პატიმრებისთვის პრესის შეგზავნა ისევ აკრძალულია

პატიმრებისთვის პრესის შეგზავნა ისევ აკრძალულია

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულებისთვის ამანათით პრესის შეტანა ბოლო რამდენიმე თვეა არაოფიციალურად აიკრძალა. თუმცა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. უფლებადამცველები და ადვოკატები პრესის აკრძალვას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ.

როგორც "რეზონანსს" ა/ო "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძემ უთხრა, ციხეებში პრესის შეგზავნა კვლავ აკრძალულია და ბოლო თვეების განმავლობაში არაფერი შეცვლილა.

"განსაკუთრებით თავისუფალ ჟურნალ-გაზეთებს კრძალავენ. ეს ბრძანება ოფიციალური არ არის და ყველაფერი არაოფიციალურად ხდება. ტელევიზიასთან და რადიოსთან ხელმისაწვდომობაც პრესასთან ერთად აიკრძალა.

როგორც პატიმრების პატრონები და თავად პატიმრები ამბობენ, დღეს ციხეებში პრესა საერთოდ არ შედის, აქამდე განსაკუთრებული შეზღუდვა ოპოზიციურად განწყობილ გაზეთებზე იყო, მათ შორის სასტიკად იკრძალებოდა "ასავალ-დასავალის" შეგზავნა. დღეს კი, ეს აკრძალვა ყველა გაზეთს შეეხო. რაც შეეხება წიგნებს, აქაც შეზღუდვებია დაწესებული. წიგნებზე მკაცრად განსაზღვრული წონები რომ დააწესეს, ფიქრობდნენ, ეს ციხეებში პრესის და წიგნების შეტანას შეზღუდავდა, მაგრამ პირიქით მოხდა, პატიმრები საჭმელზე უფრო მეტად ინფორმაციას ითხოვდნენ და ამან არ გაამართლა. ახლა კი პირდაპირ გადავიდნენ ამის აკრძალვაზე. ერთ კილოგრამზე 12 ლარი იყო დაწესებული.

სამწუხაროდ, ეს ასეა. ჩემთან ახლა აზერბაიჯანელი უფლებადამცველი იმყოფება და მასაც ვკითხე, როგორ არის მათ ქვეყანაში პრესის ხელმისაწვდომობა პატიმრებისთვის. როგორც მან მითხრა, არავის არ აქვს უფლება პატიმარს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა აუკრძალოს, ეს აზერბაიჯანში წარმოუდგენელია. ჩვენი ციხეების რეალობა სულ სხვაა", - ამბობს კაკაბაძე.

უფლებადამცველი პრესის აკრძალვას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ამბობს, რომ პრესის შეზღუდვა პატიმრებისთვის იმ დროიდან დაიწყო, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა.

"როგორც კი საზოგადოება აქტიური გახდა, ქვეყანაც შეიცვალა. ხელისუფლება კიდევ უფრო დახურული, დაუნდობელი და სასტიკი გახდა. აქ უკვე აღარ არის საუბარი არადემოკრატიულობაზე, ეს კი არის იმ შიშის შედეგი, რაც ახალმა პოლიტიკურმა ძალამ გააჩინა".

რაც შეეხება ფოსტით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაზეთების შეგზავნას, კაკაბაზე ამბობს, რომ ამის შესახებ პირველ რიგში პატიმრების ოჯახის წევრები გაიგებდნენ, თუმცა ამ დრომდე მათ ამის შესახებ არაფერი იციან.

"მათი პატრონებისგან ვიცი, რომ ისინი ვერ ახერხებენ პატიმრებს გაზეთები მიაწოდონ. ამის საშუალება რომ იყოს ფოსტით ან რაიმე სხვა გზით, ბუნებრივია, ამის შესახებ მათ უპირველესად ეცოდინებოდათ", - ამბობს კაკაბაძე.

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილიც, კაკაბაძის მსგავსად, ციხეებში პრესის აკრძალვას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

"დაშვებულია მხოლოდ რამდენიმე ჟურნალი - "გზა", "თბილისელები" და "რეიტინგი". დანარჩენი გაზეთები პრაქტიკულად აკრძალულია. 27 მაისამდე "კვირის პალიტრასაც" უშვებდნენ, მაგრამ ესეც სასტიკად აიკრძალა", - ამბობს ნიკოლაიშვილი.

"ჩემი შეფასებაც არ სჭირდება, პატიმრებიც ამბობენ, რომ სწორედ პოლიტიკური პროცესებია პრესის აკრძალვის მიზეზი.

როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იწევს და დაძაბულობაც მატულობს, ყოველთვის ასე ხდება - ეს პირველი შემთხვევა არ არის. გაზეთებთან ერთად ტელეარხების ჩვენებაც იკრძალება. ადრე ხელმისაწვდომი იყო "კავკასია" და "მაესტრო", ახლა ესეც აკრძალულია და მხოლოდ "იმედს" და "რუსთავი 2"- ს აჩვენებენ, პირველი არხის ჩვენებაც კი აკრძალულია.

ეს ყველაფერი პოლიტიკური დაძაბულობის ლოკალიზაციისთვის სჭირდებათ, რათა არ გავრცელდეს ინფორმაცია პატიმრებში.

პატიმრების გარკვეული კატეგორია არჩევნებში მონაწილეობას იღებს და არ უნდათ მათი ინფორმირება. მათზე ზეწოლა და ზემოქმედება ძალიან ადვილად შეიძლება. აქედან გამომდინარე გასაგებია, რატომ ამყოფებენ მათ ინფორმაციულ ვაკუუმში".

ადვოკატი ფიქრობს, რომ გამოსავალი ისეთი ხელისუფლების მოსვლაა, რომელიც სხვა პოლიტიკას გაატარებს.

"ამ ხელისუფლების პირობებში გამორიცხულია პენიტენციალური სისტემის შეცვლა. ამის გაკეთება უბრალოდ არ უნდათ. თუ დასავლეთის და საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი ზეწოლა იქნება, მაშინ შესაძლოა, რაიმე ცვლილება მოხდეს, მაგრამ ეს ახლა ნაკლებად მოსალოდნელია. ერთ კონკრეტულ საკითხზე ამხელა ზეწოლა არ მოხდება", - უთხრა ნიკოლაიშვილმა "რეზონანსს".

საია-ს იურისტის, ნინო გობრონიძის თქმით, პატიმრებისთვის პრესის აკრძალვა დეკემბრიდან დაიწყო.

"საია- მ იანვარ-თებერვალში მონიტორინგი ჩაატარა და მაშინ გამოვლინდა, რომ ძირითადად ჟურნალები იყო დაშვებული. გაზეთებიდან მხოლოდ კროსვორდებს უშვებდნენ. გლდანის მე- 8 დაწესებულებაში კი მხოლოდ რუსულენოვანი ჟურნალები იყო დაშვებული.

რაც შეეხება ამანათის შეგზავნას, პატიმრების თქმით, სოციალური სამსახურის თანამშრომლები ეუბნებოდნენ, რომ გაზეთების შეგზავნა ფოსტით შეიძლება, მაგრამ აფრთხილებდნენ, ოპოზიციური გამოცემების შემოტანას მოერიდეთო. ჩვენ არ გადაგვიმოწმებია ეს ინფორმაცია და ამიტომ დაზუსტებულად ვერაფერს გეტყვით", - ამბობს გობრონიძე.

უკავშირდება თუ არა პოლიტიკურ პროცესებს პრესის აკრძალვა, იურისტი ვერ აკონკრეტებს.

"პრესის აკრძალვა დეკემბრიდან დაიწყო. რას უკავშირდება, ვერ გეტყვით. პატიმრებს კანონით აქვთ უფლება ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდეთ. სარჩულად რა უდევს აკრძალვას, არ ვიცი. რაც შეეხება წიგნებს და ტელევიზიას, შეზღუდვა არ არის. გარკვეული დაწესებულების გამოკლებით ტელევიზორები აქვთ და ინფორმაციასაც იღებენ.

გამონაკლისებია რუსთავის მე- 6 დაწესებულება, სადაც ტელევიზორები არა აქვთ, მაგრამ ამ დაწესებულებაში უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირები იხდიან სასჯელს და მათთვის გამონაკლისი დაშვებულია - ტელევიზიას უყურებენ.

"ტელევიზიის ხელმისაწვდომობა ასევე არ არის გლდანის მე- 8 და მე- 18 სამკურნალო დაწესებულებაში.

თბილისში არხები ხელმისაწვდომია - "რუსთავი 2"- ს, აჭარის ტელევიზიას და საზოგადოებრივ მაუწყებელს უყურებენ. თბილისის მე- 7 დაწესებულებაში პროგრამები არ არის, მხოლოდ დივიდი აქვთ და მასზე ჩაწერილ ინფორმაციას უყურებენ", - ამბობს გობრონიძე. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო მოხსენებებში სახალხო დამცველის ერთ-ერთი რეკომენდაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პრესის ხელმისაწვდომობას შეეხებოდა.

"მიუხედავად აღნიშნულისა, თითქმის ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აიკრძალა პრესის ამანათით შეგზავნა. ასევე, პრესა აღარ იყიდებოდა დაწესებულების მაღაზიებში", - აღნიშნულია სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშში. მისივე რეკომენდაციით, "უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტელევიზორის ქონისა და ტელეტრანსლაციის მიღების უფლება ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, განურჩევლად მისი ტიპისა; ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უზრუნველყოფილ იქნეს პრესის სრული ხელმისაწვდომობა, როგორც ამანათის, ისე მაღაზიისა და ბანდეროლის გზით".

თამთა კაკაურიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები