სულაც არ სიამოვნებდა და ეპიტნავებოდა თამუნას ლელას სასიყვარულო ამბების მოსმენა. მით უფრო, რომ თავად უზომოდ იყო შეყვარებული თავისსავე უბნელ ბიჭზე. გიორგიმ ამის შესახებ არაფერი იცოდა და არც იმას მალავდა, რომ ერთი გოგო უყვარდა. მასზე აღფრთოვანებით ლაპარაკობდა, რაც თამუნას გულს დღითი დღე მეტ ტკივილს აყენებდა და მასთან ყოფნის ყოველგვარ იმედს უწურავდა. ლელა დაუფარავად უყვებოდა თამარს დათოსთან გატარებული ყოველი დღის შესახებ და ვერც ხვდებოდა, როგორი შურითა და ბოღმით უყურებდა მეგობარი...
არ ჰქონდა მნიშვნელობა, ლელა სად იყო - მეგობრებთან, ნათესავებთან, ყველგან ერთი ცისფერთვალება ბიჭი დასდევდა. თავიდან ფიქრობდა, რომ უბრალოდ დამთხვევა იყო... გულის სიღრმეში სიამოვნებდა კიდეც ყოველივე, მაგრამ წამითაც არ უფიქრია დათოსთვის ეღალატა. შურისგან გაბერილმა თამუნამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა და დათოს დაუწყო შებმა. საბოლოოდ კი მათ შორის მურმანის ეკალივით გაეჩხირა და ერთმანეთს დააშორა... საერთო მეგობრის დაბადების დღეზე თავისი თვალით დაინახა ლელამ, როგორ ელაქუცებოდა ღვინით გამობრუჟულ დათოს თამუნა და არც ის რჩებოდა გულგრილად.
გაგულისებული და გულნატკენი ლელა ერთი კვირა შინიდან არ გამოდიოდა და დათოს დიდი მონდომების მიუხედავად (შერიგება სურდა), მასზე გული აიყარა და სამაგიეროს გადახდის მიზნით იმ ზემოთ ხსენებულ ბიჭს დაუახლოვდა. ბედმა იქ მიიყვანა, სადაც საჭირო იყო... მის თვალებში, ქცევაში, თითოეულ სიტყვაში ის ამოიკითხა და შეიგრძნო, რაც არ განუცდია დათოსთან. ხელიხელჩაკიდებულ, პარკში მოსეირნე წყვილს მოჰკრა თვალი თამუნამ. გოგოში ლელა ამოიცნო, ბიჭში კი... თვალები აუცრემლდა და მაშინ მიხვდა ლელას ტკივილს, რომელიც გოგომ მაშინ განიცადა, როცა დათო წაართვა. ლელას გვერდით ის ბიჭი იყო, ვისზეც თამუნა ოცნებობდა.
ლუნა