აზარტული თამაშები - დამღუპველი სენი

აზარტული თამაშები - დამღუპველი სენი

გამარჯობა, უპირველეს ყოვლისა, მინდა გაგაცნოთ საკუთარი თავი. მე გახლავართ 24 წლის. სახელსა და გვარს არ დავასახელებ, თუმცა შევირქმევ გაყინულს. რატომ - გაყინულს, ამას სხვა დროს განვმარტავ. ბავშვობიდან ვიყავი უზომოდ აზარტული და ამავდროულად, "მათემატიკური აზროვნების მქონე" . თუ ვინმე სადმე რამეს თამაშობდა, მეძახდა, მოდი, მე და შენ ვიყოთ "პარებშიო", რადგან ყოველთვის ვიგებდი - 100-დან 90-ს. 11-12 წლის ვიყავი და 25 წლის და კიდევ მათზე დიდებიც მათამაშებდნენ.

თუმცა, მაშინდელი თამაშები მხოლოდ "ბუქნებზე" იყო და წაგებული ბუქნებს აკეთებდა. გავიდა წლები და 7-8 წლის წინ დავიწყე თამაში 1 ლარით, შემდეგ მოვუმატე ტოტალიზატორებში სიარულს. რა თქმა უნდა, თანხაც იზრდებოდა. 4-5 წლის წინ, ჩემმა უახლოესმა ნათესავმა წამიყვანა სათამაშოდ კაზინოში. პირველივე დღეს მოვიგე საკმაოდ სოლიდური თანხა, თუმცა იმის შემდეგ კარგა ხანს იქ აღარ წავსულვარ. ერთ დღეს დამჭირდა 1.500 ლარი. 1.000 მქონდა, 500 უნდა მესესხებინა სადმე და აი, ამ დროს დავიღუპე. ვიფიქრე, კაზინოში შევალ და 500 ლარზე როგორც კი ავალ, მაშინვე წამოვალ-მეთქი.

სამწუხაროდ, ის ჩემი ფულიც წავაგე და ბოლო 2 წლის განმავლობაში იმდენი წავაგე კაზინოში, ხანდახან რომ ვიხსენებ, გული მიხდება ცუდად. დღეს კი გამოუვალ სიტუაციაში ჩავიგდე თავი. სამსახური მაქვს, 1.900 ლარი ხელფასიც, თუმცა, იმდენი მაქვს წაგებული, რომ 2 მანქანა გავყიდე და ვალი დამრჩა კიდევ ძალიან ბევრი, რომელსაც უკვე ჩემი ხელფასითაც ვეღარ ვიხდი. ეს იმიტომ დავწერე, რომ მინდა ყველამ გაიგოს: არ ითამაშოთ, ხალხო! არანაირი თამაში! ამაზე საშინელება დედამიწაზე მართლა არ მოუგონიათ. ისეთ დღეში ჩავუგდივარ თამაშს, რომ შემეძლო კაციც მომეკლა, ოღონდაც კი მიზნისთვის მიმეღწია. თავის მოკვლაზეც კი ვიფიქრე რამდენჯერმე... წარმატებებს გისურვებთ, კეთილო ადამიანებო.

გაყინული

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება