩნია ავტომობილის მფლობელს, მაშინ ის

დაჯარიმდება (თუ არ მეშლება, 100 ლარით). ტექნიკური დათვალიერების დროს მოწმდება ყველა კვანძი და პრაქტიკულად გამოირიცხება საფრთხე.

სემეკში ISO 9001:2015 საერთაშორისო  სტანდარტის  შესაბამისი ხარისხის მართვის  სისტემა ინერგება

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში - სად გათოვდება, სად იწვიმებს და სად იქნება ყველაზე დაბალი ტემპერატურა

რისგან იცავს მამაკაცებს წინადაცვეთა და სქესობრივი გზით გადამდები რომელი ინფექციებია საშიში - რეპროდუქტოლოგის რეკომენდაციები