პირველ სიყვარულში განცდილი კრახი

პირველ სიყვარულში განცდილი კრახი

ისეთი საინტერესო და "გემრიელი" თემაა, თითების ჩაკვნეტა დავაპირე, მაგრამ ბოლო წუთას გადავიფიქრე! ვაი თუ უთითებომ წერა ვერ შევძლო... წინდახედული გოგო ვარ... მოკლედ, პირველად მაშინ შემიყვარდა და შევუყვარდი, კაბის სიგრძე რომ დავიმოკლე, "გარიგების" მაროსავით "შპილკებზე" შევდექი, მუდამ "საცოდავად" შეკრულ თმასაც თავისუფლება მივეცი... თვალი ერთმა "ოდნოში" გაცნობილმა ბიჭმა დამადგა, - წამით არ ვიცოცხლებ თავს, შენ რომ არ გაგიცნოო. აბა, ახლა მე ცოდვის დადება მინდოდა? ავდექი და შევხვდი. სიმართლე გითხრათ, მისით ისე მოვიხიბლე, სულ ფრენა-ფრენით მივედი სახლში. როგორც თვითონ მოგვიანებით მითხრა, მასაც მოვეწონე და ასე დაიწყო ჩვენ შორის სიყვარული და რამერუმე... მაშინ პირველად შემეხო ბიჭი, ყელში მაკოცა... ეს ისეთი სასწაული იყო, მართლაც, ენით რომ ვერ იტყვის კაცი.

თავდავიწყებით შემიყვარდა. ის ისე ლამაზად ლაპარაკობდა ჩემს სხეულზე, რომ საკუთარი თავიც შემაყვარა... - ეგ პატარა, ნაზი ყელი სულ რომ ვკოცნო, არ მომბეზრდებაო. ხანდახან დამცინოდა კიდეც და სიყვარულით მეუბნებოდა, - ჩიტსაც არ აქვს შენნაირი წვრილი კისერიო... თვალთან პატარა ძარღვი მემჩნევა, - ეს ჩემი ზღვააო, - მეუბნებოდა ხოლმე და აბა, რა გასაკვირია, რომ შემყვარებოდა? მოვრჩები ახლა რომანტიკას, თორემ ნამეტანი უშნოდ ამიფრთხიალდა გული. იმას გეუბნებოდით, ერთ დღესაც შეყვარებულმა ჩემი მოტაცება დააპირა. ვირივით გავჯიუტდი და კაი მსახიობივით გადმოვუშვი ცრემლების ზღვა... დამმორჩილდა და იმ დღის მერე ძალიან შეიცვალა.

სულ ის აკერია პირზე, - რომ გყვარებოდი, მოტაცებაზე დამთანხმდებოდიო. მერწმუნეთ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არაა იოლი. ბოლოს და ბოლოს, ჩემი მეზობლის თქმისა არ იყოს, ოჯახის შექმნა ლობიოს ჭამა ხომ არ არის? ისიც მართალია, რომ არც გაწელილი ურთიერთობა ვარგა; თუ გიყვარს, მაშინვე უნდა გაჰყვე, რადგან მერე შეიძლება, ვიღაცამ ან რაღაცამ შეგიშალოს ხელი და დაგაშოროს საყვარელ ადამიანს, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა... მე და ჩემი სიყვარულის ობიექტმა ჩხუბსა და კინკლაობას ვუმატეთ. ერთ დღეს კი მის წისქვილს წყალი დავასხი და პაემანზე მეზობელი გოგო წავიყვანე (მაშინ მივქარე!).

ჯერ კიდევ დაბრმავებული ვიყავი მისი სიყვარულით და მხედველობიდან გამომრჩა, როგორ დაადგა ბრუტამ (თვალები "გაურბის" და გაბრაზებულ გულზე ასე მოვიხსენიებ ხოლმე) თვალი ჩემს შეყვარებულს. ერთ დღეს ბრუტამ ტელეფონი მთხოვა. ვათხოვე (მაშინ მეორედ მივქარე). იკადრა და ჩემი სატრფოს ნომერი ამოწერა. გიორგიმ მითხრა, ვიღაცამ დამიმესიჯაო. მაშინ ვერაფერს მივხვდი, მაგრამ როცა გიორგის ნომრიდან მას დავუმესიჯე და პასუხიც უმალ დამიბრუნა, აი, მაშინ კი ავუშვი ოფოფები და გიორგის ისეთი დღე ვაწიე, კარგა ხანს ვერ დამამშვიდა.

არანაკლებ დღეში ჩავაგდე ბრუტაც. რა თქმა უნდა, თავი ვერაფრით იმართლა და ზღაპრები შეთხზა: ვიღაც ინტერნეტში გაცნობილმა გოგომ მომწერა მაგის ნომერი; მე რა ვიცოდი, თუ შენი შეყვარებული იყოო? მოკლედ, ეს საქმე ჩავფარცხე, მაგრამ ჩემი და გიორგის ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა. დიდ სიყვარულს დიდი სიძულვილი მოსდევსო და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, საყვარელი ადამიანი ასე თუ მომაბეზრებდა თავს. ვცდილობდი დავშორებოდი, მაგრამ დამასწრო (ყველაფერი დასწრებაზეა, რა!) და გამომიცხადა, - შენთან ურთიერთობა აღარ მინდა; რომ გყვარებოდი, გამომყვებოდი ცოლადო და გაუჩინარდა. ახლა, ბატონებო, შეყვარებულიც მყავს და "ზაპასიც", მაგრამ ხანდახან მაინც მწარედ მახსენდება პირველ სიყვარულში განცდილი კრახი.

განძის მაძიებლის მაძიებელ".

რთული არჩევანი

მტანჯველი და ტანჯულა

აღდგენილი პატიოსნება