რა პრობლემა ექმნება "ქრონიკა +"-ის წამყვანს ყოველდღე ეთერში გასვლამდე

რა პრობლემა ექმნება "ქრონიკა +"-ის წამყვანს ყოველდღე ეთერში გასვლამდე

არცთუ დიდი ხნის წინ "იმედის" ეთერში სასიამოვნო გარეგნობის გოგონა გამოჩნდა. ნათიკა ბერძული ადრე კულტურის საკითხებზე მუშაობდა, დღეს კი გადაცემა "ქრონიკა +"-ის წამყვანია. ნათიკა საკმაოდ თავმდაბალი პიროვნება აღმოჩნდა, ინტერვიუზე არ გვთანხმდებოდა, თვლიდა, რომ მისი საუბარი ჩვენი ჟურნალისთვის საინტერესო არ იქნებოდა, მაგრამ ბოლოს ჟურნალისტურმა ეთიკამ და მორალმა გაიღვიძა მასში და შედეგად, ნათიკასთან ინტერვიუც შედგა.

- ნათიკა, მოუყევი მკითხევლს შენ შესახებ...

- ვარ 21 წლის, თეატრალურ უნივერსიტეტში ტელე-რადიოჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, ახლა ისევ თეატრალურში მაგისტრატუტაში ვსწავლობ. სამი წელია "იმედში" ვმუშაობ, თავიდან "ქრონიკაში" პრაქტიკანტი გახლდით, ყოველთვის კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებს ვაშუქებდი, გარკვეული დროის შემდეგ გავხდი 17-საათიანი "ქრონიკის" კულტურის ბლოკის წამყვანი, ახლა კი "ქრონიკა +"-ის წამყვანი გახლავართ (იღიმება).

- როგორ შეიქმნა "ქრონიკა +"?

- გადაცემის შექმნის იდეა დირექციას ეკუთვნის, წამყვანები კი მე და სალომე არშბა უნდა ვყოფილიყავით, იქიდან გამომდინარე, რომ საკო დეკრეტში გავიდა, ამ ეტაპზე მე და თამუნა გაბელაიას მიგვყავს გადაცემა.

- როგორ გახსენდება შენი პირველი ეთერი?

- კარგად მახსოვს, 12 ივნისს სალომესთან ერთად გავედი პირველად ეთერში, მეგონა, უფრო მეტად ვინერვიულებდი, მაგრამ ჩვეულებრივად განვიცადე ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში პირველი ეთერისგან დიდი სიამოვნება მივიღე, ყველა, ვინც ამ გადაცემაზე ვმუშაობთ, მეგობრები ვართ და ალბათ ესეც თამაშობს უდიდეს როლს იმაში, რომ ერთად მუშაობა არ გვიჭირს.

- რაც შეეხება შენს პირველ ჩართვას ან რეპორტაჟს?

- ჩემი პირველი ჩართვა დიდ მღელვარებას უკავშირდებოდა. ანსამბლ "მზიურს" უხსნიდნენ ვარსკვლავს, მე ეს ამბავი გავიგე სამი საათით ადრე, ისე ვინერვიულე, მეგონა, როცა მეტყოდნენ, ეთერში ხარო, ხმას ვერ ამოვიღებდი და გავჩუმდებოდი, მაგრამ მთლად ასეც არ იყო საქმე, მართალია, ჩართვის შემდეგ ერთი სიტყვაც არ მახსოვდა, რაც ვთქვი, მაგრამ უკმაყოფილები მაინც არ დარჩნენ, ამის შემდეგ ნელ-ნელა მივეჩვიე ყველაფერს.

- შენს გადაცემებს თუ უყურებ ხოლმე მერე?

- კი, რასაკვირველია, ჩემი აზრით, აუცილებელია, უყურო ყველა გადაცემას, რათა გაიაზრო ის, რაც გამოსასწორებელია, შეიძლება, ისეთი დეტალი გაიპაროს, რაც მაყურებლისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ მე აუცილებლად დავინახავ და შემდეგისთვის გამოვასწორებ.

- ვინ არის ნათიკა ბერძულის პირველი მრჩეველი და კრიტიკოსი?

- ოჯახის წევრები, მეგობრები და "ქრონიკა +"-ზე მომუშავე ადამიანები, ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთს რჩევებსა და შენიშვნებს პირდაპირ ვეუბნებით.

- ღია ეთერში გაუთვალისწინებელ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხარ?

- კი, ღია ეთერის დროს დაზღვეული არაფრისგან ხარ. ერთხელ გადაცემის დაწყებამდე ათი წუთით ადრე გავიგეთ, რომ სტუმარი ვერ მოდიოდა, გაურკვეველ მდგომარეობაში ვისხედით ეთერში, არ ვიცოდით, გვეყოლებოდა თუ არა სტუმარი, მაგრამ ჩვენმა პროდიუსერმა მოახერხა ის, რომ 15 წუთში სტუმრად მოგვიყვანა იმ სიუჟეტის გმირი, რომელიც ეთერში გადიოდა, ოღონდ ეს არ გახლდათ ის ადამიანი, რომლის სტუმრობაც დაგეგმილი იყო, ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც გვიწევს ხოლმე მუშაობა.

- ნათიკა, ამბობენ, რომ "ქრონიკა +" "რუსთვაი 2"-ის "სხვა ამბების" ტიპის გადაცემაა, სადაც არ არის პოლიტიკა და კრიმინალი...

- მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ გადაცემაში მართლაც არ არის პოლიტიკა და კრიმინალი, მაინც მიმაჩნია, რომ "სხვა ამბები" და "ქრონიკა +" ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, წყობაც კი სხვადასხვანაირი გვაქვს, აქცენტებსაც სხვადასხვა თემებზე ვაკეთებთ, ამიტომ არ მგონია, რომ ერთანირები ვიყოთ და შესაბამისად, კონკურენტებიც არ ვართ.

- სტუდიაში ორი წამყვანი ზიხართ, წინასწარ უთანხმებთ ერთმანეთს სამოსის საკითხს?

- კი, ყოველთვის ვცდილობთ შევუთანხმოთ, სტუდია ფერადია, ჩვენც ვცდილობთ ფერადი სამოსი ჩავიცვათ, მაგრამ წინასწარი შეთანხმების გარეშე ეთერში არ გავდივართ. მთავარი პრობლემა ის არის, რა უნდა ჩავიცვათ ხვალ (იცინის). ერთს მაინც თუ აქვს მოფიქრებული მეორე დღის სამოსი, მერე უკვე მეორე უხამებს ფერების მიხედვით, რომ რაღაცნაირად დავაბალანსოთ.

- ნათიკა, ყოველდღიურად როგორ გაცვია?

- ყოველდღიურ ცხოვრებაში კლასიკურ სამოსს ნაკლებად ვიყენებ, მთლად სპორტულადაც არ ვიცვამ, ალბათ თავისუფალი სტილი შეიძლება ეწოდოს იმას, რასაც ყოველდღიურად ვირგებ.

- ვიზაჟის გაკეთება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ეთერში გასასვლელად, დიდხანს გრძელდება ეს პროცესი?

- არც ისე, 20 წუთი, ან ნახევარი საათი გვჭირდება თითოეულს ამ საქმისთვის. დილით მოვდივართ თუ არა ტელევიზიაში, ვიკეთებთ მაკიაჟს და მერე ვემზადებით საეთეროდ. ყოველდღიურად მაკიაჟს საერთოდ არ ვიკეთებ.

- ტელეწამყვანებისთვის თმასაც დიდი დატვირთვა აქვს, ყოველდღიურად ფენის გამოყენება კარგი არაა თმისთვის, რას აკეთებ იმისთვის, რომ კარგი ხარისხის თმა შეინარჩუნო?

- განსაკუთრებულს არაფერს, უბრალოდ, ვცდილობ, თმა ყოველდღე არ დავივარცხნო, თუ არის იმის საშუალება, რომ მარტივად ავიწიო და ისე გავიდე ეთერში, ვერიდები ვარცხნილობის გაკეთებას.

- აქსესუარები ეთერში თუ არის მიზანშწონილი?..

- შეზღუდულები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ არ ვიყენებთ მასიურ სამკაულებს, ვიცით, რომ ეს არ მოუხდება ეთერს და არც ვიკეთებთ.

- დასასრულ, გვითხარი, როგორ ადამიანს მიიჩნევ გემოვნებიანად, რა არის გემოვნების განმსაზღვრელი?

- ადამიანის გემოვნებიანად ჩამოყალიბებაში დიდ როლს გარემო და მეგობრები თამაშობენ. ზოგადად, გემოვნება ყველა დეტალში ჩანს, საუბარში, ურთიერთობაში, ჩაცმლობაში...

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები